ვალენტინო — რომის უკანასკნელი იმპერატორი

ვალენტინო გარავანის რომის უკანასკნელ იმპერატორს უწოდებენ. ამ ქალაქში კი ცოტაა დიზაინერი, რომელიც ისე უყვართ, როგორც ის. რომის გავლენა ვალენტინოს შემოქმედებაზე ისეთივე დიდია, როგორიც თავად დიზაინერის გავლენა რომზე.

რომის ქუჩებში, ძველი ხის კარების ქვედა ნაწილებზე, ხშირად შეხვდებით პირამიდული ფორმის ლითონის მოქლონებს. სწორედ ისინი იქცა ვალენტინოს ცნობილი Rockstud-ის ჩანთებისა და ფეხსაცმლის ინსპირაციად.

ვალენტინო რომში არ დაბადებულა, თუმცა ეს ქალაქი თავად აირჩია. 1959 წელს ვალენტინო გარავანი პარიზიდან იტალიაში ბრუნდება და რომში, ვია დეი კონდოტიზე, საკუთარ ატელიეს ხსნის. ის, რაც პატარა ატელიედ დაიწყო, საბოლოოდ, სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარე ისტორიულ პალაცო მინიანელიში გადაიზარდა — მოდის იმპერიად, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.

სწორედ ამ სასახლეში დაემშვიდობა რომი თავის უკანასკნელ იმპერატორს 2026 წლის იანვარში. გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად უამრავი რომაელიც ესწრებოდა — ადამიანები, რომლებსაც დიზაინერთან საკუთარი მოგონებები და სათქმელი აკავშირებდათ.

დღეს პალაცო მინიანელი გამოფენა AURA-ს მასპინძლობს. მისი კონცეფცია ვალენტინოს არქივისა და თანამედროვე ხელოვნების დიალოგს ეფუძნება. ამჯერად, დიზაინერის 38 კაბა პოლონელი მხატვრის, ევა იუშკევიჩის 26 ნამუშევართან ერთად არის წარმოდგენილი.

გამოფენა რამდენიმე დარბაზს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ ფერსა და განწყობას ეძღვნება. აქ ნახავთ ვერცხლისფერი და ბრინჯაოსფერი ქსოვილების კაბებს, მწვანე ოთახს, რომელიც ბუნების ფერებშია გადაწყვეტილი, და, რა თქმა უნდა, სივრცეს, რომელიც ვალენტინოს განუმეორებელ წითელს ეთმობა. ამ ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად რომისთვისაც. წითელი ისტორიულად რომის იმპერატორების ფერია, ხოლო ქალაქის გერბზე მხოლოდ ორი ფერია წარმოდგენილი — წითელი და ოქროსფერი.

წითელ დარბაზში თითქმის სრული სიბნელეა. მთელი ყურადღება პატარა პოდიუმზეა მიმართული, სადაც ოთხი წითელი კაბა დგას. მუქ ფონზე მათი ფერი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს არის წითელი, რომელიც შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს — ის მთლიანად იპყრობს ყურადღებას, თუმცა ამავე დროს საოცრად ელეგანტურია.

გამოფენის ბოლოს კვლავ პიაცა მინიანელზე აღმოჩნდებით, სადაც ვალენტინოს თანამედროვე ბუტიკი მდებარეობს. მისი შთამბეჭდავი ვიტრინები დღესაც რომის ქუჩის განუყოფელი ნაწილია და თითქოს აგრძელებს იმ ისტორიას, რომელიც დიზაინერმა ამ ქალაქში დაიწყო.

გარავანი ხომ თავად ამბობდა: „მე რომში არ ვმუშაობ, მე თავად ვარ რომი“.

ტექსტი: ანა კრიხელი

ასევე წაიკითხეთ