0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Coffeeshop Company მარჯანიშვილზე

სოფო ყანჩაველი დედაქალაქის ახალი სივრცის შესახებ

ჩვენს მშვენიერ ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი და გამორჩეული სივრცე შეემატა. ის თბილისის ძველ უბანში, მარჯანიშვილის ხუთ ნომერში, მარჯანიშვილის თეატრის ზუსტად მოპირდაპირე მხარეს გაიხსნა. წარწერა მაღალი, ლამაზი ვიტრაჟების თავზე გვამცნობს, რომ აქ ბინა Coffeeshop Company-მ დაიდო. ეს ცნობილი ავსტრიული ბრენდის უკვე მეორე სივრცეა. პირველი, უკვე ძალიან პოპულარული, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

Coffeeshop Company საქართველო

Coffeeshop Company Georgia-ს გახსნის დღიდანვე დაიგეგმა ახალი ფილიალების დამატება. ერთგვარი ვალდებულებაც კი გვაქვს აღებული ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ პანდემიამ ცოტათი შეცვალა გეგმები – გვიყვება სოფო ყანჩაველი, Coffeeshop Company Georgia -ს თანადამფუძნებელი და სიამაყით გვათვალიერებინებს ახალ, მოსაშვილის „ქოფიშოპისგან” სრულიად განსხვავებულ სივრცეს.

საქართველო Coffeeshop

– პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. მაშინ, ამოცანა იყო არსებულ რეალობასთან მორგება და მასზე გადაწყობა. ძალიან მალე შემოვიღეთ Take away და სახლში მიტანის სერვისი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად გავართვით თავი იმ რთულ პერიოდს და მაშინდელ ამოცანებს. განაგრძობს სოფო.

პანდემია დასრულდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა. მათ შორის, ბრენდის დამფუძნებლებმაც და ახლა უკვე, მანამდე დასახული გეგმის შესრულებას შეუდგნენ. მეორე ფილიალის ადგილი მოსაშვილზე არანაკლებ საინტერესო და გაშლილი უნდა ყოფილიყო. იდეალური ადგილი შეირჩა. ძველი ნაგებობა იმთავითვე იძლეოდა თავისუფლების საშუალებას დიზაინის მხრივ. სოფო ყანჩაველის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მაღალი ჭერი იყო. ჭერი მარჯანიშვილის სივრცეში მართლაც მაღალია. ფუნქციურადაც ძალიან ორიგინალურად არის დატვირთული; იქაურობას მწვანე მცენარეები მეტ სიღრმეს აძლევს, ახალი წლის ელემენტები კი, მეტ ჯადოსნურობას.

– მარჯანიშვილის Coffeeshop Company-ს, ისევე როგორც მოსაშვილის, დიზაინი ავსტრიელებს ეკუთვნით. მათ მკაცრად გაწერილი წესები აქვთ. თუმცა, სივრცის დაპროექტებისას მაინც ითვალისწინებენ იმ ქვეყნის ხასიათს, სადაც „ქოფიშოპი” იხსნება. მაგალითად, მოსაშვილის მსგავსი წითელი ლაუნჯი, რომელიც ასე შეიყვარეს ჩვენმა სტუმრებმა, არსად შეგხვდებათ, ის მხოლოდ თბილისში შეიქმნა. აქ, მარჯანიშვილზე, წითელ ფერზე უარი ვთქვით და უფრო “დამჯდარ” ფერებზე გაკეთდა აქცენტი. ყველაფერი, რასაც უყურებთ და ეხებით, ავსტრიულია – განმარტავს სოფო ყანჩაველი.

სოფო ყანჩაველი Coffeeshop

გემოვნებიანი დიზაინის მიღმა ძალიან მაღალი ხარისხი იგრძნობა. იქნება ეს მაღალი, დღეს მომხმარებელში ასე პოპულარული, სამუშაო მაგიდები, სავარძლები თუ ზეთისხილისფერი ყავის აპარატი. ეს უკანასკნელიც აქაურობის სრული ექსკლუზივია, ასეთ ფერს ვერსად ნახავთ.

სივრცე ორ ნაწილად იყოფა – შიდა სივრცე, რომლის მაღალი ფანჯრები მარჯანიშვილის ქუჩაზე გადის და გარე სივრცე. ზამთრის მიუხედავად, არანაკლებ პოპულარულია გარე სივრცე. ყველა კუთხეში დამონტაჟებული გამათბობლებისა და ძალიან კომფორტული დასაჯდომი ადგილების გამო. აქ კედლები ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მიერაა მოხატული. დახატულია თვით ბრენდის ლოგოც – ჭიქა ქაფქაფა ყავით – და საოცრად ლამაზია. მოხატულია ფანჯარა, რომელიც ერთი შეხედვით, ნამდვილი ფანჯარა გეგონებათ. ეს ყველაფერი უკვე ქართველი დამფუძნებლების სურვილი და ხელწერაა, რომელსაც ავსტრიელი პარტნიორები სიამოვნებით დასთანხმდნენ.

kanchaveli coffe

ეს ადგილი მეტია, ვიდრე უბრალოდ ყავის დასალევად შერბენა?

