Reportage by Matassi Tsertsvadze
მილანის მოდის კვირეულის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სამოსის მრავალფეროვნება შესრულების ოსტატობითა და თავშეკავებული ფუფუნებით დაწყებული, ექსპერიმენტული სილუეტებითა და აქსესუარების თანამედროვე ინტერპრეტაციით დასრულებული. კვირეულის განრიგი ჩვეულებრივზე მეტად გადატვირთული გრაფიკით წარსდგა წლევანდელ სეზონზე. ჩატარდა სამოცზე მეტი ჩვენება, ასზე მეტი პრეზენტაცია, სხვადახხვა ღონისძიება და რა თქმა უნდა უამრავი ე.წ „ავთერ-ფართი“. წლევანდელი მილანის მოდის კვიურეულის ფარგლებში ჩატარდა „Vogue World”-ის ღონისძიება, რასაც გალერეა ვიტორიო ემანუელემ უმასპინძლა. მოდის კვირეული Prada-ს ჩვენებით გაიხსნა. კვირეულის განმავლობაში მეგაბრენდების ჩვენებებთან ერთად ვიხილეთ რამდნიმე ინტერნაციონალური მოდის სახლის მილანური დებიუტი და ახალი თაობის დიზაინერების კოლექციები. სხვადასხვა ხედვის მქონე ბრენდების მონაწილეობა გვახსენებს, რომ თანამედროვე მოდა ერთიანი სტილისტური წესების ნაცვლად განსხვავებული ხმების თანაარსებობით ვითარდება.


ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოდის ჩვენება და კოლექცია გახდა Onitsuka Tiger-ის გაზაფხული-ზაფხული 2027 წლის გრანდიოზული ჩვენება. მათმა გუნდმა უზარმაზარი სივრცე გამოიყენა, რათა ლოკაციაზე ბრენდის სახელობის ქალაქი მოეწყო. კოლექციის მთავარი იდეა “ენერგიის სადგური” იყო. მოდელების პოდიუმი მოიცავდა ბენზინ გასამართ სადგურს, სურსათის მაღაზიას, კაფეს, სამრეცხაოს, ყვავილების მაღაზიას და ა.შ. დიზაინერებმა Andrea Pompilio-მ და Mauro Romano-მ გრანჟის, ვესტერნის, როკისა და 1960-იანი წლების გავლენით შექმნილი სამოსი წარადგინა — ტყავი, ბაფთები, მინი-ქვედაბოლოები, დაბალწელიანი შარვლები და ვინტაჟური დეტალები. ეს იყო კოლექციის დამახასიათებლობა, რომლის ძირითადი მიმართულება კლასიკური კოსტიუმები, პერანგები და შარვლები შერწყმული იყო სპორტულ ტოპებთან, სამუშაო ქურთუკებთან, ფართო შორტებთან, ჯინსებთან და სპორტულ კოსტიუმებთან. Onitsuka Tiger –ის ჩვენება მოტოციკლეტისტების შემოსვლით გაიხსნა, რომლებიც Honda-სთან კოლაბორაციით შექმნილი მოტოციკლეტებითა და სამოსით მოგვევლინნენ. ასევე კოლექციის ნაწარმშიც ფიგურირებდა მოტოციკლეტის კულტურითა და რბოლების ესთეტიკით შთაგონებული გრაფიკა და სილუეტები. ჩვენების “ავთერ-ფართიზე” მოწვეული დჯ Arca-ს შექმნილი მუსიკით ვისიამოვნეთ.

LA DOUBLE J ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რადგან მისი კრეატიული დირექტორი JJ Martin-ი ყოველთვის ელეგანტურ კოლექციას გვთავაზობს საოცარ გარემოში. ამჯერად ახალ კოლექციას „პალაცო კლერიჩი“-ის ჯადოსნურ სივრცეში გავეცანი. დიზაინერმა სუპერმოდელ Carolyn Marphy-სთან კოლაბორირებული კაფსულა კოლექციაც წარმოადგინა. გავიცანი ულამაზესი კაროლინი, რომელიც რა თქმა უნდა „ლა დაუბლ ჯეი“-ს სამოსში იყო გამოწყობილი. კოლექცია უმეტესწილად მოიცავს პრინტიან ქსოვილს, არის მაქიმალისტური, შედგება ხელნაკეთი ჩანთებით, აქსესუარებითა და სამკაულებით.


