ჩვენს სამყაროში განსხვავებული პროფესიები არსებობს. ყველა მათგანი საკუთარი ფუნქციითა და მნიშვნელობით გამოირჩევა. გაბედული ნაბიჯების გადადგმა მარტივია, როდესაც პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავთან გაქვს. სხვა ადამიანის ბედის განკარგვას განსაკუთრებული უნარი სჭირდება. ასეთ პროცესში გონება, შესაძლებლობა და ხედვა გადამწყვეტია. პასუხისმგებლობა კი, შუაზე იყოფა შენსა და პაციენტს შორის. იწყება პროცესი, სადაც სხვისი სამყაროს ცვლილების შემოქმედი ხდები. შენი ნიჭი და შესაძლებლობა პაციენტის ცხოვრების მფარველი ხდება. აქ ყველაფერი შენზეა – უნდა შეძლო ის, რაც სხვისთვისაა აუცილებელი.
იმ ასაკში, როდესაც ყველანი სახლში ვთამაშობთ, მარიამ თოფურიამ მომავალი პროფესია განსაზღვრა. ახლანდელი გადმოსახედიდან შეიძლება შემთხვევითობა დავარქვათ, მაგრამ ამ ფაქტმა, მარიამთან ერთად, უამრავი ადამიანის ბედი შეცვალა. ის დღეს წარმატებული პლასტიკური ქირურგია.
ყველაფერი დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ტელევიზორში ნანახმა, მის დღევანდელობას ჩაუყარა საფუძველი. პლასტიკური ოპერაციის ტელევიზიით ხილვამ მტკიცე გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ექიმ მშობლებს რამოდენიმე შეკითხვა დაუსვა ნანახის შესახებ. პასუხებმა დააკმაყოფილა და პლასტიკურ ქირურგიაში მოღვაწეობის სურვილი ჩაუსახა.
ტექნიკური საგნებით გატაცებული მარიამის სკოლის პერიოდი დასრულდა. შემდეგი ეტაპი, ალბათ, არავისთვის იყო გასაკვირი. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მეხუთე კურსიდან მისი ინტერესი ქვეყნის საზღვრებს გასცდა. მარიამმა ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ქვეყნის საზღვრებში დაწყებულმა განათლებამ, პლასტიკური ქირურგიის უსაზღვრო შესაძლებლობებში გაიყვანა მარიამი და მისი პაციენტები.
მარიამის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, მის პროფესიულ ემოციებზე დავფიქრდი. მასაც პირველი ამაზე ვკითხე. მაინტერესებდა ის, რასაც თავად განიცდიდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, ოპერაციის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.
“ყველაფერი იწყება მოცემულობის შესწავლით. ბუნებრივი, ყველასათვის ინდივიდუალური მახასიათებლების, პარამეტრების, პროპორციების, ხასიათის, მიმიკის თავისებურებების და პაციენტის პირადი სურვილების გათვალისწინებით. შენს გონებაში ეწყობა მისაღები შედეგის საუკეთესო ვარიანტი და მის მისაღწევად საჭირო შესაძლო ტაქტიკები. ამ ფიქრებში ჩართული იწყებ ოპერაციას და მოუთმენლად ელოდები რა დაგხვდება კანქვეშ, როგორი მოცემულობა გაქვს და შესაბამისად, იწყებ ფიქრს, რომელი ტაქტიკა გამოიყენო რომ არსებული მასალისგან მიიღო საუკეთესო შედეგი. ოპერაციის მსვლელობა ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს, სადაც კომბინაცია ბევრია. ყოველი ახალი ნაბიჯი ტაქტიკის გადახედვას და სიმშვიდეს მოითხოვს. თამაშის მოსაგებად აუცილებელია მრავალი კომბინაციის სწორი და ლოგიკური შერჩევა. ჭადრაკისგან განსხვავებით, ოპერაციის შედეგი მხოლოდ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული, რაც ქირურგიას ბევრად უფრო რთულს ხდის. აქ დიდ როლს ცოცხალი ორგანიზმი თამაშობს, რომლის ქცევაც არაპროგნოზირებადია. არასოდეს იცი შენს შექმნილს როგორ შეეგუება, მარტივად მიიღებს თუ პირიქით, უარყოფს და გაანადგურებს. ეს სრულად მასზეა დამოკიდებული”
