0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მითები და რეალობა –  ეგვიპტე

ბავშვობიდან ეგვიპტეში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ფარაონები, მუმიები, პირამიდები, იეროგლიფები, ნილოსი… ას მილიონიანი მოსახლეობით, ეგვიპტე აფრიკაში ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. ძირითადი მოსახლეობა მუსულმანი არაბია. ჰოდა, როდესაც ჩემმა ორმა ეგვიპტელმა მეგობარმა ბოსტონში მყოფი ქორწილში დამპატიჟა, ნიშნად მივიღე და მეგობრებთან ერთად, კაიროს ბილეთები დავჯავშნე. აღმოჩნდა, ეგვიპტეს გაცილებით უფრო ბევრის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ მეჩეთების და მუზეუმების. ის არცერთ ვიზიტორს გულგრილად არ ტოვებს.  ეგვიპტე ან გიყვარდება ან გძულდება – ერთი და იგივე ინტენსივობით. ჰოდა, მოგიყვებით ქალაქზე, მის ღირსშესანიშნაობებსა და გასტრონომიაზე. შემდეგ კი, თავად გადაწყვიტეთ რას ფიქრობთ ეგვიპტეზე.

მოგზაურობა ეგვპტე

პირამიდები: ნახევარი დღე გავატარეთ პირამიდების მონახულებაში.  მიუხედავად იმისა რომ შიგნით არ შევსულვართ, მაინც ძალიან შთამბეჭდავი იყო გიზის პირამიდები, სფინქსი და აქლემებზე გასეირნებაც. ჩვენ კერძო ვიზიტით ვიყავით და შესაბამისად, რიგსა და უსიამოვნო გამოცდილებებს თავი ავარიდეთ. ყველას, ვინც აპირებს ეგვიპტეში მოგზაურობას, ვურჩევ რომ ადგილობრივი მძღოლის, გიდის, ან ჩვენს შემთხვევაში, მეგობრის თანხლებით იმოძრაოს მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით, ტურისტებითა და ადგილობრივებით დატვირთულ ადგილებში. ჩვენ „ქრაუნ პლაზაში“ ვრჩებოდით, რომელიც მოსახერხებელი შეხვედრის წერტილი იყო ჩვენი მეგობრებისთვის. რეკომენდაციას გავუწევდი „მენა ჰაუს მერიოტს“, რომელსაც დაუვიწყარი ხედები აქვს პირამიდებზე.

ეგვიპტე

სხვა ღირსშესანიშნაობები: მუსლიმანური ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია მუჰამედ ალის მეჩეთის ჭერის გრანდიოზულობა, სილამაზე და ხედი კაიროზე სალადინის ციტადელიდან. დრესკოდის გათვალისწინებით, აქ უმჯობესია არ გიჩანდეთ არც ფეხები და არც მკლავები, რადგან ამ შემთხვევაში, ფეხსაცმლის გახდის გარდა, მოგიწევთ რომ სამოსიც თან იქონიოთ სხეულის სრულად დასაფარად. გარდა მუსლიმანური ღირსშესანიშნაობებისა, ეგვიპტეში მრავლადაა ისტორიულად მნიშვნელოვანი, ქრისტიანული და ებრაული ადგილები – მაგალითად, ის ადგილი, სადაც ქრისტე თავს აფარებდა დევნას. ეგვიპტის მოსახლეობის მეათედს ქრისტიანები შეადგენენ. შესაბამისად, ეგვიპტეში, განსხვავებული აღმსარებლობის რელიგიური ღირსშესანიშნაობებიც ისეთივე ყურადღებით არის დაცული, როგორიც მუსლიმანური. არამუსლიმანური ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის სახელობის კოპტური ეკლესია, რომელსაც „დაკიდებულ ეკლესიასაც“ უწოდებენ ინჟინრული მიღწევების გამო – ტაძარი თითქოს ჰაერშია დაკიდებული, რადგან მიწაზე არ დგას. ეგვიპტური ღირსშესანიშნაობების სია სრულფასოვანი არ არის ეგვიპტის ცივილიზაციის ნაციონალური მუზეუმის და სამეფო მუმიების მუზეუმის ტურის გარეშე. ეგვიპტე დღემდე იბრუნებს დაკარგულ მუმიებს და მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა მუზეუმიდან წელიწადში მილიონობით დოლარს იღებს  ეგვიპტური გამოფენებისთვის. აღსანიშნავია, რომ გრანდიოზული ეგვიპტური მუზეუმის მშენებლობა ახლა მთავრდება და 2023 წელს გაიხსნება. მუზეუმს, გარედან კომპლექსს,  მსოფლიოში ყველაზე დიდ და თანამედროვე მუზეუმად პოზიციონირების ამბიცია და პოტენციალი აქვს. არაბული მარკეტი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. მაგალითად, ხან ელ ხალილი ლაბირინთისებრი ბაზარია, სადაც ძირითად მონაკვეთებში, მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს გავლას ვიწროდ ჩალაგებულ  მაღალ  დახლებს შორის, სადაც ყველაფერს იპოვი: მეტალის აბაჟურიდან დაწყებული, ადგილობრივი ტექსტილით და სუნელებით დასრულებული. აქაც გირჩევთ მოკრძალებით ჩაიცვათ თუ არ გინდათ ადგილობრივების მეგობრული და არამეგობრული შეძახილების და ხანდახან,  მათი  ჩახუტების მსხვერპლი გახდეთ.

