რატომ გვინდა ისევ ძველი ნივთები?

იყო დრო როდესაც, “ძველი” ტანსაცმლის შეძენა, იყო გადაწყვეტილება, რომელიც შენს ფინანსურ, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული. ძველი ნივთი ახალი ნივთის იაფი ალტერნატივა იყო. დღეს კი მილანის, პარიზის, ლონდონისა თუ თბილისის ვინტაჟურ მაღაზიებში სრულიად სხვა სურათს ვხედავთ: ადამიანები ხშირად უფრო დიდხანს ეძებენ წლების წინ შეკერილ ტყავის ქურთუკს, ძველ Levi’s-ს, 1990-იანი წლების ჩანთას, პალტოს და არა იმავე ნივთის ახალ ვერსიას. და ზოგჯერ მასში მეტსაც იხდიან.

ეს მხოლოდ ნოსტალგია არ არის.

ვინტაჟური ნივთები დღევანდელი ბაზრის გამორჩეული ნაწილია, ამის ახსნა უბრალოდ „რეტროს დაბრუნებით“ რთულია. ThredUp-ის 2026 წლის მონაცემებით, გლობალური ვინტაჟური ტანსაცმლის ბაზარი, მთლიან ტანსაცმლის ბაზარზე, დაახლოებით ორჯერ სწრაფად იზრდება. Gen Z და მილენიალები კი მოსალოდნელია, რომ ამ ზრდის 70%-ზე მეტს შექმნიან.

რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს ოცდახუთი წლის ქურთუკი მაშინ, როცა მის ახალ ვერსიას რამდენიმე წამში, ყველანაირი წვალების გარეშე იყიდის, ხოლო ამ კონკრეტული მოდელის შესაძენად, რომელიც წლების წინ შეიქმნა, შეიძლება მართლაც რამდენიმე ქალაქის შემოვლა დასჭირდეს..

პასუხის ნაწილი თავად ტანსაცმელშია.

როცა „ძველი“ ხარისხის ნიშნად იქცა

ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულების საუბარში ერთი ფრაზა მუდმივად მეორდება: „ასეთს აღარ აკეთებენ“.

რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის სიმართლე არ არის. წარსულშიც არსებობდა იაფი, ცუდად შეკერილი ტანსაცმელი და დღესაც იქმნება შესანიშნავი ხარისხის სამოსი. მაგრამ მასობრივ მოდაში წარმოების სტანდარტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. უფრო სწრაფი კოლექციები, დაბალი ფასები და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი მწარმოებლებს სხვა პრიორიტეტებს უქმნის.

ვინტაჟის ყიდვისას კი, ხშირად სრულიად სხვა დეტალებს ვეძებთ.

100%-იან შალს პალტოს ეტიკეტზე. ნატურალურ აბრეშუმს სინთეტიკური ნარევის ნაცვლად. ტყავის ჩანთას, რომლის კუთხეებიც ოცი წლის გამოყენების შემდეგაც ფორმას ინარჩუნებს. შიდა ნაკერებს, რომლებიც ისეა დამუშავებული, თითქოს მათი ნახვაც მნიშვნელოვანი ყოფილიყო.

Vestiaire Collective-ის მონაცემებით, მის პლატფორმაზე ვინტაჟური ნივთების რაოდენობა ხუთ წელიწადში 220%-ით გაიზარდა. Vogue Business-ის 2026 წლის კვლევაში კი, მეორადი ნივთების მყიდველთა მესამედმა ერთ-ერთ მიზეზად სწორედ უკეთესი ხარისხის აღქმა დაასახელა. მომხმარებლები განსაკუთრებით ხშირად ეძებენ კონკრეტული პერიოდის დიზაინერულ ნივთებს, მაგალითად, 2000-იანი წლების Dolce & Gabbana-ს, ძველ Chanel-ს ან კონკრეტული კრეატიული დირექტორის ეპოქის კოლექციებს.

