რით დავიწყოთ? მოდით, გაცნობით; მაშო ხუროძე 18 წლისაა, ლონდონში ჩააბარა LSE -ში (The London School of Economics and Political Science) ფინანსების ფაკულტეტზე. კირა ყანჩაველმა საფრანგეთზე შეაჩერა არჩევანი. ქალაქი ლილი, EDHEC Business School, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით. ორივემ ევროპული სკოლა დაამთავრა და სწორედ ახლა, მათ ცხოვრებაში კიდევ ერთი, განსაკუთრებული ეტაპი იწყება – სტუდენტობა.
სწორედ ამ მომენტის ჩანიშვნა და დაფიქსირება გვინდოდა მათთვის, “სითისთვის” და მომავლისთვის; გამგზავრებამდე ერთად ჩავატარეთ ფოტოსესია დავით ჭალაძის ავტორობით და “სითის” ხელწერით.
აბა, დავიწყეთ…
პირველი, რასაც ახალ ქალაქში გააკეთებ:
მაშო: „უბრალოდ ლონდონის ქუჩებში სიარული და ქალაქის აღმოჩენა.“
კირა: „ახალი ადამიანების გაცნობა.“
მთავარი გამოწვევა:
მაშო: „ოჯახის დატოვება და მათგან რამდენიმე თვით შორს ყოფნა, მაინც, ყველაზე რთული ნაწილი იქნება.“
კირა: „უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება.“

მაშო: ბავშვობიდანვე სკოლის დამთავრების დღე ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულად მაგიური იყო. პირველივე კლასიდან “ევროპულ სკოლაში” ვსწავლობდი. ყოველთვის, როცა უფროსკლასელებს ვუყურებდი, რომლებიც სკოლის ფორმაში გამოწყობილები, გამოსაშვებ ზეიმზე ქუდებს ისროდნენ და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებოდნენ, ვფიქრობდი, რომ ოდესმე ეს დღე ჩემთვისაც დადგებოდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რამდენად რთული იქნებოდა იმ ადგილის დატოვება, სადაც ჩემი ცხოვრების თორმეტი წელი გავატარე, ადამიანების, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და იმ ყოველდღიურობის, რომელიც ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ასე იწყებს მაშო თავისი ახალი ცხოვრების ისტორიას, ისტორიას, რომელიც სკოლის დამთავრებიდან ლონდონამდე მიდის. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს არის გზა, რომელიც წლების წინ, ჯერ კიდევ პატარა მაშოს წარმოსახვაში დაიწყო. სინამდვილეში, გამოსაშვები სიტყვა ბავშვობიდან მქონდა წარმოდგენილი. ყოველთვის მინდოდა ერთხელ იმ სცენაზე დავმდგარიყავი და ჩემი კლასელებისთვის ჩვენი მომავლის შესახებ მესაუბრა. ამიტომ, ეს სიტყვა თითქოს წლების განმავლობაში ჩემთან ერთად იზრდებოდა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მასში აუცილებლად იქნებოდა ერთი მთავარი სათქმელი – რომ, სადაც არ უნდა წავიდეთ და რამდენად შორსაც არ უნდა წავიდეთ, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახში, ჩვენს საყვარელ ადამიანებთან და, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში.

