თამუნა ქორქია, მოდელი
თამუნა, რომელი სეზონია შენთვის გამორჩეულად საყვარელი, ზამთარი თუ ზაფხული, რატომ?
მიყვარს ზაფხული. ის ჩემთვის ზღვასთან ასოცირდება…. სხვაგვარად ბედნიერი ვბრუნდები ზღვის სანაპიროდან….ვერ ვხვდები ბედნიერების მიზეზს. ჩემთვის ყოველი დღე განსაკუთრებული და ჯადოსნურია. შეყვარებული ვარ ცხოვრებაზე.
ხანდახან ძალიან მიყვარს ზღვაზე მარტო ყოფნა. მუსიკა, ზღვა, მზე, წიგნი … მეტი არაფერი.
თამუნა, სად და როგორ დაისვენე ზაფხულში?
ზაფხულში ვახერხებ დასვენებასაც და გართობასაც…..
წელს სამჯერ ვესტუმრე ბათუმს. პირველი წასვლა აღდგომის პერიოდში მოვასწარი. ბათუმი ასეთი მშვიდი არ მახსოვს. ძალიან მომეწონა ამ დროს ზღვა. სწორედ ასეთი ბათუმი მიყვარს.
ზაფხულის მიწურულს კი, წავედი ავსტრიაში, ჩემს მეგობრებთან ერთად.
ზაფხული, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
ჩემთვის ყველა დღე დღესასწაულია. ვერ გამოვარჩევ და ვერ გამოვყოფ ასე, ერთ ზაფხულს. ერთ-ერთი ზაფხული დასამახსოვრებელია ჩემი დისშვილის, ნუცა რამიშვილის დაბადებით, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. ეს გოგო ბავშვობიდან განსხვავებული ემოციის მატარებელია ჩემთვის. მთელი ცხოვრება მაბედნიერებს.
სწორედ წელს, ზაფხულში, ნუცას ჯადოსნური ქორწილიც აღვნიშნეთ, რაც ჩემთვის ძალიან დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული.
თუ გაქვთ მომავალი ზაფხულის გეგმა?
არასდროს არ ვიცი მომავალი გეგმების შესახებ. არ ვგეგმავ ხოლმე. ცხოვრება რა სიურპრიზს მიმზადებს, არ ვიცი. შეიძლება ჩემი სამომავლო გეგმა ერთ წამში ამოყირავდეს.
ტექსტი: ქეთა მიქელაძე