ეს დიდი და პატარა გოგოების პლატფორმაა. თანამედროვე, თავისუფალი, დამოუკიდებელი გოგოსი, რომელიც მზად არის სიახლეებისთვის, არ ეშინია ცვლილების, რომელსაც ბევრი კითხვა აქვს და რომლის ცხოვრების გზა ამ კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობაა.

ნინო სურგულაძე მომღერალი

გამარჯობა. ჩვენ ვართ „სითის“ გუნდი. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, 2010 წლის მაისიდან, აგერ უკვე 12 წელია, ქმნის სივრცეს, სახელად „სითი“. ჩვენი მიზანი უახლესი და საინტერესო ამბების მოძიება და თქვენამდე მოტანაა. ეს ამბები, მოყოლილი ბლოგების, სტატიების, ვლოგების, სტატუსების თუ ფოტოსესიების სახით, ყოველდღიურად ჩნდება თქვენს ეკრანებზე და დიდი იმედი გვაქვს, თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი არის ან გახდება. თუკი ორი სიტყვით უნდა გადმოგცეთ ჩვენი მედიაგამოცემის კონცეფცია, ის ასეთია: „სითი“-როგორც ცხოვრების სტილი“.

ყოველდღიურად, ახალი ამბის ძიების თუ მომზადებისას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფორმა, რომლითაც ის თქვენამდე უნდა მოვიდეს. წლებია „სითი“ მის მკითხველს დიალოგის ფორმატში ელაპარაკება. ის არასდროს ყოფილა რაღაც განყენებული, შორეული, მიუწვდომელი და ხელოვნური. ჩვენი საუბარი მკითხველთან, კარგ მეგობართან ლაპარაკს უფრო ჰგავს, სადაც არ არსებობს ტაბუირებული თემები, სადაც სიახლე უფრო საინტერესოა და სადაც ყოველთვის არის კითხვა-პასუხი. ვამაყობთ იმით, რომ „სითიში“ მოხვედრა ყოველთვის ყველას შეეძლო და ამისათვის სულაც არ იყო და არ არის აუცილებელი იყო ტელე თუ კინოვარსკვლავი. „სითი“ ეს არის პლატფორმა იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან დიდსა თუ პატარა „სითი-ქალაქებს“ საქართველოსა თუ მთელ მსოფლიოში. ეს ნამდვილად გამოარჩევს ამ გამოცემას. ეს პრინციპი უცვლელი დარჩება მუდამ და ეს ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია ჩვენთვის.

და მაინც, ვინ არის „სითი“? ის ცალსახად გოგოა. მისი ასაკი? იცით, ასაკს არც გოგოს და არც ქალს არ ეკითხებიან. ამდენად, ეს დიდი და პატარა გოგოების პლატფორმაა. თანამედროვე, თავისუფალი, დამოუკიდებელი გოგოსი, რომელიც მზად არის სიახლეებისთვის, არ ეშინია ცვლილების, რომელსაც ბევრი კითხვა აქვს და რომლის ცხოვრების გზა ამ კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობაა.

ასეთ გოგოსთან მეგობრობა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობთ, მისთვისაც საინტერესოა ჩვენთან დიალოგი. ჩვენი და თქვენი საკომუნიკაციო ენა მრავალმხრივია — უკვე ვინტაჟური პრინტიდან დაწყებული, ყველა ტიპის ონლაინ პლატფორმით დამთავრებული. ყოველდღიურად, თემების ძიებისას, ვარჩევთ ისეთს, რომელიც თქვენთვის ახალი იქნება ან იქნება ძველი, მხოლოდ ახალი რაკურსით წარმოჩენილი. შემოგთავაზებთ თემებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, გამორჩეულია. იქნება ეს სადისკუსიო ხასიათის თუ გასართობი. გვინდა ზოგჯერ გზამკვლევივით ვიყოთ თქვენთვის, გაგიზიაროთ ჩვენი რეკომენდაციები, მოგიყვეთ და გაჩვენოთ ის, რაც ჩვენ მოგვწონს. ზოგჯერ დაგაფიქროთ, მოგცეთ მოტივაცია, მეტი სითამამე, საკუთარი თავის რწმენა და ზოგჯერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმაროთ.

თაობები გაიზარდა „სითისთან“ ერთად. ბევრი თქვენგანისთვის „ სითის“ უკავშირდება პირველი ფოტოსესია ან პირველი „დიდური“ და გაპრანჭული საღამო. აქ ხშირად ხვდებოდნენ თქვენი მეგობრები, დები, დედები, ბებიები …. ერთი სიტყვით, მდიდარი და საინტერესო არქივი გვაქვს და ეს არქივი მზადაა განახლებისთვის. მზადაა ძველი და ახალი გმირების ისტორიებისთვის და ყოველთვის მზადაა ახალი გმირებისთვის, ახალი მკითხველისთვის. იქნებ ეს თქვენ ხართ? დიახ, თქვენ, რომელიც „სითის“ პირველად სწორედ ამ ნაწერით ეცნობა.