NEITHAN HERBERT-ი მექსიკაში დაფუძნებული მოდის სახლია. მოდის შოუ დაიწყო რიტუალით, რომლის ცენტრშიც ნეითან ჰერბერტის დედა, ეტელვინა იყო და ლიდო პიმიენტას მუსიკის თანხლებით ძილის წინ შესასრულებელი რიტუალის იმიტაცია მოახდინეს, შემდეგ მოდელებმა დაიკავეს პოდიუმი. ბრენდმა ე.წ “co-ed“ ჩვენება გამართა, კოლექცია 32 ლუქისგან შედგებოდა: 21 ქალის და 11 მამაკაცის სამოსი. ფერების პალიტრა შებინდებისას ჩამქრალი შუქითაა შთაგონებული. ის თეთრი ფერით იწყება, შემდეგ ფერები ღრმავდება ბორდოსა და წითელ ტონებში, ბოლოს კი შავში გადადის. ოქროსფერი ძირითადად ლითონისა და ფურნიტურის სახით შემოდის — როგორც სინათლე. კოლექციაში სიმბიოზურად არის გამოყენებული სხვადასხვა ტიპის ქსოვილები: მაქმანი და ტიული, ქაშმირი-რბილი, მაგრამ მასიური, ატლასი და შიფონი, ერთად, ეს ქსოვილები კოლექციას გამჭვირვალესა და მდგრად, ჰაეროვანსა და სტრუქტურირებულს შორის მოძრაობაში მოჰყავს.
Dhruv Kapoor-ის ბრენდი უნიკალურად და ელექანტურად უხამებს ერთმანეთს სხვადასხვა ქსოვილებს, პრინტებსა თუ ქვილთის ტექნიკით შესრულებულ მასალას. PUMA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, SS27 კოლექციაში წარმოდგენილია PUMA X RCB X Dhruv Kapoor — შეზღუდული რაოდენობის კაფსულა-კოლექცია, სადაც ერთმანეთს ხვდება სპორტი, კუთვნილების განცდა და ახლებურად გადააზრებული დიზაინი. ინდური ტრადიციული სამოსის ელემენტები — ლუნგი, ჟილეტი და სარი ახალი პროპორციებითა და კონფიგურაციებით არის წარმოდგენილი.


MIGUEL VIEIRA -ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსის დიზაინი გამოირჩევა ზუსტი ჭრითა და სუფთა ხაზებით, სადაც არქიტექტურული სიზუსტე მინიმალისტურად აყალიბებს სილუეტს. ბოტანიკური მოტივები, რომლებიც უშუალოდ კოლექციის ქსოვილებისგანაა გამოძერწილი(ხელით დამზადებული ყვავილები ქსოვილისა და ტყავისგან), სცილდება ბრტყელ პრინტებს და იქცევა ორგანულ სტრუქტურებად. ეს სკულპტურული სტილისტიკა აქსესუარებსა და ფეხსაცმელზეც ვრცელდება: ყვავილების დინამიკური და მოცულობითი ფორმები მათ ისე ამკობს, რომ თითოეული ნაბიჯი თავად სამოსის გაგრძელებად იქცევა. ნატურალური აბრეშუმი და მაღალი ხარისხის შალი უზრუნველყოფს ქსოვილის იდეალურ დგომას და ფორმის სიზუსტეს, ხოლო უფრო მსუბუქი ქსოვილები ანიჭებს მას გამჭვირვალებას, რაც ნაზად აჩენს სხეულს და აბალანსებს შავი ფერის სიმკვრივეს ჰაეროვნებასთან.
Tell The Truth უკვე მეორე სეზონია ჩვენებას მილანის Major Virtual Tunnel-ის სივრცეში ატარებს. ბრენდის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ამერიკელი Rainy Womack-ია, რომელმაც ბრენდი ლოს-ანჯელესში დაარსა. სამოსში ჭარბადაა გამოყენებული ტყავი და შავი ფერი. კოლექცია წარმოადგენს „ქუჩის სტილს”.


