პირველად ცხოვრებაში, წინასაახალწლო გეგმებს არ ვსახავ, მეგობრებო. სურვილებს მოგახსენებთ, კი ბატონო, აქ გეგმებზეა ლაპარაკი; ისე დატრიალდა და ტრიალებს ირგვლივ ყველაფერი, კითხვა – სად ხედავთ თქვენს თავს 5 წელიწადში და მით უფრო, 10 წელიწადში, ოჰ, რა სასაცილოა! მე რა ვიცი , სად ვხედავ. 5 წელიწადში კი არა, ერთ თვეში რას ვიზამ, იმის თქმაც და დაგეგმვაც მიჭირს. მაგრამ ყველაფერი გამოცდილებაა და ესეც კარგია, ალბათ.
გააზრება მოდის სხვა ამბებისაც. გააზრება და მადლიერება, რომ აი, დილით ახლად გაღვიძებულზე დააფასო ის სასწაული, რომ თვალს ახელ, სუნთქავ, რომ შენი საყვარელი ადამიანები შეიძლება გვერდით ოთახში არ არიან, (გაიზარდნენ ბავშვები), მაგრამ ჯანმრთელები არიან, სწავლობენ, შრომობენ, წინ მიდიან. რომ შეგიძლია დედას დაურეკო, დებს ჩათში მიწერო, საყვარელი დეიდა კვლავ სასწაულებრივად ახერხებს და ჩამოდის აფხაზეთიდან და შენი ასი წლის უნახავი ბიძაშვილებისა და სრულიად უნახავი ბიძაშვილის შვილების ამბებს გიყვება. მამა შენ გვერდით არაა, მაგრამ სიზმრებში ელაპარაკები თითქოს და მაინც გრძნობ მის ზურგს.

რაღაც პატარა გეგმები გაჩნდა, ყოველდღიური. ეს ყოველდღიური, ზოგჯერ სასაცილო გეგმები, ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტისთვის დიდი საშველი და ხალისია. მაგალითად, მე და იკას, ჩემს მესამე შვილს, ახალი თამაში გვაქვს. დიდი მოხეტიალე ვინმეა და სეირნობა უყვარს. ჰოდა, ამ სეირნობას, მე „ეზოში ჩაშვებას“ ვუწოდებ და იცით რაში ვუცვლი? ერთ პატარა მოთხრობაში. „ბიბლუსს“ აქვს ერთი მოთხრობის წიგნი. აი, ამ ერთ წიგნს ვუცვლი ეზოში ჩასვლაში და იცით რამდენი დაგვიგროვდა უკვე? ბევრი. აი, ეს ნამდვილად გეგმაშია. გეგმაშია ანანოსთან ერთად სანახავი ფილმების კოლექციის ჩამოწერა და ნიკოლასთან კამათი, როგორი მეფე იყო გიორგი პირველი. ასე იდეალურად არაა ყველაფერი. იდეალური გამოვიტანე თქვენთვის, თორემ ყველაფერი ზუსტად ისევეა ჩემთანაც, როგორც თქვენთან.

წინასაახალწლოდ „სითი“ გამოვუშვით. შარშან ფანტასტიკური თათული გვყავდა, დოლიძე. წელს იუბილარი, ჩვენი უსაყვარლესი ირმა სოხაძე. წინ ბევრი საინტერესო გმირი და ისტორიაა. წინ ახალი, 2026 წელია. სიყვარულს გისურვებთ და ბევრ კარგ, კეთილ და მზიან ადამიანს თქვენ ირგვლივ.

თქვენი, ეკა ხოფერია



