0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ლიზა ჩიჩუას კულინარიული თავგადასავალი „ნიკორასთან“ ერთად

„ნიკორას“ და „სითის“ ერთობლივი კულინარიული რუბრიკის სტუმარი ამჯერად,  უმშვენიერესი ლიზა ჩიჩუაა. მის ცხოვრებაში ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპია – ლიზა და ირაკლი მაქაცარია ოჯახის შესაქმნელად ემზადებიან. როგორც აღმოჩნდა, ლიზა შესანიშნავი კულინარია და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად,  ხშირად ამზადებს კერძებს საკუთარი ინტერპრეტაციით. ლიზას, „ნიკორას“ მიერ, სპეციალურად ამ რუბრიკისთვის შექმნილი, სწრაფად და  მარტივად მოსამზადებელი გემრიელი სენდვიჩის რეცეპტით ვესტუმრეთ. მის მომზადებას თავი შესანიშნავად გაართვა და მზადების პროცესში ჩართული მთავარი შემფასებლის, ირაკლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

Liza Chichua

ლიზა, ახლა შენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია…

ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მართლაც რომ არაორდინარულია. მრავალგვარ სასიამოვნო, უაღრესად ემოციურ და დადებით განწყობასთან ერთად, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და გარკვეულწილად, ვაცნობიერებ, თუ  რაოდენ სწრაფ და დაძაბულ ტემპში მომიხდება სწავლისა და ახლადშექმნილი ოჯახის ურთიერთშეთავსება. 

როგორია შენი დამოკიდებულება კულინარიასთან? 

ჩემი დამოკიდებულება კულინარიისადმი უაღრესად დადებითი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემოქმედებითიც კი არის. ტრადიციულ კერძებთან ერთად, ვცდილობ გარკვეული სიახლეც შევიტანო მენიუში. ამისათვის ვითვალისწინებ სხვადასხვა ცნობილი მზარეულის რჩევებს და კრეატიულადაც კი ვუდგები საკითხს. თავადაც სიამოვნებით ვქმნი სხვადასხვაგვარ კერძს. სამწუხაროდ, დროის დეფიციტი ნამდვილად მაქვს და ჯერ-ჯერობით ხშირად ვერ ვუთმობ დიდ დროს სამზარეულოს. რაიმე განსაკუთრებული, საყვარელი საფირმო კერძი არ მაქვს. ნებისმიერ ერს, მათ შორის ქართველებსაც, აქვს თავისი, ორიგინალური და იშვიათი კერძი, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს, მათ შორის მეც. ასე რომ, მიჭირს უთვალავ, არაჩვეულებრივ კერძებს შორის ერთი რომელიმეს გამოყოფა. 

მალე  თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება, თქვენი და ირაკლის თანაცხოვრების ეტაპი. აპირებთ  კერძების ხშირად მომზადებას? თუ არის  თქვენი მომზადებული კერძი, რომელიც ირაკლის განსაკუთრებით მოსწონს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკმაოდ რთული პროფესია ავირჩიე, მომავალი მედიკოსი ვარ, რაც ჩემგან  მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას ყოველ პაციენტთან მიმართებით. ეს კი, დიდ დროს საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვეცდები  ირაკლი „გავანებივრო“ ჩემ მიერ მომზადებული კერძებით. ირაკლის, ძირითადად, ქართული სამზარეულო მოსწონს. განსაკუთრებით კი, აჭარული ხაჭაპური. მანამდე არასდროს მიცდია აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა. დიდი სიამოვნებით ვაგემოვნებდი, მაგრამ ახლა სრულიად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ კერძის მიმართ. დავინტერესდი მისი მომზადებით  და თქვენ წარმოიდგინეთ, შევძელი, წარმატებამაც არ დააყოვნა და ირაკლიმ აღიარა ჩემი კულინარიული შესაძლებლობები.

როგორ ფიქრობთ, სენდვიჩს, რომლის რეცეპტიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნა კომპანია „ნიკორამ“,   როგორი სიტუაციაში მოამზადებთ ხოლმე? 

დარწმუნებული ვარ, ამ რეცეპტს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ხშირად მოვამზადებ ხოლმე. ზოგადად, ვფიქრობ მსგავსი მარტივი კერძების ძირითადი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის გემრიელია და მზადდება ძალიან სწრაფად. შესაბამისად, ამგვარი კერძების მომზადება შეიძლება ნებისმიერ სიტუაციასა და დროის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც ჩემი რეჟიმის მქონე ადამიანისთვის საკმაოდ კომფორტულია. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ნიკორას“ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი პროდუქციით შესაძლებელია ძალიან სწრაფად გამორჩეულად გემრიელი, სხვადასხვა სახის კერძის მომზადება. ვფიქრობ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ კომპანია „ნიკორა“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უდავოდ გამორჩეულია თავისი გემრიელი, მრავალფეროვანი და უაღრესად სანდო პროდუქციით. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში, მათ შორის ჩვენს ოჯახში,  მისი პოპულარობა და უპირობო ნდობა. 

ინგრედიენტები:

ნიკორას სენდვიჩი

●    „ნიკორას“ ჩალაღაჟი – 80 გრამი 

●    მჟაუნა-  40 გრამი 

●    ნუში კანგაცლილი  – 30 გრამი 

●    ზეითუნის ზეთი – 70 მლ. 

●    ნიორი- 5 გრამი (2 კბილი)

●    პარმეზანი- 40 გრამი 

●    ლიმონი- ½

●    პომიდორი „ჩერი“, ფერადი – 80 გრამი 

●    როზმარინი-1 ტოტი 

●    სენდვიჩის პური  – 2 ნაჭერი 

●    ქინძი – 5 გრამი (დაკეპილი )

მომზადების წესი:

პირველ რიგში, მოვამზადოთ მჟაუნას პესტო. ამისათვის, ხელის ბლენდერის ჭიქაში მოვათავსოთ მჟაუნას ფოთლები,ზეითუნის ზეთი,1 კბილი ნიორი, კანგაცლილი ნუში, მარილი, ლიმონი და პარმეზანი. კარგად დავაბლენდეროთ. მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი. ამის შემდეგ, გავახუროთ ტაფა და მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ ფერადი პომიდვრები „ჩერი“, როზმარინთან და 1 კბილ ნიორთან ერთად. შემდეგ ავიღოთ სენდვიჩის პურის ორი ნაჭერი. გავხუხოთ ზეითუნის ზეთთან ერთად და დავიწყოთ აწყობა: პურზე წავუსვათ მჟაუნას პესტო, დაპრესილი შაშხი, მობრაწული  პომიდვრები, დაკეპილი ქინძი და ზემოდან დავადოთ მეორე ნაჭერი პური. გავჭრათ შუაზე და მივირთვათ გემრიელად.

ნიკორას ჩალაღაჯი

ფოტოგრაფი: ლიზა გაბუნია

ასევე წაიკითხეთ