კრეატიულმა დირექტორიმა Glenn Martens-მა Diesel-ისთვის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენით დაასრულა “დიზელში” მისი ხუთწლიანი მოღვაწეობა. მილანის მოდის კვირეულზე, კლუბურ, იმერსიულ გარემოში წარმოდგენილი კოლექცია ასახავდა დაუმუშავებელ, ჰედონისტურ განწყობას, რომელიც თავისუფლების, ვნებისა და ღამის წვეულებების კულტურის გარშემო იყო აგებული. კოლექციამ ტრადიციული სამოსის საზღვრები დაარღვია სხვადასხვა ელემენტის შერწყმით —ტყავის „ტრაკერ“ ქურთუკები ბლეიზერებს შეუხამეს, ჯინსები კი მთლიან „შარვალ-წინდებად“ გარდაქმნეს. დენიმს სპეციალური საფარი დაუტანეს და ლაზერით დაამუშავეს, რათა ის გაცვეთილ ტყავს დამსგავსებოდა; კოლექციაში ასევე გამოყენებული იყო „ტრომპ-ლე-ოის“ ტიპის პრინტები, რომლებიც ულტრა-მსუბუქ ქსოვილებზე ზამთრის მასიური პალტოების იერსახეს ქმნიდა.
MOSCHINO –ს ბრენდისთვის ახალი ეპოქა დაიწყო ახლად დანიშნულ კრეატიულ დირექტორებთან ერთად- Loris Messina-სა და Simone Rizzo-ს სადებიუტო ჩვენებამ “მოსკინოსთვის” უჩვეულო და ახლებური ხედვით ჩაიარა. პროფესიონალ მოდელებთან ერთად პოდიმზე დადიოდნენ დიზაინერების მეგობრები, კოლეგები თუ სხვადასხვა კოლაბორატორები, რითაც ყოველდღიური ცხოვრების სწრაფ და ქაოტურ რიტმს გამოხატავდნენ. კოლექცია დატვირთული იყო უტრირებული ფორმებით, ფერებით, პრინტიანი ქსოვილითა და უზარმაზარი ჩანთებით.

Lug Von Siga 2010 წელს სტამბოლში Gul Agis-ის მიერ დაარსებული ბრენდია. მილანში ბრენდის სადებიუტო ჩვენებას Rezidenza Vignale-ს ისტორიულ შენობაში დავესწარი. Lug Von Siga ქმნის საკუთარ უნიკალურ სტილს კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ესთეტიკის შერწყმით. ფერების პალიტრა თეთრი, რძისფერი და ნაზი, გამჭვირვალე ტონებისგან შედგება, რაც სიმსუბუქის, სიწმინდისა და სიმშვიდის განცდას ქმნის. ძირითადად ჰაეროვანი და გამჭვირვალე ქსოვილებია გამოყენებული: აბრეშუმი, ჟორჟეტი და ტაფტა. დახვეწილი ხელნაკეთი დეტალები კოლექციას ამრავალფეროვნებს.
Simon Cracker-ის კოლექცია Via Francia გადმოცემს დიზაინერის ხედვას გრანჟის სტილზე; მასში თავის დამახასიათებელ ელემენტებს და ახალ მიგნებებს აერთიანებს. სარეკლამო მაისურები ელეგანტურ კაბებთან კომბინაციაში, ქვილთის ტექნიკა, ტყავი, სადილის კონტეინერები ჩანთებად გარდაქმნილი და XVIII საუკუნის სილუეტები, რომლებიც ე.წ deadstock ანუ ნარჩენი ქსოვილების გამოყენებითაა შექმნილი.
Casa Preti-მ პოდიუმი პროტესტის გამომხატველ აქციად წარმოაჩინა და კოლექცია „პალერმო“ წარადგინა. ბრენდმა შექმნა “გარდერობი”, რომელიც საბაზისო ელემენტებისგან შედგება: თეთრეული, პერანგები, ქურთუკები და ჯინსები. ეს ელემენტები ახლებურადაა წარმოდგენილი აბრეშუმის, დენიმის, 100%-ით გადამუშავებული და ხელახლა გადამუშავებადი ნეილონის მასალებში.


