ოჯახის კლინიკა, სადაც პაციენტი ბედნიერია, სტომატოლოგია კი – ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ!

მაშინ, როცა ნინო ბერიძემ პროფესიული გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრება სტომატოლოგიას დაუკავშირა, ზუსტად იცოდა, რომ ახალი სიტყვა უნდა ეთქვა ამ სფეროში.

“პირველი პაციენტი ჩემი პატარა ძმა იყო, ბრეკეტები დავუყენე. ყოფილ პაციენტებს დღემდე აქვთ ჩემთან კომუნიკაცია. მართალია, ისინი აღარ არიან ჩემი პაციენტები, მაგრამ მოდიან მათი შვილები, მერე შვილიშვილებსაც მოიყვანენ და ეს ალბათ კიდევ სხვა ეტაპი იქნება…”

მაშინ, როცა ნინო ბერიძემ პროფესიული გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრება სტომატოლოგიას დაუკავშირა, ზუსტად იცოდა, რომ ახალი სიტყვა უნდა ეთქვა ამ სფეროში. ეს ახსოვდა ყოველთვის. მაშინაც კი, როცა პირველ პაციენტად უმცროსი ძმა მიიღო და ორთოდონტიის ინოვაციურ სამყაროში შეაბიჯა.

“2000 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. იმ პერიოდში  ბრეკეტ-სისტემები არ იყო განვითარებული. ჩემი ინტერესი კი იყო სიახლეების დანერგვა. ვინაიდან თანამედროვე ორთოდონტიას საქართველოში ვერ ვისწავლიდი, ამავე წელს გავემგზავრე სასწავლებლად საზღვარგარეთ, ორწლიან ორდინატურაში.“

დღეს ნინო ბერიძე 23 წლიანი გამოცდილებით და 5 000-ზე მეტი კმაყოფილი  პაციენტით, საქართველოში ორთოდონტიის ერთ-ერთ ლიდერად არის აღიარებული.

– როგორ გაჩნდა იდეა, რომ შრომა, რასაც იღებდით და გასცემდით წლების განმავლობაში, გაერთიანებულიყო და შეგექმნათ საკუთარი კლინიკა? 

“მინდოდა, განსაკუთრებული სივრცე შემექმნა ჩემი პაციენტებისთვის, რასაც სხვა კლინიკებში ვერ ვთავაზობდი. სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიებით, გამართული მენეჯმენტით და საუკეთესო ექიმთა გუნდით. კარიერის დასაწყისში ვამბობდი, რომ არ მინდოდა საკუთარი კლინიკა, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს მოცემულობაც დადგა…”

2010 წელს გაიხსნა კლინიკა, სახელად,  „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“. გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა, თუმცა მიზანი მკაფიო იყო – გამორჩეული კლინიკის შექმნა, რომელიც ბავშვთა სტომატოლოგიას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა. 

“სიახლე, რასაც ყველაფერთან ერთად ვთავაზობდით ჩვენს პაციენტებს, იყო განსაკუთრებული სივრცე ბავშვებისთვის. 15 წლის წინ, ჩვენ პირველებმა შევქმენით სივრცე პატარა პაციენტებისთვის – ბავშვთა მოსაცდელი ოთახით და ფერადი კაბინეტით. დავიწყეთ ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან. მშობლებს ვუხსნიდით ბავშვთა სტომატოლოგიის მნიშვნელობას, რომ ის არის ფუნდამენტი ჯანმრთელი ბავშვის განვითარებისთვის. ჩვენთან მოსული პატარა პაციენტების ოჯახებსაც ვთავაზობდით სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს. შესაბამისად, ეს კლინიკა ყოველთვის იყო საოჯახო, ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის“– ამბობს ნინო ბერიძე, რომელიც წლებია ხარისხიანი და ინოვაციური სტომატოლოგიური მომსახურების წინა ხაზზეა გუნდთან ერთად, რომელსაც ენდობა და რომელთან ერთადაც მკურნალობის ახალ, თანამედროვე მეთოდებს ნერგავს.