პირამიდები

ქალაქი: წარმოიდგინეთ ორმხრივი მოძრაობა, ოთხ-ოთხი  ვიწრო საავტომობილო გზით. მანქანების ძრავის მუდმივი  ხმა, საყვირის სიგნალი და ხალხის ყიყინი. ამ გზის გასწვრივ – დაუსრულებელი სახლები ფანჯრების გარეშე. ჩემი მეგობარი ლარა, შვეიცარიიდან იყო ჩამოსული და თბილისში მოძრაობას „ბალაგანს“ ეძახდა. ეგვიპტეში, ალბათ, სიტყვები არ ეყოფოდა მდგომარეობის აღსაწერად. ჩვენი ეგვიპტელი მეგობარი ხუმრობდა – წყვეტილი ხაზი ეგვიპტელებს ნიშნული ჰგონიათ, რასაც მანქანა უნდა გაუთანაბროო. ტრანსპორტის სიძვირის და ეგვიპტის მოსახლეობის საშუალო  შემოსავლის გათვალისწინებით,  აქ, ძირითადად, არაიმპორტული, ძველი მანქანებია.  დაუსრულებელი სახლები ექსპლუატაციაში არ არის შეყვანილი, რადგან თუ სახლი ექსპლუატაციაში შევა, მაშინ გადასახადი უნდა გადაიხადო. ეგვიპტელებიც, გადასახადების თავიდან არიდების მიზნით, სახლებს ფანჯრებს არ უკეთებენ, აფარებენ ხალიჩებს და ფარდებს. ეკონომიკურად მოხერხებული გადაწყვეტილება მძიმე  სანახავია.  ნებისმიერი შეიძლება შეესწროს მეზობელი ოჯახის ტელევიზორში ფეხბურთს, სამზარეულოში ჩხუბს და მისაღებში საუბარს.

გასტრონომია: ტრადიციული ეგვიპტური კერძები: ქოშარი – ბრინჯის, მაკარონის და ოსპის კერძი და ჯუთის სუპი,  რთული საჭმელია უცხოელებისთვის, საცივს და ჩაშუშულს მიჩვეული ხალხისთვისაც კი.  ხოლო აღმოსავლეთის კერძები: ჰუმუსი, ფალაფელი, ფეტუში – ძალიან გემრიელია. რესტორნები, სადაც ჩვენ დავდიოდით, ძირითადად, გემრიელი სამზარეულოს კომბინაცია იყო, საუკეთესო სერვისით. გამორჩეული იყო „ხუფუსი“, რომელიც პირამიდებს გაჰყურებდა – გირჩევთ აქ სტუმრობა იმ დღეს დაამთხვიოთ, როდესაც პირამიდების მოსანახულებლად წახვალთ. „საჭი პარკი“ – თუ  აზიური სამზარეულო გიყვართ, „პიერ ოთხმოცდარვა“ კარგია  საღამოს გართობისთვის. ლანჩისთვის, გირჩევთ ნილოსის ნაპირას მდებარე ლამაზ ლაუნჯს, „კრიმსონი“, მიმზიდველი ხედებით.  ესტუმრეთ  „კაზოკუს“, თუ გინდათ რომ თავი ეგვიპტეში აღარ იგრძნოთ. ეგვიპტეში იმპორტული ალკოჰოლი ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ, გირჩევთ აეროპორტის უბაჟო ზონაში იყიდოთ სასმელი, რესტორანში გადაიხადოთ ბოთლის გახსნის ღირებულება და თქვენივე მიტანილი სასმელით გამზადებული კოქტეილები მიირთვათ. ეს,  დაახლოებით, ხუთი დოლარი დაგიჯდებათ ოცდაათი დოლარის ნაცვლად.

ქორწილი: მეფე-პატარძალმა ერთმანეთი ბოსტონში გაიცნო.  მე  ორივეს ვიცნობდი ცალ-ცალკე. ერთი კვირით ადრე, შარმ-ელ-შეიხში ვიყავი ბოსტონელი მეგობრების ქორწილში დაპატიჟებული და ჩასვლა ვერ მოვახერხე. თუმცა, საერთო მეგობრებისგან გავიგე, რომ სანაპირო ქალაქები უფრო ტურისტულია, ნაკლებად ფორმალური დრესკოდით და მეტი თავისუფლებით. შემდეგში აუცილებლად წავალ შარმ-ელ-შეიხშიც.  ეგვიპტეში ქორწილი სხვა კალიბრის ღირსშესანიშნაობაა. სამი ათასი სტუმარი, რამდენიმე ღონისძიება – პატარძლის სახლში მისვლა, ხელის მოწერის ცერემონია, თვითონ ქორწილი, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მომღერლები და წამყვანები, ცოტა საჭმელი, მაგრამ ალკოჰოლი ულიმიტოდ. სტუმრები ტრადიციულ მუსლიმანურთან ერთად,   ევროპულ დიზაინერულ ტანსაცმელშიც  იყვნენ ჩაცმულები. იყო ტრადიციაც და მოდერნიზმიც, რიტუალიც და გართობაც. დიდი სიამოვნებით ველი სხვა ჩემი  ეგვიპტელი მეგობრების ქორწილებსაც და შესაძლებლობას, მათთან ერთად ვიზეიმო ეგვიპტეში.

დასკვნა: ეგვიპტეს, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ვფიქრობ, თვალსაწიერის გასაფართოებლად, აუცილებელია ყველა ადამიანმა შეძლოს მისი, თუნდაც ერთხელ, მონახულება. ეგვიპტის შეყვარება – არშეყვარების საკითხი კი, ადამიანზეა დამოკიდებული.

ბლოგერი, ანა გვალია 

ასევე წაიკითხეთ