ZONA20 MILANO-ს კოლექციას სახელწოდებით La Dolce Vita – ბუნებრივი მასალებისგან შედგება: ბამბა, აბრეშუმი, ტექსტურირებული ჟაკარდის ჯინსი, დაძველების ფაქტურის ტყავი. ლიმნისფერი ყვითელი ზაფხულის ხილის კაშკაშა ბზინვარებიდან არის აღებული; მდიდარი წიწაკისფერი წითელი სითბოს და ინტენსივობას, ხოლო იისფერი და ლაიმისფერი კი უფრო მსუბუქ ნოტებს მატებს კოლექციას.
Marco Rambaldi-ის ჩვენებასაც მილანის ერთ-ერთ ულამაზეს სივრცეში- „პალაცო ტურატიში“ დავესწარი, კოლექცია რამბალდისეული მაქმანებითა და ხელით ჩამოქარგული ქსოვილებით იყო გაჯერებული, რასაც ერთვოდა პრინტიანი მაისურები და ქვედაბოლოები. მარკომ აგრეთვე ბრენდ Testoni-სთან თანამშრომლობით შექმნილი ფეხსეცმელის და ჩანთის კოლექცია წარმოადგინა.
SARA WONG – ის 2027 წლის კოლექციის ჩვენებას დავესწარი ულამაზესი „10 კორსო კომოს“ ტერასაზე. ამ სეზონზე სარა ვონგის კოლექცია რომანტიკული და თეატრალურია: შთაგონებას იღებს შავი ლაქის ფონზე ოქროს ბრწყინვალებისა და ბაროკოს ფერწერისთვის დამახასიათებელი დრამატული შუქ-ჩრდილის კონტრასტის ეფექტებისგან. მუქი მწვანე, შუაღამის ლურჯი და ჭავლისფერი შავი ქმნიან ღამის ეფექტს, რომელიც ოქროსფერითა და კობალტის ელვარებით არის გაფორმებული.
კოლექციის უკეთ და დეტალურად გასაცნობათ ვეწვიე Fendi-ის მოდის სახლს ჩვენების მეორე დღეს ე.წ re-see-სთვის, რაც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.


REDEMPTION -ის უახლესი კოლექცია ბოჰემურ სენსუალურობასა და 70-იანი წლების დასაწყისის როკ-სცენის მეამბოხე ენერგიას შორის კავშირის შედეგად შეიქმნა. ბრენდმა ლოკაციად კვლავ ტერასა დუომო 21 აირჩია. სილუეტები მრავალფეროვანია: ასიმეტრიული, დრაპირებული და მოხდენილი „პეპლუმის“ სტილის კაბები; მინი-კაბები და მრავალშრიანი ბლუზები; ღია ტონის ანსამბლები, რომლებიც რბილი, დახვეწილი ფორმის პიჯაკებისა და შარვლებისგან შედგება.ფერების პალიტრა მოიცავს ბეჟს, სპილოსძვლისა და ვარდისფერის ტონებს. ნარატივს ასრულებს გველის ტყავის პრინტი.