„2018 წელს გაიხსნა მეორე ფილიალი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მასშტაბით და ტექნოლოგიებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი არქიტექტორები, მაგრამ ეს სივრცე ფაქტობრივად მე დავაგეგმარე. ზუსტად ვიცოდი  მუშაობის დროს რა მაკლდა და რისი შეცვლა მინდოდა. წინა კლინიკაში  დავტოვეთ მხოლოდ ბავშვთა სტომატოლოგია. საქართველოში პირველად შევქმენით ცალკე სივრცე მხოლოდ პატარა პაციენტებისთვის. აქ  პაციენტებს ხვდებოდა გადამზადებული ექიმების, მედდების და ადმინისტრაციის  გუნდი.  ჩვენთან ვიზიტი ბავშვებისთვის იყო ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრა და ბედნიერი ემოციები. ეს არ იყო სტანდარტული სტომატოლოგია და შიშები, რაც ჩვენი თაობის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ  აქვთ. 2024 წელს ბავშვთა კლინიკა გადმოვიდა ახალ, სუპერ ტექნოლოგიურ ფილიალში. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ასეთი სივრცე ბავშვებისთვის არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.“  

2024 წელს ბრენდმა გიარა რებრენდინგი. „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ ნაცვლად, გახდა „NB დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“.

– დღეს რას გვთავაზობს თქვენი კლინიკა?

“NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკა” და “NB დენტალ ქიდსი“- ჩვენ ორ დიდ კლინიკას წარმოვადგენთ, რომელსაც 900 კვადრატი უჭირავს. ეს საქართველოს მასშტაბისთვის საკმაოდ დიდი ფართია. ორივე კლინიკა მდებარეობს ერთ ქუჩაზე, გვერდი-გვერდ შენობაში. ახლო ლოკაცია სპეციალურად შევარჩიეთ. გვინდოდა ყოფილიყო ერთიანი სივრცის აღქმა. ბავშვები დადიან ქვედა, დიდები კი ზედა ფილიალში. ასეთი განლაგება მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს პაციენტებს და იძლევა საშუალებას  ოჯახის წევრებმა ერთდროულად ჩაიტარონ პროცედურები. ჩვენთან პაციენტები ჩამოდიან ევროპიდან, ამერიკიდან. აღნიშნავენ, რომ ასეთი სივრცის კლინიკები იქაც არაა. რატომ მოდიან დღეს თაობები? იმიტომ, რომ კმაყოფილები არიან ჯერ კიდევ მაშინ მიღებული მკურნალობით. მაღალი სტანდარტი, რასაც პირველი დღიდან ვთავაზობდით პაციენტებს, რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. სწორედ ამ ხარისხმა განაპირობა ის ნდობა, რაც დავიმსახურეთ ამდენი წლის განმავლობაში.“

ნინო ბერიძე, 23 წლიანი გამოცდილებით, პაციენტებს თანამედროვე, ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას სთავაზობს. წლებმა ტექნიკური თვალსაზრისით ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მუშაობის პროცესში ერთი რამ უცვლელია –  ხარისხი და კომფორტი, რომელსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს.

– თქვენი პროფესია არის ჯადოსნური – ზრუნავთ ღიმილზე, სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე და ამით,  პაციენტების ხასიათსა და განწყობაზე.

“ჩვენი მიზანია, ყველა პაციენტი წავიდეს ბედნიერი და კმაყოფილი. დევიზია – ტკივილამდე მიმართო სტომატოლოგს, ამით კი დაზოგო ფინანსები, გაუფრთხილდე ჯანმრთელობას და შეამცირო პროცედურების ხანგრძლივობაც.”

მთავარი პრიორიტეტი – პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნაა.

„ჩვენი მიზანია, თქვენს შვილს  დენტალური პრობლემები დავუყვანოთ მინიმუმამდე, მავნე ჩვევები შევუმციროთ, გავზარდოთ ჯანმრთელი ახალი თაობები დენტალური ფობიის გარეშე.“

– კლინიკის გარდა კიდევ რა საქმიანობას ეწევით?

“ბავშვებთან მუშაობისას  დაგროვილმა გამოცდილებამ, ცოდნამ და დარგის განვითარების სურვილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს გვიბიძგა დაგვეარსებინა საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია და გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა კოლეგებისთვის. მისია იყო დიდი – აგვემაღლებინა ცნობიერება ბავშვთა სტომატოლოგიის შესახებ, როგორც მოსახლეობაში, ასევე – კოლეგებში, რაც საკმაოდ დიდი წარმატებით შევძელით. ასოციაციამ აქტიურად დაიწყო მუშაობა.  ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს, დაკავებული ვარ საგანმანათლებლო პროგრამებით. ასევე, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას სერტიფიცირებულ ორთოდონტებს ვუზიარებ.“

– თქვენს კლინიკაში თუ იზრდებიან ახალი თაობის ექიმები? 

