შემოდგომა ის სეზონია, როცა ბევრი ჩვენგანი ესთეტიკური მედიცინის კლინიკებში იწყებს ვიზიტს. იმ პროცედურების გარდა, რომლებიც კონკრეტულად ამ სეზონიდანაა რეკომენდებული, პირადად მე მგონია, რომ ზაფხულის სიცხისა და რუჯის შემდეგ დასტრესილი კანისთვის მსგავსი ვიზიტები აუცილებელიც კი არის. კლინიკის შერჩევისას, ჩემთვის რამდენიმე კრიტერიუმია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, პროფესიონალი ექიმი. ასევე, თანამედროვე აპარატურა და ხარისხიანი, სანდო პრეპარატები. მიუხდავად იმისა, რომ ერთი თვის წინ 28 წლის გავხდი, ჯერ ესთეტიკური მედიცინის კლინიკისთვის არ მიმიმართავს. ჯერ-ჯერობით თითქოს ყველაფერი წესრიგშია, სახეზე შესამჩნევი ნაოჭები არ ჩანს. თუმცა, ისიც ვიცი, რომ უკვე დროა დავიწყო ასაკის შესაბამისი პროცედურები პრევენციისთვის. ამიტომ, როგორც ჩემს პროფესიას შეეფერება, ვიწყებ ძებნას, თვალიერებას, მეგობრების რეკომენდაციების მოსმენას. ჩემი კვლევის შედეგები ასეთია – ყველა ჩემი მოთხოვნისა და სურვილის გათვალისწინებით, “ნინო დიდიას კლინიკა” ლიდერობს. მალევე, ვიზიტი დავგეგმე და ნინოს პეკინის #5-ში, კლინიკაში ვესტუმრე. ეს ჩემი პირველი სტუმრობაა ესთეტიკის კლინიკაში. ამიტომ, ბუნებრივია, მაქვს უამრავი კითხვა. ნინოს კი, ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხი.
ნინო, გახსოვთ როდის გაჩნდა პირველად სამედიცინო სფეროს მიმართ ინტერესი?
ბავშვობა, ალბათ, როგორც ყველას, მეც საკმაოდ ლაღი მქონდა. მამა აეროპორტში მუშაობდა და ხშირად გვიწევდა მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში. ვცხოვრობდით სამხედრო ჰოსპიტალის უკან. იქვე, ჩვენს მეზობლად, ექიმები მუშაობდნენ. გვათამამებდნენ და მოჰქონდათ უამრავი სამედიცინო ნაკრები, ამპულები, ნემსები, მაკრატლები და ა.შ. ალბათ ამანაც იქონია გავლნა იმაზე, რომ ბავშვობიდან პედიატრობა მინდოდა. ვიცვამდი თეთრ ხალათს და საღამოებს ასე, თამაშში ვატარებდი. მერე დაიწყო გარდაქმნები, არეულობები, სამოქალაქი ომი, 9 აპრილი და მძიმე 90-იანები. ჩემი სურვილი თითქოს მიჩუმდა. მივყვებოდი ამ რუტინულ ცხოვრებას. როდესაც უმაღლესში ჩაბარების დრო მოვიდა, ჯერ ჩავაბარე ქ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ბიო-სამედიცინოზე, რადგან თბილისში წასვლის შანსი არ მქონდა. გათხოვების შემდეგ კი, ვცხოვრობდი თბილისში და სწავლა კერძო სამედიცინო უნივერსიტეტში გავაგრძელე. ეს იყო ცხოვრება უცხო ქალაქში, 90-იანი წლები, სტუდენტობა და ოჯახი…
რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ესთეტიკური მედიცინის მიმართულება? რა არის ამ სფეროში ისეთი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინათ?
