0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

არსენ შურღაია

ოფთალმოლოგი, ოფთალმო-ქირურგი, “დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი

16 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დავტოვეთ. ბევრისგან მსმენია, რომ ახსოვთ სოხუმის ზღვის, მიმოზების, მანდარინების სურნელი. რასაკვირველია ვეთანხმები თუმცა, ჩემთვის მთავარი მოგონება და ის, რაც ყველაზე მეტად მენატრება, ჩვენი სახლის სურნელია. ის ყველა სახლს თავისი და განსაკუთრებული აქვს. მახსოვს, დასასვენებლად წასული უკან, სახლში რომ ვბრუნდებოდით, ამ სურნელს სწორედ მაშინ ვგრძნობდი. დღემდე, ყველაზე მეტად სწორედ ეს მენატრება – სახლის, ოჯახის სურნელი. 

პირველ პერიოდში ხშირად მესიზმრებოდა სახლი. ერთხელ დამესიზმრა, რომ იქ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ… მას შემდეგ, წლებია აღარ დამსიზმრებია. შეიძლება ეს დაემთხვა იმასაც, რომ ოჯახი შევქმენი და უკვე ჩემით შექმნილი სახლი მაქვს. 

ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ექიმების ოჯახში პირველი შვილიშვილი ვიყავი. ხალხისგან ყოველთვის ვგრძნობდი განსაკუთრებულ პატივისცემას ჩემი მამის, ბებია-ბაბუების მიმართ… ხან ბებოსთან, ხან მამასთან ვიყავი კაბინეტში. მომწონდა მათი ურთიერთობა პაციენტებთან. ამან ჩემზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. დღემდე მხვდებიან ხოლმე მამაჩემის, ბებია-ბაბუების პაციენტები. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ მათი შვილები ჩემი პაციენტები აღმოჩენილან.

ვფიქრობ, ყველაზე რთული წლების გადალახვაში ის დამეხმარა, რომ თბილისში ჩამოსვლიდან მალევე სტუდენტი გავხდი და ჩემთვის საოცნებო პროფესიის დაუფლება დავიწყე. 

სოხუმი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ჩემს ბავშვობაში, რადგან იქ არ იქნება ბებიაჩემი, მამაჩემი, ის ხალხი, ვინც ჩემთვის იყო სოხუმი. მარტივი არ იქნება იქ დაბრუნება და უკვე აქ შექმნილი ცხოვრების დატოვება, თუმცა, ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისე ახლოს ვართ აფხაზეთის დაბრუნებასთან, როგორც არასდროს. 

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

ასევე წაიკითხეთ