Starbucks-ის ქართული თავგადასავალი იწყება

თბილისური ყავის კულტურა ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დილის რიტუალი — ის ქალაქის ხასიათს, მის რიტმსა და ადამიანებს შორის კავშირებს ქმნის. თუმცა დღეს ეს სცენა სრულიად ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის. Axis Towers-ში მსოფლიოში უმსხვილესი ყავის ქსელის, Starbucks-ის პირველი ოფიციალური სივრცე გაიხსნა. ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი წერტილი დედაქალაქის რუკაზე, ეს არის ლეგენდარული „მესამე ადგილის“ (Third Place) ფილოსოფიის შემოსვლა საქართველოში — სივრცე, რომელიც აერთიანებს დასვენებას, მუშაობას და ადამიანებთან ურთიერთობას ერთ კომფორტულ გარემოში.

სითი სალეჰ ალშაიას (Alshaya Group-ის Starbucks-ის მიმართულების პრეზიდენტი) და ფიგენ ილგაზს (Starbucks ევრაზიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი) ესაუბრა.

ბატონო ალშაია, Alshaya Group ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში Starbucks-ის 2000-ზე მეტ ლოკაციას მართავს. რა ადგილი უჭირავს საქართველოს თქვენს გლობალურ პორტფელში და რატომ გადაწყვიტეთ ამ ბაზარზე შემოსვლა სწორედ ახლა?

საქართველო ჩვენი ზრდის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ Starbucks-ს წარმატებით ვმართავთ ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ ბაზარზე, სრულიად ახალ ქვეყანაში შესვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი მომენტია. საქართველოს განვითარებას რამდენიმე წელია თვალს ვადევნებთ და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მისმა ეკონომიკურმა დინამიკამ, საინვესტიციო კლიმატმა და ცოცხალმა სამომხმარებლო კულტურამ. ასევე დავინახეთ ძლიერი კავშირი Starbucks-სა და საქართველოში დამკვიდრებულ საკაფეო კულტურას შორის. დრო სწორად შერჩეულად მოგვეჩვენა, რადგან გვჯერა, რომ საქართველო ზრდის საინტერესო ფაზაში შედის, და გვსურდა ამ გზის ნაწილი ვყოფილიყავით. აქ უზარმაზარ გრძელვადიან პოტენციალს ვხედავთ — არა მხოლოდ Starbucks-ისთვის, არამედ უფრო ფართო საინვესტიციო და პარტნიორული შესაძლებლობებისთვისაც.

ამ პროექტის განხორციელებაში რამდენიმე სახელმწიფო უწყება და საელჩო იყო ჩართული. რამდენად რთული და ხანგრძლივი იყო მოლაპარაკებების პროცესი და რა როლი ითამაშა ამ მხარდაჭერამ ბრენდის შემოსვლაში?

გლობალური ბრენდის ახალ ბაზარზე გაშვება არასდროს არის ხანმოკლე პროცესი. ის მოითხოვს საჯარო და კერძო მხარეების შეთანხმებულ მუშაობას, გრძელვადიან ვალდებულებას და საერთო ხედვას. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობის, საინვესტიციო სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და ყველა იმ პარტნიორის წვლილს, ვინც ამ გზაზე მხარი დაგვიჭირა. მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროფესიონალიზმმა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისადმი გულწრფელმა ერთგულებამ. მათმა მხარდაჭერამ საკვანძო როლი ითამაშა იმაში, რომ მრავალწლიანი მსჯელობა წარმატებულ საბაზრო შემოსვლად ქცეულიყო. საქართველომ აჩვენა, რომ ის ღიაა, ამბიციურია და მზადაა, მსოფლიო დონის საერთაშორისო ბრენდები მიიღოს.

Starbucks-ს მსოფლიოში 40 000-ზე მეტი ფილიალი აქვს. თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის მთავარი გამოწვევა ბრენდის სრულიად ახალ ქვეყანაში დამკვიდრებისას და როგორ უმკლავდება Alshaya Group ამ გამოწვევებს?

