0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

კარგი გოგო ელენე!

ელენე ეპიტაშვილი მაისის სითიში

მოიცა, მამარდას ელენე გეყოლება ყდაზე?

აქ არის?

ვინ იღებს?

რას იცვამს?

სად იღებ?

როგორია? ლამაზია? მაღალია? თმა მართლა ასეთი ხვეული აქვს?

გადაიღე?

– კარგი გამოვიდა?

რაო, გიპასუხა კითხვებზე?

თინას ლექსი მამარდაზე წააკითხე?

როგორი გოგოა?

არ წყდებოდა კითხვების კორიანტელი ჩემი, „სითის“ და, ცხადია, ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან. მოკლე პასუხი ამ კითხვებზე სათაურშია. მეგობრებო, კარგი გოგოა ელენე, ძალიან კარგი. პირველად ყდის გადაღებაზე ვნახე.  ყდის გადაღებას  რომ სჩვევია მომზადება, აი, იმ მომზადების გარეშე.  ელენე მარიამ ხუციშვილისგან გავიცანი, მეიქაფ არტისტისგან. მასთან იყო მისული მაკიაჟისთვის. ეს შარშან ზაფხულში ხდებოდა. მე იმხანად რაღაც საქმეებში ვიყავი ჩართული და ჩემი სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად, ელენეს პატარა საჩუქარი გავუგზავნე. მოგვიანებით, ინსტაგრამზე მომწერა,  ზრდილობიანად, დიდი მადლობა, ეკაო. მერე დავმეგობრდით ინსტაგრამზე და ასე შორიდან ვათვალიერებდით ერთმანეთის სთორებს.

ჩემდა სამწუხაროდ, კარგად ვერ ვერკვევი ფეხბურთში. საქართველოს ნაკრების ირგვლივ ჩვენი საერთო სახალხო სიხარული რომ დაიწყო, ჩემი ფეხბურთის ფანატი  მეგობრები (განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბაია გადაბაძე და ნინი გოგოლაძე!)  ლამის ყოველდღე მწერდნენ – მიდი რა, გააკეთე სითი-ფეხბურთი, აქ ვართ, დაგეხმარებითო. გავაკეთებ, დრო მომეცით, გავაკეთებ და მივუახლოვდები ჩემებურად, „სითურად“. ეს „ჩემებურად და სითურად“ ელენე გამოვიდა. აი, ერთ დილას გავიღვიძე და უცებ ყდაზე ახალი გოგო მომინდა. გადავქექე გუგლი. ჰო, ინტერვიუ არავის აუღია, ყდის ფოტოსესიაც არსად ჰქონია – ეგ არის! დავიწყეთ მიმოწერა. იოლად დამთანხმდა, პირობების, გაპრანჭვებისა და  დროის უაზროდ გაწელვის გარეშე. ასე მარტივად და თავისუფლად დიდ ხანია არ მიმუშავია არავისთან.

სტუდიაში რომ მივედი, უკვე იქ იყო. დიდი, დიდი, ხუჭუჭა თმით, მომნუსხველი და ცოტა ჰოლივუდური ღიმილით, ზემოთ აქაჩული თვალებით (ცოტათი დევა კასელს ჰგავს, მგონი) იდეალური აღნაგობითა და მზაობით, ემუშავა კარგად და დაგვყოლოდა ყველა კადრზე. კარგი გოგოა – გავიფიქრე ჩემთვის და გადაღებების ბოლომდე მაინც სულ ვაკვირდებოდი, გამყვებოდა თუ არა ეს შთაბეჭდილება ბოლომდე. არათუ გადაღებაზე, ფოტოების შერჩევაზეც კი გამყვა! არ ვიცი, გემოვნებაში დავემთხვიეთ  მე, ელენე და ფოტოგრაფი თუ რა უხილავი ძალები გვეხვეოდა გარს იმ საღამოს, მაგრამ ყველა კადრზე  –  დიახ, იყოს – გვპასუხობდა.

ჰოდა, ჩემო ძვირფასო მკითხველო და ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარო, როგორი ცოლი ჰყავს მამარდას? კარგი, ძლიერ კარგი.