დიახ, სტუდენტები, რეზიდენტები კლინიკაში პროფესიონალი ექიმების ასისტენტები არიან. მათ აქვთ ფუფუნება იმუშაონ საუკეთესო ექიმებთან, შეეხონ ბოლო თაობის ტექნოლოგიებს. ისინი ძალიან ბევრს სწავლობენ ჩვენს სივრცეში. საუკეთესოებს კი ვტოვებთ კლინიკაში ექიმებად.

სტომატოლოგია და კლინიკის მართვა საინტერესო გზა აღმოჩნდა ნინო ბერიძის ოჯახისთვისაც.

“ნუცა – პატარა ნინო ბერიძე, ჩემი ძმის შვილი, მომავალი სტომატოლოგია, გადადის მესამე კურსზე. უნდა ორთოდონტიის მიმართულებით წასვლა.  პროცესში სრულად ჩართულია, თან ასისტენტია. ჩემი შვილი ანასტასია ამთავრებს სკოლას. მედიცინა მისი ინტერესი არ ყოფილა. დაინტერესდა მენეჯმენტით. წელს იყო კლინიკის მენეჯმენტში ჩართული. საკუთარი სურვილით სამკვირიანი პრაქტიკა გაიარა და მიხვდა,  “როგორი საინტერესო და დინამიკური ყოფილა მენეჯმენტის პროცესი… “

– თქვენ ამ 15 წლის განმავლობაში დიდი ტემპებით განვითარდით. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს?

დაუღალავმა შრომამ, კარგმა გუნდმა, მენეჯმენტის სწორმა სტრატეგიამ პირველივე ნაბიჯებიდან. ამ ბრენდის განვითარებაში ჩადებულია ძალიან დიდი რესურსი, ენერგია და ფიქრი.

– როგორია თქვენი გუნდი,  რამდენი ადამიანისგან შედგება?

“15 წლის წინ დავიწყეთ რამდენიმე ადამიანმა და დღეს უკვე 116 თანამშრომელს ვითვლით. თავიდანვე გვყავდა საუკეთესო გუნდი და დღემდე ასეა. მადლიერი ვარ ყველა იმ თანამშრომლის, რომლებმაც ჩვენს განვითარებაში  და წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით გვეიმედება NB დენტალის ახალი თაობა, რომლებმაც უნდა დაწერონ თავიანთი წარმატების ისტორია.”

– რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა? 

“გიყვარდეს შენი პროფესია და გიყვარდეს ადამიანები… თუ ადამიანები არ გიყვარს, ურთიერთობების ჩამოყალიბება ძალიან რთულია, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება, რომ თავისი საქმისგან იღებდეს სიამოვნებას. უნდა გიყვარდეს და ვითარდებოდე გაუჩერებლად. წარმატების მიღწევა ხომ რთულია, მაგრამ შენარჩუნება — უფრო რთული.  თუ დროს ფეხს ვერ უწყობ, აუცილებლად ჩამორჩები დინებას.”

– თქვენ ნამდვილად გეტყობათ როგორ გიყვართ თქვენი საქმე…

“ცხადია რთულია როდესაც ერთდროულად მმართველიც ხარ და მოქმედი ექიმიც, თუმცა ვერაფრით ვთმობ ექიმობას.  23 წელია ამ პროფესიაში ვარ.  წლებმა ცოდნა და  გამოცდილება მოიტანა. მე ამ საქმისგან სიამოვნებას ვიღებ. ამაზე უარის თქმა კი ძნელია, ხოლო  საკუთარი კლინიკის მართვა უდიდესი სიამოვნებაა… ”  

შედეგი – თაობების ნდობა,  15 წელი, 116 თანამშრომელი, მათგან 30 ექიმი. განსაკუთრებული სივრცე დიდებისთვის და 18 წლამდე პაციენტებისთვის, რათა ბავშვებმა სტომატოლოგთან ვიზიტი შიშის გარეშე, ჯანსაღი ჩვევის სახით მიიღონ. ნინო ბერიძის ინოვაციური მიდგომები და შესაძლებლობები ყოველ ჯერზე გვახსენებს, რომ ღიმილი არის ჯანმრთელობა, სილამაზე და ბედნიერება. სწორედ ამიტომ, „კლინიკა ოჯახისთვის” იქცა იმ ადგილად, სადაც პაციენტები წლებია თაობიდან თაობას  აქ მიღებულ ნდობას და ემოციას გადასცემენ.

პროექტის ავტორი:ეკა ხოფერია

ფოტო: IVAN BERKOVICH

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

MUA: ეკატერინე ჩანჩიბაძე

ასევე წაიკითხეთ