მარიამ გოგნიაშვილის დასაწყისი

– იმის გაცნობიერება, რომ დიდი წვლილი შემიძლია შევიტანო ადამიანების ჯანმრთელობაში, საოცარია. ჩემი კვლევით და საქმით ერთი ადამიანის ცხოვრებაც რომ გაუმჯობესდეს, უბედნიერესი ვიქნები.

ალბათ, სწორედ აქ იწყება მარიამ გოგნიაშვილის ისტორია. არა გერმანიაში, სადაც სულ მალე ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს, არც იმ დღეს, როდესაც უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხი ნახა. მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება – იმ ინტერესით, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მიჰყვებოდა, იმ კითხვებით, რომლებზეც პასუხებს ეძებდა და იმ გზით, რომელიც არც კი იცოდა სად მიიყვანდა.

მარიამ გოგნიაშვილი მალე Constructor University-ში ბიოქიმიისა და უჯრედული ბიოლოგიის შესწავლას დაიწყებს. მის წინ სრულიად ახალი ეტაპია – სხვა ქვეყანა, უცხო ენა, ახალი უნივერსიტეტი, განსხვავებული აკადემიური გარემო და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი დიდი გამოცდილება. ბავშვობიდან ყველაფერი აინტერესებდა – ხელოვნება, სპორტი, ისტორია, საბუნებისმეტყველო საგნები. ერთ კონკრეტულ სფეროში არასდროს ჩაკეტილა. პირიქით, სადაც ახალი შესაძლებლობა ჩნდებოდა, თითქმის ყველგან იყო. ეს ინტერესები კიდევ უფრო გააფართოვა ბაქსვუდის სკოლამ, სადაც მარიამს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მიეცა. დროსთან ერთად კი, პროფესიულ გადაწყვეტილებაში დარწმუნდა. 

– სამედიცინო სფერო საოცრებაა; უდიდესი სტრესი ყოველდღიურობაში, თავგანწირვა. დიდ პასუხისმგებლობას იღებ. სხვა ადამიანის ჯანმრთელობა შენს ხელშია. სამეცნიერო სფერო კი არის ამის საყრდენი. კვლევა ექსტრემია, სანამ ბაზარზე გავა, ამიტომაც მომეწონა…

– ახალი ეტაპი ყოველთვის მცირე გაურკვევლობასაც გულისხმობს. როგორ შეხვდი ამ განცდას?

– ასეთი ემოციები მანამდე არ მქონია. არ ვიცი, კარგიც და ცუდიც, კარგი უფრო მეტი. ზოგადად ახალს რომ იწყებ, ჯერ არ იცი რა მოხდება და ღელავ. ადრე სიახლეებიც ნაკლებად მიყვარდა. რომ არ მოგატყუოთ, უფრო მსტრესავდა, არ ვიცოდი რა მოხდებოდა. ახლა კი ვფიქრობ – რახან ასე ხდება, ესე იგი კარგთან ასოცირდება. ყველა სიახლე მახარებს: ახალ ხალხს რომ გავიცნობ, ახალ რაღაცებს რომ ვისწავლი, ახალ ქალაქში რომ ვიცხოვრებ. ვეცდები არ შევიცვალო. თან მიხარია და თან მანერვიულებს.

ახალ ქვეყანაში წასვლა მხოლოდ პროფესიული შესაძლებლობა არ არის. ჩნდება პასუხისმგებლობა ოჯახის, საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე.

– წარმოუდგენელია მხოლოდ პროფესიაში ყოფნა. ზოგი დღე და ღამე სამსახურზე ფიქრობს. მე ასე არ შემიძლია. საჭიროა ოჯახი, მეგობრები, ურთიერთობები, ჰობი, განტვირთვა. ყოველთვის მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ შეიძლება ვიღაცას იმედი გავუცრუო. სადაც არ მივდივართ ქართველები, ყველგან წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას… ჩემს მომავალ უნივერსიტეტშიც ბევრი ქართველია. იმედია გავუმკლავდებით ამ ყველაფერს, რომ საქართველო კარგად წარმოვაჩინოთ. ამას ნამდვილად ვგრძნობ, ყველაზე მეტად, ოჯახისგან. მარტივი არ იყო მათთვის ჩემი გაშვება ახალ ქვეყანაში. მაქსიმალურად მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო. 

