Weekend Max Mara ახალ Signature კოლექციას წარადგენს სახელწოდებით „ტყეში: ვიქენდი რობერტ რაბენშტაინერთან ერთად“. კოლექცია ერთმანეთთან აერთიანებს ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო სამყაროებს: ბუნებასა და ქალაქს, ალპებში გატარებულ დღეებსა და კულტურული ღონისძიებებით სავსე საღამოებს.
2026–2027 წლის შემოდგომა-ზამთრის ეს ახალი პროექტი სტილისტ რობერტ რაბენშტაინერთან თანამშრომლობით შეიქმნა. L’Uomo Vogue-ის მოდის ყოფილი რედაქტორი (editor-at-large) მამაკაცის სამოსის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა და მისთვის დამახასიათებელი ეკლექტიკური ელეგანტურობითა და ლაღი სტილითაა ცნობილი.


„ტყეში: ვიქენდი რობერტ რაბენშტაინერთან ერთად“ ცხოვრების სტილზე მორგებული, საგულდაგულოდ შერჩეული კოლექციაა ქალისთვის, რომელიც თავს საუკეთესოდ ორი სამყაროს გადაკვეთაზე გრძნობს. მთების სიჩუმიდან ის ისტორიული ქალაქების ცოცხალ კულტურულ წრეებში ინაცვლებს და ამ ორ გამოცდილებას ბუნებრივად აერთიანებს.
მთის ტრადიციების თავშეკავებული ელეგანტურობით გამსჭვალული კოლექცია რაბენშტაინერის ფესვებს ეხმიანება. მისი მრავალფეროვანი ელემენტები ერთმანეთს თავისუფლად და ბუნებრივად ერწყმის.


ინტელექტუალური სულისკვეთების ამ ქალს ბუნება ყველა გამოვლინებით უყვარს: ტყეში ლაშქრობიდან მოტოციკლით ან ავტოსახლით მოგზაურობამდე.

„პირველი, რაც თავში მომივიდა, ეს იყო: ქალი მეგობრებს ეპატიჟება, რომ ტყის შუაგულში დახვეწილად გაწყობილ სუფრას შემოუსხდნენ. ამაზე ელეგანტურს ვერაფერს გააკეთებ“, ამბობს რაბენშტაინერი. „მთლიანობაში, კოლექციაში მამაკაცური და ქალური ელემენტები ერთმანეთს ერწყმის, მკვეთრად კლასიკურ სამოსს კი თანამედროვე დეტალები ემატება“.


რაბენშტაინერი ოსტატურად იყენებს სამოსის ფენებად ჩაცმის ხელოვნებას და ერთმანეთთან გამორჩეულად აერთიანებს ხალხური სამოსის ელემენტებს, სამუშაო ტანსაცმელს, სალაშქრო ეკიპირებასა და საღამოს სამოსის ბრწყინვალებას.
კოლექციის შთაგონების კიდევ ერთი წყარო ტრადიციული ავსტრიული ალპური პალტოების კლასიკური ელეგანტურობა და გამძლეობაა. მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია სამ გამორჩეულ ნიშანს ეფუძნება:


- ფაქტურა: დამახასიათებელი მელანჟის ეფექტი ახალ Pasticcino-ს ჩანთაშიც მეორდება და მოკლე შალის პალტოშიც, რომელსაც შიგნით მიმართული ორმხრივი ნაკეცი აქვს.
- ფორმა: მომრგვალებული სახელოებისა და შიგნით მიმართული ნაკეცის მქონე კლასიკური პალტო წითელ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. ის მაღალი ხარისხის ორპირი შალის ქსოვილისგან ხელითაა შეკერილი.
- ფერი: ალპური პალტოებისთვის დამახასიათებელი მწვანე თანამედროვე ჟაკეტისა და შარვლის ანსამბლში გადადის.