ყველაზე დიდი გამოწვევა მაღაზიის გახსნა არ არის. ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ Starbucks-ის გამოცდილება პირველივე დღიდან ზუსტად ისე მიაწოდო მომხმარებელს, როგორც ის ამას ელოდება. მომხმარებელი, რომელიც Starbucks-ში ლონდონში, დუბაიში, სტამბოლში თუ ნიუ-იორკში ნამყოფია, თბილისის Starbucks-ში შესვლისას იმავე ერთგულებას უნდა გრძნობდეს ხარისხის, სტუმართმოყვარეობისა და ადამიანური კავშირის მიმართ. მრავალ ქვეყანაში Starbucks-ის მართვის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, გლობალური სტანდარტები ადგილობრივ ექსპერტიზას შევუთავსოთ. დიდ ინვესტიციას ვდებთ ტრენინგში, ადამიანების განვითარებასა და საოპერაციო სრულყოფილებაში, რათა ყოველი ახალი ბაზარი სწორი საფუძვლით დაიწყოს. ამავდროულად, ყურადღებით ვუსმენთ ადგილობრივ მომხმარებლებს, რადგან ყველა ბაზარს საკუთარი კულტურა და იდენტობა აქვს.

როგორია თქვენი გრძელვადიანი ხედვა საქართველოსთვის? არის თუ არა Axis Towers-ში პირველი ფილიალის გახსნა ქართულ ბაზარზე მასშტაბური საინვესტიციო ტალღის დასაწყისი?

რა თქმა უნდა. Axis Towers მხოლოდ ჩვენი გზის დასაწყისია საქართველოში. ამ ბაზარზე გრძელვადიანი პერსპექტივითა და მისი მომავლის მტკიცე რწმენით შემოვედით. ჩვენი ამბიციაა, Starbucks თანმიმდევრულად გავაფართოოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ადგილობრივი ტალანტი და აქტიური წვლილი შევიტანოთ საქართველოს საცალო ვაჭრობისა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორების განვითარებაში. გახსნის შემდეგ მიღებული გამოხმაურება გვამხნევებს და გვჯერა, რომ ზრდისთვის მნიშვნელოვანი სივრცე არსებობს. ინვესტიციების გაგრძელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ავაშენოთ მდგრადი ბიზნესი, რომელიც ღირებულებას შეუქმნის მომხმარებლებს, პარტნიორებსა და მთლიანად ქართულ ეკონომიკას.

სავარაუდოდ, გახსნის დღეს ემოციებს თვალს ადევნებდით. პირადად თქვენთვის რა არის მთავარი სიხარული ამ ბაზარზე შემოსვლისას და რა იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველომ Starbucks ნამდვილად შეიყვარა?

ყველაზე სასიხარულო მომენტი იყო იმ მომხმარებელთა ენთუზიაზმის ხილვა, რომლებიც Starbucks-ის საქართველოში შემოსვლას ელოდნენ. ადამიანები ფოტოებს იღებდნენ, საკუთარ შთაბეჭდილებებს აზიარებდნენ და გახსნას გულწრფელი აღფრთოვანებით ზეიმობდნენ. ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ Starbucks ყავაზე ბევრად მეტია — ეს არის კავშირების შექმნა და ყოველდღიური, აზრიანი გამოცდილებები. ჩემთვის წარმატების ნამდვილი ნიშანი იქნება ის, როცა Starbucks საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. როცა ადამიანები ჩვენს ყავის სახლებს მეგობრებთან შესახვედრად, სასწავლად, სამუშაოდ ან უბრალოდ ერთად დროის გასატარებლად აირჩევენ, მაშინ გვეცოდინება, რომ საზოგადოების სანდო და დაფასებულ ნაწილად ვიქეცით.

