0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

MOOD FOR SPRING – RED LIPSTICK

ვინც ჩვენი სტატიის გმირს, ნინო ბაჩიაშვილს არ იცნობს, ალბათ, ფოტოებს რომ დახედავს ვერ წარმოიდგენს, რომ ის ოთხი შვილის დედაა. დიახ, ოთხის – 19, 18, 10 და 2 წლის. ამ არაჩვეულებრივი გარეგნობის მიღმა კი, წარმატებული და საქმიანი ქალი დგას, ძალიან აქტიური ცხოვრების სტილით. პროფესიით პლასტიკური ქირურგია. რთული მისახვედრი არაა, რომ მის ცხოვრებაში იყო მოდელის კარიერაც. ნინო, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანი, ლოქდაუნის პერიოდის შემდეგ, გაზაფხულს განსაკუთრებულად ხვდება. ვეცადეთ, ჩვენი პროექტიც განსაკუთრებული გამოსულიყო. ამიტომ, ვიზაჟი მთლიანად M·A·C-ის პროფესიონალთა გუნდს მივანდეთ. გადაღებაზე აღმოვაჩინეთ, რომ ნინოს და ამ ბრენდის მეგობრობა წლების წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში M·A·C-ის ბუტიკი არც არსებობდა. მის კოსმეტიკურ ჩანთაშიც პროდუქტთა უმეტესობა სწორედ ამ ბრენდისაა.

ნინო ბაჩიაშვილი

პლასტიკური ქირურგი

პლასტიკური ქირურგი ბაჩიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის რთული პერიოდი იყო, მაინც ვეცადე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად, მხიარულად გამეტარებინა. ბავშვების მეცადინეობის შემდეგ, ყოველ საღამოს ერთად ვუყურებდით ფილმებს, ვთამაშობდით სამაგიდო თამაშებს… ზოგადად, ბევრს ვმოგზაურობ. თუმცა, საქართველოში ბევრი ულამაზესი ადგილი არ მქონდა ნანახი. ამ პერიოდმა მომცა საშუალება ჩვენს ქვეყანაში მემოგზაურა და მართლაც საოცარი ადგილები აღმომეჩინა.

ნინო, ოთხი შვილის დედა ხარ, თან ძალიან აქტიური ცხოვრების სტილით ცხოვრობ, როგორ ახერხებ რომ სულ ფორმაში ხარ?

თავის მოვლაში მთავარი, ჩემი აზრით, სახის კანის მოვლაა. თუ ვერ ვიტარებთ დილისა და ღამის რუტინას, მინიმუმ აუცილებელი პროცედურაა სახის კანის გასუფთავება და დატენიანება. ზამთრის პერიოდში ვიყენებ შრატს და დამატენიანებელს, ზაფხულში მხოლოდ შრატსა და მზისგან დამცავს.

კვირაში ერთხელ, სასურველია, მჟავების პილინგი, რომელიც კანს ასუფთავებს მკვდარი უჯრედებისგან, აძლევს სუნთქვის და განახლების საშუალებას. ვცდილობ, ზამთრის პერიოდს და ადრე გაზაფხულს დავამთხვიო სახის ყველა პროცედურის ჩატარება, იქნება ეს პილინგი თუ სხვა.

ბაჩიაშვილი ნინო

მაკიაჟი? თუ გაქვს შენი სტილი და ხრიკები?

ბოლო პერიოდია, უფრო მსუბუქ მაკიაჟს ვხმარობ. აღარ ვხმარობ ტონალურს, მხოლოდ BB კრემს. ერთი ხრიკიც მაქვს, BB კრემს და შრატს ვურევ ერთმანეთში 50/50-ზე და შემდეგ ვისმევ. ასე უფრო ბუნებრივად ჯდება კანზე და ბევრად მომწონს. ჩემი საფირმო ხელწერასავითაა შავი ლაინერი და ტუში. შემიძლია ამ სამეულით დღის მაკიაჟი დავასრულო. რა თქმა უნდა, განსხვავებულია საღამოს მაკიაჟი. ამ შემთხვევაში, ვიმატებ ჩრდილებს და ტუჩსაცხს. რამდენიმე ფერს ვურევ ხოლმე ერთმანეთში და თითის მსუბუქი მოძრაობით ვისმევ. დაკვირვებული ვარ, რომ ასე უფრო ბუნებრივადაც ჯდება და თან, ტუჩებსაც თითქოს მეტ მოცულობას სძენს.

nino bachiashvili პლასტიკური ქირურგი

პროდუქტი, რომელიც ჩანთაში სულ გიდევს.

ლაინერი, ტუში და BB კრემი.