– დიახ. „ქოფიშოპი” მულტიფუნქციური, ტრადიციული და ამავდროულად, ძალიან თანამედროვე სივრცეა. კაფე-რესტორანია საკუთარი, ძალიან გემრიელი მენიუთი და სახელგანთქმული დესერტებით. „ქოფიშოპის” ტირამისუ აუცილებლად დააგემოვნეთ, განსაკუთრებული რეცეპტითაა შექმნილი. სავარაუდოდ, ტირამისუს განსაკუთრებულ გემოს ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი – ყავა აძლევს.

ბრენდი თავისი ისტორიის გამოა ტრადიციული. ეს ტრადიცია იგრძნობა ხარისხში, ინტერიერში, ნებისმიერ პროდუქტში, რომელსაც აქ ნახავთ.

Coffeeshop Company Georgia

თანამედროვე კი, ის მისი კონცეფციითაა. დღისით აქ მაგიდებთან მომუშავე ადამიანებს შეხვდებით. ყველას თავისი ამოჩემებული ადგილი და ყავა აქვს. ზოგს ვიტრაჟთან ჯდომა და ფეხით მოსიარულეების თვალიერება უყვარს, ზოგს შესასვლელთან ახლოს, მაღალ და ფართო ხის მაგიდასთან მოსწონს კონფერენც-ზარების განხორციელება (სტუმრის სამუშაო რეჟიმს „ქოფიშოპის” გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს და თუ საჭიროა, მუსიკაც ძალიან დაბალ ხმაზე იქნება დაწეული, ჩართვამ რომ მუსიკის თანხლებით არ ჩაიაროს). შედარებით ხმაურიანები და ენერგიულები გარე სივრცეში ინაცვლებენ. სვამენ ცხელ და გემრიელ ყავას, ხმამაღლა განიხილავენ სხვადასხვა თემას.

„ქოფიშოპ კომპანის” 18 სახეობის ყავა აქვს

Coffeeshop Company

– ყველას თავისი აქვს ამოჩემებული. მე კაპუჩინო მიყვარს, საშუალო ზომის. თავიდან ჩვენი მომხმარებელი ზომებმა დააბნია. გვაქვს დიდი, საშუალო და მცირე ზომის ჭიქები. ახლა ყველას გემოვნება დალაგდა. თბილისში, ძირითადად, საშუალო ზომის ჭიქებში ჩამოსხმული ყავა უყვართ – ყვება სოფო და თავისთვის ჩაის უკვეთავს.

Coffeeshop

გიყვართ ჩაი?

– უფრო ყავა, დღეში რამდენიმე ჭიქას ვსვამ. მაგრამ, დღეში ერთხელ, აი, ამ ჩაის აუცილებლად მივირთმევ თაფლით, ჯინჯერითა და დარიჩინით.

პაწაწინა „ქოფიშოპ” სივრცე, „ქოფიშოპ კომპანის” კონცეფციით, სახლშიც შეგიძლიათ შეიქმნათ. 18 სახეობის უმაღლესი ხარისხის ყავიდან შეიძენთ ასპროცენტიანი არაბიკას ყავას, ჩაის და უამრავ ძალიან ორიგინალურ და პრაქტიკულ აქსესუარს. აქსესუარებში დღესაც ლიდერობს “ქოფიშოპ კომპანის” ე.წ. ორმაგი ჭიქები, შიგნიდან სითბოს რომ ინახავს და გარედან სიგრილეს ინარჩუნებს. ეს გამჭვირვალე ჭიქები ყველაზე მეტად უხდება საშობაო და საახალწლო დღეებს. მათ გარდა, აქ მოსულ სტუმარს სხვადასხვა სახის თერმოსების, სიროფების, საფირმო შოკოლადებისა და სხვა პროდუქციის შეძენაც შეუძლია.

დეკემბრის შუა რიცხვებში, Coffeeshop Company-ს მარჯანიშვილის სივრცის პრეზენტაცია მოეწყო. სტუმრების აღფრთოვანებით ბედნიერი დიასახლისი დაგვპირდა, რომ ასეთი საღამოები ახალ სივრცეში ხშირად გაიმართება.

sopho kanchaveli

რა გეგმებია წინ?

– წინ ახალი ფილიალების გახსნაა. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ფილიალი ამ მასშტაბის იყოს. აუცილებელი სხვა რამეა – ზუსტად იყოს გადმოცემული „ქოფიშოპ კომპანის~ ხასიათი და კონცეფცია – ხარისხიანი და თანამედროვე სივრცე.

როგორს ხედავთ Coffeeshop Company Georgia-ს 5 წელიწადში?

– ხუთ წელიწადში? ალბათ უფრო ადრეც. ბევრი ლამაზი ფილიალით როგორც ჩვენს დედაქალაქში, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში!

ავტორი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: LIG Studio

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