გადმოსაცემად მარტივ ინფორმაციას, დიდძალი შრომა უდევს წინაპირობად. ის, რაც აწმყოს მშვენიერს ხდის, საკუთარ შესაძლებლობებთან ერთად, დიდ რესურსს მოითხოვს. წარმატებული კარიერის მიღმა პროცესია, რომელიც ცალკე სამყაროში გამყოფებს. სტრესით, დაღლით და არნახული კონცენტრაციით გაჯერებული ადგილი, სადაც პროფესიონალიზმის შედეგი ამოსუნთქვის საფუძველს იძლევა. აქ იბადება წარმატება. არასოდეს ნებდები წარუმატებლობის ქვეცნობიერ შიშს. მყარი მენტალობა, საკუთარი ემოციების გაწონასწორება და ენთუზიაზმი სასურველი შედეგის წინაპირობაა. ამ განწყობას პროფესიონალები ინდივიდუალურად, საკუთარ ფიქრზე მორგებულები ქმნიან, რათა გამოირიცხოს ყველა არასასურველი შედეგი, რომელზე ყურადღების გამახვილების უფლებასაც არ აძლევ საკუთარ თავს.
“ქირურგიას და განსაკუთრებით, პლასტიკურ ქირურგიას, პროფესიის გამორჩეული სიყვარულის და შრომის გარდა, ასევე სჭირდება საკუთარ თავზე დაუსრულებელი მუშაობა. არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიულ განვითარებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ და პიროვნულ თვისებებს. მაქსიმალური შედეგის მისაღებად, აუცილებელია გამოიმუშაო უნარი, ყოველი დღე დაიწყო ხალისით და ენთუზიაზმით, ეს გიადვილებს საკითხთან შემოქმედებით მიდგომას. ეს არის პროფესია, სადაც გჭირდება გამორჩეული ნებისყოფის გამომუშავება. უნდა დააბალანსო სტრესი, დაღლა და დარჩე მაქსიმალურად კონცენტრირებული და პროდუქტიული”.
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, სამუშაო პროცესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასვენებას. თანამედროვე ცხოვრებაში განტვირთვა მხოლოდ ფუფუნებას არ წარმოადგენს. ის აუცილებლობაა. უფრო მეტიც, დასვენება გარდაუვალი საჭიროებაა. ის იმ ენერგიით გვავსებს, რომელიც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად გვჭირდება. სამედიცინო სფერო, განსაკუთრებით პლასტიკური ქირურგია, ორ მნიშვნელოვან პროცესად იყოფა; ქმედება, რომელსაც უკეთესობისკენ მივყავართ და შედეგი, რომელიც ქმედების დამაგვირგვინებელი შეფასებაა. მარიამის ცხოვრებაში კარიერული სიმშვიდე შედეგების გადამოწმების შემდეგ დგება, როდესაც ის დარწმუნებულია, რომ მისი პაციენტის ბედნიერებას არაფერი უშლის ხელს. პლასტიკური ქირურგის კარიერაში წარმატება და დასვენება შრომის შედეგად მოდის. როდესაც სხვისი სიმშვიდე საკუთარი თავის დამშვიდების საშუალებას იძლევა.
“დილას პაციენტების მონახულებით ვიწყებ. როდესაც დავრწმუნდები, რომ ყველაფერი დალაგებულია, მაშინ ვმშვიდდები და თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. ვერ ვეგუები ერთფეროვნებას. უქმეებსა და სამუშაო დღეებში, დაღლილობის მიუხედავად, შხაპის მიღება და ერთგვარი “რეინკარნაცია” ჩემი ყოველდღიურობის შემადგენელია. ეს ის ნაწილია, სადაც შემიძლია ვიყო ქალი, ცოლი, მეგობარი, შვილი, ტურისტი და უბრალოდ, დავტკბე ყოველდღიურობით. ვფიქრობ, ყველა პრიორიტეტის სწორი მენეჯმენტი და პიროვნული საჭიროებების შევსება იმ ბალანსის პოვნის საწინადრია, რომელიც გვაძლევს ცხოვრებისათვის საჭირო ენერგიას”.