ქალბატონო ილგაზ, თქვენ სიღრმისეულად იცნობთ ევრაზიის რეგიონს (თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი). თქვენი დაკვირვებით, როგორ შეედრება ქართველი მომხმარებელი მეზობელი ქვეყნების მომხმარებლებს და რა მოლოდინები გაქვთ ქართული ბაზრის მიმართ?

ვფიქრობ, სხვადასხვა ბაზრის მომხმარებელთა პირდაპირი შედარება რთულია, რადგან ყველა ქვეყანას საკუთარი უნიკალური კულტურა, ჩვევები და სამომხმარებლო ქცევა აქვს. თუმცა ერთ-ერთი პირველი, რაც ქართველ მომხმარებლებში თვალში გხვდება, ხარისხისა და ავთენტური გამოცდილების დაფასებაა. ევრაზიის მრავალი ბაზრის მსგავსად, ყავას აქ მნიშვნელოვანი სოციალური როლი აქვს — ადამიანებს უყვართ შეკრება, ერთად დროის გატარება და ურთიერთობების შენება საკვებსა და სასმელზე. ეს ღირებულებები ბუნებრივად ეხმიანება Starbucks-ის გამოცდილებას. ამავდროულად, ქართველი მომხმარებლები ძალიან ჩართულები, ცნობისმოყვარეები და საერთაშორისო სამყაროსთან დაკავშირებულები არიან. გვჯერა, რომ ეს კომბინაცია Starbucks-ისთვის მყარ საფუძველს ქმნის, ხოლო გახსნის შემდეგ მიღებულმა პოზიტიურმა გამოხმაურებამ ბაზრისადმი ჩვენი ნდობა კიდევ უფრო განამტკიცა.

თბილისში ყავის ინდუსტრია და ადგილობრივი საკაფეო კულტურა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. თქვენი აზრით, რა უნიკალურ ღირებულებას სძენს Starbucks თბილისს და როგორ აპირებთ პოზიციონირებას ამ კონკურენტულ გარემოში?

თბილისს უკვე აქვს ცოცხალი საკაფეო კულტურა და ამას გამოწვევად კი არა, დადებით ფაქტორად აღვიქვამთ. Starbucks-ს მოაქვს გლობალურად აღიარებული გამოცდილება, რომელიც პრემიუმ ხარისხის ყავაზე, ხელნაკეთ სასმელებზე, პერსონალიზაციასა და მომხმარებელთან გულწრფელ კავშირზეა აგებული. ჩვენ ადგილობრივი საკაფეო კულტურის ჩანაცვლებას არ ვცდილობთ — გვსურს, მისი ნაწილი გავხდეთ. როგორც Alshaya Group Starbucks, ჩვენი ფოკუსია თანმიმდევრული ხარისხის, აზრიანი მომხმარებლის გამოცდილებისა და თბილი, მიმზიდველი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობა, მუშაობა, დასვენება და ერთად დროის გატარება. გვჯერა, რომ ეს თვისებები Starbucks-ს საშუალებას მისცემს, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდროს თბილისის განვითარებად ყავის სცენაზე.

პირველი ფილიალისთვის Axis Towers შეირჩა. რატომ იქცა სწორედ ეს პროექტი ბრენდის „სავიზიტო ბარათად” საქართველოში და რას სთავაზობს ეს კონკრეტული სივრცე თბილისელ ყავის მოყვარულებს?

როგორც პირველი Starbucks საქართველოში, გვინდოდა ლოკაცია, რომელიც თანამედროვე თბილისის ენერგიასა და ამბიციას აირეკლავდა. Axis Towers-მა შემოგვთავაზა ხილვადობის, ხელმისაწვდომობისა და ძლიერი არქიტექტურული იერსახის ერთობლიობა. ეს არის გამორჩეული, ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც თანაბრად იზიდავს ადგილობრივ მოსახლეობას, პროფესიონალებსა და სტუმრებს. გვინდოდა, ჩვენს პირველ მაღაზიას ბაზარზე ძლიერი შესავალი გაეკეთებინა და მომხმარებლისთვის პირველივე დღიდან Starbucks-ის სრული გამოცდილება შეეთავაზებინა. ამ მიზნის მისაღწევად Axis Towers იდეალური ადგილი იყო.