კირა: მივდივარ სასწავლებლად. შესაბამისად, წინ ჩვეულებრივი სტუდენტური რუტინა მელის. დილის ლექციები, ბიბლიოთეკაში მეცადინეობა, საგამოცდო მზადება და ყოფითი ყოველდღიურობის დამოუკიდებლად მოგვარება. ბავშვობაში არ მიფიქრია სად გავაგრძელებდი სწავლას. ეს გადაწყვეტილება უკვე სკოლის მაღალ კლასებში მივიღე. რამდენიმე ქვეყანაში შევარჩიე სხვადასხვა უნივერსიტეტი (ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში). თუმცა, საბოლოოდ, მაინც საფრანგეთი გადავწყვიტე.
ერთმანეთზე …
კირა: სკოლის დასრულებასთან ერთად მეგობრებთან განშორება ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. განსაკუთრებით მაშოსთან, რომელთან ერთადაც ეს წლები გავატარე და რომელიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია. ის საოცრად ჭკვიანი, ორგანიზებული, შრომისმოყვარე და მხიარულია.
მაშო ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს ლონდონში და ეჭვიც არ მეპარება, რომ საუკეთესო სტუდენტი გახდება, რადგან ამის ყველა მონაცემი აქვს. გამიჭირდება მის გარეშე, თუმცა ის ფაქტი მამშვიდებს, რომ ჩემი საცხოვრებლიდან ლონდონამდე სულ რაღაც ერთი საათის გზაა და, შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ხშირად ვესტუმროთ ერთმანეთს.
მაშო: როდესაც კირას საფრანგეთში წარმოვიდგენ, თვალწინ მიდგას გოგო თავისი ოქროსფერი თმით და იმ განსაკუთრებული ღიმილით, რომელიც თითქოს ყველგან მზის სხივივით მიაქვს. მგონია, რომ პირველივე დღეებიდან მის გარშემო ადამიანები გაჩნდებიან. უკვე ვხედავ კიდეც, როგორ უმზადებს ახალ მეგობრებს ორცხობილებს ან ათასგვარ ტკბილეულს. ყველას ეკითხება, როგორ არიან და ცდილობს, თავი უცხოდ არავის აგრძნობინოს. თან ძალიან მიზანდასახულია. როცა საკუთარ თავს რაღაცას დაუსახავს, ბოლომდე მიჰყვება და არ ჩერდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამიტომ, მგონია, რომ საფრანგეთში ის მხოლოდ ახალ გარემოს კი არ მოერგება, არამედ იქაურ ადამიანებსაც რაღაცას დაუტოვებს.

მაშო, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად დაგაკლდება ლონდონში ყოფნის დროს?
ლონდონში ყოფნისას ყველაზე მეტად, ალბათ, ჩემი ოჯახი. ის პატარა ყოველდღიური მომენტები, რომლებიც დღეს შეიძლება ჩვეულებრივად მეჩვენება, ვიცი, რომ იქ ყოფნისას ყველაზე მეტად მომენატრება. ძალიან გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ ჩემს ოთახში დედა შემოდის ხოლმე ხილით სავსე ლანგრით. ბებია-ბაბუა ჩამეხუტება, მეტყვიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თითქოს იმ ერთ ჩახუტებაში მთელი დღის სტრესი ქრება. ვინც ჩვენს ოჯახს იცნობს, იცის, რომ პატარა შემადგენლობით ნამდვილად არ გამოვირჩევით. ოჯახის თითოეულმა წევრმა სრულიად განსხვავებული გზით შექმნა ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ. დედაჩემმა მასწავლა, რომ განათლება ყველაფრის გასაღებია; ჩემმა ძმებმა დისციპლინა მასწავლეს; ბებია-ბაბუამ მასწავლა, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი, თუ საკუთარ თავს ენდობი. მამაჩემზე აუცილებლად უნდა ვთქვა. ის არის ადამიანი, რომლის მსგავსადაც მინდა, რომ ერთ დღეს მეც შევძლო ცხოვრება. მისგან ვისწავლე, რომ ჩვენი ისტორია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ღირებულებები უნდა წავიღოთ ყველგან, რადგან სწორედ ეს ქმნის ჩვენს იდენტობას. მათ გარეშე ყოფნაზე ფიქრისას ერთი რამ მამშვიდებს: distance means nothing if a person means everything. ალბათ ლონდონში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ის იქნება, რომ ის „სახლში დაბრუნების“ სიმყუდროვე, რომელიც დღეს ასე ბუნებრივად მაქვს, თავად შევქმნა.
გადაღებაზე ყოფნის დროსაც კი მივხვდი, როგორი მხურვალე გულშემატკივარი ჰყავს კირას დედის სახით. ეს მართლა კარგად ჩანდა. როგორი ემოციებით და სიყვარულით ელოდებოდა როდის მორჩებოდა ფოტოსესია, როგორი გამოვიდოდა. სანამ გარეთ ელოდებოდა, აღტაცებით გვიყვებოდა ამბებს კირაზე, მის დებზე. ალბათ სწორედ ასეთი მხარდაჭერა აძლევს კირას იმ თავდაჯერებას, რომლითაც ახალ ეტაპს ხვდება.

