„ყველაზე მნიშვნელოვან წამს, როცა სუხიშვილები კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოვიდნენ, კულისებში ვეღარ გავჩერდი. ჩემს ოთახში ჩავიკეტე, მონიტორის წინ დავჯექი და ავტირდი…“
იმ საღამოს კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილების საოცარი პროგრამა მიმდინარეობდა, დარბაზში კი, 2800 სტუმარი ქართული ცეკვით ტკბებოდა.


რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ჩასული ქართველი გოგოსთვის ეს მხოლოდ წარმატებული ღონისძიება არ ყოფილა. ეს იყო პასუხი კითხვაზე – და მერე? კითხვაზე, რომელიც საქართველოში წარმატებული კარიერის, ტელევიზიის, დიდი პროექტებისა და პროფესიული მიღწევების შემდეგ, საკუთარ თავს დაუსვა და რომელმაც საბოლოოდ ნიუ-იორკამდე მიიყვანა.

პრესის ჟურნალისტი ვარ 17 წლიდან. შემდეგ ეს გამოცდილება პროდიუსინგსა და პროდაქშენში გადავიტანე. ჩავერთე PR-სა და მარკეტინგში. ამერიკაში წასვლამდე არხის გაყიდვების ხელმძღვანელი ვიყავი. კარიერულად საკმაოდ მაღალ საფეხურს მივაღწიე, მაგრამ სწორედ მაშინ შემეშინდა გაჩერების. ვეღარ ვხედავდი რა უნდა ყოფილიყო ჩემი შემდეგი ნაბიჯი და საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვი – „მერე?“ სწორედ ამ კითხვამ მიმაღებინა ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება. ამას დაემთხვა არასტაბილური გარემო, რომელმაც კიდევ უფრო მკაფიოდ დამანახა, რომ მიუხედავად ამდენი შრომისა, ჩემი კარიერა და მომავალი ბოლომდე ჩემზე აღარ იყო დამოკიდებული.
ჩემი ძმა ამერიკაში სწავლობდა და პირველად მასთან ჩავედი. ერთი თვე გავატარე ჯერ ჩიკაგოში, შემდეგ ნიუ-იორკში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამერიკა არ არის ოცნებების ასრულების ქვეყანა იმ გაგებით, როგორც ხშირად არის რომანტიზებული. ეს არის ქვეყანა, სადაც მთლიანად საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და საბოლოოდ იღებ იმას, რასაც შენი შრომით იმსახურებ. უამრავ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი და ევროპაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ამერიკაში პირველად გამიჩნდა განცდა, რომ აქ ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემს ადაწყვეტილებებსა და ძალისხმევაზე იქნებოდა დამოკიდებული. ჩამოსვლიდან მალევე პანდემია დაიწყო. თავის გადასარჩენად ყველანაირ სამსახურში ვიმუშავე. ესეც ამერიკის რეალობის ნაწილია, ყოველდღე გადარჩენის რეჟიმში ხარ. თუმცა ამ რუტინამ არ უნდა მოგწყვიტოს მთავარს, რისთვის მოხვედი და რისი შექმნა გინდა.

სხვათა შორის, EMOLAS-ს სახელი და ისტორია ინტერვიუსთვის მომზადებისას სრულიად შემთხვევით გავიგე. მეგობარმა მითხრა, „ემოლასი“ ხომ უბრალოდ ამობრუნებული „სალომეა“-ო. ამიტომაც, ვკითხე ჩემს გმირს, სალომეს, როგორ გაჩნდა სახელის იდეა.
რუსთავი 2-ში რომ დავიწყე მუშაობა, პატარა ვიყავი. ისეთი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, ყველაფერი თავდაყირა რომ გაქვს. Facebook -ზე ამოყირავებული პროფილის სურათი დავაყენე, სახელიც ამობრუნებული დავიწერე -ემოლასი. ასე, თითქოს, მოცემულობასთან შესაბამისობაში ვიყავი და იმის შემდეგ, გავხდი „ემოლასი“. ყველა ამ სახელს მეძახდა და ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგაც, ჩემს კომპანიას დაუფიქრებლად Emolas Corporation დავარქვი. ახლა ცოტა მერიდება, New York times-თან ინტერვიუში მკითხეს, რატომ აირჩიე ეს სახელიო და ისე შემრცხვა, ალბათ, რაღაც განსაკუთრებულ ისტორიას ელოდნენ და სინამდვილეში ასეთი მარტივი და მინიმალისტური აღმოჩნდა. თუმცა, წლების განმავლობაში, ამ სახელმა ჩემთან ერთად იმდენი რამ გამოიარა, რომ მისი შეცვლა არც მიფიქრია. ერთი შეხედვით უბრალო ისტორიაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი შინაარსის მატარებელია. თან, თუ დავფიქრდებით, სამყაროც ხომ რაღაცნაირად ამოყირავებულია. არც ახლა მაქვს შეგრძნება, რომ თავით მაღლა ვდგავარ, პირიქით, მგონია, რომ ყველა ჩვენგანი რაღაც გაგებით თავდაყირა დავდივართ. ჰოდა, უკვე 15 წელია „ემოლასი“ ვარ და ეს სახელი ყველგან ჩემთან ერთად იქნება.
თქვენი პროექტები და პორტფოლიო ძალიან მრავალფეროვანია. რა არის მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც წყვეტთ ვის და რას წარუდგენთ მაყურებელს?
ჩემთვის მთავარია ჩვენი ქვეყანა ზუსტად იმ მრავალფეროვნებით წარვუდგინოთ საერთაშორისო მაყურებელს და უდიდეს აუდიტორიას, როგორიც რეალურად არის. აბსოლუტურად ყველა მიმართულებას მოვიცავთ.. კონცერტები ხომ თავისთავად, მუსიკა, ცეკვა, ბალეტი, თეატრი. გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებთ მიღებებს, სადაც ქართულ ღვინოს წარმოვადგენთ. ამასთან ერთად, ყველა ღონისძიების შემდეგ ქართველი ახალგაზრდა არტისტების ელექტრონული მუსიკის საღამოები გვაქვს. როდესაც ქართული სპექტაკლის – “მოახლეების” წარდგენა დავაანონსეთ, საოცარი გამოხმაურება მოჰყვა ამას.


