ნინო სურგულაძის DOLCE VITA

ამი წლიდან სახლში მონო სპექტაკლებს დგამდა. შოუ კოსტიუმირებული იყო და მუსიკის ელემენტებსაც შეიცავდა. თუმცა, იყო ოცნება მეორე პროფესიაზეც. რადგან ექიმების ოჯახში ცხოვრობდა, ის “სამედიცინო ლექციებსაც” ატარებდა. აუდიტორია მუდმივად ჰყავდა – ოჯახის წევრები და მეზობლები. ნინოს ამ სასცენო და სამედიცინო პერფორმანსებს, საჩუქრებად ტკბილეული და ორცხობილები მოჰყვებოდა სტუმრებისგან. გავიდა წლები და ნინოს აუდიტორია გაიზარდა. პატარა ეზო დიდმა საერთაშორისო სცენამ შეცვალა. ახლობლების ტაში კი, დაუსრულებელმა ოვაციებმა.

ნინო სურგულაძე დღეს უკვე მსოფლიო საოპერო ოჯახის ერთ-ერთი მთავარი წევრია.

პირველი როლი

პირველი გამოსვლა კარგად მახსოვს, ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა, სადაც ძალიან საინტერესო და ნიჭიერი სპეციალისტები მუშაობდნენ. კახელის როლი, კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის “ქინქლა ბუზში” შვიდი წლის ასაკში შევასრულე. მართალია წინა ორი კბილი მაკლდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი სიმღერის დასასრულს, “ტასიიი”-ს შეძახილს. სცენა მაგნიტივით მიზიდავდა და მაბედნიერებდა. დიდი სიხარულით და პასუხისმგებლობით ვემზადებოდი სპექტაკლებისთვის. ამის შემდეგ იყო დავით ტურიაშვილის არაჩვეულებრივი მიუზიკლი, ფერადი და კოსტიუმირებული “პეპი გრძელი წინდა~. დუეტებით, ტერცეტებით, გუნდით და სოლოებით, ბალეტით… პეპის პერსონაჟი ჩემთვის განსაკუთრებული და სამაგალითო იყო. სუპერშესაძლებლობების მქონე გოგონა – ძლიერი, სამართლიანი, კეთილი და დამოუკიდებელი.

სურგულაძე ნინო

სპექტაკლი სცენიდან სატელევიზიო სივრცეში გადავიდა, სადაც, პირველად, კამერებთანაც მქონდა შეხება. ეს პროცესი ძალიან, ძალიან მომეწონა და ზუსტად ვიცოდი, რომ სწორედ იქ ვიყავი, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა. ამ ყველაფერში ხელი ოჯახმა შემიწყო. განსაკუთრებით დედამ, ნუნუმ, რათა მაქსიმალურად შემძლებოდა ყველა შესაძლებლობის რეალიზება.

ვფიქრობ, პირველი შეხვედრა სცენასთან მაგიურია, პირველი სიყვარულივით. თუ ეს შენი სამყარო და სივრცეა, მაშინვე იგრძნობ, რა ასაკისაც არ უნდა იყო.

“მეტიჩარა”

“მეტიჩარა” ბედნიერ წლებთან და კვლავ ბავშვობასთან არის ასოცირებული. ლანა ღოღობერიძის ფილმი, რომელიც სავსეა სიკეთით, ადამიანური ფასეულობებით, სიმსუბუქით, ადამიანის და ცხოველის მეგობრობის მნიშვნელობით და რაც მთავარია, სიყვარულით!

ნინო სურგულაძე მომღერალი

მაშინ სულ სხვანაირად იღებდნენ ფილმებს. ეს პროცესი შეიძლებოდა წლები გაგრძელებულიყო და შენ შენს კინოგმირთან ერთად იზრდებოდი და იხვეწებოდი. ყველაფერი უფრო მარტივდებოდა და მშვენიერდებოდა იმის გამო, რომ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი დაკომპლექტებული იყო არაჩვეულებრივი ადამიანებით და დიდი პროფესიონალებით. ვიღებდით თბილისში, გაგრასა და ბათუმში. მართლაც ბედნიერი წლები იყო…

“მეტიჩარადან” სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ყველა მცნობდა.

მეტიჩარა შემერქვა და მას მერე დამრჩა კიდეც ეს მეტსახელი.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ცხოვრება გადაწყვეტილებებით და შემდეგ მათი შედეგებით არის სავსე. ჩემთვის, როგორც სასწორისთვის, ყოველთვის ძალიან რთული იყო გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, როდესაც ინტუიციით გრძნობ რომ ეს სწორი და დროული გადაწყვეტილებაა, ალბათ, უნდა მიენდო და გადაეშვა…

და შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. მთელი რიგი თავგადასავალი, ღიმილი და სევდაც. მოკლედ, ცხოვრება.

surguladze nino

მნიშვნელოვანი იყო კლასიკური ჟანრის მუსიკის და არა სხვა გზის არჩევანი, თუნდაც, თეატრალურის ან ჟურნალისტიკის.

მნიშვნელოვანი იყო და არის ის, რომ მიუხედავად ჩემი “მოძრავი” პროფესიისა, მაინც საქართველოში, სამშობლოში ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ ამით.

მნიშვნელოვანი იყო ფონდის “ნატვრის ხე” დაარსება, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აძლევს შანსს ჩაერთოს სიკეთის ფერხულში. განსაკუთრებულია სიკეთის კეთებით მოსული ბედნიერება.