უკრაინაში მოგვიწია დროებით საცხოვრებლად გადასვლა. ყველაფერი შეიცვალა ამის შემდეგ. ვფიქრობ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ბავშვის ბაღში შეყვანის შემდეგ, გადავწყვიტე დამეწყო თავის მოვლა, რადგან საკმაოდ სენსიტიური კანი მქონდა. დავუმეგობრდი იმ კლინიკის მფლობელს, სადაც ხშირად დავდიოდი. ამ ადამიანმა ყველანაირი გზა გამიხსნა ესთეტიკურ მედიცინაში. მასთან დავდიოდი პრაქტიკაზე. პარალელურად, ვსწავლობდი კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-კოსმეტოლოგიის ფაკულტეტზე. მალევე, კარგი რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა კიევის ერთ-ერთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში. თამამად შემიძლია ვთქვა, უკრაინა ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონებაა. გავიჩინე მეგობრები, რომლებთანაც დღემდე მაქვს კონტაქტი. გავიცანი ბევრი პროფესიონალი ექიმი. ძალიან გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივ ექიმებთან, პაციენტებთან და ამდენ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა.
დღემდე მახსოვს, როდესაც პირველად ესთეტიკური მედიცინის კონგრესზე აღმოვჩნდი. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. წარუშლელი შთაბეჭდილებები დამრჩა – დიდი პავილიონები, ათასამდე პროფესიონალური და დეკორატიული კოსმეტიკა. უამრავი აპარატურა, სასიამოვნო გარემო, ბევრი ხალხი და ემოციებით სავსე საღამო.
იმ პერიოდში, ინექციური კოსმეტოლოგია ახალი გამოწვევა იყო. პირველად იქ ვნახე Restylane-ს ბანერი და დიდ ეკრანზე ტუჩის აუგმენტაციის პროცედურა. მალევე მეც დავიწყე ინექციური კოსმეტოლოგიის შესწავლა. ჯერ იყო მეზოთერაპიის და ბიორევიტალიზაციის კურსები. მეზოთერაპია იყო მონო პრეპარატების საშუალებით. გვაძლევდნენ პროტოკოლს და როგორც ქიმიკოსებს, უნდა აგვერია გარკვეული დოზები ერთმანეთში და მიგვეღო კოქტეილები. შემდეგ, შევისწავლე ბოტოქსი და კონტურული პლასტიკა. პირველი პრეპარატები, რომლებითაც დავიწყე მუშაობა, იყო რესტილაინი და იუვიდერმი.
საქართველოში როგორ გაგრძელდა თქვენი საქმიანობა?
საქართველოში 2008 წელს ჩამოვედი. თავიდან გამიჭირდა დამკვიდრება. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა თვითრეალიზაციისთვის. ჩვენი კლინიკა, GeoSwiss, დაარსდა დაახლოებით 12 წლის წინ. ის ფუნქციონირებდა როგორც სამედიცინო ცენტრი. 2014 წელს, დაემატა ესთეტიკური განყოფილებაც და სწორედ ამ პერიოდიდან შევუერთდი მეც.
რა პროცედურები კეთდება თქვენს კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები:
- კონტურული პლასტიკა
- ბოტოქსი
- ძაფები
- ბიორევიტალიზაცია
- მეზოთერაპია
- სახის წმენდა (აპარატურული, მექანიკური, ზედაპირული, ღრმა)
- HYDRAFACIAL MD – კანის ღრმა წმენდა, დატენიანება და გაახალგაზრდავება
- ქიმიური პილინგები
- ალმასური დერმაბრაზია
- მიკრონიდლინგი
- ელექტროეპილაცია
- ფონოფორეზი
- სახის მასაჟი
- წამწამების ლამინირება
- წარბების ლამინირება
- ნემსით ეპილაცია
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს კლინიკას სხვა მსგავსი პროფილის კლინიკებისგან?
მიმაჩნია, რომ ჩვენი თანამედროვე მიდგომები, პროფესიული უნარების მუდმივი გაუმჯობესება სხვადასხვა ტრენინგის და სემინარის მეშვეობით, გვაძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს და გვეხმარება იმაში, რომ დავამკვიდროთ მაღალი ხარისხი ქართულ ბაზაზე. სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა კლინიკებისგან.
ნინო, მინდა გთხოვოთ, რომ როგორც ექიმმა, აუხსნათ ჩვენს მკითხველს რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში სტუმრობისას?