ELEVENTY-მა არც ამ სეზონზე უღალატა მის ჩვეულ ხაზს. ბრენდმა კვლავ კლასიკური და კომფორტული სამოსი შემოგვთავაზა. ბრენდი ასოცირდება დახვეწილ ქსოვილებთან, დროის მიღმა არსებულ სილუეტებსა და იტალიური ოსტატობის ხელოვნებასთან.
FURLA-მ მილანის მოდის კვირეულზე ექსკლუზიური, შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული კაფსულა კოლექციის პრეზენტაცია Foyer alla Scala-ში მოაწყო. მისულ სტუმრებს Furla Cinemania-ფოტოგრაფებით სავსე კუთხე დაგვახვედრა და დაუვიწყარი ღონისძიება – „წითელ ხალიჩის“ გამოცდილება შეგვძინა.
CASADEI -ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში გამორჩეულია მაროკოული ესთეტიკით შთაგონებული დეტალები. კოლექციის მიმზიდველობა კონტრასტშია: ეგზოტიკური, თითქმის საკურორტო განწყობა ურბანულ გარდერობში გადმოდის.

THEMOIRÈ მილანური ბრენდი, რომელიც მცენარეულ ტყავზეა დაფუძნებული Francesca Monaco-მ და Salar Bicheranloo-მ დააარსეს. კომპანიის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ისეთი ჩანთების შექმნა, რომლებიც ცხოველური წარმოშობის ტყავის გარეშე, მის ნაცვლად მცენარეული ალტერნატივების გამოყენებით მზადდება. ამ სეზონზეც ბრენდმა ფერებითა და ფორმებით გამდიდრებული კოლექცია შემოგვთავაზა.
PORTS 1961-მა წარმოგვიდგინა კოლექცია თემაზე „ნეო-ბოჰემური“.კოლექციის განვითარებასთან ერთად, სილუეტები უფრო თავისუფალი და დენადი ხდება. დრაპირება და ასიმეტრიული ჭრები არღვევს ტრადიციული პროპორციების მკაცრ კანონზომიერებებს, რაც ტანსაცმელს სხეულის გარშემო მოძრაობის საშუალებას აძლევს. კოლექციაში ჩნდება ყვავილოვანი მოტივები და სამგანზომილებიანი ნაქარგები.


Absent findings-ის კოლექცია წარდგა Spazio Lineapelle-ის სივრცეში, პრეზენტაცია ჩატარდა AFA-ს მხარდაჭერითა და Lineapelle-თან თანამშრომლობით. ჩემი განსაკუთრებული მოწონება ბრენდის უნიკალურმა ჩანთებმა დაიმსახურა.
Galleria Meravigli-ში Yilin Na-მ წარმოადგინა QIFEI-ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელშიც ერთმანეთს დაუკავშირა ჩინელი „Z თაობის“ მოგონებები, ყოველდღიური შეგრძნებები და თანამედროვე ქალაქური ცხოვრების კონტრასტული რიტმები. სამოსი შედგებოდა შავ-თეთრი გამით, ჩინური ტუშით შესრულებული ნახატების მოტივებით და მრავალშრიანი მასალებით: აბრეშუმი, სელი, ბამბა, აცეტატი და კუპრო.
Kiton-მა ახალი კოლექციის გასაცნობათ მონტენაპოლეონეზე არსებულ ბუტიკში მიგვიპატიჟა. „კიტონი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რომლებიც ყოველთვის განსაზღვრავდა ბრენდის იდენტობას: გამორჩეული ქსოვილების შერჩევა და კერვის უმაღლესი ოსტატობა. მათი სამოსი იდეალურად ერგება დღის ნებისმიერ მონაკვეთს და უზრუნველყოფს სრულ კომფორტსა და მოძრაობის თავისუფლებას. აღსანიშნავია ასევე მათი სამკაულები.


FRANCESCA LIBERATORE უკვე მეოთხედ ირჩევს სკოლას ჩვენების ადგილად, ამჯერად Educandato Statale Emanuela Setti Carraro-ში მიგვიპატიჟა. ინტარსიისა და ჟაკარდის ტექნიკით შესრულებული ნაქსოვი სამოსის გამორჩეული კოლექცია, მასში წარმოდგენილი პიქსელური გრაფიკა — ყავისფრის, მკვეთრი მწვანის, ცისფრისა და ბორდოსფერ ტონებში — შენობის ინტერიერის დიდებულებას ეხმიანება.


