ბალეტი, როგორც ცხოვრება

პირველი ემოცია პრიმა-ბალერინასგან იყო პუანტები. 

შესაძლოა მცირე დეტალია, მაგრამ ჩვენი საუბრის დასაწყებად ამაზე ზუსტი შესავალი ძნელი მოსაფიქრებელია. იმიტომ, რომ ნინო სამადაშვილის ცხოვრებაში პუანტები არ არის მხოლოდ ბალეტის ნაწილი და ბალეტი არ არის მხოლოდ პროფესია.

როცა მას ხვდები, პირველად, ალბათ, მაინც პრიმა-ბალერინას ხედავ. სტატუსს, რომელიც თავისთავად ქმნის დისტანციას. რამდენიმე წუთში კი ეს დისტანცია ქრება და ხედავ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ისაუბროს სცენის პასუხისმგებლობაზე, ცხოვრების რთულ ეტაპებზე, საკუთარ შეცდომებზე, წიგნებზე, ბუნებაზე, მაყურებლის ენერგიაზე  და იმაზე, თუ როგორ ასრულებს სცენისთვის სამზადისს სპექტაკლის მიხედვით შერჩეული საყურის გაკეთებით.

ჩვენი შეხვედრისას აგათა კრისტის „საათებს“ კითხულობდა. პრიმა-ბალერინას, რომელსაც სცენაზე მაყურებელი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანად ყოფნა სურს. სურს, რომ  რომ იპოვოს ახალი წიგნი, წავიდეს მუზეუმში, გაატაროს დრო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

ალბათ, სწორედ ამ ორ სივრცეში, სცენასა და ყოველდღიურობას შორის, იწყება ნინო სამადაშვილის პორტრეტი.

ბალეტი თუ მუსიკა? ეს თუ ის?

ეს არის არჩევანი შემოქმედებით გზაზე, რომელიც ექვსი წლის ასაკში დაიწყო.

– ყოველი ეტაპი იყო არჩევანი – ბალეტს გავყვები თუ მუსიკას? 6 წლიდან, ნელ-ნელა ბალეტისკენ მივდიოდი. შემდეგ ჩავაბარე სასწავლებელში. თან ვუკრავდი თან ბალეტი, თან ხატვაზე დავდიოდი…  თუმცა, მახსოვს პირველი დიდი შთაბეჭდილება. ვერ გეტყვით ეს იყო თუ არა პირველი სპექტაკლი, მაგრამ მძაფრად მახსოვს “მაკნატუნა”, სამყარო, რომელიც საოცრებად მომეჩვენა, ნაძვის ხე, გოგონა, რომელიც გადაიქცეოდა პრინცესად, არ მინდოდა დასრულებულიყო.

და მაშინ რაზე ოცნებობდით, როცა დარბაზში იჯექით?

– აი, ამაზე. “ჟიზელი” მიყვარს და “რომეო და ჯულიეტა”. რა ვქნა, ამ ორზე სენსიტიური ვარ. “რომეო და ჯულიეტას” რომ ვუყურებდი, სულ მინდოდა, სცენაზე ვყოფილიყავი. “გედების ტბის” ერთი სცენა – პრინცი და გედი რომ შეხვდებიან ერთმანეთს და “ჟიზელის” მეორე აქტი – ჩვეულებრივად ცუდად ვიყავი… და კიდევ ერთი – “მოცარტიანა”, ბალანჩინის.

უყურებდა სპექტაკლებს და ოცნებობდა. გავიდა დრო და ყველა მიზანი რეალობად იქცა. 

– პირველი დიდი როლი  იყო “გედების ტბაში”. კლასიკათა კლასიკა, ყველაზე დახვეწილი და რთული. ეს იყო საოცარი შეგრძნება, მაგრამ “ჟიზელმა” შინაგანად უფრო დიდი ემოციები გამოიწვია… ერთმა ბალერინამ ფეხი იტკინა და მკითხეს- ნინი, იცეკვებ? კი-მეთქი, რა თქმა უნდა, ვიცეკვებ… არც კი მჯეროდა, შეგრძნება, რაც მაშინ მქონდა “ჟიზელის” შესრულების დროს, არ განმეორებულა, მაგრამ ბევრი სხვადასხვაგვარი ემოცია განმიცდია.

ზოგჯერ ხელოვანი სწორედ ასეთ მომენტებს ეძებს, ერთხელ განცდილს, რომლის გამეორებაც შეუძლებელია, მაგრამ რომლის მოლოდინიც მუშაობის გაგრძელების მიზეზად იქცევა. ნინოსთვის ასეთი მომენტი “ჟიზელი” აღმოჩნდა.

დღეს რომ თვალს გადაავლებთ წლებს, ეტაპებად ყოფთ: შრომა, წარმატება, გულისტიკივილი,  დიდი კარიერის თანმდევი.  წლების წინ ამას წარმოიდგენდით?