მარიამის პროფესია რამოდენიმე ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა – საჭიროება, აუცილებლობა, ცვლილების სურვილი და ესთეტიკა. მათ ერთობლიობას პასუხისმგებლობასთან მივყავართ, სადაც პაციენტის მხრიდან პროცესების გააზრება, ოპერაციის შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. პლასტიკურ ქირურგიაში ნებისმიერი სახის ცვლილებას წინასწარი შეგუება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შემეცნების საკითხს დიდი როლი ენიჭება. პაციენტის სურვილს თუ თან ახლავს ინფორმირებულობა და მზაობა, სასურველი შედეგის მიღწევა უფრო მარტივია. ოღონდ, ეს მხოლოდ სიტყვებით. სინამდვილეში, ამის შემდეგ დგება ყველაზე რთული პროცესი, სადაც გადამწყვეტ როლს მარიამის პროფესიონალიზმი ასრულებს.
“მოთხოვნა პლასტიკურ ქირურგიაზე წლიდან წლამდე პროგრესირებს. ეს ძალიან კარგ გავლენას ახდენს პოტენციური პაციენტების განათლებაზე. ინფორმაციის ხელმისაწვდომობით და პირადი გამოცდილების გაზიარებით ისინი უკვე ნაწილობრივ მზად მოდიან კონსულტაციაზე. როგორც წესი, კარგად იციან რა სურთ. მოსალოდნელი შედეგებისა და რეაბილიტაციის პროცესზეც მაქსიმალური ინფორმაცია აქვთ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პლასტიკური ქირურგიის შედეგზე დიდი გავლენა აქვს ორგანიზმის სპეციფიკას, რაც შედეგს არაპროგნოზირებადს და მკაცრად ინდივიდუალურს ხდის. სწორი მოლოდინის შესაქმნელად და რეალობის ობიექტურად აღქმისათვის, აუცილებელია სწორი კონსულტაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება.”
ყოველთვის არსებობს უკეთესობის სურვილი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგია ჩვენი შედეგი ან რამდენად კმაყოფილები ვართ. პაციენტებში და ექიმებშიც მუდმივად არსებობს განვითარებისადმი ლტოლვა, სადაც უსასრულობა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. მედიცინა ის სფეროა, სადაც კმაყოფილება წარსულში რჩება, როდესაც ბედნიერი პაციენტის ისტორიას იხსენებ. მომავალი კი შრომით, შემეცნებით და შემოქმედების მრავალფეროვნებით არის გაჯერებული. ყველაზე კარგი განცდაა, როდესაც ქირურგის კარიერული წარმატება ადრეულ ასაკშივე დგება. ამას მარტივი ახსნა აქვს – მას მეტი დრო აქვს სასწაულების მოსახდენად.
ოციოდე წლის წინ ჩაფიქრებულმა სურვილმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ბედნიერ იმედებზე დაფუძნებულ შედეგებს, დღეს მარიამი პლასტიკური ქირურგიის დახმარებით ახდენს. ეს პროფესია ჭადრაკის ფიგურების სვლას წააგავს, სადაც შეზღუდული ხარ ქმედებებში და უსასრულო ხარ შესაძლებლობებში. ახალგაზრდა ქირურგის გზა შემეცნებიდან შედეგებამდე, უსასრულოა. ეს არის სამყარო, სადაც ცვლილება სილამაზეა, შედეგი კი – ბედნიერება. აქ მარიამ თოფურია გელოდებათ. ის ცვლილებების სამყაროს შემოქმედია.
ავტორი: შოთიკო ბერაზაშვილი
ფოტო: George Van De Kamp
მაკიაჟი: ლუჩია დევეჯიევა
თმა: ტატიანა ასაბაშვილი