0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა „სამოთხე მოიცდის“ გაიხსნა

სამოთხე მოიცდის (ფირათ არაპოღლუ)

ჩვენი არსებობისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი შესაძლებლობის გამოსაკვლევად ხელოვნებასა და სოციალურ მეცნიერებებს უნდა მივმართოთ და მიუხედავად ხელოვნების უნივერსალური ღირებულებების არსებობისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ლიტერატურული და ვიზუალური კონტექსტი მკაცრად ლოკალურია. არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შემდეგი რამეს: რეალობა, რომელშიც ადამიანი თავს ყველაზე ღრმად გრძნობს, სწორედ ის მხატვრული სივრცეა, რომელსაც უნივერსალურ საარსებო გარემომდე მივყავართ. საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად აიდა მაჰმუდოვაც ერთგვარ ლანდშაფტამდე ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის მიერ გამოფენისთვის „სამოთხე მოიცდის“ შექმნილი ლანდშაფტის რეალობა შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს, ხელოვანი სინამდვილეში მე-ს პათოლოგიას აკრიტიკებს. ერთი მხრივ, ცხოვრება ჩვენს წინაშე მთელი თავისი ანატომიური რეალობით წარდგება, მეორე მხრივ კი ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს. ლანდშაფტისა და სიცოცხლის გამიჯვნის მცდელობას ერთგვარ გაუცხოებამდე მივყავართ. მთელი ცხოვრება, მთელი პირადი თუ სოციალური ისტორია ლანდშაფტთან და გეოგრაფიასთან კავშირში ვითარდება და ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის ტოვებენ ადგილს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში გამოძახილს ჰპოვებს.

მაჰმუდოვას განცხადებით გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავალის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი სამყაროს კაცობრიობის შემხედვარე ასახავს, ის პარალელურად ჩვენს საერთო გამოცდილებას საკუთარი თავის მეშვეობითაც ადასტურებს. ეს მაჰმუდოვას მოწოდებაა: ხელოვნების ძალა გამოიწვევს ჩვენს გონებას და გავლენას ახდენს მასზე, ნერვებზე, მოგონებებზე, ემოციებსა და სულებზე. ის სამყაროში ჩვენს არსებობას საკუთარი სხეულიდან აღებული იმ ყალიბებისა და მოცულობების საშუალებით გამოხატავს, რომლებიც სიცარიელეს ავსებენ. ჭერიდან ჩამოკიდებული ტილოები და სხვა ნამუშევრები იმედს იძლევიან და პეიზაჟებში ჩვენს მოგონებებსა და მომავლის ხედვებს დაგვანახებენ. ხელოვანი აცხადებს, რომ ხელოვნების საშუალებით ჩვენ მატერიალურ და სულიერ ბოროტებასთან ბრძოლა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის იდეალების გაზიარება შეგვიძლია. ის ხელოვნების უნივერსალურ მნიშვნელობასა და ძალას გვაჩვენებს და ადამიანებს თავისი ნამუშევრების საშუალებით მათი ცხოვრებისა და ისტორიის დამახსოვრების საშუალებას აძლევს.

ხელოვნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ხილული სამყაროს აღწერით, გაზომვითა და ანალიზით. მაჰმუდოვას მიაჩნია, რომ გეოგრაფია და მეხსიერება მათი ნატურალისტურად წარდგენისთვის ზედმეტად აბსტრაქტულ ერთეულებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრების თანახმად ხელოვნება მსოფლიოს განახლებას უწყობს ხელს, იგი ამავდროულად აცხადებს, რომ თანამედროვე დრო და სივრცე დაუცველი და ინტროვერტულია. შესაბამისად, სამყარო ტილოების კიდეებზე ღია კომპოზიციების სახითაა გამოსახული და მაჰმუდოვას ნამუშევრები შეიძლება დამთვალიერებლისთვის აღმოჩენისა და გამოხატვის საშუალებად იქცეს. მნიშვნელობებისთვის ბარიერების მოხსნით ხელოვანი საზოგადოებას მეტი ღიაობისა და კრეატიულობისკენ მოუწოდებს.

გაბედული ინოვაციური მოქმედებით მაჰმუდოვა გვიჩვენებს, რომ კაცობრიობას შესაბამისი უნარებისა და ხელსაწყოების საშუალებით საზღვრების გადალახვა შეუძლია. შედეგად, გამოფენა ფიზიკური და კონცეპტუალური საზღვრების გარღვევას ცდილობს რის გარეშეც ჰუმანისტური გეოგრაფიის არსებობა შეუძლებელი იქნება. ნამუშევრების გულდასმით დათვალიერება კი იმ მნიშვნელოვანი მინიშნებების აღმოჩენას შეგვაძლებინებს, რომლებიც ამის გაკეთების გზებსა და ამისთვის საჭირო სიმამაცის ხარისხს გაგვააზრებინებს.

