0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Maison Goutal -ის ემოციებით აღსავსე 40 წელი 

“ბუნება და მისი საოცრებები მასულმდგმულებს… ჩემი ემოციები სურნელებაში გარდაიქმნება. სუნამო ჩემთვის ოცნებაა, რომელიც მამოძრავებს” – ანიკ გუტალი, ფრანგული პარფიუმერული სახლის, “გუტალის” დამფუძნებელი.

ფრანგმა ქალბატონმა, ანიკ გუტალმა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარული და თავისუფლება ასულდგმულებდა, მშობლიურ ქალაქში, პარიზში, 1981 წელს, დე ბელეშასის ქუჩაზე, პრესტიჟულ მე-7 რაიონში პირველი ბუტიკი გახსნა. აქ, ერთ დროს, წიგნების მაღაზია გახლდათ.

როდესაც 40 წლის წინ, პროფესიონალმა პიანისტმა, ანტიკვარიატის დილერმა და მოდელმა საკუთარ თავში სუნამოების შექმნის ნიჭი აღმოაჩინა, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და იმ პერიოდისთვის საკმაოდ ექსტრაორდინალური და თამამი ნაბიჯი გადადგა. პარფიუმერიის სფეროში იგი გახდა პირველი ქალბატონი, რომელმაც დამოუკიდებლად დააფუძნა პარფიუმერული სახლი. სუნამოების შემქმნელები ხომ, უმეტესწილად, მამაკაცები იყვნენ და ქალბატონის შემოსვლა ამ სფეროში ნამდვილი სენსაცია იყო. მიუხედავად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა, ანიკმა ძალიან მალე დაიპყრო ფრანგების გულები და მისმა უნიკალურმა სუნამოებმა ნიშ პარფიუმერიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიმკვიდრა. ზოგიერთი მათგანი კი, ნამდვილ შედევრად იქცა.

დღეს უკვე, ანიკის ქალიშვილი – კამილ გუტალი, იზაბელ დოიენთან ერთად უძღვება Goutal-ის სახლს. საზეიმო, მე-40 წლის აღსანიშნავად, შეიქმნა ექსკლუზიური კოლექცია: Petite Cherie-ისა და Eau D’Hadrien-ის ლიმიტირებული ვერსიის სახით. ორიგინალურ ფლაკონში და ხავერდის ბაფთით შემკული სუნამო Lutecia -ს მაღაზიებშია წარმოდგენილი. Goutal -ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი Lutecia, ჟურნალ “სითისთან” ერთად, გამოგზაურებთ ანიკ გუტალის სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ბედნიერებით, თავისუფლებით, სიყვარულითა და ჰარმონიულობით. ფრანგული ნიშ პარფიუმის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Goutal-ის სახლმა, კამილ გუტალის მონაწილეობით, საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელსაც Lutecia-ს სპეციალური მოწვევით, ჟურნალი “სითი” ესწრებოდა.

ფრაგმენტები Goutal-ის ისტორიიდან

ბავშვობა

annick goutal

ანიკ გუტალი 8 დედმამიშვილს შორის გაიზარდა დიდ და მხიარულ ოჯახში. მისი მამა, პიერი, პატივსაცემი პარიზელი კონდიტერი იყო. დედა კი, მარი ჟოზეფი, კეთილშობილი, ბოჰემური ქალბატონი გახლდათ. დეკორაციებისა და პარფიუმის ფლაკონების დიზანის შექმნისას, გუტალს ბავშვობის მხიარული მოგონებების განწყობები ასაზრდოებდა: საათობით რომ ფუთავდა ტკბილეულის ყუთებს ლამაზი ლენტებით მამამისის საკონდიტრო მაღაზიაში. Goutal -ის სახლს ბუდუარული სტილი მთავარი შტრიხად მიჰყვება დღემდე. გუტალმა თავიდანვე შემოგვთავაზა შევსებადი ფლაკონების გამოყენება თავისი სუნამოებისთვის, რათა ადამიანებს არ გადაეგდოთ ლამაზი ბოთლები. ეს ტრადიცია, ძირითადად, კვლავ შენარჩუნებულია გუტალის სახლში.

“შენ უნდა ისიამოვნო შენი ცხოვრებით” – ანიკ გუტალის მანტრა გახლდათ.

ჰარმონიულობა

Goutal Passion

Goutal-ის სახლი დაფუძნებულია ჰარმონიულობის პრინციპზე, ფემინისტურ ხედვებზე. მისი მახასიათებელია გაზიარება, სიახლოვე და ძველი სტერეოტიპების უგულვებელყოფა. ამის მაგალითია ანიკ გუტალისა და იზაბელ დოიენის მიერ ერთობლივად შექმნილი პარფიუმები : Eau du Sud და Gardenia Passion. ასევე, ანიკის შვილის, კამილ გუტალისა და იზაბელ დოიენის მიერ შექმნილი – Duel და Vanille Exquise.

სიყვარული

Annick Goutal perfume

Goutal-ის სახლისთვის წარმოუდგენელია პარფიუმი სიყვარულის გარეშე. ანიკ გუტალი ხშირად ამბობდა, რომ მისთვის სიყვარული ყველაფერია. ასე მაგალითად, მან თავის მეუღლეს, ცნობილ ვიოლონჩელისტს, ალან მეუნიერს, რომელთანაც ძლიერი სიყვარული აკავშირებდა, სუნამოები: Sables (1985) და Grand Amour (1997) მიუძღვნა. ეს ბოლო, შთაგონებული იყო თეთრი შროშანების სურნელით, რომლის თაიგულსაც ალანი ყოველ კვირას მას მიართმევდა ხოლმე. ოჯახურ ტრადიციას არ გამოაკლდა კამილ გუტალიც, რომელმაც დედას, მისი ხსოვნის პატივსაცემად, Mon Parfum Cheri მიუძღვნა.

ბუნება

ბუნება ყოველთვის იყო პარფიუმერული სახლებისთვის შთაგონების წყარო. თუმცა, საკუთრივ ბუნება კი არა, არამედ ის გრძნობა, რომელიც ადამიანებში ბუნებაში ყოფნისას ღვივდება და შემდეგ, სუნამოებში ტრანსფორმირდება. აღქმული სურნელები კი, ნატურალურ – ბუნებრივი ინგრედიენტებით იქმნება.

გუტალის სახლი განსხვავდება სხვებისგან. თავისუფლება მას აძლევს საშუალებას იყოს განსხვავებული და ეს მისი ერთ-ერთი სამარკო ნიშანია. გუტალის სახლის პარფიუმები, ძირითადად, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება რაც, ასევე, Goutal-ის სახლის სუნამოების ორგანული ნაწილია.

ვულოცავთ Goutal -ს ამ საიუბილეო წელს. ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტად გაიცნონ და შეუყვარდეთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. რომ არა მისი დამფუძნებლის, ანიკ გუტალის ექსტრაორდინალური, თამამი და ამავდროულად, რომანტიკული ხასიათი, ვერ შეიქმნებოდა ქალბატონის მიერ დანახული, სრულიად განსხვავებული სურნელები და ბავშვობის თბილი მოგონებებით სავსე ულამაზესი დეკორაციები.

ავტორი: თეა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