Marina Rinaldi-ის უახლესი სამოსი თავისუფალი სტილის და კომფორტულობაზე მორგებულია. ყვავილოვანი პრინტებით გაჯერებული კოლექცია მოიცავს ხასხასა ლურჯს, ყვითელს, სალათისფერს, ნეიტრალურ კრემისერსა და ცისფერს.

SIMONETTA RAVIZZA -მ ფერადი, აკვარელით შესრულებული ფერწერული ტილოების მსგავსი კაბები და საღამურის ტიპირის ორეულებით შემდგარი კოლექცია წარმოგვიდგინა გაზაფხული-ზაფხული 2027 წლისათვის.


ვესტუმრე Evita Ellis-ის პრეზენტაციას, რომელიც დააარსა ჰოლანდიელმა დიზაინერმა ევიტა ელისმა, რომლის კარიერა პარიზში Louis Vuitton-სა და რომში Gucci-ს უკავშირდება; ბრენდი საიუველირო ხელოვნებისა და ხელჩანთების სფეროებს აერთიანებს და ძვირფას ქვებს აქცევს აქსესუარებად, რომლებიც სრულად ხელით მზადდება რომში.
ბრენმდა LE SILLA-მ განახლებულ ბუტიკში – 1970-იანი წლების სტილით შთაგონებულ ინტერიერში გვიმასპინძლა და წარგვიდგინა უახლესი კოლექცია, რომელიც ინსპირირებული იყო მუსიკის ჟანრებით. გრილი და მკვეთრი ტონები — როგორიცაა „Funky“ – მკვეთრი მწვანე, „Dancepop“ – ღია იისფერი, „Jazz“ – აკვამარინისფერი და „Blues“ – ლურჯი. თბილი აქცენტები, მათ შორის „Bossanova“ -მარჯნისფერი და „Samba“ – ქვიშისფერი, ენერგიასა და დინამიკას მატებს კოლექციას. კოლექციის მასალები მოიცავს ატლასს, „პოლკა-დოტის“ პრინტებს, ტყავს. “ლე სილას” საკულტოდ ქცეული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (stiletto pump) ახალ სახეს იძენს ღრმა ამოჭრითა და წვეტიანი ცხვირის გამოკვეთილი ფორმით.
Weekend Max-Mara ყოველ სეზონზე სხვადასხვა არტისტებთან კოლაბორაციას გვთავაზობს, ამჯერად ახალი კოლექცია ბრენდმა Marie-Louise Scio-სთან თანამშრომლობით შექმნა. კიმონოს ქურთუკი შეხამებულია შესაბამის შორტებთან, კაბებს აქვთ სრული, ტალღოვანი სილუეტები, ხოლო ნაზად გაშლილი შარვლები შეხამებულია ბლუზებთან სტრუქტურირებული საყელოებით ან ნაოჭებიანი ზედა ნაწილებით. ბლუზონის ქურთუკი დამატებით ფენას ქმნის უფრო გრილი მომენტებისთვის.


Nissa-ს გაზაფხული-ზაფხული 2027 წლის პრეზენტაციას სასტუმრო The Carlton Milan-ში დავესწარი. კოლექცია სახელწოდებით „ედემის ბაღი“ საკმაოდ ქალური და ნაზია. ფერთა პალიტრა ასეთია: სპილოსძვლისფერი, მარგალიტისფერი, ბაცი ვარდისფერი, მწვანისა და ბინდისფერი ლურჯის ტონები.