რაც ეხება ქვემოთ კითხვებს, ეს „სითის“ ნაკრების ნაკრებია. არ დაიზარეს ჩემმა მეგობრებმა, ზემოთ უკვე ხსენებულმა ბაია გადაბაძემ და ნინი გოგოლაძემ, და კითხვები გამომიგზავნეს (ემანდ რამე არ შეგეშალოს, ეკა, არ დავიღუპოთო).  პოსტ სკრიპტუმად ნინიმ გიორგი მარდაშვილისადმი მიძღვნილი პატარა თინა ფაჩუაშვილის ლექსიც მომაწოდა, ექსკლუზიურად „სითისთვის“ გამოგზავნილი.

მოკლედ, გაბარებთ „სითის“ გუნდის ერთობლივ პროექტს, ფოტოსესიასა და ინტერვიუს გიორგი მამარდაშვილის ცოლთან, ელენე ეპიტაშვილთან :

ელენე, ერთმანეთს ვხვდებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული თარიღიდან ერთი წლის შემდეგ. ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო წარმატება, ამ სიხარულმა მთელი ქვეყანა გააერთიანა და ალბათ, მთელი წლის განმავლობაში, არაერთხელ მოისმინე 26 მარტის ემოციებიჩვენი საუბარიც ამ დღით დავიწყოთთქვენთვის როგორი იყო 26 მარტი?

– 26 მარტი იყო დღე, რომელიც არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ერის ისტორიაში დარჩება.  ეს   არ იყო უბრალოდ სპორტული გამარჯვება, ეს იყო ეროვნული თვითმყოფადობის, ერთიანობისა და დაუღალავი შრომის ტრიუმფი. ეს იყო იმედის, სიამაყის და მრავალწლიანი მოლოდინის ფეთქებადი მიქსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, განურჩევლად ინტერესისა სპორტისადმი, ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. პირადად ჩემთვის, 26 მარტი იყო ემოციების ზღვა. სიხარულმა,სიამაყემ და ეიფორიამ მთლიანად მოიცვა გულიც და გონებაც.

ელენე, მზად იყავი სახალხო ყურადღებისთვის, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ დღის შემდეგ?

– როდესაც ასეთ ყურადღებას იღებ, ცხოვრების ბევრი ასპექტი იცვლება. განსაკუთრებით, ყოველდღიურობა და პირადი სივრცე. მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა  რადგან ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გვადევნებს თვალს.თუმცა, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ხალხისგან წამოსულ სითბოს და ყურადღებას.

თქვენი ცხოვრება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვნახეთ როგორ გთხოვა გიორგიმ ხელი. ეს იყო ორი წლის წინროცა საქართველომ უმასპინძლა U21- ევროპის ჩემპიონატს და მაშინ უკვე ყველამ დაიჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო 15-20 წელი კარის განსაკუთრებული მცველი ეყოლებოდა. ვნახეთჯენდერ რივიალფართი და ქორწილი. როგორ მიიღეთ დიდი სიყვარული, რომელსაც ხშირ შემთხვევაში  კრიტიკაც ახლავს ხოლმე? 

– ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.

გიორგის ინტერვიუებს როდესაც ვუსმენთ, ყველა ვხვდებით მის ძალიან მტკიცე ხასიათს, მოტივაციას, ფეხბურთის სიყვარულს, ცხადია. საკმაოდ რთულია ფეხბურთელების ცხოვრება. შენ თუ ახერხებ, რომ მას ეს რეჟიმი შეუმსუბუქო?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის  სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება,წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ  მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო.

გვახსოვს შენი კომენტარი  ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან თამაშის წინგაუჭირდებათ მამარდასთვის გოლის გატანა“ – როგორ ამხნევებ მას თამაშის წინ?

– მე ვიცი გიორგის რა შეუძლია და შესაბამისად, ვამხნევებ იმით, რომ ვარწმუნებ, რომ ყველაფერი გამოუვა და კარგად იქნება. თამაშის წინ ყოველთვის ვცდილობ გიორგის სიმშვიდე შევუნარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ ნერვიულობს და თავდაჯერებულია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ყოველთვის ვუგულშემატკივროთ,  როგორც პარტნიორებმა, რომლებიც ამ გზას ერთად გადიან.

რა ხდება მოგებული თამაშის შემდეგ? და რა ხდება მარცხის შემთხვევაში?