ძველი ნივთის ღირებულებაც სწორედ აქ იცვლება. იგი აღარ არის უბრალოდ ნივთი, რომელსაც უკვე ვიღაც ატარებდა. ის შეიძლება იყოს ნივთი, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია არსებობა.

მოდამ საკუთარი არქივის ყიდვა დაიწყო

უფრო საინტერესო ის არის, რომ წარსულს უკვე არა მხოლოდ მომხმარებლები ეძებენ. მას თავად მოდის სახლიც ეძებს. 2025 წლის კოლექციებში Dior-მა ხელახლა გამოიყენა 2001 წლის ცნობილი „J’adore Dior“ მაისურის იდეა. Chloé-მ დააბრუნა 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ჩანთა, Paddington. Alexander McQueen-ის ძველი skull scarf-ის მიმართ ინტერესიც კვლავ გაიზარდა.

ეს უკვე უბრალო ტენდენცია არ არის, ეს არის თანამედროვე ცვლილება მოდის სამყაროში. როდესაც ბრენდები საკუთარ არქივებს უბრუნდებიან, ისინი ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ახალი იდეის შექმნა ყოველთვის ახალი ფორმის შექმნას არ ნიშნავს. ზოგჯერ ყველაზე სასურველი პროდუქტი უკვე შექმნილია.

ამიტომაც Tom Ford-ის პერიოდის Gucci, Jean Paul Gaultier-ის ძველი კოლექციები, Vivienne Westwood-ის კორსეტები, Fendi Baguette, Dior Saddle Bag ან Louis Vuitton-ის ძველი ჩანთები ახალგაზრდული კულტურისთვის არა ისტორიული ექსპონატები, არამედ სრულიად თანამედროვე ნივთებია.

და ალბათ აქ არის მთავარი ცვლილება: ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 2002 წელს დაბადებული არც კი იყო, 2002 წლის ჩანთას ნოსტალგიის გამო ვერ ყიდულობს. მას ის პერიოდი არც ახსოვს.

წარსული, რომელიც არასოდეს გვიცხოვრია 

და ეს სურვილი მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, თუ რას ვიცვამთ. იგივე ინტერესით ვუბრუნდებით იმ ნივთებსაც, რომლებსაც ვიყენებთ, ვუსმენთ, ვკითხულობთ და ყოველდღიურად თან ვატარებთ.

ფილმებში, სოცილურ ქსელებში, შეგვიძლია ვუყუროთ 1990-იანი წლების ნიუ-იორკს, 1970-იანი წლების ინტერიერს, 1969 წელს ჩაწერილ ალბომს, 1980-იანი წლების საათს. დღესდღეობით, ინტერნეტ სამყაროში ვხვდებით კამერის რეკლამას, რომელიც ჩვენს დაბადებამდე ოცი წლით ადრე გამოვიდა.

ეს ხომ მარკეტინგია..

სოციუმის ინტერესი ძველი ნივთების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში აშკარა გახდა, კომპანიები ცდლობენ თანამედროვე ნივთებს ძველი სახე მისცენ. ეს არ ეხება მხოლოდ მოდას, ეს ეხება ბიზნეს სამყაროს სხვა სეგმენტებსაც, როგორც აქამდე ვთქვით, ეს სურვილი არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა გვაცვია.

36 კადრი ათი ათასი ფოტოს ნაცვლად

დღეს ტელეფონი ფოტოს გადაღებას თითქმის უფასო მოქმედებად აქცევს.

შეგვიძლია ერთი სცენა ოცჯერ გადავიღოთ, რამდენიმე წამში ვნახოთ შედეგი, წარუმატებელი ფოტო წავშალოთ და საუკეთესო დავამუშავოთ.

ამის პარალელურად, ადამიანები ისევ ყიდულობენ 35-მილიმეტრიან Canon-ს, Nikon-ს, Olympus-ს, Pentax-სა და Contax-ს.

