რა ვაჩუქო? რა მოსწონს? რა გაუხარდება? იქნებ ეს უკვე აქვს? ძალიან ხშირად გვაწუხებს ადამიანებს ეს შეკითხვები და ძალიან რთული პროცესია პერსონალიზებული საჩუქრების შერჩევა. ხშირად მიფიქრია, ნეტავ ახლა შემეძლოს შევიდე ერთ სივრცეში და რაიმე საინტერესო და გამორჩეული საჩუქარი შევარჩიო, ადამიანის ინტერესების მიხედვით, თუმცა, საბოლოოდ სტანდარტული და უკვე ცოტა მოძველებული, ბანალური საჩუქრების შერჩევა მიწევს, არა ბოდიში, მიწევდა, რადგან სითიმ ერთი ისეთი სივრცე აღმოაჩინა, სადაც ამ პრობლემის მოგვარებაში, იდეალურად გვეხმარებიან. მათთან ოფისში რომ მივედი, სტაფილოსფერ-მწვანე ფერებში, ისეთ ნათელ, საოცარი ენერგეტიკის მქონე გარემოში აღმოვჩნდი, ისეთი დადებითი ემოციები გამიზიარეს თითოულმა იქ მყოფმა ადამიანმა, რომ მხოლოდ მათთან სტუმრობა ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო ჩემთვის. მოგიყვებით YOLO-ს შესახებ, რომელიც ქართულ-უკრაინული სტარტაპია და მათი კონცეფცია გამორჩეული და უნიკალურია.
ეს არის შთაბეჭდილებებისა და ემოციების გაზიარების სივრცე. მატერიალური საჩუქრებისგან განსხვავებით, აქ შეძლებთ შეარჩიოთ ემოციური და შთამბეჭდავი თავგადასავლები და გამოცდილებები – პარაშუტით ფრენიდან დაწყებული კლასიკური მუსიკის კონცერტით დამთავრებული, აქ ყველაფერს იპოვით. კატეგორიები – შემოქმედება, აქტივობები, მოგზაურობა, სპორტი, განვითარება უამრავი სახის თავგადასავალს მოიცავს. ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ კატეგორიების დამატების პროცესია, უამრავი სიახლე და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გველის წინ… ვისთვის? – მამაკაცებისთვის, ქალბატონებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის თუ ოჯახისათვის. არსად მისვლა არ არის საჭირო, მათ ვებ გვერდზე, ერთ სივრცეში შეგიძლიათ ყველაფრის აღმოჩენა.
„ადამიანები არიან განსხვავებულები და მათ ინტერესებზე მორგებული საჩუქრების ძიება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მით უფრო, როცა ემოციურ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებ. შესაბამისად, როცა მსგავსი ერთიანი სივრცე არ არსებობს – ეს შესაძლებლობა ჩვენ უნდა შევქმნათ.
ინსპირაციის წყარო იყო რამდენიმე, პირველ რიგში, დამფუძნებლისა და ჩემი ხასიათი და ბუნება, ორივეს ძალიან გვიყვარს საჩუქრების გაკეთება, შთაბეჭდილებების შექმნა, გაზიარება და ამ შთაბეჭდილებების განცდა და გამოცდილება. ერთ სივრცეში, ჩვენს ვებ გვერდზე, ადამიანები შეძლებენ სასურველი კატეგორიიდან აირჩიონ საჩუქრები და საყვარელ ადამიანებს თუ საკუთარ თავებს გაუზიარონ ემოციები, შთაბეჭდილებები და გამოცდილებები. ძალიან ხშირად ჩვენი უცხოელი მეგობრები გვთხოვდნენ, რომ სურდათ საჩუქრების შეძენა, თუმცა, არა მატერიალურის, არამედ ისეთის, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებასა და ემოციას დაუტოვებდა ადამიანს და სწორედ ამისათვის შეიქმნა YOLO.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. პერსონალიზებული ემოციებისა და საჩუქრების გაზიარების გარდა, YOLO ასევე ასრულებს აფიშის როლს – ეს არის ერთიანი მედია რესურსი, სადაც შეძლებთ გაეცნოთ ყველა იმ ღონისძიებას, ფასიანს თუ უფასოს, რაც ტარდება თბილისის მასშტაბით. ადამიანებს აღარ მოუწევთ ცალ-ცალკე ვებ გვერდებსა და პლატფორმებზე ძიება, თუ რა სად ხდება, რადგან YOLO-ში გაერთიანებულია ყველა მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მთელ საქართველოს მოვიცავთ.