ხელით შეკერილი ორპირი შალის ქსოვილი კოლექციის გამაერთიანებელი ელემენტია და ზედა სამოსს უფრო საზეიმო მოდელებთან აკავშირებს. ამ ქსოვილითაა შესრულებული კარვისებრი მოსასხამი, რბილი მხრის ხაზის მქონე ბომბერი და დახვეწილი სწორი კაბა. კაბებს ვიწრო სილუეტი აქვს, ანსამბლებს კი მოცულობითი მიდი ქვედაბოლოები, სწორტოტებიანი შარვლები, აბრეშუმის თხელბრეტელებიანი ტოპები და ტრადიციული მეთევზის სვიტერები ავსებს.

ფერთა პალიტრის საფუძველს მწვანე, მუქი ლურჯი, ღია ცისფერი და წაბლისფერი ქმნის. მათ წითელი, იისფერი და კურკუმისფერი ყვითელი აქცენტები აცოცხლებს. კოლექციაში გამოყენებულია გამძლე ბამბა, ირლანდიური შალის ქსოვილები, ტყავი, მდიდრული ხავერდის დეტალები და აბრეშუმი.


ანსამბლებს საბოლოო, გამორჩეულ შტრიხს აქსესუარები სძენს: სხვადასხვა ზომის Pasticcino-ს ჩანთები ტყავისგან, ხავერდისგან ან სპეციალურად დამუშავებული ზამშისგან, რომელიც მოთელილი შალის დამახასიათებელ მელანჟის ეფექტს იმეორებს; ხავერდის საღამოს სლიპერები; ბალთებიანი ჩექმები; სალაშქრო ფეხსაცმლით შთაგონებული ფუნქციური მოკლეყელიანი ჩექმები; ფედორას ტიპის ქუდი; გრძელი ქაშმირის ხელთათმანები და პრინტიანი აბრეშუმის შარფები.


კოლექცია სტილების უბრალო შერწყმას სცდება და ქმნის გააზრებულ, ინტელექტუალურ გარდერობს, რომელიც მხოლოდ აუცილებელ სამოსს აერთიანებს. თითოეულ ნივთს ორმაგი დანიშნულება აქვს: ქალს შეუძლია ბუნებაში განმარტოებისა და ფიქრის წუთებიდან ქალაქის ცოცხალ კულტურულ ცხოვრებაში გადაინაცვლოს და ელეგანტურობა ყოველ ფენაში შეინარჩუნოს.


1983 წელს შექმნილი Weekend Max Mara თავდაპირველად ბუნებაში დასასვენებლად განკუთვნილი შაბათ-კვირის ქეჟუალ კოლექცია იყო, დღეს კი ის უნიკალური იდენტობისა და აქტუალური ხასიათის მქონე ჭეშმარიტ იტალიურ ლაიფსთაილ ბრენდად იქცა. Weekend Max Mara-ს მზა სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციები ძალდაუტანებლად აბალანსებს აქტუალურობასა და მემკვიდრეობითობას. თანამედროვე და დახვეწილი არჩევანი ოფიციალურსა და არაოფიციალურს აერთიანებს და მრავალი შემთხვევისთვის შესაფერის ქეჟუალ ელეგანტურობას სთავაზობს ღია აზროვნების, განათლებულ და თავისუფალი სულის ქალებს, რომელთა ინდივიდუალობა მოდასა და სეზონებს სცდება.

ბრენდის მუდმივი განვითარების ნაწილად Weekend Max Mara-მ Signature Capsule კოლექციები წარადგინა, რომლებსაც ცნობილი შემოქმედები ქმნიან ან შთააგონებენ: ყოველ სეზონზე ისინი ბრენდის კოდებს თავისებურად ინტერპრეტირებენ და გამორჩეული ხედვის მქონე უნიკალურ გარდერობს ქმნიან. Weekend Max Mara ხელმისაწვდომია მსოფლიოს დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიასა და წამყვან უნივერმაღებში.