– მოგებული თამაში რა თქმა უნდა სასიხარულოა. ვულოცავ, ვწერ „გილოცავ,ვიცოდი!“ იმ მომენტში, უბრალოდ, ვცდილობ  გავიზიარო მისი სიხარული. წინასწარ ვუთანხმდები რა კერძი უნდა  რომ სახლში დავახვედრო.  როდესაც ბრუნდება, თამაშს ერთად განვიხილავთ.

მარცხის შემთხვევაში, დიდი განსხვავება არაა. ვიცით, რომ ზოგჯერ ასეც ხდება და საჭიროა გაკვეთილის მიღება,რომელიც ბევრ რამეს გასწავლის, გამოცდილებას გაძლევს.სამწუხაროა,მაგრამ ვცდილობთ ამის გამო ხასიათი არ გავიფუჭოთ.

კარგი გოგო, ელენე.

გიორგისთან შეხვედრამდე თუ უყურებდი ფეხბურთს? ვის გულშემატკივრობდი? რა იცოდი ფეხბურთზე?

⁃ გიორგისთან შეხვედრამდე  დიდად ვერ ვერკვეოდი ფეხბურთში. ახლაც ვსწავლობ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვგულშემატკივრობდი საქართველოს ნაკრებს.

სად და როდის შეხვდით ერთმანეთს?

⁃ 2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად.                      

გახსოვს ის დღე, როცა პირველად გიორგის საგულშემატკივროდ მიხვედი მოედანზე?

– კი, ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. მაშინაც ვიცოდი, რომ გიორგი განსაკუთრებული იყო. იმ დღეს პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს გულწრფელად გადარდებდეს თითოეული ბურთი, თითოეული სეივი. გულშემატკივარს შორის ყოფნა სულ სხვა განცდა იყო – ადრენალინი, მოლოდინი, ის უცნაური ნერვიულობა, როცა გინდა, რომ ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს.

თქვენი ცხოვრება ვალენსიაშირა ხდება ფეხბურთის მიღმა?

– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ვცდილობთ დრო ერთად გავატაროთ. თავისუფალ დროს ქალაქში ვსეირნობთ, ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას. თუ ცოტა დიდი ხნით გვაქვს დასვენების საშუალება, ვმოგზაურობთ.

რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?

– ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი?

– დიდი ხანი ვარჩევდით სახელს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ენიზე. მინდოდა მოკლე, უნივერსალური და საყვარელი სახელი აგვერჩია.მუცლიდანვე შევარქვით ენი და ისე შევეჩვიეთ, სხვა სახელი მასზე უკვე ვეღარ წარმოგვედგინა.

გიორგის კარიერას თან ახლავს ბევრი წარმატება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყოევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ჩეხეთთან თამაში საოცარი სტატისტიკით, შემდეგ იყო მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა, (კასილასი და ბუფონიც იყვნენპეპსისსარეკლამო კამპანიაში წლების წინ და გიორგი ოცნებობდაპეპსისსახე ყოფილიყო) ლივერპულთან  კონტრაქტი, „ბალონ ორისდაჯილდოება, სადაც გიორგი ნომინირებული იყო საუკეთესო მეკარეებს შორის  – რა ხდებოდა ამ დროს გიორგის და შენ გარშემო? ამდენი მიზანი, ოცნება რომ ასეთი რეალური გახდა?

– პირველ რიგში, ეს ყველაფერი იყო ძალიან სასიხარულო და საამაყო. გიორგის ოცნება იყო „ბალონ დ ორზე“ მოხვედრა და ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ ეს კიდევ  მოხდება. ეს იყო ერთი ნაბიჯი წინ მიზნისკენ. რაც შეეხება ლივერპულში გადასვლას, ასევე მისი დიდი სურვილი იყო ყოველთვის და მიხარია,რომ ამდენს აღწევს თავისი შრომით. მე კი, ყველანაირად ვეცდები გვერდში დავუდგე და მხარი დავუჭირო.

ესპანეთიდან, (ვალენსიიდან) მიდიხართ ბრიტანეთში, ლივერპულში, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა –  როგორ ემზადები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?

