ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები შემთხვევით არ ხდება. არავინ იცის ამ მოსაზრების ჭეშმარიტება თუმცა, სხვადასხვა ისტორიის მოსმენა ამაში მუდმივად გვარწმუნებს.
“სითი” ფიზიოთერაპევტ-რეაბილიტოლოგს, მაკო ციგრიაშვილს ესაუბრა, რომლის ოჯახში თითქმის ყველა წევრი ავიაციასთან იყო დაკავშირებული. მაკოსაც მთავარი საქმე სხვა სფეროში უნდა ეპოვა. რეალობამ კი სულ სხვა, ბევრად უფრო რთული და ემოციური მარშრუტი დაუხაზა. ჩააბარა საბაჟო აკადემიაში, დაამთავრა ბაკალავრიატი, შექმნა ოჯახი… ამ ეტაპიდან კი მისი პროფესიული არჩევანი შეიცვალა.
ვსაუბრობთ მაკო ციგრიაშვილთან – “ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის” ფიზიოთერაპევტ-რეაბილიტოლოგთან, რომლისთვისაც ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი დიდი გამარჯვებაა.

პროფესიული გზის პირველი ნაბიჯები და მთავარი პაციენტი
მაკოს პროფესიული არჩევანი პასუხისმგებლობასა და შიშთან იყო დაკავშირებული. 19 წლის ასაკში გახდა დედა და ცხოვრებამ დიდი გამოწვევის წინ დააყენა; შვილის იმ ტრავმის გამო, რომელიც ბავშვმა მშობიარობის დროს მიიღო, პროფესიის რადიკალური ცვლილება მოუწია. დაიწყო სწავლა საქართველოში, შემდეგ – უცხოეთში. პარალელურად კი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობდა – მუშაობა საკუთარ შვილთან.
– ჩემი პირველი პაციენტი ჩემი შვილი იყო. შემდეგ — პროფესიული გზა და ეს არ იყო მარტივი. დიდი შიშიც მქონდა, სანამ არ მითხრეს – მაკო, შენ შეგიძლია! მანამდე შორიდან ვაკვირდებოდი, სიღრმისეულად ვსწავლობდი. როცა შენი შვილის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, ყველაფერს ეცნობი. შემდეგ, ჩემმა ახლო მეგობარმა მირჩია მუშაობა დამეწყო. ამ ბიძგით გავაგრძელე ეს საქმე. მყავდა საკმაოდ რთული პაციენტები, გადაადგილება რომ უჭირდათ, მაგრამ დავიწყეთ, და დავიწყეთ ძალიან წარმატებით…
პირადი გამოცდილება ნელ-ნელა პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა. იყო შემთხვევები – პროფესიულად და ემოციურადაც გარდამტეხი. ერთ-ერთი ასეთი ისტორია მაკოს 60 წლის პაციენტს უკავშირდება.

ყველაზე რთული პაციენტი
– საკუთარ თავსაც ვერ ვაჯერებდი, რომ მე შევძლებდი მის ფეხზე დაყენებას. პალატიდან რომ გამოვდიოდი, უიმედოდ ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. 2 თვიანი მუშაობის შემდეგ, პაციენტმა ფეხზეც გაიარა და დღეს თავის მეუღლეს უვლის. იგივე შემთხვევა გვაქვს დღეს ჟორდანიას კლინიკაშიც, პაციენტმა კიდურები რომ გაამოძრავა, ვტიროდი სიხარულისგან. ნდობა უპირველესია, მისი მოპოვება ძალიან რთულია, შენარჩუნება – კიდევ უფრო.
რეაბილიტაცია მხოლოდ ფიზიკური პროცესი არ არის. მაკო ხშირად უსვამს ხაზს, რომ თითოეული პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს – არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ემოციურ დონეზეც. მისთვის უმნიშვნელოვანესია ის ემოციური კავშირი, რომელიც კაბინეტის კედლებს მიღმაც გრძელდება.
ნდობა – მთავარი საფუძველი
– მადლიერი პაციენტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ყველა პაციენტი მიყვარს, ყველა მათგანი მახსოვს. დღეს ერთ-ერთს ვეუბნებოდი, ინტერვიუზე მივდივარ-მეთქი და მითხრა, აუცილებლად თქვი, რომ გარდა ჯადოსნური ხელებისა, ჯადოსნური ხასიათით მკურნალობთ პაციენტებსო. ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა. როცა პაციენტს ეხმარები ტრავმასთან ბრძოლაში, ეხმარები გადაიტანოს როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ტკივილი, არ ივიწყებ მის ისტორიას და მეორე დღეს კითხულობ, როგორი სასიამოვნოა, ხომ?


Art of Care – გარემო, სადაც სტრესი ქრება
დღეს ადამიანები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციას, რომელიც შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც დასჭირდეს, მაგრამ ტრავმის, ოპერაციის და სხვადასხვა დაავადების დროს, ფუნქციური შეზღუდვების არსებობისას, აუცილებელია კურსის ჩატარება.
დღეს მაკო ციგრიაშვილი იმ გუნდთან ერთად მუშაობს, რომელიც უკვე განვითარების ახალ ეტაპზეა. სივრცეში, რომელიც პაციენტებისთვის კომფორტსა და სიმშვიდეს ქმნის. მათი საქმიანობა სცდება მხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას, ერთიან ხედვას, გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებასა და მუდმივ ჩართულობას.
Art of Care – ეს არის მიდგომა, რომელიც აერთიანებს დამოკიდებულებას პაციენტის მიმართ, სამედიცინო სიზუსტესა და ესთეტიკურ ხედვას.

