Georgia Fashion Week – ქართული მოდის საერთაშორისო ეტაპი

მოდა არ არის მხოლოდ ტანისამოსი – ეს არის ენა, რომლითაც ქვეყნები ერთმანეთს საკუთარ იდენტობას, კულტურასა და ხელოვნებას უზიარებენ. დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა საკუთარი გამოცდილებით, რთულად განვლილი გზითა და შემოქმედებითი პრაქტიკით “საქართველოს მოდის კვირეული” მომავალი თაობისთვის ახალ შესაძლებლობად აქცია.

Tinatin Magalashvili

მეშვიდე სეზონი დასრულდა.  თბილისმა მოდის სფეროს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვსაუბრობთ კოლექციების კონცეფციასა და დიზაინერების ხელწერაზე, დიდ წარმატებაზე და იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს ამბავი ჯერ კიდევ პანდემიის დროს. დეტალებზე „სითი“ „საქართველოს მოდის კვირეულის“ დამფუძნებელს, თინათინ მაღალაშვილს შეხვდა.

Tamone

– როგორ ჩაიარა „საქართველოს მოდის კვირეულის“ მეშვიდე სეზონმა?

დიდი საერთაშორისო გამოხმაურებისა და მრავალფეროვანი კოლექციების ფონზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერები და სტუდენტები. 23 ჩვენება გაიმართა. ერთ-ერთი იყო კაფსულ კოლექცია. წარმოდგენილი იყვნენ ყირგიზეთის „კომპას კოლეჯის“ სტუდენტებიც. ჩვენი პარტნიორია კოლეჯი “მოდუსი” რუსთავიდან და მათ შორის შეხვედრა შედგა. იმედია, ეს დიდ თანამშრომლობაში გადაიზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოლექციებს ემჩნეოდეს დიზაინერის ხელწერა, კონცეფცია და იდეა. იმუშავეს “რებელ სტუდიოს” და “სინერჯი სტუდიოს” გუნდებმა, რომლებმაც ვიზუალი მაკიაჟითა და ვარცხნილობით შექმნეს. სტუმრები გვყავდა პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან…”

Íanagi

ვიზუალური ესთეტიკა და საერთაშორისო პარტნიორობა

წელიწადში ორი სეზონი ნიშნავს ორ ახალ კოლექციას და მზადყოფნას. მერვე, ნოემბრის სეზონისთვის მზადება  მიმდინარეობს, იგეგმება იტალიელი დიზაინერების ჩართვა და საერთაშორისო პრესის მოწვევა.

New Saukune • საუკუნე

“განსაკუთრებული როლი ითამაშა ვიზუალურმა მხარემაც – განათებამ, ფოტოგრაფიამ და თითოეული კადრის პროფესიონალურმა შესრულებამ, რაც ჩვენი იდეის ზუსტად გადმოცემას და საერთაშორისო ინტერესის გაჩენას დაეხმარა. უდიდესი მადლობა ჩემს ჰედ ფოტოგრაფს, ლაშა შალამბერიძეს, რომელმაც ეს განათება შექმნა და  ფრიდონ ფაცურიას, რომელიც ემსახურება ჩვენს ღონისძიებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც ქმნის ამ ყველაფერს.”

Ia Goniadze Fashion House

საინტერესოა როგორ დაიბადა იდეა, რომელიც დღეს ქართული მოდის ლოკომოტივად იქცა? პანდემიამდე თინათინ მაღალაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან მოდის კვირეულზე საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობდა. სიამაყით გვიმხელს, რომ ხშირად ისმენდა ერთსა და იმავე შეფასებას: „ქართველი დიზაინერი ნებისმიერ პროექტში ფუფუნებაა“. დროთა განმავლობაში ეს სიტყვები ახალი საქმის დასაწყისად აქცია.

Kharchi

“დავიწყეთ 2020-ში. პირველად შევქმენით კომპანია. დავიწყეთ, როგორც საქართველოს მაღალი მოდის კვირეული. მე სადაც მიწვევდნენ, იქ იყვნენ მაღალი მოდის დიზაინერები. მერე დაიწყო პანდემია. წარმოიდგინეთ, პანდემიამდე 14 ქვეყნის წარმომადგენელი აპირებდა ჩამოსვლას. შემდეგ კი, ღონისძიების ორი წლით გადადება მოგვიწია.”

Fashion House “KO-Kaia” • მოდის სახლი “კოკაია”

გზა საერთაშორისო აღიარებამდე

თინათინ მაღალაშვილმა შვილთან, ციცი გოგინაშვილთან ერთად, ახალი ეტაპი დაიწყო. პირველმა სეზონმა საერთაშორისო ნდობა მოიტანა. დროთა განმავლობაში შეიცვალა კონცეფციაც. მოიხსნა „მაღალი მოდის“ ჩარჩო და პროექტი უფრო ღია პლატფორმად იქცა. მეექვსე სეზონი კი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა – ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიები გამოჩნდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, Glamour, Harpers bazari, l’ oficieli და Grazia.

Tk Bridal

– როგორ მოახერხა „საქართველოს მოდის კვირეულმა“ საერთაშორისო მოდის სივრცეში დამკვიდრება? 

