0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მარინა ჩაიკას მეომრის სულისკვეთება

უკრაინაში ომის დაწყების შესახებ დედისგან გაიგო სატელეფონო ზარით, დილას ადრე. პირველივე შეგრძნება რაც დაეუფლა, მეომრის სულისკვეთება იყო და არანაირი შიში. შემდეგი ფიქრი იყო შვილზე, მაშაზე. სკოლაში წასულს, არასწორი ინტერპრეტაცია არ მოესმინა რომელიმე თანაკლასელისგან. დამრიგებელს დაურეკა და სთხოვა, რომ ომის შესახებ ბავშვებს არ ესაუბრათ. მხოლოდ სახლში დაბრუნებულმა გაიაზრა, რომ უკან, სამშობლოში, ახლა ვერ დაბრუნდებოდა, ვერ იბრძოლებდა და ამ უძლურების საზარელი შეგრძნებისგან კივილი უნდოდა …

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და საზარელი ომის გამოცხადებამდე, მარინა ჩაიკას ცხოვრება კარდინალურად განსხვავებული იყო თავისი საქმიანობით, მიზნებითა და სურვილებით…

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების,ძალიან წარმატებული პროექტის, Welcome to Georgia, დამფუძნებელი, მარინა ჩაიკა ბოლო წლებია საქართველოში ცხოვრობს თავის შვილთან – მაშასთან ერთად. ამ ხნის მანძილზე უამრავი ქართველი მეგობარი შეიძინა და უზომოდ შეიყვარა აქაურობა. იცის ადგილობრივი რეალობის თითქმის ყველა ნიუანსი და უამრავი გეგმა აქვს.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე მარინას თითქმის არავისთან სურდა კომუნიკაცია. არ სურდა, რადგან ის ტკვილი, მის უკრაინას და უკრაინელებს რომ დაატყდა თავს, თავის თავშივე უნდოდა რომ გაეაზრებინა და გამკლავებოდა. სულ ასეა მიჩვეული – ჯერ თვითონ უნდა იყოს ძლიერი, შრომისუნარიანი და მოტივირებული, რომ მერე სხვებს გამოადგეს და ძალიან კარგი საქმეები აკეთოს. ეს პაუზა დიდხანს არ გაგრძელებულა. მარინამ და მისმა მეგობრებმა 28 თებერვალს, თბილისში, უკვე პირველი საქველმოქმედო – ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გახსნეს ფალიაშვილის 60 ნომერში.

marina chaika ukraine

– კაფე L’éclair de Génie – ში სასწრაფოდ შევიკრიბეთ მეგობრები უკრაინის დასახმარებლად რაიმე რომ მოგვეფიქრებინა. კაფეს მეპატრონე – ზაზა ქასაშვილი, რომელსაც მეუღლე ჰყავს უკრაინელი, პარალელურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით მე, ზაზა და კიდევ არაერთი ჩვენი მეგობარი. ასე რომ, ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ჯგუფი, 10 -მდე ადამიანისგან შედგა. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს ფალიაშვილის 60 ნომერში სარდაფი ავიღეთ. ზაზამ ნახა ეს საწყობი. ვიდექით ცარიელ შენობაში და ვიძახდით, რა არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? ..კი ბატონო, ჩვენ შევაგროვებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ საჭიროა მისი მიწოდების უზრუნველყოფა. მეუბნებიან – მარინა, საჭიროა თვითმფრინავი. კი ბატონო, თვითმფრინავი! და, მეც დავუწყე რეკვა ყველას, დაწყებული მთავრობიდან, დამთავრებული კერძო ბიზნესით. უბრალოდ, ყველა კონტაქტს ვიყენებდი, ვისაც დახმარება შეეძლო. იმ მომენტში,საქართველოში, უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს UNICEF – ის საქართველოს წარმომადგენლობასთან. არავინ არაფერზე უარი არ მითხრა. ყველა ყველაფერს უფასოდ გვაძლევდა, გვიგზავნდნენ მოხალისეებს. ძალიან დაგვეხმარა, საინფორმაციო მხარდაჭერით, ნინო ქათამაძე. ის, სხვადასხვა ტელევიზიასა და რადიოში მიდიოდა და ჩვენი ჰუმანიტარული პუნქტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ხალხს.

ფალიაშვილის 60 ნომერში მდებარე საწყობის გარდა, თბილისში გახსნეს ჰუმანიტარული დახმარების სხვა პუნქტები, სხვადასხვა მისამართზე. მათთან თანამშრომლობენ სხვა საკოორდინაციო დახმარების ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და გაგზავნაზე მუშაობენ. ყველა ჯგუფი ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციაშია. უკრაინის საელჩოს, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის ჩართულობით, შეგროვებული დახმარება ერთიანად იგზავნება უკრაინაში.

– ამჟამად, უკრაინაში ყველაზე მეტად მედიკამენტები, ბავშვის კვება, პამპერსები, დედებისა და ქალებისათვის ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროებათ. თავიდან, თბილ ტანსაცმელს გვთხოვდნენ, მაგრამ ახლა უკვე, ამის საჭიროება აღარ არის, რადგან ჰუმანიტარული დახმარება ძალიან ბევრი ჩავიდა უკრაინაში.