ეს მხოლოდ თეატრისა და სანახაობის დამსახურება არ არის. ამ სპექტაკლში სამი ვარსკვლავი მონაწილეობს – ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე, ბაია დვალიშვილი. ამხელა გამოხმაურება მათი სწორი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პოზიციის დამსახურებაა. იმდენად ღირსეული მოქალაქეები არიან, ისეთ მნიშვნელოვან მესიჯებს ატარებენ, რომ ხალხის რეაქცია ამ არტისტების დამსახურებაც არის, რადგან პირველ რიგში, არიან ნამდვილი, ღირსეული მოქალაქეები. ჩვენ საერთო ფასეულობების მქონე ხელოვანებთან, არტისტებთან, ადამიანებთან ვთანამშრომლობთ და მათთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საუკეთესო შედეგი დავდოთ.


სალომე, რა არის შენი და Emolas Corporation-ის მთავარი მისია?
სანამ ჩემს თავზე გადავალ, გეტყვი რომ ყველას ჩვენი წილი მისია გვაქვს აქ. ამ ქვეყანაში ცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ადამიანებისთვის შენ ხარ შენი ქვეყნის წარმომადგენელი. აქ შენ ხარ შენი ქვეყანა და როგორც კი ამას აცნობიერებ, ინთება შენში პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა. ჩვენი მისია, ნებისმიერი აქ მყოფის, ჩვენი ქვეყნის წარმოჩენაა – ყველა თავისებურად ახერხებს ამას და მადლობა მათ. ჩემი მთავარი მისიაა ქართული კულტურის ექსპორტი ამერიკაში. გვინდა მივაწოდოთ არაქართველ აუდიტორიას მთელი ჩვენი სიკეთეები, ხიბლი და ღირსებები, რაც გვაქვს, როგორც დიდი კულტურის მატარებელ ერს. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია რომ ეს ყველაფერი დიდ სცენებზე გავიტანოთ.

სტეფანეს კონცერტი, რომელიც ჩვენი პირველი პროექტი იყო, Western Hall-ში ჩატარდა. 1400 ადამიანი ესწრებოდა. თავიდან, ხელშეკრულების გაფორმების დროს, არ გვენდობოდნენ. ამ ისტორიულ ადგილას ქართველი აუდიტორიის შეყვანის შეეშინდათ და დაზღვევის თანხა გაგვიორმაგეს. ზუსტად ამ დროს ყველაზე მეტად მეტკინა შინაგანად რაღაც, მაგრამ თან მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მისია, დამემტკიცებინა, რამდენად ღირებული და დასაფასებელი ერი ვართ, არა მხოლოდ სტეფანეს კონცერტის სახით, არამედ იქ დამსწრე ქართველი აუდიტორიის სახითაც. ამის შემდეგ, ჩვენს კომპანიას რეკომენდაციებს უწევენ, აღფრთოვანებული იყვნენ ქართველი აუდიტორიით. უკვე იციან, გვიცნობენ და გვენდობიან. პირველად ეს გარდატეხა სწორედ ჩვენ მოვახდინეთ.
სალომე, როგორია ამ ყველაფრის უკუკავშირი? რას გრძნობ ამ დროს, როდესაც ხედავ, რომ კიდევ ერთხელ წარმატებით შესრულდა კონკრეტული პროექტი?
სუხიშვილების კონცერტის მსვლელობისას, ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, პირდაპირ დარბაზიდან მომწერა: „ღმერთო ჩემო, ამას რას ვესწრები და რას ვუყურებო.“ ჩემთვის, შუა კონცერტის დროს, მხოლოდ ეს შეტყობინებაც კი, ყველაფრის მთქმელი იყო. სუხიშვილების კონცერტს 2800 ადამიანი ესწრებოდა. ახლაც რომ მკითხო, ზუსტად მახსოვს ვინ ვის გვერდით იჯდა. სტრატეგიულად გვქონდა გათვლილი ყველაფერი. მოვიწვიეთ Forbes, Vogue, New York Times, New Yorker, Daily Mail, The Washington Post–ის წარმომადგენლები, რომლებმაც კონცერტების შესახებ სტატიები წინსწრებითაც კი გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მაყურებელია, მაგრამ ამასთან ერთად, ვცდილობთ ჩვენი კულტურა იმ ადამიანებსაც გავაცნოთ, ვისაც შეუძლია ამ ამბის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება. რობერტ დე ნირო ესწრებოდა კონცერტს. ის იცნეს და ამას მოჰყვა ამხელა ამბავი, მაგრამ რეალურად, მისი რანგის სხვა სფეროს უამრავი წარმომადგენელიც იყო.

