0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

“ნიკორას” საშობაო ღვეზელი – მანიკა ასათიანის სკივრიდან

დრო თითქმის არასდროს ყოფნის. გადაღებები მთელ კვირაზე აქვს გაწერილი. ზოგჯერ, დილაადრიან დაწყებული, გვიან ღამემდეც გრძელდება და ამ სატელევიზიო, ჟურნალ თუ ინსტაგრამ ორომტრიალში, ის ყოველთვის გამორჩეულად მხიარული, ენერგიული და ძალიან, ძალიან ლამაზია.

ამ ორომტრიალის მიუხედავად, ოჯახი, სახლი, მეუღლე და გიო მისთვის პირველ ადგილზეა. როგორ ახერხებს ამას, არავინ იცის. თანაც ისე, მხოლოდ მანიკა ასათიანს რომ ახასიათებს – მართლაც მზისდარი სახითა და ღიმილით. სამზარეულოში საქმიანობა ჩვენს ტელე თუ ონლაინ ვარსკვლავს ძალიან კარგად გამოსდის. წინასაახალწლო დღეებია, უცნაური წინასაახალწლო, თავისი ფიქრებით, გაურკვეველი რეჟიმით, მაგრამ მაინც იმ იმედის მომცემი, რომ აი, გავა ეს ყველაფერი და 2021 წელი რაღაც განსაკუთრებულად კარგს მოგვიტანს ყველას.

ის, რომ პანდემიამ და პერიოდულმა ლოქდაუნებმა ყველა ჩვენგანი კიდევ უფრო მეტად დააახალოვა სახლს და მათ შორის, სამზარეულოს, მანიკამაც აღნიშნა. ერთად ვფიქრობთ “ნიკორას” წინასაახალწლო მენიუზე. “ნიკორას” ხორცპროდუქტების რეცეპტებით, უკვე საკმაოდ მსუყე რეცეპტების წიგნი თუ არა, პატარა ბროშურა ნამდვილად გამოგვივა.

რუბრიკის “ნიკორას რეცეპტები” პრინციპი მარტივია: კერძი გემრიელი უნდა იყოს და ისეთი, ნებისმიერი რომ მოამზადებს.

– საახალწლოდ სუფრაზე ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირი კერძები გვაქვს ხოლმე. ორი-სამი დღის შემდეგ, ყველას რაღაც განსხვავებული და ახალი გვინდება. “ნიკორას რეცეპტებზე” ფიქრისას წარმოვიდგინე 2021 წლის შობის მეორე დილა. საუზმე ან ლანჩი. წარმოვიდგინე, რომ ყველა სახლში ვართ და ჩემიანებს სადღესასწაულო დილას გემრიელი და ოდნავ განსხვავებული კერძები მოვუმზადე – ამბობს მანიკა ასათიანი.

მას “ნიკორას” საშობაო ღვეზელი დავარქვით. საქმის გამარტივების მიზნით, “პანეს” ფენოვან ცომზე გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც, სხვათა შორის, “ნიკორას” მაღაზიათა ქსელშივე იყიდება. ამ კერძის მთავარი მოქმედი გმირი კი, რასაკვირველია, “ნიკორას” შაშხია. ორნაირ ყველთან და კვერცხთან კომბინაციაში ის საოცრად ნოყიერი და განსაკუთრებული გემოსია. ფენოვანი ცომი მას კიდევ უფრო გემრიელს ხდის. ულუფებიც მსუყე ღვეზელის შესაბამისი ავიღეთ. შობაა, ყველა სახლშია, ყველამ უნდა დააგემოვნოს. გინდა მაგიდასთან მოკალათება გემრიელად, დიდხანს საუბარი ოჯახის წევრებთან და მათთან მომავლის გეგმებისა თუ სურვილების გაზიარება. ღვეზელს დილით ჩაი უხდება. თუ დროს ოდნავ გადაწევთ და მას საღამოს სუფრაზე მიირთმევთ, მაშინ, წითელი ღვინოსთან ერთადაა დასაგემოვნებელი.

“ნიკორას” საშობაო ღვეზელის რეცეპტი:

  • “პანეს” ფენოვანი ცომი – 1 შეკვრა
  • “ნიკორას” შაშხი – 0.30 კგ
  • იმერული ყველი – 0.60 კგ
  • სულგუნი – 0.40 კგ
  • კვერცხი – 8 ცალი

მომზადების წესი:

  • ცომი გავადნოთ და გავაბრტყელოთ სასურველ ზომამდე
  • დახეხილი იმერული ყველისა და სულგუნის ნაზავს დავუმატოთ წვრილად დაკეპილი “ნიკორას” შაშხი და 2 ცალი უმი კვერცხის ცილა. კარგად ავურიოთ.
  • ცომის ნახევარზე მოვათავსოთ ყველისა და შაშხის ნაზავი და ზემოდან დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
  • გადავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი, მოვუკრათ პირი.
  • ზედაპირს გადავუსვათ კვერცხის გული და ოდნავ დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
  • ვაცხობთ ღუმელში 200 გრადუსზე 30/40 წუთი, ზედაპირის დაბრაწვამდე.

გემრიელად მიირთვით!

ასევე წაიკითხეთ