0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Studioline – ახალი ბრენდი “სითიში”

პირველად “სტუდიოლაინმა” ონლაინ სივრცეში ზაფხულში გამოანათა. ლამაზი ფერებისა და სილუეტების კადრები ინსტაგრამსა და ფეისბუქ გვერდებზე საზაფხულო მოგზაურობების განწყობას ქმნიდა. მისი ავტორი ახალგაზრდა და ძალიან წარმატებული საქმიანი გოგო, ორი შვილის დედა, სოფო სულაძე გახლავთ.

ამ სფეროში სოფო საკმაოდ დიდი ხანია. საქმეს, როგორც ამბობენ, ორივე მხრიდან კარგად იცნობს. დიზაინი და სტილი მთელი მისი ცხოვრებაა. მარკეტინგი – პროფესია და სამსახურიც. “სტუდიოლაინის” წარმატება სწორედ ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა.

ადგილობრივი პროდუქცია და ქართველი დიზაინერების ერთგვარი მხარდაჭერა ჩვენთან უკვე საკმაოდ დამკვიდრებული კულტურაა და მე ეს ძალიან მომწონს. თუმცა, ძალიან ხშირად გამიგია, რომ ხარისხი ფასის არაადეკვატურია. ჩემი მთავარი სურვილი და მიზანი მაღალი ხარისხის ქსოვილებსა და მასალებზე მუშაობა იყო. ეს იაფი არ არის, მაგრამ ამის გარეშე დღეს ბაზარზე დამკვიდრება ძალიან რთულია. თანამედროვე ქალი ძალიან გარკვეული და ინფორმირებულია. ის ლამის ფოტოებიდან ცნობს ქსოვილის ხარისხს. შეიძლება ერთხელ შეცდეს, იყიდოს, მაგრამ თუ სამოსი კომფორტული და ხარისიანი არ არის, მას მეორედ არასდროს შეიძენს.

პირველადი ამოცანა შესრულებულია – “სტუდიოლაინი” ძალიან მაღალი ხარისხის თანამედროვე მოდის მიმდევარი ბრენდია. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, ყველა მასალა წინასწარ უმკაცრეს კონტროლს გადის. დიდი ყურადღება ეთმობა ტანსაცმლისა და განსაკუთრებით, ფეხსაცმლის კომფორტულობას.

სიახლე ამ ფერად ბრენდთან დაკავშირებით კი ისაა, რომ ონლაინ სივრციდან ის უკვე მაღაზიებში ინაცვლებს. მომზადდა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. ის თანამედროვე ქალისთვისაა, რომლის საქმიანობას ასაკი და სტატუსი არ ზღუდავს. ამ ქალებსა და გოგოებს “სტუდიოლაინმა” ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც გადაუწყვიტა – საქმიანი კოსტიუმების ძალიან ფართო არჩევანი შესთავაზა სტილის, ტექსტურისა და ფერების მიხედვით. კოსტიუმების გვერდით ლამაზი კაბებია. თანაც, უნივერსალური – დღის მანძილზე პიჯაკზე მოირგებ საქმიანი შეხვედრებისთვის, ხოლო საღამოს – წვეულებებსა თუ პრეზენტაციებზეც გამოგადგებათ. აუცილებლად კარგად დაათვალიერეთ პალტოები, ტრენჩები და ფეხსაცმელები. აქ მთელი არსენალია მრავალფეროვანი სამუშაო კვირისა თუ უქმე დღეების დასაგეგმად. “სითის” საშემოდგომო ნომრისთვის “სტუდიოლაინის” ფოტოპროექტი მომზადდა. მისი პრეზენტაცია ოთხ საინტერესო ქალს ვანდეთ. ვიწყებთ სოფო სულაძით.

სოფო სულაძე – Studioline-ის დამფუძნებელი

მიუხედავად ოჯახისა და საინტერესო სამსახურისა, ყოველთვის მქონდა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. მინდოდა შემექმნა საკუთარი ხაზი. ამაზე ფიქრი ღრმა ბავშვობიდან დავიწყე. მიზნად დავისახე საკუთარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზის შექმნა. ვიცოდი დიდი შრომა და ენერგია დასჭირდებოდა ამ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ძალიან რთულ, პანდემიის პერიოდში აქტიურად დავიწყე ბრენდის პლატფორმაზე მუშაობა. ეს დრო გამოვიყენე საქმის წამოსაწყებად.