BORSALINO გამოირჩევა თავისი უნიკალური ქუდების კოლექციით, ბრენდმა იზეიმა 170-ე წლის იუბილე და წარგვიდგინა გაზაფხული-ზაფხული 2027 წლის ჩანთებისა და ქუდების კოლექცია სახელწოდებით „კასაბლანკა“.
Marques Almeida დააფუძნეს Marta Marques-მა და Paulo Almeida-მ , მილანის მოდის კვირეულზე პორტუგალიური მოდის საერთაშორისო წარმოჩენის პროგრამის მხარდაჭერით გამოჩნდა და მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, “პალაცო ისიმბარდი”-ში წარადგინეს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ფერთა პალიტრა მოიცავს მუქ შავ, კრემისფერ, ლავანდისფერ, შინდისფერ, ცისფერ და მუქ ინდიგოს ფერებს. დაძველებული ჯინსი, დაუმუშავებელი კიდეები, ასიმეტრიული კონსტრუქცია და დეკონსტრუქციული სილუეტები ხვდება ატლასს, მაქმანს, გამჭვირვალე ტექსტურებს, ბროკადებსა და მდიდრულად დამუშავებულ ზედაპირებს. პრინტები და ტექსტილი ერთმანეთს ერწყმის და ასევე იდეალურად წარმოჩინდა მილანის ამ საკულტო შენობაში.


FABIANA FILIPPI-ის უახლესი კოლექციის პრეზენტაციას “პალაცო ბაროცი”-ში დავესწარი, რომელიც გაიმართა მეოცე საუკუნის არქიტექტურისა და ჯულიო ბორსანის ფრესკების გარემოცვაში, სადაც სივრცის ცენტრალური ელემენტი იყო ხელნაკეთი ქსოვის ტექნიკისინსტალაცია. ოსტატობა, სრულყოფილება და ადგილობრივი კოლორიტი — აი, რა განსაზღვრავს Fabiana Filippi-ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას.
BUCCELLATI – კოკტეილ საღამოზე მიგვიპატიჟა სტუმრები, რათა გავცნობოდით ვერცხლის ჭურჭლის და სამკაულებისა კოლექციასთან ერთად „ხიზილალის ბარის“- უახლეს სივრცეს, რომლის დეკორაციაზეც Chahan Minassian-მა იზრუნა.
Issey Miayke-ი როგორც ყოველთვის პარიზში მართავს მოდის ჩვენებას თუმცა ამასთან ერთად ბრენდმა ამ სეზონზე მილანში მოაწყო pop-up და წარადგინა ლაჟვარდოვანი ცისფრიდან Yves Klein-ის ლურჯამდე გრადაციის ტონებში გადაწყვეტილი მისი უნიკალური პლისირებული კოლექცია.
Florania-ს უახლესი კოლექცია ეფუძნება „ეკო-გოთიკას“ — ლიტერატურულ და კრიტიკულ მიმართულებას, რომელიც გოთური პროზის ბნელ ატმოსფეროს ეკოკრიტიკის იდეებს უთავსებს. ფერების პალიტრა შთაგონებულია ეროზიით შეცვლილი ბუნებრივი ლანდშაფტით: ქვიშის, ძვლისა და ბუნებრივი, დაუმუშავებელი ქსოვილის ფერები ქვისა და მტვრისგანაა აღებული; მინერალურ პალიტრას ავსებს რბილი ნაცრისფერი და ანტრაციტის ტონები, ასევე მუქი ლურჯი და შავი. მათ შორის ერთადერთი მკვეთრი აქცენტი მარჯნის ფერია. ტრიკოტაჟი, რომელიც Florania-ს ექსპერიმენტული ტექნიკის საფუძველს წარმოადგენს, ყვავილებისა და ზღვის მოქცევის ასოციაციებს აღძრავს.


GIUSEPPE BUCCINNÀ – ს გაზაფხული-ზაფხული 2027 წლის სამოსში ჯინსი, ტყავი და ჯერსი კოლექციის ცენტრში არსებული მასალებია. ჯინსი სცილდება ჯინსის ტრადიციულ იდეას და გამოხატავს სხვადასხვა სილუეტებსა და კონსტრუქციებს.