პირველი, რაც მნიშვნელოვანია, არის ექიმთან კონსულტაცია. სადაც ირკვევა ექიმის კვალიფიკაცია და მისი მიდგომები. ექიმმა უნდა შეადგინოს პაციენტის ანამნეზი, აუხსნას პრობლემები, რა პროცედურებს ან პრეპარატებს სთავაზობს. ამის შემდეგ კი, პაციენტი ამ ინფორმაციას უნდა გაეცნოს. ის, რაც თქვენ ირგვლივ მეგობრებს, დას, მეზობელს უხდება, შეიძლება სრულიად მიუღებელი იყოს თქვენი სახისთვის და ვერ მიიღოთ სასურველი ეფექტი. ინდივიდუალური მიდგომა, სწორად შერჩეული და კურსად ჩატარებული პროცედურები, არის საუკეთესო შედეგის გარანტი.
მოდით, გართულებებზეც ვისაუბროთ
აუცილებლად უნდა შევეხოთ გართულებების თემასაც. იმის გამო, რომ დღესდღეობით შეიცვალა მიდგომები სახის მოდელირებასთან დაკავშირებით და ინექციის დროს ვიყენებთ უფრო დიდი რაოდენობის პრეპარატებს (2-3 მლ. ან მეტი), გართულებების რისკი გაიზარდა. სახეზე არ არსებობს “არასაშიში” ზონა. ბოლო პერიოდში აქტიურად გვასწავლიან გართულებების ამოცნობას და მართვას. პირადად მე, სამჯერ გავიარე “კადვერ” კურსი. ეს არის ყველაზე მაღალი საფეხური პროფესიული ზრდისთვის ესთეტიკის სფეროში. ანატომიური “კადვერის” კურსი არის სწავლება უნიკალური მიდგომით, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევიძინოთ ახალი ცოდნა ანატომიის სფეროში, გავაუმჯობესოთ ინექციის ტექნიკა, გავეცნოთ გართულებების განვითარების მექანიზმებს და მათი პრევენციის მეთოდებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ესთეტიკური მედიცინის ცენტრები და პლასტიკური ქირურგები, ერთმანეთს გვერდით უდგანან და ეხმარებიან გართულების ამოცნობაში, მის სწორად მართვაში.
დღესდღეობით, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა?
ყველაზე მოთხოვნადი არის, რა თქმა უნდა, ინექციური პროცედურები. ეს არის, ძირითადად, ტუჩის აუგმენტაცია, ცხვირის მოდელირება ფილერით, full face, ძაფებით სახის ლიფტინგი. პაციენტები გახდნენ ინსტაგრამ გვერდის მიმდევრები, ითხოვენ კონკრეტულ პროცედურებს და შედეგებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პროცედურის შედეგი არის ინდივიდუალური, ადამიანის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე. ერთია სურვილი, მეორე კი – რეალობა. ამიტომ, ხშირად გვიწევს პაციენტებისთვის უარის თქმა, რადგან ვიცით, რომ ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.
ამდენწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა მოსწონთ ქართველ ქალებს?
ქართველი ქალები გამოირჩევიან სილამაზით, გემოვნებით, იციან რა უნდათ და რა მოუხდებათ. გამიმართლა, რომ ჩემი პაციენტები ითვალისწინებენ ჩემს რჩევებს. გამიმართლა იმაშიც, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ მენდნენ, როცა საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი და გახდნენ ჩემი პაციენტები, დღემდე ჩემთან ერთად არიან. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მეგობრებიც კი გავხდით.
როგორია მსოფლიო და ქართული ტენდენციები ესთეტიკური მედიცინის კუთხით?