ფირის კამერა თითქმის ყველა პრაქტიკული კრიტერიუმით ტელეფონზე მოუხერხებელია. ფირი უნდა იყიდო. კამერაში ჩადო. კადრების რაოდენობა შეზღუდულია. შედეგი მაშინვე არ ჩანს. ფირი უნდა გაამჟღავნო. ზოგჯერ ფოტო საერთოდ არ გამოდის. მაგრამ სწორედ ეს შეზღუდვები ქმნის მის ღირებულებას. როდესაც შენს კამერაში 36 კადრია, თითოეული ფოტოს გადაღებამდე წამით მაინც ფიქრობ.

ღილაკზე თითის დაჭერა ისევ გადაწყვეტილება ხდება.

ტელეფონის კამერამ ფოტოს გადაღება სწრაფ და მარტივ პროცესაც აქცია.

ფირის დაბრუნება კი გვაჩვენებს, რომ სწორედ ის ხანგრძლივი პროცესი იყო უამრავი ადამიანისთვის ფოტოგრაფიის ხიბლი.

ვინილი Spotify-ის ეპოქაში                                     

მუსიკაში ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო ნათელია.

დღეს რამდენიმე წამში შეგვიძლია მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სიმღერას მოვუსმინოთ. ალბომის მოსმენა პირველი სიმღერიდან ბოლომდე აღარ გვჭირდება. არც დისკის ყიდვა, არც მაღაზიაში წასვლა და არც კონკრეტული ჩანაწერის არჩევა.

და მაინც, ვინილი დაბრუნდა.

RIAA-ს მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში დაახლოებით 22 მილიონი ვინილის ჩანაწერი გაიყიდა და მათმა შემოსავალმა დაახლოებით 457 მილიონ დოლარს მიაღწია. იმავე პერიოდში CD-ების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 108 მილიონი დოლარი იყო. ვინილი streaming-ს, რა თქმა უნდა, ვერ ანაცვლებს.

არც ცდილობს. მაგრამ ის მუსიკის მოსმენას მოქმედებად აქცევს.

ირჩევ ალბომს. იღებ ყდიდან. დებ ფირფიტას. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბომთან რჩები. Spotify-ზე სიმღერის შეცვლა ცერის ერთი მოძრაობაა.

ვინილზე ეს არჩევანი ფიზიკურ მოქმედებას მოითხოვს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს პატარა დაბრკოლება იპყრობს შენს ყურადღებას და ყოველდღიურობას რომანტიულს ხდის.

ხელით დაწერილი ორი წინადადება

იგივე განსხვავებაა მობილურ შეტყობინებასა და ხელნაწერ წერილს შორის.

ორივე შეიძლება ზუსტად ერთსა და იმავეს ამბობდეს. „მადლობა.“ „მომენატრე.“ „გილოცავ.“ „მიყვარხარ.“ მაგრამ წერილი, ასევე ყოველდღიურობაში აბრუნებს რომანტიკას, და სიტყვებს ბევრად უფრო სენტიმენტალურ ხასიათს ძენს. არა იმიტომ, რომ კალმით დაწერილი სიტყვა განსხვავდება. არამედ იმიტომ, რომ ამ მოქმედებაში დრო ჩანს.

მან ფურცელი აიღო. დაწერა. შეცდომის შემთხვევაში სიტყვა უბრალოდ backspace-ით არ წაშალა. ბარათი შეინახა, კონვერტში ჩადო ან პირადად მოგცა.

ციფრულ სამყაროში, სადაც შეტყობინების გაგზავნას რამდენიმე წამი სჭირდება, ძალისხმევა თვითონ ხდება ინფორმაციის ნაწილი.

საათი, რომელიც მხოლოდ დროს აჩვენებს

მექანიკური საათიც თითქმის აბსურდული ნივთია. Apple Watch-ს შეუძლია გულისცემის გაზომვა, შეტყობინებების ჩვენება, ზარის მიღება, ვარჯიშის აღრიცხვა და ნავიგაცია. 1960-იანი წლების Omega-ს შეუძლია საათის ჩვენება.