პირველი ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავით გავაგზავნეთ. ახლა უკვე, სატვირთო მანქანებით ვატანთ, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. მინიმუმ, 10 დღე სჭირდება სატვირთოს, რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს. ამას გარდა, არის შემთხვევები, როდესაც მათ, უკრაინაში ჩასულებს, გზაზე ცეცხლს უხსნის რუსეთის ჯარი.

მარინა ჩაიკა

გარდა ჰუმანიტარული საქმიანობისა, მარინა მუდმივ კავშირზეა თავის ოჯახთან უკრაინაში და მეგობრებთან. ის თბილისიდან უკრაინაში ხშირად აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, ვისაც რა საჭიროება აქვს იმის და მიხედვით. დედ-მამა, ძმა და მისი ოჯახი ახლა კიევთან ახლოს იმყოფებიან.

– ახლა ვარ დაკავებული იმ პროცესით, რომ ჩემი რძალი და ძმისშვილები გამოვიყვანო უკრაინიდან და ჩამოვიყვანო აქ, ჩემთან, თბილისში.

ახლა იქ კომენდანტის საათია და მათი გამოყვანა არავის შეუძლია. როგორც კი უსაფრთხო ტრანსპორტირების შესაძლებლობა მიეცემათ, ვფიქრობ, შეძლებენ გამოსვლას.

ჩემმა ძმამ, ომის დაწყების დღეს, როგორც კი გაიგო პირველი აფეთქების ხმები, დილის 5 საათისთვის, ოჯახთან ერთად კიევი დატოვა. ისინი ჩემს მშობლებთან წავიდნენ კიევთან ახლოს, 100 კილომეტრის დაშორებით. რძლის მშობლებიც იქვე ახლოს ცხოვრობენ. ახლა იქ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოა. სირენებისა და აფეთქებების დროს, ჩემი მშობლების სახლის სარდაფში აფარებენ ხოლმე თავს. მათ გარდა, ჩვენს თავშესაფარში ბევრი ბავშვი მოჰყავთ. მათ შორისაა 10 თვის პატარა.

welcome to georgia founder

მარინას მამა ადრე, დიდი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყო. კიევის რეგიონში მას არაერთი კორპუსი აქვს აშენებული. ხოლო საკუთარ სახლში, როგორც პროფესიონალმა მშენებელმა, კაპიტალური სარდაფი ააშენა, რომელიც ახლა მათ კარგ თავშესაფრად გამოადგათ.

“მამა, იმდენს ხუმრობდი ამ სარდაფზე, ნამდვილი თავშესაფარიაო, – ტელეფონით ვეუბნები – რომ რომ ახლა ნამდვილად ასე არის – მეთქი. რომ წარმოვიდგენ კიევის რეგიონში ბევრი მისი აშენებული კორპუსი როგორ ნადგურდება, წარმომიდგენია როგორ განიცდის.”

მარინას ძმა სამხედრო მოხალისეა უკრაინაში და ძირითადად, ღამ-ღამობით უწევს მორიგეობა. და-ძმის სატელეფონო საუბრის თემა ახლა საომარი ვითარება და იქ, ადგილზე, სხვადასხვა საჭიროებებია. მარინა ყველაფრის საქმის კურსშია და ნაცნობ მოხალისეებს ხშირად აკავშირებს ხოლმე მასთან.

ყოველდღიურად კითხულობს მარინა უკრაინაში მყოფ მეგობრებსა და მათ ოჯახებზე. როგორც კი რომელიმე მათგანისგან სატელეფონო შეტყობინებაზე პასუხი ყოვნდება, იწყებს გამოკითხვას საერთო ნაცნობებთან, რომ გაიგოს მშვიდობიანად არიან თუ არა ისინი. ზოგიერთი მათგანი, პირველივე დღიდან, სარდაფებსა და თავშესაფრებს აფარებს თავს. ყველამ, ვისაც შვილები ჰყავს, გაიყვანა ოჯახები უკრაინიდან ან ქვეყნის დასავლეთს შეაფარა თავი. ისე გამოვიდა, რომ მარინას მეგობრები, თითქმის ყველა, სხვადასხვა ცხელ წერტილში აღმოჩნდა.

“მე მჯერა სამართლიანობის და სიმართლის. რა თქმა უნდა, უკრაინა გაიმარჯვებს.

უკრაინა გადალახავს ამ ბოროტებას და გახდება უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი, უფრო წარმატებული. თუმცა, უდიდესი ტკივილის ფასად გვიჯდება ეს ომი.”

მარინას საზრუნავი და სამსახური ახლა მისი ქვეყნისა და თანამოქალაქეების დახმარებაა. ძირითადად, უამრავ საქმეს აკეთებს ისე, რომ არ ახმოვანებს. რა თქმა უნდა ნატრობს, რომ ძალიან მალე ომი დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით, მაგრამ იქამდე, არ ნებდება. რასაც შეძლებს მისი საყვარელი თბილისიდან, ყველაფერს გააკეთებს სამშობლოსთვის.

ავტორი: თეა ხოფერია

ტანსაცმელი: Aka Nanita

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