“არაერთი სირთულე გამოვიარეთ – სეზონები სპონსორების გარეშე, მხოლოდ სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, პარტნიორები და მეგობრების მხარდაჭერა. ამან გაგვაძლიერა. ევროპისა და აზიის მოდის პლატფორმებიდან მუდმივად მოდის მოწვევები. შევქმენით გაცვლითი პროგრამაც: ერთ ქართველ დიზაინერს ვაგზავნით და სანაცვლოდ ერთ უცხოელ მონაწილეს ვიღებთ, ყოველგვარი საფასურის გარეშე. საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში უკვე აქტიურად არიან ჩართული შვედეთი, ინგლისი, აზერბაიჯანი, ბელგია, ჩინეთი… ქართველი დიზაინერები უკვე მონაწილეობენ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ მოდის კვირეულებში, ხოლო მერვე სეზონზე ყაზახეთის მხრიდან ორი გამარჯვებული დიზაინერი ჩამოვა. ახლა ჩვენ ვატარებთ კონკურსს ივ სენ-ლორანის  სახელზე და საქართველოს მოდის კვირეულის სახელით გამარჯვებული ბურბონის გალერეაში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაემგზავრება.”

Lima’s Angels

ვითარდება მოდის ტურიზმის მიმართულება – უცხოელი ბაიერები, ბლოგერები და სტუმრები საქართველოში მოდიან, ადგილობრივ დიზაინერებთან თანამშრომლობენ და ქართული ბრენდები ახალ ბაზრებზე გაჰყავთ.

Modebadze 81 • მოდებაძე 81

– რა იმალება იმ ბრწყინვალე კადრებსა და ჩვენებებს მიღმა, რომელსაც მაყურებელი “საქართველოს მოდის კვირეულის” ფარგლებში ხედავს?

Nimedino • ნიმედინო

“ეს მხოლოდ შედეგია – მთავარი პროცესი კი ბექსთეიჯში მიმდინარეობს. ამ ყველაფრის უკან დგას თვეების შრომა, გათენებული ღამეები და გუნდი, რომელიც პროექტზე 2-3 თვით ადრე იწყებს მუშაობას. ჩემი პარტნიორი, თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი ციცი გოგინაშვილი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ძალაა, ხოლო კასტინგ მენეჯერი ნინი ჯახუა მთლიანად კურირებს ბექსთეიჯს – ყველაზე რთულ და ხშირად უხილავ ნაწილს. ეს გუნდი ერთად გაიზარდა და ამ პროცესთან ერთად მეც ვიზრდები, როგორც დიზაინერი.”

ZILFI Handmade

კვირეულის მთავარი მიზანი კი უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია – ეს არის სივრცე, რომელიც დიზაინერებს არა მხოლოდ წარმოჩენის, არამედ განვითარების და გაყიდვების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

ZALKAR – ELENA KAZAK

– “ინტერესი სულ უფრო იზრდება. ისრაელიდან გვქონდა მოთხოვნა 80-კაციანი ფეშენ-ტურის ორგანიზებაზე. სტუმრებს ქართული ბუტიკების მონახულება და დიზაინერებთან კონტაქტების დამყარება სურდათ. ვიზიტი გადაიდო, თუმცა მომავალ სეზონზე კვლავ იგეგმება. ასევე, გვყავდა სტუმრები აზერბაიჯანიდან, რომლებმაც ქართული ბრენდების ბაქოში წარმოდგენის სურვილი გამოთქვეს. ეს გზა ნდობაზე გადის და სწორედ ეს ნდობა ვიგრძენით მეექვსე-მეშვიდე სეზონებზე, როცა ბილეთები სრულად გაიყიდა და აუდიტორიის მხარდაჭერა განსაკუთრებით მკაფიო გახდა. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი, დარბაზი სავსე იყო და ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.” 

Compass College – Moment of WHITE – wedding dresses

“საქართველოს მოდის კვირეულის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობაა. წელს გუნდმა 3000 ლარი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა.  

Art Master – Gorset

– როგორ იქცა „საქართველოს მოდის კვირეული“ სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმად?                   

“წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობის იყო. ვფიქრობთ, როცა აუდიტორია გენდობა, ეს ნდობა აუცილებლად სიკეთედ უნდა გარდაქმნა. მახსოვს 2012-ში, როცა ბერი ანდრიას ფონდი ჩამოყალიბდა, სატელევიზიო ეთერში შემხვდა დედა თინათინი, ფონდის დამფუძნებელი ერთ-ერთ ბავშვთან ერთად, რომელმაც მითხრა, ჩვენ ყოველთვის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჩრდილში ვიყავითო და მაშინ ვუთხარი, რომ არასდროს მივატოვებდი. მას შემდეგ ერთად განვავითარეთ ფონდი. როგორც დედა თინათინი ამბობს, კეთილ საქმეს უფრო მეტად სჭირდება საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვგრძნობდეთ საზოგადოების საჭიროებებს და ამ პასუხისმგებლობას სწორად ვუპასუხოთ.”

Krystian Szymczak

შემდეგი დიდი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. 23, 24 და 25 მაისს, ღონისძიებას უცვლელი პარტნიორი – სასტუმრო „შერატონი“ უმასპინძლებს. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება პერფორმანსი „ნიუ საუკუნის“ შესრულებით. ღონისძიება კვლავ საქველმოქმედო ხასიათის იქნება და დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს მიეძღვნება.

დღეს Georgia Fashion Week უკვე აღარ არის მხოლოდ მოდის კვირეული – ეს არის კულტურული პლატფორმა, სადაც ქართული მოდა საერთაშორისო სივრცეში საკუთარ ახალ ეტაპს იწყებს.

ასევე წაიკითხეთ