და მაინც, ადამიანები ძველ მექანიკურ საათებში ათასობით ევროს იხდიან.

აქ ფუნქციურობა უკვე საერთოდ აღარ არის მთავარი. მნიშვნელოვანია მექანიზმი და ისტორია. ხელით მუშაობა. დროის კვალი მეტალზე.

ის ფაქტი, რომ მოწყობილობა შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არსებობდეს, შეკეთდეს და შემდეგ სხვა ადამიანს გადაეცეს, დამეთანხმებით სენტიმენტალურია. წლების წინ ნივთები კომფორტის გამო იქმნებოდა, მაგრამ არა მარტო. თითოეულ ნივთს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჰქონდა ისტორია.., რომელიც დღევანდელ ელექტრონულ საათს აღარ აქვს..

თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტის ციკლი ხშირად სრულიად საპირისპიროა. რამდენიმე წლის შემდეგ ტელეფონი ძველდება. ოპერაციული სისტემა იცვლება. ბატარეა კარგავს სიმძლავრეს. ნივთი კვდება და არანაირ კვალს არ ტოვებს, უბრალოდ ქრება დედამიწიდან.

რატომ ვაბრუნებთ დისკომფორტს?

თითოეული შენს მიერ წაკითხული მაგალითი თითქოს ერთი და იგივე წინააღმდეგობაზე მიგვითითებს. გავიდა წლები, ყველაფერი შეიცვალა.

თუმცა, ადამიანის ყველა ახალმა ქმნილებამ, მას შეუქმნა კომფორტი.. კამერამ აღარ უნდა დაგვაყოვნოს. მუსიკა აღარ უნდა ვეძებოთ. წიგნები აღარ უნდა ვატაროთ. წერილი აღარ უნდა გავაგზავნოთ.

ყურსასმენი აღარ უნდა შევაერთოთ. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა. მაგრამ როდესაც ყველაფერი მარტივდება, რაღაც სხვაც იცვლება. მოლოდინი. არჩევანის მნიშვნელობა. რიტუალი. ნივთთან ურთიერთობა. ზოგჯერ, ყურადღებაც.

ისტორია კვდება….

ჩვენ არა მხოლოდ არჩევნის არამედ, ნივთის მნიშვნელობას და ემოციურ ღირებულებას ვაუფასურებთ. ალბათ ამიტომ ვაბრუნებთ მცირე სირთულეებს საკუთარი სურვილით. 36-კადრიან ფირს. ვინილის გადასაბრუნებელ მხარეს. წიგნს ჩანთაში. ტანსაცმელს, რომლის საპოვნელად ხუთ მაღაზიაში უნდა შევიდეთ.

ეს არ არის ტექნოლოგიის უარყოფა. ადამიანი, რომელიც ფირის კამერით იღებს, ამ ფოტოს საბოლოოდ მაინც Instagram-ზე დადებს. ვინილის კოლექციონერს Spotify-ც ექნება. ვინტაჟური ჩანთა iPhone-ის გვერდით იდება.

ახალი და ძველი ერთმანეთს არ ცვლის. ჩვენ უბრალოდ მათ სხვადასხვა რამეს ვთხოვთ. თანამედროვე ნივთისგან ეფექტურობას ველით.

ძველისგან კი ხშირად, გამოცდილებას, ემოციას.. და ალბათ ამიტომ არის საინტერესო, რომ მომავლისკენ ყველაზე სწრაფად მოძრავ თაობებს წარსულის ნივთები ასე ძალიან უყვართ.

შესაძლოა, ჩვენ სინამდვილეში წარსულში დაბრუნება საერთოდ არ გვინდა.. 

ავტორი: ხატია კოწიწაშვილი

ასევე წაიკითხეთ