– არა, მე და დედა ხშირად ვსაუბრობთ ამაზე. თავდაუზოგავად შემეძლო მიმეძღვნა ყველაფერი და ახლაც ასეა. ჩემი ძმა მეუბნებოდა, რა ბედნიერი ხარ, იმას აკეთებ, რაც გიყვარსო. მაშინ ვერც ვხვდებოდი ამ ნათქვამს. მერე დავფიქრდი, რამდენად სტრესულია იმას რომ აკეთებ, რაც სიამოვნებას არ განიჭებს…

დარჩენა საქართველოში

ნინო ამბობს, რომ ეს იყო პირადი გადაწყვეტილება: საკუთარი რესურსის საკუთარ ქვეყანაში დახარჯვის სურვილი და რწმენა, რომ თუ რაღაცას ხელს მოჰკიდებ, მის შექმნას აქაც შეძლებ.

– ქალბატონი ნინო რომ ჩამოვიდა და მასთან მუშაობა დავიწყე, ძალიან გამიმართლა. შორიდან რომ შევხედოთ,  ვფიქრობ ბავშვობაზე – ეტაპი, როცა თეატრში დავიწყე ცეკვა და მერე ეტაპი, როცა დგებოდა კითხვის ნიშანი, როცა მეუბნებოდნენ “არ მიდიხარ? შენ უნდა წახვიდე!”. შინაგანად სულ ვიცოდი, რომ აქ ვიყავი კარგად. საზოგადოებაში არის ტენდენცია,  საზღვარგარეთ მყოფი  უფრო უნდა დააფასო. ეს ჩემი პირადი არჩევანი იყო. 

მის მონათხრობში „პრიმა“ უფრო პასუხისმგებლობას ნიშნავს, ვიდრე სტატუსს. სახელწოდება, რომელიც მიღწეულს აღნიშნავს და უფრო დიდ სტიმულს აძლევს. ამბობს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო დაფიქრდა მეტ განვითარებასა და იმაზე, თუ რა შეეძლო დაეხვეწა. 

– ეს სტატუსი ადამიანში ცვლის რაღაცებს. ამ სტატუსით რომ მიდიხარ საზღვარგარეთ, სულ დაკვირვების ქვეშ ხარ. ყველაფერს აკვირდებიან: დარბაზში როგორ შეხვედი, როგორ დაჯექი, როგორ დადიხარ, რა გაცვია, ვისთან ხარ, ყველაფერს, პროფესიული თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. როგორც ვშრომობდი, ახლაც ისევ ისე ვაგრძელებ.

ვისმენ ამ ისტორიას და მგონია, რომ თქვენი სიყვარული ორმხრივია – თქვენ გიყვართ ბალეტი და ბალეტსაც ძალიან უყვარხართ.

– კი, მაქვს “რილეიშენშიფი”, სადაც არ არის ღალატი, არანაირი! ერთადერთი ღალატია რამე ტრავმა არ მივიღო. ტკივილი არის ხოლმე მძიმე. გინდა გააკეთო და არ შეგიძლია. სურვილს ფრთებს რომ ვერ ასხამ, დამთრგუნველია. ის ხომ უპირობო სიყვარულია, ორმხრივი, რომელსაც არასდროს არაფერი  ცვლის…

და მაინც, რა არის ბალეტი?

ამ შეკითხვას ნინო მარტივად პასუხობს: „ჩემი ცხოვრება.“ შემდეგ უფრო აზუსტებს: „ცხოვრების სტილი, სიყვარული, განცდები, ემოციები, შენი ყველაფერი.“

და როცა ვეკითხები, წარმოუდგენია თუ არა საკუთარი თავი ბალეტის გარეშე, თითქოს თავადაც ეღიმება.

– ვინმეს, ნეტავ, წარმოვუდგენივარ ბალეტის გარეშე? სულ მაინტერესებს… მე და არა ბალეტი. ეს მეც არ წარმომიდგენია… ერთხელ მითხრეს, შენ გამო დავიწყეთ ბალეტზე სიარული იმიტომ, რომ ჩემს შვილს უყვარხარ, ოჯახი მოვდივართ შენს სპექტაკლზე, შენ შეგვაყვარეო. ამას რომ გეუბნებიან, უდიდესი პასუხისგმებლობაა.

ბალეტმა მისგან ბევრი მოითხოვა – შრომა, დისციპლინა, დრო, ზოგჯერ ტკივილი, ზოგჯერ უარის თქმა, მაგრამ სანაცვლოდ მისცა ის იშვიათი განცდა, როცა ადამიანს შეუძლია თქვას – მე ვაკეთებ იმას, რაც ნამდვილად მიყვარს.

წინ? – ისევ შრომაა

ხედავს ახალ გამოცდილებას, ტკივილსაც, სიხარულსაც და სწორედ ეს მოსწონს ყველაზე მეტად. ამ პროცესში კი, განსაკუთრებით აინტერესებს არა მხოლოდ ის თუ როგორი იქნება როგორც ბალერინა, არამედ, როგორც ადამიანი. ალბათ, ეს არის ის წერტილი, სადაც პრიმა-ბალერინას სტატუსი ისევ ადამიანურ ისტორიად იქცევა.

და მაინც, რატომ ბალეტი?
ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთი არჩევანი ცხოვრებაში ერთხელ არ კეთდება.
ზოგს ყოველდღე თავიდან ირჩევ.

პრიმა ბალერინა ნინო სამადაშვილი

სამოსი SPHERO by Eka Chanchibadze , Natia Grdzelidze

Mua Chancika 

ფოტო Ivan Berkovich

ტექტსი : კესო ბოჭორიშვილი

პროექტის ავტორი: ეკა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