დღესდღეობით, ესთეტიკურ მედიცინაში არის დიდი გამოწვევები. ძალიან შეიცვალა მიდგომები და პროცედურები. ჩვენ აღარ ვართ ის კოსმეტოლოგები, 10-15 წლის წინ ცხვირ-ტუჩის ზონაზე ფილერის კორექციას რომ ვთვლიდით პაციენტის გაახალგაზრდავებად. ჩვენ ვართ თერაპევტები კომპლექსური მიდგომით. სხვადასხვა პროცდურით ხდება კანზე პრობლემების მოგვარება. პილინგები, მეზო ან ბიორევიტალიზაცია, აპარატურული პროცედურა, ფილერები, ძაფები და ა.შ. პროცედურების კომბინაციით და სახის მოვლის სწორად შერჩეული რუტინით ვიღებთ სასურველ და ხანგრძლივ შედეგს.
ნინო, როგორია ზოგადი რეკომენდაციები? რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ვიზიტი ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში?
რეკომენდებულია 25-30 წლიდან მივმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს. სახის არსებული მდგომარეობა დამოკიდებულია ბევრ გარემო ფაქტორზე: სად ვცხოვრობთ, როგორი წესით ვცხოვრობთ, როგორ ვუვლით თავს, მორფოლოგიურად როგორი კანის ტიპი გვაქვს, გენეტიკა და ა.შ. ანუ, ჯერ ექიმი ადგენს სრულ ანამნეზს და ამის შემდეგ ინდივიდუალურად უდგება ყველა კანს და პრობლემას. თუ თხელი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, სასურველია 22-25 წლიდან მივმართოთ ექიმს. ამ ასაკში ინექციური პროცედურებით არ იწყება კანის მოვლა. გვაქვს ბევრი პროფესიონალური, კანის ზედაპირული მოვლის საშუალებები, რომლითაც ხდება კანის იმუნიტეტის ამაღლება, დატენიანება, ნაოჭის გასადავება და ა.შ.. 40+ და 50+ პაციენტის შემთხვევაშიც, პროცედურები ირჩევა ინდივიდუალურად და აუცილებლად კომპლექსურად ხდება მკურნალობის ჩატარება. რადგან სახე ორგანიზმის სარკეა, სახეზე გამოკვეთილ პრობლემებს განვიხილავთ როგორც მთელი ორგანიზმის რეაქციას ამა თუ იმ პრობლემაზე. ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვა და პარალელურად, მკურნალობის გაგრძელება.
როგორ ფიქრობთ, გაქვთ თქვენი ხელწერა?
მე ვფიქრობ, რომ კი. ჩემთვის პრიორიტეტულია მაქსიმალური ბუნებრიობის შენარჩუნება. პაციენტს შევუნარჩუნო ინდივიდუალურობა, გამოიყურებოდეს კარგად და ვერ ხვდებოდე თუ რა მანიპულაციები აქვს მას ჩატარებული _ აი, ეს არის ჩემთვის შედეგი. პირველად ვეკითხები და ყოველთვის ვითვალისწინებ თუ რა არ მოსწონს პაციენტს მის გარეგნობაში. ვიწყებთ ამაზე მსჯელობას, ანამნეზის შედგენას და ახსნას, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის ნაწილობრივ ან სრულად მოგვარება. ასევე, პანდემიამდე შევისწავლე ტუჩის აუგმენტაციის საავტორო ტექნიკა, რომელიც უფრო დავხვეწე ამ ბოლო პერიოდში. ის მეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, რაც მიუღწეველი მიგვაჩნდა კლასიკური ტექნიკის დროს.
ნინო, ვიცი რომ, მიუხედავად ყველასთვის რთული პერიოდისა, წინ დიდი სამომავლო გეგმები გაქვთ…
როდესაც განვითარებას შევწყვეტ, ალბათ იქ დამთავრდება ჩემი კარიერა. ძალიან მალე ბევრი სიახლე მინდა შევთავაზო ჩემს მომხმარებელს. პირველი სიახლეა ის, რომ უახლოეს მომავალში ვგეგმავ სასწავლებლად წასვლას და ვაპირებ ქართველ მომხმარებელს ახალი ტექნიკებითა და სიახლეებით დავუბრუნდე. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეგმაა ის, რომ ვაპირებ გაფართოებას, რაზეც უკვე აქტიურად დავიწყე მუშაობა. თუმცა დანარჩენს, ამ ეტაპზე, ინტრიგად დავტოვებ…
ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი