თიკა ფაცაცია – სითი სცენა

სითი, უკვე მალე, 16 წლის გახდება და, ძვირფასო მკითხველო, ეს თიკა ფაცაციას პირველი ყდაა. პირველი „სოლო“ ყდა. წლების წინ, სითის გარიჟრაჟზე, გვქონდა ულამაზესი და ძლიერ პოპულარული ყდა ქართველი ტოპ მოდელებით. მათ შორის, ცხადია, თიკა ფაცაციაც.

მახსოვს, ლეგენდარული მსოფლიო ტოპ მოდელების მიბაძვით გავაკეთეთ. კანისფერი სამოსი ავთანდილმა შეკერა. ვიღებდით „კიკალა სტუდიაში”…. რა დასამალია და, ბევრიც „ვაფოტოშოპეთ”, ვინაიდან ერთ კადრში ამდენი ლამაზი გოგო არც თუ ისე მარტივი გადასაღები იყო.

დღემდე ყველა დიდი სიყვარულით ვიხსენებთ  იმ დროს, იმ ფოტოსესიას და იმ აურზაურს. მართლა სხვა დრო იყო…

თიკა  სითიმდე გავიცანი. გავიცანი, როგორც მომღერალი. ეს იყო რუსთავი ორში. მე პოლიტიკური გადაცემა მიმყავდა სახელად, „ღამის კურიერი“. ძირითადად პოლიტიკურ დებატებს ეთმობოდა ეთერი და ძალიან, ძალიან იშვიათად კულტურულ სიახლეებს ან შოუ ბიზნესს. მაშინ ძალიან პოპულარული იყო კლიპის პრეზენტაცია. რაც უფრო „სერიოზულ“ ეთერში მოხდებოდა ეს, მით უკეთესი. დათო ფორჩხიძემ თიკას „არ გაჩერდე“ მოიტანა. თიკა ძალიან ეფექტური გოგო იყო – მაღალ-მაღალი, აშხვართული, “ტოპმოდელური” ღიმილით და დასამახსოვრებელი ხმის ტემბრით. მონუსხა ყველა, სტუდიის ოპერატორ-დაცვიანად.

და აი, გადის მრავალი წელი და ის უკვე ჩვენი ზაფხულის სითის გოგოა. თიკას მთელი ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია. „მასალაა“ ბარაქიანი, რასაც გინდა იმას გააკეთებ მისგან. უფრო ზუსტად, არც არაფრის გაკეთება არ გინდა – ეფექტურია, ლამაზი, ძლიერი. მე ასეთი თიკა დავინახე ჩვენს გუნდთან ერთად. იდეები No Name-ს დამფუძნებელს, ჩემს კარგ ახლობელს, მაკა ჩხეიძეს გავუზიარე და მივიღეთ ჩვენი, „სითისეული“თიკა. ის დილაუთენია იწყებს „გადარბენის“ რეჟიმს. დადის კონცერტებზე, არ ერიდება უმაკიაჟო ვლოგებს გამომწერებისთვის. მერე მიჰყავს გადაცემები, მერე კვლავ გადაღებები, იქით ოჯახი და ბავშვები, შუაში და ლამის ყოველდღე, ვარჯიში, დისციპლინა, კვლავ სცენა, კვლავ ტელევიზია, კვლავ გასტროლები და კვლავ დილის რიტუალები. აი, ამ დიდ აურზაურში „სითიმ“ კადრი გააჩერა. მგონი  გამოგვივიდა.

რომ არა მომღერალი, ტელეწამყვანი, მოდელი ვიქნებოდი… 

ბავშვთა  ფსიქოლოგი.

რომ არა საქართველო, ვიცხოვრებდი… 

აშშ-ში, ვიცხოვრე, ჩემი ენერგიის და რიტმის ხალხია და ამიტომ.

ჩემი ცხოვრების მთავარი კომპოზიცია/სიმღერა

თავად ვიმღერე – „ მე ბედნიერების მჯერა“.

რა ფერია ჩემი ცხოვრება? 

პირველი, რაც ახლა აზრად მომივიდა, იასამნისფერი.

წიგნი, რომელსაც თავიდან წავიკითხავდი…

ბავშვთა ფსიქოლოგიას ეხება „ეს რომ ჩვენს მშობლებს სცოდნოდათ“

ფილმი, რომელსაც თავიდან ვნახავდი   

Notebook, სიყვარულის მჯერა.

მომღერალი, ვისთანაც ვიმღერებდი 

დუალიპასთან, მგონია, რომ სცენაზე  კარგი სანახავი ვიქნებოდით დუეტში.

ტელევიზია თუ დიდი სცენა?

ორივე სცენაა ჩემთვის, მაგრამ დიდი სცენა, ალბათ, დიდი ბედნიერებაა.

ახალი საინტერესო გადაცემა თუ ახალი სიმღერა?  

ახალი გადაცემა საინტერესო გამოწვევაა.

ასაკი და სილამაზე. ბუნებრივად შესვლა ასაკში თუ პლასტიკური ჩარევა?

ბუნებრივად შესვლა და ამით ტკბობა.

ლამაზისასცენო კაბა თუ სამკაული? 

სასცენო კაბა.

ფოტოსესია თუ ვიდეორგოლი? 

ვიდეორგოლი, სადაც ვილაქლაქებ.

დასვენება აქტიური თუ პასიური? 

ამ ბოლო დროს პასიურ დასვენებაზე გადავედი.

უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ…. 

ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრ სიყვარულს ვიღებ.

რჩევა, რომელიც მივიღე ერთ დროს… 

რის გაკეთებასაც მოასწრებ დღეს, ვეღარ მოასწრებ ხვალ.

ჩემი საყვარელი ამოჩემებული გამოთქმა…. 

არასოდეს თქვა არასოდეს

პატარა თიკას ვეტყოდი… 

პატარა თიკას ვეტყოდი, რომ შენ ცხოვრება დაგასაჩუქრებს  ბევრი ბედნიერი ადამიანით, მოვლენით და ამბით.

ფოტო: Ivan Berkovich

თმა/მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

პროდიუსერი: ეკა ხოფერია

სამოსი: Rick Owens

სამკაული: Parts of Four

No Name Concept Store

ასევე წაიკითხეთ