რამდენად განსხვავდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სკოლის რეალობა იმ სურათისგან, რომელსაც Instagram-ზე ვხედავთ?
გამარჯობა, მე ნიტა ვარ და ეს ჩემი პირველი ჩანაწერია City-სთვის. მინდა, საკუთარი გამოცდილებით გაგიზიაროთ, როგორია სწავლა მარანგონში და ზოგადად, რა ხდება მოდის უნივერსიტეტის კედლებს მიღმა.
მილანში მოდის სწავლა საინტერესო კონტრასტებით სავსე გამოცდილებაა: ერთ დღეს აუდიტორიაში ბრენდის სტრატეგიაზე მსჯელობ, მეორე დღეს კი იმავე ინდუსტრიას ქუჩაში, მოდის ჩვენებაზე ან კულისებში ეცნობი. სასწავლო წელი ახლახან დაიწყო და უნივერსიტეტში ჯერ კიდევ იგრძნობა საწყისი ქაოსი, თუმცა დროთა განმავლობაში ეს არეულობა საინტერესო ყოველდღიურობად იქცევა.
ახლა მარანგონის ეზოში ვზივარ. ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალ ადამიანებთან გაცნობით იწყება — სტუდენტებთან, ლექტორებთან და სხვადასხვა პროფესიული ინტერესის მქონე ადამიანებთან. პირველკურსელების ამოცნობაც მარტივია: ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ, ახალ გარემოს შეეგუონ. ზუსტად ასე ვიყავით ჩვენც პირველ წელს.

ერთ-ერთი პირველი რამ, რაც უნივერსიტეტში თვალში გხვდება, სტუდენტების განსხვავებული სამუშაო სტილია. მოდის დიზაინის სტუდენტებს ხშირად ჩემოდნებით დაინახავთ — ასე ყველაზე მარტივია მასალებისა და ნაჭრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. სთაილინგის სტუდენტები კი დროის დიდ ნაწილს გადაღებებზე ატარებენ; მათი სამუშაო სივრცეებიდან ხშირად ფოტოაპარატის ხმა ისმის. ჩვენ, ბიზნესის სტუდენტები, შედარებით მარტივად ვართ აღჭურვილი — ჩანთაში ლეპტოპი გვიდევს და დროის დიდ ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებთ.
სწორედ ბიბლიოთეკაა მარანგონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცე. აქ უამრავ კრეატიულ პროექტს შეხვდებით და ერთი შეხედვითაც იგრძნობთ, რამდენად განსხვავებული იდეები და ინტერესები იყრის თავს. ყველა საკუთარ საქმეზე მუშაობს, თუმცა ამ პროცესში აზრებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც არ ვიშურებთ. საბოლოოდ, სწორედ ეს ურთიერთობა ქმნის სასწავლო გარემოს მნიშვნელოვან ნაწილს.

არანაკლებ საინტერესოა უნივერსიტეტის ტერასა, სადაც შესვენებებზე სხვადასხვა კურსისა და მიმართულების სტუდენტები იკრიბებიან. აქ შეხვდებით ადამიანებს, რომელთა სტილიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება: ზოგი ფერად სამოსს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი მონოქრომულ ჩაცმულობას ირჩევს, ზოგი კი მიმდინარე ტენდენციებს მიჰყვება. ეს მრავალფეროვნება არა მხოლოდ საინტერესო დაკვირვების შესაძლებლობას გვაძლევს, არამედ ხშირად ახალი იდეებისა და უნივერსიტეტისთვის დამახასიათებელი ვიზუალური კონტენტის შთაგონების წყაროც ხდება.


რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, მოდის ბიზნესის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრენდების PR-ს, მარკეტინგსა და ახალი კონცეფციების შექმნას ეთმობა. წერილობითი გამოცდების ნაცვლად, ხშირად ჯგუფურ პროექტებზე ვმუშაობთ, რომელთა შედეგებიც ჩვენს პორტფოლიოში აისახება. ამგვარი სწავლება საშუალებას გვაძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად გუნდური მუშაობისა და იდეების პრაქტიკაში განხორციელების გამოცდილებაც მივიღოთ.
ვფიქრობ, მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა და პროფესიული კონტაქტების დამყარება. სხვადასხვა ადამიანთან თანამშრომლობა ახალ პერსპექტივებს გვიხსნის, გამოცდილებას გვმატებს და ხშირად მოულოდნელ შთაგონებასაც გვაძლევს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი — საკუთარი ხედვისა და ხასიათის შენარჩუნება.

რა ხდება მაშინ, როცა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალური მოდის ინდუსტრიას ეჯახება? ამაზე უკვე მომდევნო ჩანაწერში მოგიყვებით. მანამდე კი — დროებით.
ავტორი: ნიტა ბაღდავაძე