ყველაზე ემოციური მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ნინო სუხიშვილმა დამიძახა, ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა. მითხრა, რომ დიდი ნინოსა და ილიკოს დროს, როგორი ფურორიც მოახდინა სუხიშვილებმა ლასკალაში, იმავე მნიშვნელობის მოვლენა იყო კარნეგი ჰოლში გამართული ეს კონცერტიც. ეს სიტყვები ჩვენთვის იმის დასტური იყო, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შევქმენით. კონცერტის დაწყებისას კულისებში ვერ გავჩერდი. იმდენად ემოციური და პირადი იყო ის მომენტი ჩემთვის, რომ ჩემს ოთახში ავედი, მონიტორის წინ დავჯექი და ავტირდი…


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მასშტაბური პროექტი ჯერ კიდევ წინ არის. Facebook-ზე სალომეს ერთ პოსტს გადავაწყდი ტექსტით: „ჩემი ცხოვრების და კარიერის აქამდე ყველაზე მასშტაბურ პროექტზე, მსოფლიოს უდიდესი სცენის მენეჯმენტისგან თანხმობა და კონკრეტული აჯენდა მივიღე დღეს…“
„ამერიკული ბალეტის ისტორია ჯორჯ ბალანჩინის სახელთან არის დაკავშირებული. აქ ის ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სცენებისგან, როგორიცაა David H. Koch Theater და Metropolitan Opera House, ქართული ბალეტისთვის, სეზონის ფარგლებში, ოთხდღიანი სივრცე მივიღეთ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც ვამზადებთ.“
სუხიშვილების პროექტამდე სალომე ამ გზას თითქმის მარტო გადიოდა. დღეს მის გვერდით მეგობრები არიან, რომლებსაც ამ საქმის სიყვარული გადასდო. დიდი პროექტების უკან, რა თქმა უნდა, უამრავი პარტნიორი და პროფესიონალი დგას, მაგრამ მთავარი მაინც ის საერთო ენერგიაა, რომელიც ადამიანებს ერთი იდეის გარშემო აერთიანებს. ეს ქართული სულისკვეთების, შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. ის “ქართული ამბავია”, მარტო ჩვენ რომ ვიცით და სხვას არავის ესმის, რომელიც სალომემ თავის მეგობრებს გადასდო და ახლა ერთად მთების გადადგმაც კი შეუძლიათ.

6 დიდი პროექტია შემოდგომაზე დაგეგმილი. როგორც კი ამ ამბებს მოვრჩები, უნდა ჩამოვიდე საქართველოში და დავეშვა თხილამურებით გუდაურის მთებიდან. ისე მიყვარს საქართველოს ბუნება, ფეხით მაქვს მოვლილი ჩემს შვილთან ერთად. ამერიკაში ჩემი საქართველო მაქვს მოწყობილი. ნიუ იორკთან ახლოს, ვიყიდეთ აგარაკი, საათ ნახევრის გზაზე. აგარაკს ვეძახით კიკეთს, ნიუ იორკი არის თბილისი. რუკაზეც ასე მაქვს მონიშნული და ასე ვეძახი ყოველდღიურად. მეგობრები რომ ვიკრიბებით, ხშირად ქართულ მუსიკას ვუსმენთ, ეზოში საქართველოს დროშა ფრიალებს, მოვირგე აქაურობა, სხვანაირად არც გამომივიდოდა. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს რეალურად სად ვართ და რას ვემსახურებით. ამერიკა არის ქვეყანა, რომელმაც მომცა შესაძლებლობა საკუთარი იდეები რეალობად მექცია. ძალიან მიყვარს აქაურობა და უზომოდ მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რაც აქ მივიღე. თუმცა, საქართველო ისეთი საყვარელია ჩემთვის, ისეთი შეუცვლელი, რომ ამ სიცარიელის განცდას ვერაფერი, ვერასოდეს შეავსებს..
სალომე ლილუაშვილი, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი
ტექსტი: ელენე ბარამიძე


