მე ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვდგავარ. ეს ჩემი პირველი სტატია ჟურნალ city-სთვის.
ზოგჯერ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლები უბრალო ნაბიჯით იწყება. შენ უბრალოდ იღებ ჩემოდანს, ემშვიდობები ნაცნობ სამყაროს და მიდიხარ იქ, სადაც ყველაფერი ახალია- ქუჩებიც, ადამიანებიც, ხმებიც და სიჩუმეც კი. ჯერ კიდევ არ იცი, რამდენი უცნობი გზა გელის და რამდენჯერ მოგიწევს საკუთარ თავთან შეხვედრა.

უკვე მეორე წელია, რაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს დარემში ვატარებ,ინგლისის ამ უძველეს ქალაქში, რომლის ქვაფენილიან ქუჩებსა და დიდებულ ტაძარში თითქოს საუკუნეების სუნთქვა ჯერ კიდევ ცოცხლობს.
თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა HMC-ის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებამ ჩემი ცხოვრების ახალი კარი გააღო და დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი გზა დამანახა. ასე აღმოვჩნდი ისტორიულ ქალაქ დარემში.
საკუთარ თავთან შეხვედრა
აქ ჩამოსვლისას წინ უამარავი ახალი კარი დამხვდა, თუმცა ყველა მათგანი მარტივად არ იღებოდა. იყო გამოწვევები, იყო გაურკვევლობა, იყო დღეები, როცა მონატრებას საზღვარი არ ჰქონდა.

დარემში სწავლისა და დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებამ საკუთარი თავი ახლებურად დამანახა.
ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა სკოლის გარემო, სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები ერთმანეთის კულტურებს ვეცნობით და განსხვავებულ შეხედულებებსა და გამოცდილებებს თამამად ვუზიარებთ ერთმანეთს. აქ სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახითა და სახელმძღვანელოებით არ შემოიფარგლება. უამრავი შესაძლებლობაა საკუთარი ინტერესების გამოსავლენად, ახალი უნარების შესაძენად. შემოქმედებითმა კლუბებმა და სხვადასხვა სასკოლო ინიციატივამ დამანახა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის დაგროვება კი არა, საკუთარი თავის აღმოჩენაცაა

სწორედ ამ გარემოში მომეცა შესაძლებლობა, თავადაც ამეღო არა ერთი პასუხისმგებლობა და სკოლის ცხოვრებაში ჩემი წვლილი შემეტანა.
ამ გზაზე ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სკოლის მონიტორად არჩევას. სტატუსის გარდა, ჩემთვის ეს იყო ნდობა და პასუხისმგებლობა, რომ ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმედგინა.
ქართული რიტმი უცხო მიწაზე
რამდენჯერ მიფიქრია, რა უცნაურად იცის ცხოვრებამ გზების გადაკვეთა. თექვსმეტი წლის ასაკში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამავე გარემოში თავად გავხდებოდი რაღაცის გამზიარებელი.
საქართველოზე, საქართველოს კულტურაზე სიყვარულით საუბარმა ერთ დღეს ასეთ განსაკუთრებულ შესაძლებლობამდე მიმიყვანა. ცეკვის კლუბის ხელმძღვანელობა მომანდეს, ეს არის შესაძლებლობა, უცხო ყვეყანაში მოსწავლეები იმ ქართული ცეკვის ხელოვნებას ვაზიარო, რომლითაც მე ცეკვის აკადემია „სუხიშვილებში“ გავიზარდე. საოცარი გრძნობაა, როცა საქართველოში სიყვარულით ნაკეთებ საქმეს ახლა სხვებს ვუზიარებ.

დაუწერელი თავგადასავალი
და თუ ოდესმე მკითხავენ, რა მომცა დარემმა, ვიტყვი, რომ მან შესაძლებლობების უამრავი კარი დამანახა და გასაღების პოვნის გზაც თავადვე მასწავლა. მასწავლა როგორ შვიყვარო ახალი ქვეყანა ისე, რომ მშობლიური ქვეყნის სიყვარული წამითაც არ გამინელდეს.
დარემი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი აღარ არის. ის სივრცეა, სადაც ყოველდღიურად ვიზრდები, ვსწავლობ და საკუთარ შესაძლებლობებს ვცდი. აქ ვაგროვებ მოგონენებს, რომლებიც ოდესმე, ალბათ, ჩემს მომავალს ისევე გაათბობს, როგორც დღეს საქართველოდან წამოღებული მოგონებები მათბობს მე.
ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. წინ კიდევ ბევრი უცნობი ქუჩაა… არ ვიცი სად მიმიყვანს ეს გზა, მაგრამ ერთი რამ უკვე ვიცი, ბედნიერება ყოველთვის იქ არ იწყება, სადაც ყველაფერი ნაცნობი და მარტივია.


