როდესაც მილანის Galleria Vittorio Emanuele II-ში Prada-ს გამოფენის შესახებ გავიგეთ, მისი მონახულება გადავწყვიტეთ. გვაინტერესებდა, როგორ მოყვებოდა მოდის სახლი საკუთარ ისტორიას იმ ადგილას, სადაც ყველაფერი დაიწყო. Prada ხომ ჩვეულებრივ ნივთებშიც ახერხებს მოულოდნელი იდეების აღმოჩენას.
1913 წელს, სწორედ აქ, ძმებმა მარიო და მარტინო პრადებმა Fratelli Prada-ს მაღაზია გახსნეს. მილანის ელიტა აქ სამგზავრო ჩემოდნებსა და ტყავის აქსესუარებს ყიდულობდა. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ბრენდი თავის პირველ მისამართს დაუბრუნდა და მუდმივი გამოფენა Pradasphere — „პრადას სამყარო“ გახსნა. ექსპოზიცია მოდის სახლის ისტორიას სამ ნაწილად გვიყვება: „საწყისები“, „ევოლუცია“ და „პერსპექტივები“.

პირველ ოთახებში თითქოს საუკუნის წინანდელ მაღაზიაში აღმოვჩნდით. ხის კარადებში ჩანთები, ჟურნალები და ყოველდღიური ნივთები იყო განთავსებული. შემდეგ სივრცე იცვლება და ჩნდება სამკუთხა ლოგო — სიმბოლო, რომელიც მიუჩია პრადამ ფუფუნების ერთ-ერთ ნიშნად აქცია. თაროებს შორის ნელა მივყვებოდით 1990-იანი წლების ისტორიას: Carolyn-ის ჩანთა, America’s Cup-ის ფეხსაცმელი და Luna Rossa-ს იახტის მინიატიურული მოდელი.

ჩვენი ფავორიტი 2000 წლის „ექიმის ჩანთა“ (Doctor’s Bag) აღმოჩნდა. პრიალა, ალუბლისფერი ნიანგის ტყავის მოდელი ვინტაჟური სამედიცინო ჩანთის ფორმით, დაგრეხილი სახელურებით, ვერცხლისფერი საკეტითა და წითელი ატლასის სარჩულით განათების ქვეშ ძვირფას ქვასავით ბრწყინავდა. მის წინ იმაზე დიდხანს შევყოვნდით, ვიდრე ველოდით.

მომდევნო სივრცეში კედლები სარეკლამო პორტრეტებსა და კულისებში გადაღებულ ფოტოებს დაეთმო. მათ შორის კეიტ მოსსაც შეხვდებით. მანეკენებზე წარმოდგენილი სამოსი პრადასთვის დამახასიათებელ პრინტებს აერთიანებდა — მუქ წითელ ტუჩსაცხს, მკვეთრ ზოლებსა და Art Nouveau-ს სტილის ყვავილებს.

შემდეგ მიუჩია პრადას ბოლო ოთხი ათწლეულის კოლექციებიდან შერჩეულ მოდელებს ვათვალიერებდით. ვერცხლისფერი კედლები და მუსიკა სივრცეს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. სხვადასხვა ეპოქის სამოსში ერთი საერთო ხელწერა იკითხებოდა. თუ წინა ოთახებში ბრენდის ისტორიას ნივთებითა და ფოტოებით ვეცნობოდით, აქ უკვე მის ესთეტიკას ვაკვირდებოდით.
ბოლო ოთახი მომავალს ეთმობოდა. აქ Prada-სა და Axiom Space-ის თანამშრომლობის შესახებ შევიტყვეთ — ისინი NASA-ს ასტრონავტებისთვის მთვარეზე გამოსაყენებელ სკაფანდრებს ქმნიან. პრადას მასალებთან მუშაობის გამოცდილება ამჯერად სრულიად ახალ დანიშნულებას იძენს: სკაფანდრმა ასტრონავტები მთვარის მკაცრი გარემოსგან უნდა დაიცვას. ამ სივრცეში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მოდა — მოდის ჩვენებების კულისებიდან კოსმოსამდე.

წამოსვლამდე ერთ-ერთ ფანჯარასთან შევჩერდით. ქვემოთ გალერეა ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა: გამვლელები ჩქარობდნენ, ტურისტები ფოტოებს იღებდნენ, რესტორნები კი სავსე იყო. რამდენიმე წუთით ისეთი განცდა დაგვეუფლა, თითქოს XXI საუკუნის სწრაფ ტემპს მოვწყდით და დროში ვიმოგზაურეთ. Pradasphere-მ იმ პირველი მაღაზიის ატმოსფეროში დაგვაბრუნა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

Pradasphere-ის მონახულება ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე შეგიძლიათ. მისამართი: Galleria Vittorio Emanuele II, 63/65, მილანი.
ფოტო/ტექსტი: ნატალია პაპუაშვილი / ხატია კოწიწაშვილი


