15 წლიანი წარმატებული სამსახიობო კარიერა თეატრში, მთავარი როლები ცნობილ სპექტაკლებში, ყველასთვის საყვარელი როლები კინოში, საკუთარი რუბრიკა ტელევიზიაში, არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიები, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ პროექტების რაშიც ვიკა (ვერიკო) კალანდია წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული. ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა საინტერესო პროექტის ფარგლებში. ამჯერად კი მისი ცხოვრების ახალი ეტაპისა და პირველი წარმატების შესახებ გიყვებით. ასეთი წარმატებული კარიერის მიუხედავად, დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება ჩაებარებინა ამერიკაში ცნობილ Terry Knickerbocker Film Studio-ში.
ვიკა, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
ვფიქრობ, რაღაც დროს ადამიანს ჭირდება რომ მისი კომფორტის ზონა დატოვოს და სხვა ცხოვრებით იცხოვროს. ახალი თავგადასავლის ძიებაში გადაეშვას, ეს იყო მთავარი მაპროვოცირებელი, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება და ცხადია ის, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო სულ და კიდევ უფრო დიდი დოზით.

სირთულეები იყო?
დიახ. რთული იყო და ვფიქრობ, მთავარი ხიბლიც სწორედ ამაშია. აქ მთელი მსოფლიოდან განსაკუთრებულად ნიჭიერი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინდივიდები ჩამოდიან და ისინიც ჩემსავით ეძებენ იმ რაღაც ნაპერწკალს, რომლისთვისაც მე ვარ ჩამოსული. ზუსტად არ ვიცი ეს რა არის და ამაშია რაღაც იდუმალება, ხიბლი, რომელიც ჩემს შემთხვევაში ასე ძალიან მჭირდება.
როგორია შენი ყოველდღიურობა ამერიკაში?
ყოველი დღე არის თავგადასავალი. თითქოს კინოში ხარ. ვეცნობი ქალაქს, მათ კულტურას, ბევრს ვსეირნობ ქუჩებში, ვკითხულობ ცენტრალ პარკში. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. აი ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა – კონკრეტული ქალაქი ან მიგიღებს ან არ მიგიღებს. ჩემს შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ხელგაშლილი დამხვდა და ერთმანეთი შევიყვარეთ.

წარმატების პირველი ნაბიჯი – Terry Knickerbocker Film Studio-ს სეზონის საუკეთესო სტუდენტი
ნამდვილად არ ველოდი სეზონის საუკეთესო სტუდენტად დასახელებას. მე თუ მკითხავთ, ჩემი კურსელები ბევრად უფრო მომწონს, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც გავხსენი მეილი და თვითონ ბატონი ტერი მილოცავდა ამ სტატუსს.
ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: Walter Jaurena