– ბევრი მეუბნება – ალბათ რთულია ასე ხშირად იცვლიდე საცხოვრებელს და ყველაფერს თავიდან ეგუებოდეო, მაგრამ მე, პირადად, არ მიყვარს დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა და მივესალმები სიახლეებს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რაც გიორგის კარიერისთვის უკეთესი იქნება.

ელენე, ძალიან ემოციური იყო შენი პოსტი ინსტაგრამზე, გიორგი გაამხნევე. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი? ვიცი, რომ ეს ერთად გადასალახი იქნებოდა.

⁃ შეცდომები ყველას მოსდის და ყველას  აქვს ცუდი პერიოდები. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები.უბრალოდ, ხალხს შევახსენე, რომ აქამდე გიორგიმ ბევრი რამ გააკეთა, არაერთი საამაყო მომენტი ჰქონდა და მარცხის შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა მისი გამხნევება.

ელენე, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ფეხბურთზე. რა მიზნები გქონდა შენ, ვიდრე გამოჩნდებოდა ფეხბურთელიგიორგი მამარდაშვილი?

-16 წლიდან ვიყავი სამოდელო სფეროში. ბოლო პერიოდში არაერთი შემოთავაზება მქონდა საზღვარგარეთიდან. მახსოვს მაგ დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, არჩევანს ვერ ვაკეთებდი. 22 წლის ვიყავი და ვფიქრობდი -რომ წავსულიყავი, თითქმის არაფრისთვის მექნებოდა დრო, ყველას და ყველაფერს მოვწყდებოდი.ბოლოს ისე დაემთხვა,რომ გიორგიმ ხელი მთხოვა და ვალენსიაში მომიწია წამოსვლა. თუმცა, ახლაც მაქვს შემოთავაზებები და გადაღებები. ჩემთვის ეს საყვარელი საქმეა და სანამ დრო და ასაკი შემიწყობს ხელს, გავაგრძელებ.

გოგოური კითხვები ეკასგან😊

რომელზე იწყება დილა?

– ახლა უკვე, დილის 6:30-ზე, ენისთან ერთად.

დილის რუტინა?

– ჩემი დილის რუტინა მთლიანად ენიზეა დამოკიდებული. ახლა მთელ დროს და ყურადღებას მას ვუთმობ. როცა ენერგია მაქვს და ენიც ხელს მიწყობს, ვცდილობ ვივარჯიშო, ჯანსაღი ცხოვრების წესით დავკავდე და არ მოვდუნდე.

 – პილატესი, იოგა თუ კარდიო

– ჩემ შემთხვევაში, კარდიო.

ტიკტოკი თუ ინსტაგრამი

– ინსტაგრამი

–  Icon მოდელი

– Gisele Bundchen და Shalom Harlow

–  ბოლოს რა სერიალს უყურე ნეთფლიქსზე?

–  Lost-ს

სად იმოგზაურებდი?

– ძალიან მაინტერესებს იაპონია, ბრაზილია და ბავშვობიდან მინდოდა ახალი წლის New York-ში გატარება.

–  რა მუსიკას უსმენ ამოჩემებულად?

– კონკრეტულად ერთი ჟანრის მუსიკას არ ვუსმენ, არც ტრენდული მუსიკები მიყვარს,ხასიათს გააჩნია.

რუტინა მატჩის დღეს –  რამე ტრადიცია ან დათქმა თუ გაქვს

– ისეთი არაფერი არ მახსენდება…

–  რომ არა მოდელი, ვიქნებოდი….

– მომწონს და მაინტერესებს ფსიქოლოგია, შესაბამისად, ფსიქოლოგი.

დაბოლოს, დავასრულოთ ლექსით, რომელიც მამარდას პატარა გულშემატკივარმა, თინა ფაჩუაშვილმა, მიუძღვნა. აი, ეს ლექსიც:

ელენე: მიხარია და ძალიან მესაყვარლება ბავშვების მხრიდან მსგავსი ყურადღების გამოხატვა გიორგისადმი. 😂

პროექტის ავტორი: ეკა ხოფერია

ფოტო: Ivan Berkovich

სტუდია: Geodaylight

MUA: მარიამ ხუციშვილი

თმა: ნატა ლომაშვილი

სამოსი:  NO Name Contept Store, Daloodგაფორმება: F-Lovers

ასევე წაიკითხეთ