„არსებობს ხელოვანი და მედიუმი. ჩემსა და სხვას შორის მიმდინარე დაუსრულებელი ურთიერთობა მუდმივ საუბარს ჰგავს და ორივე მხარის სრულ ჩართულობას საჭიროებს. აქტი თავისთავადაა შემოქმედების უწმინდესი ფორმა.

ეს, თავის მხრივ, უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ფართო შესაძლებლობების მქონე ავთენტურ და დაუცველ კომუნიკაციაში ჩაერთოთ, რომელიც აწმყოში გვაკავშირებს და გვაერთიანებს, მრავალმხრივ, არაპროგნოზირებად და მშვენიერ შედეგებს გვაძლევს.” – აიდა მაჰმუდოვა

საერთაშორისო დონეზე გამოფენილი აიდა მაჰმუდოვას ნამუშევრები  სხვადასხვა ტექნიკისა და მედიის საშუალებითაა შექმნილი. მიუხედავად მრავალფეროვანი პრაქტიკისა, ხელოვანის ძირითადი ყურადღება მასალის, როგორც ექსპერიმენტების ინსტრუმენტისა და მის საცხოვრებელ სამყაროში ნავიგაციისკენაა მიმართული.  

შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში მაჰმუდოვა მასალით დაინტერესდა, რაც მის პეიზაჟებსა და ნახევრად აბსტრაქტულ ტილოებში სინათლით, ფერითა და მატერიით ჩატარებულ ექსპერიმენტებში გამოიხატა. ნახატებზე შრეების დამატებასთან ერთად ხელოვანმა თავისი სამუშაო სფერო კიდევ უფრო გააფართოვა და ის სამგანზომილებიანი გახადა რასაც ქანდაკების მიმართ მსგავსი მიდგომის გამოყენება,  ემოციური და ინტენსიური გარემოს შექმნა მოჰყვა. ხელოვანი ნელ-ნელა ამატებს ერთმანეთს ისეთი მასალის მრავალფეროვან სპექტრს, როგორებიცაა ქაღალდი, თიხა, საღებავი, ცემენტი, ქვა და ამ ბოლო დროს ეპოქსიდის წებო და დაუმუშავებელი მარმარილო. მისთვის ეს მასალები თითქმის ადამიანურ ხარისხს იძენს და ის მათ ერთმანეთთან დაკავშირების, ურთიერთობისა და ერთმანეთზე ზემოქმედების გზებს იკვლევს. ღრმად ინტუიციური ხელოვანი ამ ექსპერიმენტებს საკუთარი მატერიალური ზრდისა და ემოციური განკურნების იარაღად იყენებს.

მაჰმუდოვასთვის ყველაზე მთავარი შემოქმედების პროცესია. მისი ქსოვილის სტრუქტურის მქონე ნამუშევრები მეხსიერების მქონე ნიშნებია სადაც თითოეული ფენა ხელოვანისთვის პირად დროსა და სივრცეში არსებულ კონკრეტულ მომენტს შეიცავს.

ხელოვანის შემოქმედება არჩეული მასალების ფიზიკურ ბუნებასთან და რჩეულ მიწიერ პალიტრასთან ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებს და სიყვარულის, დანაკარგის, მეხსიერებისა და სურვილის უნივერსალური გრძნობების სრულ სპექტრს მოიცავს.

აიდა მაჰმუდოვა აზერბაიჯანელი ხელოვანი და YARAT Contemporary Art Space-ის (ბაქო) დამფუძნებელია. მას ცენტრალური სენტ მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის (ლონდონი) სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული.

2011 წელს აიდა მაჰმუდოვამ YARAT-ი – ახალგაზრდა ხელოვანების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე მხარდაჭერის ცენტრი დააარსა. მრავალწლიანი წარმატებული მუშაობისა და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შემდეგ, YARAT-ი ახლა სამ საგამოფენო სივრცეს აერთიანებს და ბაქოში ხელოვანების სარეზიდენციო პროგრამას, საერთაშორისო, რეგიონულ და აზერბაიჯანის დონეზე დინამიურ წამყვან საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამებს, ღონისძიებების მთელ რიგს მართავს.

ასევე წაიკითხეთ