Anteprima-ს ე.წ “ბექსთეიჯ” მომენტების გადაღება ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, რადგან ბრენდი გამოირჩევა ელეგანტურობით, ფერებისა და ტექსტურის საინტერესო შეხამებით. კრეატიულმა დირექტორმა Izumi Ogino-მ კოლექცია ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ შთაგონებით შექმნა. ტექსტურული თამაში: გამჭვირვალე ფენები, რომანტიკული ფრიალა ქსოვილი, ყვავილოვანი მოტივები და ნაქსოვი ტანსაცმელი ცენტრალურ ადგილს იკავებს.
DODO Jeweles -მა ღონისძიება Camparino-ს გამორჩეულ და საკულტო გარემოში გამართა სახელწოდებით „ზაფხულის მოგონებები“. სამკაულების პრეზენტაციას დაესწრნენ ისეთი ცნობილი ინფლუენსერები და მოდელები როგორებიც არიან Anna Dello Russo, Vicky Montanari და Tina Kunakey.


SAGIO -ს კოლექციის სილუეტები ირღვევა დრაპირებით, დაგრეხილი კონსტრუქციითა და სკულპტურული მოცულობებით, რომლებიც სხეულთან ერთად იცვლება. პროპორციების ცვლილება საშუალებას აძლევს ერთსა და იმავე სილუეტს სხვადასხვაგვარად წაიკითხოს ყველა კუთხიდან.


CHRISTOPHER -ის ახალი კოლექცია ულამაზეს სივრცეში- მუზეუმ Bagatti Valsecchi-ში გაიმართა, რასაც კოკტეილ საღამო მოყვა იმავე სივრცის ტერასაზე. ბრენდის კლასიკური კოლექცია სიმბიოზურად შეერწყა ანტიკურ და ისტორიულ ლოკაციას.
MM6 MAISON MARGIELA-მ მოდის კვირეულის განმავლობაში ჩატარებული ჩვენების გარდა მონტენაპოლეონეს ბუტიკში ახალი კოლექციის პრეზენტაცია მოაწყო ერთგული მომხმარებლებისთვის. “ივენთი” კოლაბორირებული იყო “Radio Raheem”-თან და მათთმა დჯ-ებმა გააკეთეს მუსიკალური გაფორმება.

10 Corso Como-ს სივრცე ყოველთვის გვთავაზობს გამორჩეულ გამოფენებს, მოდის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა Victor & Rolf-ის გამოფენა „Spectrum“. ექსპოზიციამ გააერთიანა Haute Couture-ის ოცი სამოსი, რომელიც დიზაინერების ნამუშევრების სამ ათეულ წელზე მეტს მოიცავს.
„დენიმის ხმები: ცოცხალი კულტურული ენა“ პროექტი, რომელიც AFRO Fashion Association-ისა და Levi’s-ის მიერ განხორციელდა და გააერთიანა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა BIPOC შემოქმედები, რომლებმაც ჯინსის მასალისა და Levi’s-ის არქივის შთაგონებით შექმნეს ნამუშევრები. პროექტის მთავარი გზავნილი იყო მრავალფეროვანი ხმების გაძლიერება და ისეთი შემოქმედებითი გარემოს ხელშეწყობა, სადაც სხვადასხვა კულტურას საკუთარი ისტორიის მოყოლისა და თანამედროვე მოდის ფორმირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა.


Prada-მ მოდის კვირეულის ფარგლებში გახსნა გამოფენა Pradasphere, სადაც გავეცანი პრადას ექსპონანტებს, სივრცეებსა და ისტორიას. საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც გალერია ვიტორიო ემანუელეს ქვეშ არის განთავსებული და ზედაპირზე არსებულ პრადას ორ დამოუკიდებელ მაღაზიას საიდუმლოდ აერთიანებს. დავათვალიერე მიუჩა პრადას სხვადასხვა პერიოდის კოლექციები და გავეცანი ძმები პრადების შექმნილ დიზაინის უძველეს ნიმუშებს.

Text and Photos – Matassi Tsertsvadze


