ვინილმა, როგორც ფორმატმა, უკვე დიდი ხანია, საკუთარი მეორე სიცოცხლე მოიპოვა, შეგვიძლია დროის მანქანაც ვუწოდოთ? დიახ, ის მუსიკას, წარსულის სითბოსა და დღევანდელ ჟღერადობას აკავშირებს ერთმანეთთან. ამჯერად სწორედ ასეთი გზით დაბრუნდა ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ხმა – გოგი დოლიძე.
ამ უნიკალური ვინილის ავტორი Memo ჯგუფია „ბრავო რექორდსთან” პარტნიორობით.
ვინილის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება, თარიღი უკვე მონიშნულია, 13 ნოემბერი, სივრცე – „წისქვილის თეატრი“, სადაც გოგი დოლიძისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართება და ის კომპოზიციები შესრულდება ვინილისთვის რომ შეირჩა.
ვინილი უნიკალურია. წარმოიდგინეთ გოგი დოლიძის ხმა, ყველასთვის საყვარელი სიმღერები და ზვიად ბოლქვაძისეული არანჟირება. სწორედ „ბრავო რექორდსში“ განხორციელდა ეს შესანიშნავი ამბავი: გოგი დოლიძის ნამღერს ახლებური არანჟირება „ჩაეფინა“.

როგორია ამბავია?
ფანტასტიური!
ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. უნდა მოისმინო. დეტალებზე „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელს, ზაზა შენგელიას, მივმართეთ.
– ეს გახლავთ ძალიან სპეციფიური და რთული პროექტი, რომელიც თავის დროზე ზვიად ბოლქვაძემ განახორციელა. გოგი დოლიძე მის სიმღერებს ხმის ჩამწერ სტუდიაში “მელოდია” წერდა, იმხანად ასეთი სტუდია მხოლოდ ოთხი იყო საბჭოთა კავშირში, მათ შორის, ერთი – თბილისში. ვოკალის ბილიკი მოვიპოვეთ, ნამღერი, რომელსაც ქვევიდან ზვიად ბოლქვაძემ და მისმა გუნდმა ამოუდო ახლებური არანჟირება, რაც თავისთავად საკმაოდ რთული ამოცანა იყო. გოგი თავად იყო ფენომენალური მომღერალი, აბსოლუტურად განყენებული, ვერავის ვერ შეადარებ, ისეთი ხმა ჰქონდა, სულში ჩამწვდომი. გოგის აქვს საკრალური ადგილი ყველა მსმენელის გულში. – გვიყვება ზაზა შენგელია
პროექტის მიზანი მუსიკალური მიმართულების მხოლოდ ტექნიკური აღდგენა არ ყოფილა. ეს უფრო ემოციური მისიაა – გაგრძელდეს ქართული მუსიკის მემკვიდრეობა, რომ გოგი დოლიძის ხმა ახალი თაობისთვისაც შთაგონებად იქცეს და მისი უნიკალური ნამღერი ვინილს შემორჩეს. გამოცდილი მელომანები გვარწმუნებენ, რომ ნამდვილ ნამღერს მხოლოდ ვინილი თუ გადმოსცემს.

ალბომში 11 კომპოზიციაა შესული. უკლებლივ ყველა თქვენი საყვარელი სიმღერაა, გენიალური ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, იქნება ეს „ გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“, „ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, „იყო არა, იყო რა“… თუ სხვა სიმღერები.
ყველა მათგანი საავტორო უფლებების დაცვით შეთანხმდა ავტორებთან და გოგი დოლიძის მემკვიდრესთან. ვინილი კი ჰოლანდიაში, ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ქარხანაში, იქმნება, საიდანაც სატესტო ვერსია უკვე გამოიგზავნა. ხელიდან ხელში გადადის სატესტოდ ჩამოსული ვინილი, ორგანიზატორების შემდეგ, ამბობენ, პირველებმა ეს ვინილი „ქართული ხმების“ ძველმა თაობამ უნდა მოისმინოსო.
– ვინილზე ეს ჟღერს წარმოუდგენლად, ისმის სუნთქვა, თითო ინსტრუმენტი, ისმის გოგის თითოული ბგერა, ტუჩის მოძრაობა, ამოსუნთქვა. ვინილმა ამ სიმღერებს მოცულობა მისცა, ის აღარაა ბრტყელი. აღფრთოვანებულები ვიყავით, აი, ამ ხარისხით, ვფიქრობთ, რომ მსმენელს დიდი სიურპრიზი და უსაზღვრო სიამოვნება ელის. – ამბობს ზაზა შენგელია.

საკოლექციო ვინილი ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა – მხოლოდ 500 ეგზემპლარი და მისი პრეზენტაცია 13 ნოემბერს „წისქვილის თეატრში“ გაიმართება. კონცერტზე გოგი დოლიძის სიმღერებს შეასრულებენ ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ძველი „ქართული ხმები“, კახა გრიგალაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ოთო ნემსაძე, ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე … ეს საღამო ერთდროულად იქნება მადლიერება, მოგონება და ახალი სიცოცხლის დასაწყისი, სიცოცხლის, რომელიც გოგი დოლიძის ხმაშია, ახლა უკვე ვინილზე.
ავტორი: კესო ბოჭორიშვილი