Studioline ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ჰობი. მაქსიმალურად ვიხარჯები, რომ ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანო. ვმონაწილეობ თითოეული დეტალის შექმნაში. კოლექციას თავიდან ბოლომდე თვითონ ვქმნი. ვარჩევ ქსოვილებს, უშუალოდ ვარ ჩართული წარმოების ყველა ეტაპზე.

ბრენდი, რომელიც შევქმენი, მოდის ტენდენციებსა და ხარისხს აერთიანებს. Studioline ორიენტირებულია საქმიან და მიზანდასახულ ქალებზე, რომლებიც მუდმივად მიისწრაფვიან განვითრებისკენ. ვფიქრობ, Studioline იდეალური გადაწყვეტილებაა ელეგანტური, კომფორტული და საქმიანი ვიზუალის შესაქმნელად. ამ ეტაპზე იქმნება ქალის პრემიუმ კლასის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც შესანიშნავად შეესაბამება ნებისმიერი თანამედროვე “ბიზნეს ლედის” ყოველდღიურ გარდერობს. ჩემთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხსაცმლის წარმოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან დახვეწილ ვიზუალთან ერთად, ვფიქრობ, აუცილებელია იყოს პრაქტიკული. ბრენდი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არის handmade და იწარმოება საქართველოში 100%-ით ნატურალური მასალისგან. ის აერთიანებს როგორც კლასიკურ, ასევე ყოველდღიურ მოდელებს.

ჩემი მიზანია Studioline საზოგადოებაში ასოცირდებოდეს ხარისხთან და სიმარტივესთან, რადგან ვთვლი, ქალის ბუნებრივ სილამაზეს ყველაზე მეტად სადა, დახვეწილი და ხარისხიანი სამოსი უსვამს ხაზს. მინდა ამ ბრენდის მეშვეობით ქალებმა თამამად გამოხატონ საკუთარი თავი, ემოციები და თავდაჯერებულად შეხვდნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს.

ანი ფურცელაძე, CEO SC CAPITAL GROUP-ის აღმასრულებელი დირექტორი

ზოგადად, ქართველი დიზაინერების დიდი გულშემატკივარი და მომხმარებელი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს მათი წარმოჩენა საზღვარგარეთ. იქ ბრენდით ვერავის გააკვირვებ, ყველაფერი ხელმისაწვდომია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს “დრეს კოდის” დაცვა და ჩემს საქმიან იმიჯზე ზრუნვა. ასე რომ, საქმიან გარემოში სტილიც შეზღუდული მაქვს და ფერების არჩევანიც. “სტუდიოლაინის” დახვეწილი და ლამაზი ტანისამოსი მაძლევს საშუალებას გამოვიყურებოდე ტრენდულად და ელეგანტურად. მინდა მეტად გაგვანებივროს მისი მომხმარებლები ლამაზი და კომფორტული ტანისამოსით თუ ფეხსაცმლით, რომელიც საქმიან შეხვედრებსა თუ მეგობრულ გარემოში თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

თეონა თავართქილაძე, BEAUTY AND THE BOX დამფუძნებელი

ტანსაცმლის არჩევისას ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ვიზუალი, ხარისხი და კომფორტი. ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ბრენდი, რომელსაც Studioline – ჰქვია, აერთიანებს. რაც მთავარია, არის ქართული, თანამედროვე და კლასიკური. ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო სოფოს. ასევე, ვუსურვებ ჩემსავით კმაყოფილ ბევრ მომხმარებელს.

ლიკა კვარაცხელია, ტელეწამყვანი

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახალია, ძალიან ხარისხიანი და გემოვნებიანია როგორც შესრულება, ასევე ქსოვილები. მისი ლამაზი ფერებითა და სისადავით ნამდვილად მოხიბლული ვარ. STUDIOLINE-ს ბევრ მომხმარებელსა და წარმატებას ვუსურვებ.

ბრენდის შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ DRESSUP-ჯგუფის მულტიბრენდულ მაღაზიებს.

JEANS GALLERY /FACTORY “მერანი” – რუსთაველის გამზ. 42

FACTORY – “თბილისი მოლი” მეორე სართული – დ. აღმაშენებლის ხეივანი – მე-16კმ.

ასევე, ბრენდი გთავაზობთ ონლაინ მომსახურებას. ყიდვის შემთხვევაში გამოიყენებთ უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

dressup.ge/en

ავტორი: ქეთა მიქელაძე

ვიზაჟი: ნინო მარტაშვილი

გადაღების ადგილი: სასტუმრო “თბილისი”

ასევე წაიკითხეთ