0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ვერდი, ბახი, კარუზო და Felicita… 

ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისს ლეგენდარული იტალიელი მუსიკოსი ალ ბანო პირველად ეწვეოდა და საქველმოქმედო სოლო კონცერტს გამართავდა. იტალიური სცენის ლეგენდას საქართველოში ბევრი იცნობს, ბევრს უყვარს და მისი შემოქმედებაც ბევრისთვის ძვირფასია.

სიმღერები წყვილებისთვის, მეგობრებისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის – ქართველ მსმენელს ამჯერად შესაძლებლობა მიეცა საყვარელი რეპერტუარი ცოცხალი შესრულებით თავად სცენის ლეგენდისგან მოესმინა.

***

თბილისი…

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი…

და სცენაზე გაცოცხლებული ნამდვილი იტალია…

ლეგენდარული მუსიკოსი ქართველ მსმენელს შეეგება სიმღერით “Volare” და ასე დაიწყო ნამდვილი იტალიური დღესასწაული. სცენაზე ყველა ბგერა, სიტყვა და მოძრაობა  იყო გულწრფელი, ისევე როგორც ხელისგულზე დაწერილი „მადლობა“, რომელიც მსმენელს არაერთხელ გადაუხადა, ესეც გულწრფელად, ჩვეული ხელწერით საყვარელ მსმენელთან შეხვედრისას…

მომღერალი პირველად ეწვია საქართველოს და ვფიქრობ, თან მიაქვს პატარა ქვეყნის დიდი სიყვარული, იმდენად დიდი, რომ საკონცერტო დარბაზმა ვერ დაიტია. არის ყველგან, ყველა პლატფორმაზე, ქუჩასა და თავშეყრის ადგილში, ყველგან საუბრობენ 80 წლის ლეგენდარული შემსრულებლის სრულყოფილ ინტონაციასა და დიაპაზონზე.

შეასრულა სიმღერები, რომლითაც წლების წინ დედამიწის სხვადასხვა წერტილში იტალიურს სწავლობდნენ და ამ ქვეყნის კულტურას ეცნობოდნენ.  არაერთი მსოფლიო ჰიტის შემდეგ სცენაზე ნამდვილი კლასიკური მუსიკის სამყარო შექმნა და ლეგენდარულმა მომღერალმა ქართველ სმენელს ყველა გულწრფელი ემოცია გაუზიარა.

ვერდი…

ბახი…

კარუზო…

გაჟღერდა „ავე მარია“ და სუნთქვაშეკრული დარბაზი ალბანო კარისის უსაზღვრო შესაძლებლობებს უსმენდა. ამაში მსოფლიო ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაარწმუნა და უტყუარი ხმით მსოფლიოს გული მოიგო, თავის მხრივ მსოფლიომაც მოიგო ალბანო კარისის გული, რადგან იტალიური სცენის ლეგენდამ ცხოვრება მსმენელს მიუძღვნა და არაერთი შესანიშნავი სიმღერა აჩუქა.

მეც მოვახერხე და ჩემთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების არქივს ახლა კონცერტის ბილეთი შევმატე, იტალიური სცენის ლეგენდის, ალ ბანოს ავტოგრაფით და ჩვეული იტალიური ენერგეტიკით.

ბანალურად რომ დავასრულო, რამდენჯერაც ამ ბილეთს შევხედავ, გავიხსენებ მის სტუმრობას და შესანიშნავ შესრულებას თავად ლეგენდარული მომღერლის მიერ.

… და, რა თქმა უნდა, გავიხსენებ მთავარ ემოციას – ბედნიერებას, რომელსაც წლებია მსოფლიოს ასე უზიარებს – Felicita!  

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ასევე წაიკითხეთ