კირა: მარტო არასდროს მიცხოვრია. ამიტომ, ჩემთვის ბევრი რამ პირველად ხდება, მათ შორის, უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს წარმატებით გავართმევ თავს. ამ ყველაფერზე საუბრისას, შეუძლებელია გვერდი ავუარო ყველაზე მთავარსა და ძვირფასს, უდიდეს, უსაზღვრო მადლიერებას ჩემი საყვარელი მშობლების მიმართ. ზუსტად ვიცი, რომ მათი უპირობო სიყვარულის, დაუღალავი შრომის, მოთმინებისა და მუდმივი მხარდაჭერის გარეშე, დღეს ამდენი შესაძლებლობა უბრალოდ არ მექნებოდა. ისინი იყვნენ და არიან ჩემი უდიდესი დასაყრდენი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე. ჩემი ნებისმიერი წინსვლა, მიღწევა თუ წარმატება, უპირველესად სწორედ მათი დამსახურება იქნება.
გადაღებაზე ფოტოგრაფმა მაშოს მუსიკა ჩაურთო და თითქოს კამერასთან მუშაობაც უფრო გაუმარტივდა. ცეკვის ელემენტებით თავისუფლად დაიწყო საკუთარი თავის გამოხატვა.
მაშო: ცეკვა ჩემთვის უბრალოდ ჰობი არასდროს ყოფილა. ის ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან მოდის. განსაკუთრებით ქართული ცეკვაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ინგლისშიც ქართული ცეკვა ჩვენი კულტურისა და ტრადიციის გამოხატვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფორმად დარჩება ჩემთვის.
კირა, ცხოვრების ამ ახალი ეტაპისგან ყველაზე მეტად რას ელოდები?
კირა: ეს ეტაპი ჩემთვის მხოლოდ განათლების მიღება არ არის. ეს არის დიდი, საინტერესო თავგადასავალი, სადაც ახალ ადამიანებს გავიცნობ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. შევიძენ მეგობრებს და სრულიად ახალ კულტურას აღმოვაჩენ. მოლოდინი დიდია: მინდა, მაქსიმალურად ავითვისო უნივერსიტეტის რესურსები, დავამყარო პროფესიული კონტაქტები, გავიფართოო ხედვა და ეს წლები პიროვნულ და კარიერულ განვითარებას მივუძღვნა.

მაშო, რა ჰქვია შენს ამბავს?
მაშო: ალბათ „ოდისევსის გზა ითაკამდე“.. რა თქმა უნდა, ჩემი სკოლის წლები ოდისევსის მოგზაურობას პირდაპირ ვერ შეედრება, მაგრამ ჩემი გზაც საკმაოდ გრძელი და ზოგჯერ რთული იყო. იყო დაღლილობა, უამრავი სტრესი, ძალიან დიდი სასწავლო დატვირთვა და დღეები, როცა უბრალოდ მინდოდა, ყველაფერი ცოტა ხნით გაჩერებულიყო. არანაკლებ რთული გზა კიდევ გასავლელია, მაგრამ ოდისევსის ისტორიაში ყველაზე მიმზიდველი ნაწილი ჩემთვის ის არის, რომ გრძელი გზის დასასრულს ითაკა არსებობს. ჩემთვის ეს ითაკა ჩემი საქართველოა. ახლა, როცა მივედი იმ ადგილამდე, რომელიც ოდესღაც მხოლოდ შორეულ წერტილად მეჩვენებოდა, ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება, ლონდონში ჩასვლა ერთი ახალი თავგადასავლის დასაწყისი იქნება.
პროდიუსერი: ეკა ხოფერია
ტექსტი: ელენე ბარამიძე
იდეა/სტილი/მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე, ნათია გრძელიძე
ფოტო: დავით ჭელიძე/Chalo Photography
განსაკუთრებული მადლობა სალომე აბესაძეს


