0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

იგრძენი ახალი გულისცემა

მალე ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ”რეპროარტი“ ახალ შენობაში გადავა, ცინცაძის #23-ში. „სითის“ წინა ნომერში „რეპროარტის“ დამფუძნებლებზე, ლიკა ჭყონიასა და ნინო ოკუჯავაზე გიამბეთ. ამ სტატიას მოჰყვა ბევრი კითხვა, უფრო სამედიცინო მიმართულების. აინტერესებთ რა არის კლინიკის ძირითადი საქმიანობა და რა გამორჩევს მას მსოფლიოს სხვა მსგავსი კლინიკებისან. იყო კითხვები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ამ კლინიკას, როგორია მკურნალობის პროცესი და ა.შ ამიტომ, ჩვენ „რეპროარტს“ ისევ ვესტუმრეთ. თქვენს კითხვებს ქალბატონი ლიკა პასუხობს.

რა არის „რეპროარტის“ ძირითადი საქმიანობა?

კლინიკის მთავარი საქმიანობა არის ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა. ამისათვის პაციენტებს ვთავაზობთ როგორც კონსერვატიულ, ასევე უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობას. „რეპროარტის“ ყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი – მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგი, იმუნოლოგი და სხვა, რომლებიც ემსახურებიან როგორც უნაყოფობის და გინეკოლოგიური პრობლემების მქონე, ასევე ორსულ პაციენტებს. ყველა სპეციალისტი კლინიკაში დანერგილი ამერიკული სტანდარტით ხელმძღვანელობს. გუნდის, საერთაშორისო მიდგომების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა კი, „რეპროარტის“ წარმატების მთავარი გარანტია.

რა არის „რეპროარტის“ მისია?

„რეპროარტის“ მისია სამ მიმართულებად შეგვიძლია გავყოთ. პირველი, ეს არის ოცნების რეალობად ქცევა და ახალი სიცოცხლის დაბადება. უშვილობის პრობლემის მქონე ადამიანებს გვინდა ავუსრულოთ ოცნება, გახდნენ მშობლები. ჩვენი მისია ჩვენს სლოგანშიც არის გამოტანილი: „იგრძენი ახალი გულისცემა“.

მეორე – ჩვენი კლინიკა არის ნოვატორი, საქართველოში შემოაქვს ყველა ახალი მეთოდი, თან ძალიან წარმატებულად.

მესამე – ეს არის კლინიკა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვანი, ევროპული და ამერიკული ასოციაციების (ASRM, ESHRE) ყრილობებზე სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენს და საკუთარ მიღწევებს უცხოელ კოლეგებსაც უზიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი და წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე გაგვაქვს. რეალურად, საქართველოს ცნობადობაც იზრდება. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ქვეყანა გაჩნდეს მსოფლიო რუკაზე, როგორც უშვილობის მკურნალობის საუკეთესო ადგილი.

რატომ „რეპროარტი“, რა გამოარჩევს ამ კლინიკას?

ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ალბათ, პაციენტისა და საქმის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა და მკურნალობის ამერიკული სტანდარტები.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მამაკაცის უნაყოფობის, სუროგაციის პროგრამის, გაყინული ემბრიონისა თუ ემბრიონის გენეტიკური კვლევების მიმართულებით, „რეპროარტი“ისტორიის შემქმნელია. ჩვენი გუნდის დამსახურებით უნაყოფობის მკურნალობაში ახალი ეტაპები დაიწყო.

lika chkonia 1

 უფრო კონკრეტულად:

2004 წელი – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection) გამოყენების შედეგად, პირველი ბავშვი დაიბადა;

2007 წელი – გაყინული ემბრიონის გადატანის შედეგად, პირველი ბავშვი დაიბადა;

2007 წელი – სუროგაციის პროგრამის გამოყენებით, პირველი ბავშვი გაჩნდა;

2007 წელი – პირველი ორსულობა მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით;

2015 წელი – ბლასტოცისტის კულტივირების შედეგად, პირველი ბავშვი დაიბადა;

2016 წელი – პირველად საქართველოში, დაიბადნენ ჯანმრთელი ბავშვები პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი/დიაგნოსტიკის (PGT-A/PGT-M) შემდეგ;

„რეპროარტი“ მუდმივად ადგენს ზრუნვის სტანდარტს საქართველოში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

როდის და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა „რეპროარტს“ ?

როდესაც წყვილის ასაკი 35 წლამდეა და მათი ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ არ დგება ორსულობა. 35 წელს ზემოთ კი, თანაცხოვრებიდან 6 თვის შემდეგ. ამ შემთხვევებში პაციენტი უნდა მოვიდეს და ჩაიტაროს კვლევები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება შესაბამისი მკურნალობა.

