0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მრავალი ხმა,   ერთი სამშობლო – „დარაბა“

„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ კამპანიაა, რომლის მიზანია  საზოგადოებას აჩვენოს, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, სამშობლოს სიყვარული ყველას გვაერთიანებს. კამპანიის ფარგლებში, კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ და „კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“, ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, ასაკითა თუ მსოფლმხედველობით განსხვავებული 6 არტისტი შეკრიბა. გიორგი უშიკიშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია, ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული – ასე დაწყვილდნენ მომღერლები, რომლებმაც  კამპანიისთვის „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სამი სიმღერა შექმნეს და დუეტები ჩაწერეს.

ნინო ბაშარულის  მუსიკა იმდენად სავსეა გარდასახვებით და კომპოზიციის სიღრმით, რომ რთულია რომელიმე ერთ ჟანრს მიაკუთვნო. ნინოს საკუთარი წარმოსახვითი თეატრი და სცენა აქვს, საიდანაც უამრავი ქალის სახელით გვესაუბრება.

50-მდე საავტორო სიმღერა აქვს დაწერილი.  ამჟამად  ახალ ალბომზე მუშაობს  სახელწოდებით “მესეფენი”, სადაც ნინო სრულიად ახალ ამპლუაში წარმოგვიდგება და შემოგვთავაზებს საავტორო სიმღერებს, ელექტრონულ მუსიკასთან კომბინაციაში.

ნინო ბაშარული

ნინო ბაშარული

დრამატული კონტრალტო

სევდა ჩემთვის ბედნიერებაა. მინორული განწყობა მეტ სივრცეს და სიღრმეს მაძლევს შექმნისთვის. რაც შეეხება ხმას, სულაც არ ვარ უნიკალური ხმის მქონე მომღერალი. არც მუსიკალურ სკოლაში მივლია და ნოტების კითხვაც მას მერე ვისწავლე, რაც მუსიკოსობა „დამბრალდა“. უბრალოდ, რაციონალური ინტელექტის ნაცვლად,  მე ავირჩიე გულის გზა და ამ გზაზე ღმერთს ჩემი სიმღერით ვესაუბრები.

მუსიკა ჩემთვის ლოცვაა და ვფიქრობ, სიმღერის ამ ფორმამ ამარიდა ყველა არსებულ სტერეოტიპს.

საავტორო სიმღერები ელექტრონულ მუსიკასთან კომბინაციაში

რაც შეეხება  ჩემს ახალ გამოწვევას – ჩემი სიმღერების ელექტრონულ  მუსიკასთან სინთეზში  ჩაწერას,   ვფიქრობ, რომ ყველა ხელოვანი მომავლისკენ უნდა იმზირებოდეს.

მე არ მაქვს ექსპერიმენტების შიში. ყველა ჩემი  სიმღერა არაკომერციული  მიზნით იქმნება. ამიტომაც, დასაკარგი არაფერი მაქვს. ჩემი არსებობისთვის მნიშვნელოვანია შექმნის პროცესი. ბოლო სიტყვა კი, როგორც ყოველთვის, ხალხის სათქმელია. 

ბაშარული ნინო

 „დარაბა“

რასაც დიდი სიფრთხილით ვაკეთებ, ეს დუეტის ჩაწერაა. შუმერებს რომ დავესესხო, დუეტი რომ შედგეს, ღმერთმა უნდა გაიაროს ორ ხელოვანს შორის. სიმღერის მოსმენის შემდეგ უკეთესი ადამიანი უნდა გახდე. ზუსტად ეს მოხდა პროექტში  „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო”,  ჩემი და ერეკლე დეისაძის კოლაბორაციის დროს. ერეკლეში მომწონს დაუძლეველი წინააღმდეგობების დაძლევის  და ხელახლა დაბადების სიჯიუტე. ჩემი სიმღერისთვის, „დარაბა” მან ეპოქალური ტექსტი დაწერა და შეასრულა, რომელიც გულგრილი ადამიანის ძარღვსაც კი შეარხევს, ასე მგონია. როგორც გითხარით, ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გზავნილი თავის სათქმელს იტყვის.

ნინო ბაშარული, ერეკლე დეისაძე

ერეკლე დეისაძე

მწერალი, მუსიკოსი

მუსიკა უნივერსალური ენაა.  ჩვენი პოლიფონია ამ ენის თვალსაჩინო ნიმუშია. ჩემი, როგორც ქართველის იდენტობა, ამ ენაზე გადის. ბედნიერი ვარ, რომ ქართულ ენას ვემსახურები და ყველა ჩემი კულტურული ნაბიჯი მისი ახლებურად წაკითხვის მცდელობაა. ამ სიმღერამ და ნინოსთან მუშაობამ  საშუალება მომცა  კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი იმ შესაძლებლობებში და პერსპექტივაში, რასაც ქართული ენა გვთავაზობს.

იყო პატრიოტი,  ნიშნავს  გიყვარდეს ის საქმე, რომელიც აირჩიე და კარგად გამოგდის.

ფოტო: LIG Studio

მაკიაჟი: თიკო რატიშვილი

სამოსი: თინათინ მაღალაშვილი

გულსაბნევი: სოფი ეცადაშვილის ხელნაკეთი

ასევე წაიკითხეთ