ლა სკალა

გასაოცარი იყო პირველი შთაბეჭდილება, როდესაც დავინახე სკალას გარე ფასადი. საოცრად სადა და მკაცრი. გამიკვირდა. ველოდებოდი რაღაც გრანდიოზულს. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული. სკალას არ სჭირდება პომპეზურობა… ის იმდენად დიდ ტრადიციას, შინაარსს და ისტორიას ატარებს, რომ მისი სისადავე მისი მნიშვნელობის სიდიდის პირდაპირპროპორციულია.

ბედნიერებაა როცა სკალას ოჯახის წევრი ხდები. იცნობ მის სამზარეულოს და როგორც ხელოვანი, მის კედლებში იზრდები და იხვეწები. საშუალება გაქვს იმუშაო დიდ მაესტროებთან საინტერესო როლებზე, შეხვდე დიდ რეჟისორებს, კოლეგებს, მხატვრებს და ასე შემდეგ. იძენ დიდ გამოცდილებას, გაქვს ცხოვრების სპეციფიკური რიტმი და სტილი. ნამდვილი იტალიური სული, გაჯერებული დიდი კულტურით და ტრადიციით.

nino surguladze

სკალა დიდი ტრამპლინია ახალგაზრდა ხელოვანისთვის, დიდი გვირგვინი და ასევე, გამოცდა კარიერის პიკში მყოფი შემსრულებლისთვის.

მადლიერი ვარ ამ თეატრის, სადაც ფეხი ავიდგი, დისციპლინა და საქმისადმი თავდადება ვისწავლე.

ყველა სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩემს მახსოვრობასა და გულში.

სკალა უნიკალური თეატრია თავისი უნიკალური მაყურებლით.

არასდროს დამავიწყდება…

სულ მახსოვს მამასთან, დათოსთან, საუბრები ჩემს სასთუმალთან მოყვასის სიყვარულზე, ცხოვრებაზე, გალაქტიკაზე და უთვალავ ვარსკვლავზე… და ასევე, მუდამ მემახსოვრება, უკვე მის სასთუმალთან, მისი ბოლო გამოხედვა. სავსე განშორების ტკივილით და სიყვარულით. ეს ცხოვრებაა… ტკივილით და სიყვარულით სავსე. მჯერა, რომ უსასრულობა არსებობს იქ, უფალთან, სადაც სიყვარულია და ყველაფერი უნაკლოა. აქ კი, მხოლოდ არჩევანია სიკეთესა და ბოროტებას შორის. და ეს არჩევანი სიცოცხლის ბოლომდე გვაქვს… მე ჩემი არჩევანი გავაკეთე. ეს სიყვარულია!

ცხოვრება 40 წლის შემდეგ, ანუ DOLCE VITA

ბევრჯერ გამიგია, რომ ცხოვრება, თითქოს, 40 წლის შემდეგ იწყება. ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საკითხს ადრე და ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. ორმოცის შემდეგ იწყება სწორედ ცხოვრება. უფრო სწორად, ეტაპი, როდესაც ბევრი რამ არახალია თან, ჯერ კიდევ ენერგიული და ახალგაზრდა ხარ, დაღვინებული და ცხოვრებას სულ სხვანაირად იღებ, მთელი თავისი პალიტრით. ალბათ ამიტომ არის “დოლჩე”, იგივე ტკბილი, რადგან მშვიდი ხარ და სულ სხვანაირად ეწაფები მას.

თუ ამ ასაკში მყარად დგახარ ფეხზე, ესე იგი ეს 40 წელი სწორად მოდიოდი. თუმცა, ამის გარანტია არავის გვაქვს, რადგან არ ვიცით რა გველის ხვალ.

40 მისტიკური რიცხვია და განსაკუთრებული. განსაკუთრებულად მიედინება ეს პერიოდი. ალბათ, სწორი დასკვნების და ბევრი სიყვარულის დროა.

ტყუპები

აქამდე მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დატვირთული იყო, აქტიური ადამიანი ვიყავი, ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, ამ ბავშვების გამოჩენამ სამყარო გადააბრუნა და სრული გადატრიალება მოახდინა ჩემში… მიზნებში, სამყაროსადმი დამოკიდებულებაში დაბოლოს, საკუთარი მისიის მიმართულებაში…

ერთი რამ დავინახე და ვიგრძენი ნათლად, ალბათ, როგორც ყველა მშობელმა – აი, რა ყოფილა და სად არის ცხოვრების აზრი და მთავარი მოტივი.

უფერულია ამ გრძნობასთან ყველაფერი და მასთან ერთად ყველაფერი ფანტასტიკაა.

ნინო სურგულაძე

მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს ბედნიერება გამოგვაცდევინა მე და გიორგის, ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდითაა და მაბედნიერებს. სწორედ ამ სიყვარულის შედეგია ზაქარია და ნატალია. ტყუპებმა სრულიად შეცვალეს ჩვენი ცხოვრება.

მადლობა უფალს. მეტი რა ვთქვა….

თათა მეტივიშვილი – FULL MOON SHOOTS STUDIO

სამოსი: ქეთი ჩხიკვაძე, თამუნა ინგოროყვა

მაკიაჟი: ლანა მატახერია

ასევე წაიკითხეთ