უნაყოფობის პრობლემა ქალის მიზეზით უფრო ხშირია თუ მამაკაცის?

უნაყოფობის პრობლება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მიზეზით. არის შემთხვევები, როდესაც პრობლემა ორივეს აქვს. ვიზიტის დროს, ჯობს წყვილი კლინიკაში ერთად მოვიდეს.

რომელია ორსულობისთვის იდეალური ასაკი?

35 წლამდე. 35 წლის ზემოთ იწყება რეპროდუქციული ფუნქციის შემცირება. 39 წლის შემდეგ კი, შანსი დრამატულად მცირდება.

უნაყოფობის დროს გამოსავალი ყოველთვის ინ ვიტრო განაყოფიერებაა?

 არის შემთხვევები, როდესაც უნაყოფობის პრობლემას კონსერვატიული მკურნალობაც შველის. გააჩნია დიაგნოზს, უნაყოფობის ხანგრძლივობას და წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

არსებობს თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების გარანტია?

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გარანტიები არ არსებობს. ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური მკურნალობა. შედეგის მიღწევას მხოლოდ ჩვენი საქმიანობა და მონდომება არ შველის. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებს. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერებისას წარმატების გარანტია. ჩვენ ვეუბნებით პაციენტებს რამდენი პროცენტია დადებითი შედეგის შანსი.

lika repro art

რატომ უნდა აირჩიონ პაციენტებმა საქართველოში მკურნალობა?

პირველი რიგში იმიტომ, რომ სახლში ხარ. მკურნალობის პროცესი ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია და ასეთ დროს, ჩვეულ გარემოში ყოფნა დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება მკურნალობის ხარისხს, „რეპროარტის“ შედეგები არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე ცნობილი საერთაშორისო კლინიკების შედეგებს. ფინანსური კუთხითაც საქართველოში ბევრად მისაღები ფასებია. ჩვენს კლინიკაში ინვენტარი და სამედიცინო დანადგარები ზუსტად იგივეა, რაც ამერიკის კლინიკებში.

რა პერიოდს მოიცავს მკურნალობა?

გააჩნია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ მოდის წყვილი, რომელსაც სხვა პრობლემა არ აქვს, მაქსიმუმ ორი თვე.

როგორია „რეპროარტის“ მრავალწლიანი მუშაობის შედეგები?

ისეთივე, როგორიც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კლინიკებში. მკურნალობის შემდეგ პაციენტების 60-65%-ს

დადებითი შედეგი აქვს. სუროგაციის დროს შედეგი მატულობს და თუ მკურნალობის პროცესში გენეტიკურ კვლევებს ვიყენებთ, წარმატება კიდევ უფრო დიდია.

რატომ იკავებენ წყვილები თავს რეპროდუქციულ კლინიკებში ვიზიტისგან?

მიუხედავად იმისა, რომ უნაყოფობის მკურნალობა ამ მიმართულებით დიდი ხანია არსებობს, საქართველოში ეს მაინც ახალი დარგია. ბევრმა მეან-გინეკოლოგმა კიდევ არ იცის ეს სფერო. საჭიროა მეტი ინფორმირება რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით, რათა პაციენტების დროული და სწორი გადმომისამართება მოხდეს.

და ბოლოს, რა არის ამ სფეროს ყველაზე დიდი მიღწევა?

მგონია, რომ ამ სფეროს ყველაზე დიდი მიღწევა გენეტიკური კვლევებია. კვლევების საფუძველზე, ოჯახს, რომელსაც მძიმე გენეტიკური პრობლემები აქვს, შეგვიძლია დავეხმაროთ ჯანმრთელი შვილის ყოლაში. გარდა ამისა, გენეტიკური კვლევების განვითარებამდე, ასაკოვან ქალებს სთავაზობდნენ დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებას. ახლა კი, ინ ვიტრო განაყოფიერებიდან მეხუთე დღეს, ემბრიონის იმ უჯრედებს, რომლიდანაც შემდეგ პლაცენტა ვითარდება, ვაგზავნით ამერიკის ლაბორატორიაში, გენეტიკურ ანალიზზე. მიღებული შედეგების შემდეგ, ჯანმრთელი ემბრიონი გადაგვაქვს ქალის საშვილოსნოში, რითაც ორსულობის შანსები საგრძნობლად მატულობს. საქართველოში, ემბრიონების გენეტიკური კვლევა პირველად კლინიკა „რეპროარტმა“ შესთავაზა პაციენტებს.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ირა კურმაევა

ასევე წაიკითხეთ