მაკიაჟი, საკუთარი ხელით თუ ვიზაჟისტის დახმარებით?

აუცილებლად ჩემით. მგონია, რომ ამდენი წლის მანძილზე კარგად შევისწავლე ჩემი სახე, რა პროდუქტი და რა ფერები მიხდება.

რომელია ეს ფერები?

ამ ბოლო დროს, აქტუალურიცაა და მეც უფრო მოვიხდინე ბუნებრივი, თბილი ფერები. ამ ფერებით ისეთი მაკიაჟი გამოდის, თითქოს არც გაგიკეთებია – no makeup makeup. დღევანდელი მაკიაჟის ორივე ვარიანტით, ალბათ უფრო, წავიდოდი საღამოს წვეულებაზე ან მეგობრებთან ერთად. ყოველდღიური დღის მაკიაჟი, ჩემთვის, მაინც უფრო სადაა.

bachiashvili nino surgeon

აღმოჩნდა, რომ შენს კოსმეტიკურ ჩანთაში პროდუქტების უმეტესობა M·A·C-ის ბრენდია…

კი, ჩემი და M·A·C-ის სიყვარული ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ამ ბრენდის მაღაზია არ იყო. M·A·C-ის RUBY WOO იყო ჩემი პირველი წითელი ტუჩსაცხი. ამით დაიწყო და გრძელდება, წლებია. M·A·C-ის გელლაინერი და #209 ფუნჯი არის ჩემი ყველა დროის must have. ჩემს კოსმეტიკურ ჩანთაში ყველაზე მეტი პროდუქტი M·A·C-ის ბრენდისაა. ასევე, ვიყენებ Charlotte Tilbury-ის და CHANEL-ის საშუალებებს.

და ბოლოს, როგორ ფიქრობ, როგორია სრულყოფილი მაკიაჟი?

ჩემი აზრით, მთავარია მაკიაჟი მორგებული იყოს სამოსსა და სიტუაციაზე. დილით, მეგობართან ერთად ყავაზე რომ გადიხარ ან ბავშვს პარკში ასეირნებ, სხვა მაკიაჟი გჭირდება. ღამის წვეულებაზე – სრულიად განსხვავებული. ვფიქრობ, მთავარია ამ ეტიკეტის დაცვა. თუ შენი მაკიაჟი მორგებულია სიტუაციაზე, ესე იგი, წარმატებულია. მგონია, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ შეიყვარო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. პირადად მე, საკუთარი თავი უმაკიაჟოც მომწონს და რა თქმა უნდა, გაპრანჭულიც.

M·A·C Cosmetics (Make-Up Art Cosmetics) ისტორია ტორონტოში იწყება. მისი შემქმნელები, ვიზაჟისტი და ფოტოგრაფი ფრენკ ტოსკანი და სილამაზის სალონის მფლობელი, ფრენკ ანგელო არიან. იმ დროს არსებული დეკორატიული კოსმეტიკის ასორტიმენტი, სხვადასხვა გადაღებაზე სამუშაოდ, მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, გადაწყვიტეს თავად შეექმნათ კოსმეტიკა. პირველი მაღაზია ქალაქ ტორონტოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, 1984 წელს გაიხსნა.

დღესდღეობით M·A·C-ს, პლანეტის ყველა კუთხეში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკის, სქესის და ეროვნებისა. მისი სლოგანია: All Ages, All Races, All Genders.

M·A·C არის ბრენდი, რომელიც აფასებს ინდივიდუალობას და თვითგამოხატვას. ის ადგენს მაკიაჟის ტენდენციებს მსოფლიოს სხვადასხვა მოდის კვირეულზე.

ბრენდი განსაკუთრებით დიდი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. 1994 წელს, შიდსის გლობალურ გავრცელებასთან დაკავშირებით, M·A·C -მა დაიწყო საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება და შექმნა M·A·C AIDS ფონდი, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ტუჩსაცხების ხაზის, VIVA GLAM გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ამ ფონდში ირიცხება.

საქართველოში M·A·C -ის პირველი ბუტიკი 2013 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აქ მუშაობენ პროფესიონალი, კვალიფიცირებული ვიზაჟისტები, რომლებიც ეხმარებიან მაკიაჟის მოყვარულებს თუ პროფესიონალ ვიზაჟისტებს კოსმეტიკის სწორად შერჩევაში. ძალიან მალე, M·A·C -ის მომხმარებელს სიახლე ელის – ორი ახალი ფილიალი “სითი მოლსა” და “გალერია თბილისში”.

მაკიაჟი: კარინა ქარდავა

გადაღების ადგილი: Shota Rustaveli Boutique Hotel

ასევე წაიკითხეთ