 Starbucks-ის ძირითადი ფილოსოფია „მესამე ადგილის” კონცეფციას ეყრდნობა — სივრცეს სახლსა და სამსახურს შორის. როგორ მომზადდა ადგილობრივი გუნდი, რათა ეს უნიკალური ატმოსფერო და სტანდარტი თბილისში ზუსტად ყოფილიყო გადმოტანილი?

„მესამე ადგილის” ფილოსოფია ყველაფრის გულშია, რასაც ვაკეთებთ. ეს არის იდეა, რომ Starbucks უნდა იყოს თბილი, მიმზიდველი სივრცე სახლსა და სამსახურს შორის, სადაც ყველა თავს მიკუთვნებულად გრძნობს. იმისთვის, რომ ეს გამოცდილება საქართველოში მოგვეტანა, გახსნამდე დიდი ინვესტიცია ჩავდეთ პარტნიორების (თანამშრომლების) ტრენინგში. პროგრამა მოიცავდა სასმელების მომზადების ოსტატობას, მომხმარებელთა მომსახურებას, საოპერაციო სრულყოფილებას და, რაც მთავარია, ადამიანურ კავშირს. წარმოუდგენლად ვამაყობ ადგილობრივი გუნდით — მათ Starbucks-ის კულტურა ენთუზიაზმით მიიღეს და გამოცდილებას საკუთარი სითბო და სტუმართმოყვარეობა შემატეს. მრავალი თვალსაზრისით, საქართველოში სტუმრის მიღების ძლიერი კულტურა იდეალურად ეხმიანება იმ ღირებულებებს, რომლებსაც Starbucks წარმოადგენს.

მთელ მსოფლიოში ადამიანებს უყვართ Starbucks-ის კრუასანები და მაფინები. თქვენი პირადი აზრით, აქვს თუ არა რომელიმე ცნობილ ქართულ ტკბილეულს პოტენციალი, Starbucks-ის ვიტრინაზე აღმოჩნდეს?

როგორც Alshaya Group Starbucks, თავიდანვე გვსურდა, პატივი გვეცა და წარმოგვეჩინა საქართველოს მდიდარი კულინარიული კულტურა და არა უბრალოდ საერთაშორისო მენიუ შემოგვეტანა ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჩვენს კვების შეთავაზებაში ისეთი საყვარელი ადგილობრივი კერძები შევიტანეთ, როგორიცაა ხაჭაპური და ლობიანი. გახსნის შემდეგ ქართველი მომხმარებლებისგან უამრავი დადებითი გამოხმაურება მივიღეთ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე უშუალოდ მაღაზიაში. ადამიანებმა გულწრფელად დააფასეს, რომ ნაცნობი ადგილობრივი გემოები Starbucks-ის გამოცდილების გვერდით იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვან რამეს გვაჩვენებს: მომხმარებლებს მოსწონთ გლობალური ბრენდები, მაგრამ ისინი ასევე აფასებენ ბრენდებს, რომლებიც ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას პატივს სცემენ. საქართველოში ზრდის გაგრძელებასთან ერთად, კვლავ მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და გამოვიკვლევთ შესაძლებლობებს, რომ Starbucks-სა და ქართულ გემოვნებას შორის აზრიანი კავშირები შევქმნათ. ჩემთვის გახსნის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მხარე იყო იმის ხილვა, რომ მომხმარებლებმა ეს ძალისხმევა შენიშნეს და დააფასეს. ეს ადასტურებს, რომ Starbucks-ს შეუძლია, ერთდროულად იყოს გლობალურად თანმიმდევრული და ადგილობრივად რელევანტური.

ტექსტი: მარიკა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