“სწორედ ამ ყველაფრისთვის შეიქმნა YOLO –„You Only Live Once“. ჩვენი მისიაა ადამიანებს დავეხმაროთ სიყვარულისა და მზრუნველობის გავრცელებაში და ჩვენი სლოგანით კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, შთამბეჭდავი ემოციების დროა – დაიჭირე წამი, გამოიყენე მომენტი, ისიამოვნე, გამოავლინე სიყვარული და გაუზიარე ან გამოსცადე დაუვიწყარი შთაბეჭდილება“ თამარ ხუტუაშვილი, YOLO-ს აღმასრულებელი დირექტორი
YOLO-ზე საჩუქრის შეძენისას მიიღებთ როგორც ელექტრონულ, ასევე, თუ სურვილი გექნებათ, ულამაზესად შეფუთულ ვერსიას. ამ შეფუთვამაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მათ ფერებში შექმნილ ყუთში დევს წერილი, სადაც YOLO-ს მომხმარებელი თავისი ხელით საყვარელ ადამიანს დაუწერს, თუნდაც ერთ სიტყვას და ფერადი კონფეტებით გაფორმებული ერთი ფურცელი გვამცნობს საოცარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების შესახებ – “ერთად ვიფრინოთ პარაპლანით” ან “გეპატიჟები კერამიკის მასტერკლასზე”, “ვიტრაჟული მოხატვა და მოზაიკა ხომ არ გესიამოვნებოდა?” წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი საინტერესო და იდუმალი წერილი დაიწერება YOLO-ს ბარათებზე…
— საინტერესო და გამორჩეული გამოცდილება
“ერთხელ დაგვიკავშირდა ბიჭი, რომელსაც ჩამოსდიოდა შეყვარებული საზღვარგარეთიდან და სურდა განსაკუთრებული და ორიგინალური საჩუქრის მომზადება და მოგვმართა ჩვენ. ამ წყვილს მთელი დღე YOLO-მ შეუქმნა. ჯერ ესტუმრნენ ღვინით ხატვის მასტერკლასს, შემდეგ ქართული ცეკვის გაკვეთილს და საბოლოოდ რომანტიული ვახშამიც ჩვენ დავუჯავშნეთ და საუკეთესო ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. ერთ დღეში სამი აქტივობა, სამი სხვადასხვა შთაბეჭდილება და ულევი დაუვიწყარი ემოცია…”
— თამარ, როგორ ფიქრობთ, რა არის YOLO-ს, როგორც ბრენდის მთავარი მისია?
“ჩვენი მთავარი მისიის ნაწილია, დავეხმაროთ ადამიანებს სიყვარულის გამოვლენაში. მომხმარებლების კმაყოფილებისა და ემოციების გაზიარების გარდა, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებზე და ვეხმარებით მათ თავიანთი ნიჭისა და სერვისების რეალიზებაში.
მომხმარებლების მიერ სიყვარულის გამოვლენისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისათვის განვაახლეთ, დავხვეწეთ და გავამარტივეთ ჩვენი ვებ გვერდი, სადაც შეძლებთ ყველანაირი ემოციისა და შთაბეჭდილების მოძიებას.
დღეს ყველაზე ღირებული არის ემოცია, რაც ნივთებს არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ყველა მატერიალურ საჩუქარსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ემოციები და შთაბეჭდილებები გონებიდან წარუშლელი და დაუვიწყარია. ნივთებმა შესაძლოა წაგვართვან ენერგია, ხოლო YOLO-ს დადებითი გამოცდილებები გვასწავლის, გვავითარებს და ემოციებით გვავსებს, რაც შეგვიძლია ჩვენს საყვარელ ადამიანებს გავუზიაროთ.”
გუნდის წევრებთან გასაუბრებისას იგრძნობოდა არა მხოლოდ საქმის ცოდნა, არამედ უდიდესი ინტერესი, ენთუზიაზმი და სიყვარული. აღსანიშნავი და ღირებულია, რომ YOLO-ს თბილისის გარდა, უკრაინაშიც ჰყავს გუნდის წევრები, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ პროდუქტის განვითარებაში. უმძიმესი პერიოდისა და ყოველდღიური გამოწვევების მიუხედავად, მაგალითად, როგორიცაა ელექტრო ენერგიის შეწყვეტა, ისინი აქტიურად არიან ჩართულები ემოციებისა და შთაბეჭდილებების შექმნისა და განვითრების პროცესში. როგორც თამარმა აღნიშნა, ოფისი, გუნდი და მთელი ეს საქმე არის მათი გუნდის გამაერთიანებლის, სერგიი ბილიის ანარეკლი. სწორედ ის არის ამ ერთი დიდი შთაბეჭილების ფუძემდებელი.
“ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, სამომავლოდ უამრავი სიახლე და ინოვაცია გელოდებათ. განვითარდება აფიშა, შეიქმნება მულტიფუნქციური ორგანიზატორის კაბინეტი, რომელშიც ინტეგრირდება სრული ანალიტიკური და მარკეტინგული ხელსაწყოები, რაც ძალიან კომფორტულს გახდის ღონისძიებების ორგანიზატორების საქმიანობას. ამ მომენტში, YOLO-ს მიზანია ფართოდ გაავრცელოს ახალი ტრენდი – “ემოცია საჩუქრად”. ანა სანაია, YOLO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი .
ავტორი: ელენე ბარამიძე