ოჯახში მეცნიერებისა და მედიცინის მიმართ ინტერესი უცხო არასდროს ყოფილა. მამა, გიორგი გოგნიაშვილი, ექიმია. მამის მხრიდან ბაბუა, ოთარ გოგნიაშვილი – „მეცხრე საავადმყოფოს” ფაქტობრივი დამფუძნებელი, ომარ ხუჯაძესთან ერთად. დედის მხრიდან ბაბუაც, ივანე ვერულაშვილი, ექიმია. თუმცა, ოჯახის ეს პროფესიული ისტორია მარიამისთვის წინასწარ განსაზღვრულ გზად არასდროს ქცეულა.

 – ბაბუას, მამაჩემის მხრიდან, პირადად არ ვიცნობდი, ჩემამდე გარდაიცვალა, მაგრამ ისტორიები ვიცი. გარდა პროფესიისა, საოცარი პიროვნება იყო… დედის მხრიდანაც ბაბუა ექიმია. არ ვიცი, ისტორიები ისეთი მესმის, ამაყი ვარ. შთამბეჭდავია ეს ჩემთვის. ბაბუაჩემმა რომ გაიგო ბიოლოგია-ქიმიის განხრით მინდოდა ჩაბარება, ძალიან გაუხარდა და ეგრევე წიგნები მირჩია წასაკითხად. ჩემი გამზრდელი ბებიაც, ნინიკო ჩხეიძე, ბიოლოგია, თუმცა თავიდან ყველას ძალიან გაუკვირდა ჩემი არჩევანი. ზეწოლა არ ყოფილა ოჯახის მხრიდან. რამდენჯერაც სხვა პროფესიაზე დავფიქრდი, ყოველთვის მხოლოდ დიდი მხარდაჭერა მქონდა. ბიოლოგიაში მომზადება ბოლო წელს დავიწყე, მას შემდეგ, რაც ამ ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ეს საგანი ინგლისურად ბაბუაჩემის, ოთარ გოგნიაშვილისა და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობრისგან, ბუციკა ჩხარტიშვილისგან მესწავლა. ეს დიდი პასუხისმგებლობაც იყო და საოცარი გამოცდილებაც.  ეს მიმართულება რომ ავირჩიე, ჩემი მშობლები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს არჩევანს. ბიძაჩემს რომ ჰკითხეს, რომელიც ჩემთვის ძალიან მისაბაძი და საამაყო ადამიანია (თვითონ ძალიან დაინტერესებულია ამ სფეროთი, ჰარვარდში და სტენფორდში იღებს სხვადასხვა კურსს), მან უთხრა, რომ ეს არის მომავლის პროფესია. ალბათ, მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ბევრ პროფესიას და ჩემი არჩევანი ძალიან მოეწონა. ჩემი მშობლებიც ცოტა დამშვიდდნენ. 

საბოლოოდ, სწორედ ამ თავისუფლებაში იპოვა საკუთარი მიმართულება. ეს ინტერესი ახლა უკვე გერმანიაში გაგრძელდება. იქ, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპიც იწყება. ახალი უნივერსიტეტი მისთვის მხოლოდ აკადემიური გამოწვევა არ იქნება. შეიცვლება ყოველდღიურობა, გარემო, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა.

– “არ ჩამოხვიდე, იქ ჯობია”,- ჩემთვის ხშირად უთქვამთ ეს სიტყვები, მაგრამ ამ ქვეყანას ვინ ჰყავს, თუ არა ჩვენ! საქართველო არ უნდა დავივიწყოთ. მგონია, რომ ძალიან დიდი ნაწილი უნდა მივდიოდეთ იმისთვის, რომ აქ ჩამოვიდეთ, აქ ჩამოვიტანოთ ცოდნა, განათლება და გამოცდილება. თუ მარტო ერთი-ორი დაბრუნდება, პროგრესი არ იქნება, მაგრამ თუ ყველა კოლექტიურად დავბრუნდებით უცხოური განათლებით, ტექნოლოგიებით, მეთოდებით…. მნიშვნელოვან ცვლილებას ჩამოვიტანთ საქართველოში.

მარიამმა იცის, რომ წინ არაერთი გამოწვევა ელოდება – უცხო ენა, ახალი აკადემიური გარემო, ოჯახთან დაშორება და ახალი პასუხისმგებლობების აღება. თუმცა, ალბათ, სწორედ ეს ხდის დასაწყისს განსაკუთრებულად ამაღელვებელს. ჯერ არ იცი, რა შესაძლებლობებს გაგიხსნის და როგორი იქნება შენი ცხოვრების ის ეტაპი, რომელსაც დღეს პირველად იწყებ. ყველაფერი წინ არის!

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