– როგორ ხვდებით პაციენტს და როგორია ის გარემო, რომელშიც დღეს მუშაობთ?
– მთლიან გუნდში, ყველა აღნიშნავს რომ განსხვავებული აურაა, დადებითად განწყობილი, სტრესი გეხსნება. როცა პაციენტის პროგრესს ხედავ, ეს დიდი სტიმულია. სალომე სვანაძე არის ადამიანი, რომლის სულ მადლიერიც ვიქნები. ვიზუალურად ულამაზესი ხომ არის, დადებითი, ამ ადამიანში ყველაფერი კარგია, ისეთ ჯადოსნობებს ქმნის, რომ რთულია ის არ გააგრძელო, მისგან მაგალითი არ აიღო, მუდმივად ვითარდები, მუდმივად რაღაცას სწავლობ, ეს სასწაულია… სალომე მეც, როგორც პაციენტმა, ისე გავიცანი. ეს შეხვედრაც ერთგვარი ბედისწერა იყო.
– ახლა რა ეტაპზე ხართ თქვენ და თქვენი გუნდი?
– დღეს ჩვენი გუნდი საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. ძალიან დიდი ამბები გველის წინ. დიდ წინსვლებს ვგეგმავთ, რაც განვითარების კუთხით უკავშირდება კოლაბორაციას სხვადასხვა კომპანიასთან. დავიწყეთ სამედიცინო ტურიზმი. ბევრი პაციენტი გვყავს უცხოეთიდან… 70 პროცენტი ამ ეტაპზე უცხოელი პაციენტია.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს?
– ჩემთვის, როგორც რეაბილიტოლოგისთვის, სხეულის ჰარმონიზაცია მხოლოდ ფიზიკურ აღდგენას არ ნიშნავს. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს როგორც სხეულს, ისე ადამიანის შინაგან, ემოციურ მდგომარეობას.
როდესაც პაციენტი მოდის ჩემთან, პირველ რიგში, ვცდილობ დავინახო მისი სრული სურათი – არა მხოლოდ დიაგნოზი ან პოსტოპერაციული მდგომარეობა, არამედ მისი განცდები, მოლოდინები და მიზნები. სწორედ ამიტომ, თითოეულ პაციენტთან მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ჩემი ყოველდღიურობა სავსეა განსხვავებული ქეისებით, ისტორიებით და შედეგებით. ეს მრავალფეროვნება მაძლევს საშუალებას მუდმივად განვვითარდე და თითოეულ პაციენტს შევთავაზო რეაბილიტაციის მაქსიმალურად ეფექტური და მიზანმიმართული პროცესი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ პოსტოპერაციულ და რეაბილიტაციურ აღდგენას, სადაც ვიყენებ ინდივიდუალურად შერჩეულ პროტოკოლებს. ეს პროცედურები არ არის მხოლოდ ტექნიკური – ისინი მიმართულია იმაზე, რომ პაციენტმა დაიბრუნოს არა მხოლოდ ფიზიკური ფუნქცია, არამედ თავდაჯერება და კომფორტი საკუთარ სხეულში. ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი არის ის მომენტი, როცა პაციენტი სარკეში იხედება და კმაყოფილია საკუთარი თავით. ეს არის ნამდვილი წარმატება როგორც მისთვის, ისე ჩემთვის.
წლებთან ერთად შეიძლება შეიცვალოს გამოცდილება, მიდგომები, გარემო, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – პროფესიისა და პაციენტების მიმართ ერთგულება.

– დღეს არის პროფესიის სიყვარული, საინტერესო ისტორიები და პაციენტები – რას ხედავთ წინ?
– წინ ვხედავ ძალიან დიდი პერსპექტივას, დიდ მასშტაბს. Art of Care-ის იდეაც ესაა. ვფიქრობ, წინ ჩვენი გუნდის დიდი წარმატებაა! მომავალში თუ იქნება შესაძლებლობა რომ გავაკეთო ცალკე რეაბილიტაციის ცენტრი Art of Care-ის ბაზაზე, ის 15 წლამდე ბავშვებისთვის იქნება სრულიად უფასო. ეს ხომ ჩემი ლუკას, ოჯახის, ჩემი შვილების დამსახურებაა და ჩემი მეგობრის, რომელმაც სალომეს შემახვედრა. უზომოდ მადლიერი ვარ…
არასდროს არ უნდა დანებდე. რაც უნდა რთული ეტაპი იყოს, ყოველთვისაა ნათელი სხივი, რაც გამოსავალი შეიძლება იყოს. რა საქმესაც აკეთებ, გულით უნდა გააკეთო, წარმატებაც მოვა. ჩემთვის პირველია ჩემი შვილები – ლუკა და რატი. შემდეგ , Art of Care, ჩემი მეგობრები, ხალხი, რომელიც გარშემო მყავს – ესაა ჩემი ძალა, რომ ვაკეთო ის, რაც მიყვარს.
მაკო ციგრიაშვილისთვის რეაბილიტაცია დიდი ხანია გაცდა პროფესიის ფარგლებს – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც წლების წინ პირადი გამოცდილებით დაიწყო და დღეს არაერთი ადამიანის მთავარ იმედად იქცა.
იქცა თავისუფლების სივრცედ, სადაც თითოეული პაციენტი და პროფესიული ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა.
ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი
ფოტო: ნათია ასანიძე




