ვატო მესხი & ART

გამარჯობა. ამ ნომერში მინდა გაგაცნოთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი, 23 წლის, საოცრად ნიჭიერი მხატვარი და ხელოვანი, ვატო მესხი. წარმოუდგენელია ნახოთ და არ დაგამახსოვრდეთ მისი ნამუშევრები ან არ მოიხიბლოთ მისი გამორჩეული ხელწერით და უსაზღვრო ფანტაზიით. ის თავად მოგვიყვება თუ როგორ დაიწყო ყველაფერი….

პირველი შეხება ხელოვნებასთან

დედა მხატვარია. მთელი ბავშვობა ვუყურებდი როგორ მუშაობდა და როგორ ქმნიდა ახალ-ახალ ნახატებს. საოცრად ბევრი ფუნჯი და ზეთის საღებავი იყო სახლში, რომლის სუნიც ძალიან მომწონდა. სულ მინდოდა მეც მასთან ერთად მეხატა და შემექმნა მსგავსი. ალბათ, სწორედ ამ დროიდან დაიწყო ხატვის დიდი სიყვარული. 

ასევე, ბავშვობაში დავდიოდი ხელოვნების წრეზე, სადაც ვსწავლობდი ხატვას, ძერწვას. მახსოვს, იქ მისვლა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი. მომწონდა ყველაფერი, რასაც საკუთარი ხელებით ვქმნიდი. ახლა ეს სასაცილოდ მახსენდება. წრეზე აუცილებლად მიმქონდა დიდი ბაბუას ნაჩუქარი ყუთი, რომელშიც ძალიან ბევრი სამუშაო ინსტრუმენტი მეწყო. იქ მისულს კი, აუცილებლად უნდა დამეშალა ან ამეწყო ნემისმიერი რამ. სკოლის პერიოდში, გაკვეთილებზე, სულ პასტა, ფანქარი მეჭირა ხელში. პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი წიგნების და რვეულების ყდებზე, რაც დღემდე მაქვს შენახული. ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდან მომყვება… 

გავიდა წლები, თუმცა ინტერესი ხატვის მიმართ არ გამქრალა, თან გამყვა. ასევე, დაინტერესებული ვიყავი არქიტექტურით და გადავწყვიტე პროფესიულ დონეზე გავყოლოდი ამ სფეროს. 

art & ვატო მესხი

აკადემიური მხატვრობისთვის მომზადება დამჭირდა. ორი წლის განმავლობაში ვემზადებოდი მხატვარ თედო რეხვიაშვილთან. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც დღემდე მადგება მხატვრობაში. თედო არა მხოლოდ პედაგოგი, ჩემი ძალიან კარგი მეგობარიცაა.

ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა მალევე, პირველივე წელს, შევიცვალე ფაკულტეტი. ვერ ვგრძნობდი თავისუფლებას ამ სფეროში. გადავედი გრაფიკულ დიზაინზე (პლაკატის დიზაინი), ვისწავლე დაზგური გრაფიკა, რაც ძალიან გამომადგა მხატვრობაში.ზოგადად, ვფიქრობ ძალიან დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს მხატვრობა. მგონი, ყველაფერი ეს ერთად, ძალიან დამეხმარა და გამომადგა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ სად მუშაობ?

– წარმოუდგენელია არტისტისთვის სივრცის გარეშე ყოფნა. ეს, ფაქტობრივად, ფუნჯის გარეშე დარჩენის ტოლფასია. გამიმართლა, რადგან ოჯახი საცხოვრებლად წყნეთში გადავედით. იქ, ჩემი ზედამხედველობით, ეზოში ავაშენეთ ხის პატარა სახელოსნო, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ და ვქმნი ახალ ნამუშევრებს. ეს არის ჩემი პირადი სივრცე. არქიტექტურის ცოდნაც ამაში ძალიან გამომადგა. 

ვატო, როგორც ვიცი, შენით ამზადებ ტილოსთვის ჩარჩოებს

– როგორც აღვნიშნე, ბავშვობიდან მიყვარს სამუშაო ინსტრუმენტებთან ურთიერთობა. ახლაც ასეა. ეს ჩემი თერაპიაა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც საკუთარი ხელით ვქმნი რაიმე ნივთს. საკუთარი ნახატებისთვის თავად ვამზადებ ხის ჩარჩოებს. ვთვლი, რომ ამის შემდეგ, ნამუშევარიც მეტად ღირებული და საინტერესო ხდება.

რა შეიძლება იყოს შენთვის შთაგონების წყარო?

– ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. უამრავი რამ შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო…. იყოს სიტუაცია, ან თუნდაც, ფიქრით მივიდე შთაგონებამდე. ნებისმიერმა სურათმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩემზე. ეს ყველაფერი კი ავაგო და გადავიტანო ტილოზე. თავს არ ვიზღუდავ. შეიძლება საერთოდ არ ვეძებო ინსპირაცია და ვხატო იმიტომ, რომ უბრალოდ, მსიამოვნებს. ხატვის დროს ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი ვარ. სწორედ ამიტომ მომწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

გაქვს თუ არა გამოკვეთილი ჟანრი, რომელშიც ხატავ?

– ჩემს ნამუშევრებს რომელიმე კონკრეტულ ჟანრს ვერ დავარქმევ, გამიჭირდება. ბოლომდე არ მაქვს ამორჩეული ჟანრი და ტექნიკა. უბრალოდ, მიყვარს მრავალფეროვნება და სულ ვცდილობ სიახლეებით არ შევიზღუდო თავი. ბოლო პერიოდია, უფრო რეალიზმს მივყვები…

რა მოგწონს შენს საქმიანობაში ყველაზე მეტად?

– თავისუფლება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია…..მუდმივად მაქვს განვითრების საშუალება, არ ვარ დამოკიდებული ვინმეზე, გარდა საკუთარი თავისა.

თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

რაც შეეხება თავისუფალ დროს, ვცდილობ, ესეც გამოვიყენო საქმის კეთებისთვის, შევქმნა ნამუშევრები, ვიმუშაო ხეზე. არ მიყვარს დროის უქმად ფლანგვა. ასე რომ, სულ დაკავებული ვარ პროდუქტიული საქმის კეთებით. თუმცა, ძალიან მიყვარს კითხვა, მუსიკის მოსმენა, ვუკრავ პიანინოსა და გიტარაზე. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს თავისუფალ დროს.

შენი საყვარელი არტისტი

– ასე, გამორჩეულად, საყვარელი მხატვარი არ მყავს. ამ ბოლო დროს, ძალიან მომწონს თანამედროვე არტისტები: mark rothko, Edward hopperi, jeff koons და სხვა მრავალი… 

ოცნების დონეზე… ვისთან ერთად იმუშავებდი და შექმნიდი ახალ, საინტერესო პროდუქტს? 

საინტერესო კითხვაა… დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ან ვიმუშავებდი აუგუსტე როდინ-თან …. დავაკვირდებოდი მის შემოქმედებით პროცესს. ის ჩემი საყვარელი მოქანდაკეა.

გვიამბე გამოფენების და სამომავალო გეგმების შესახებ

ჯერ-ჯერობით, პერსონალური გამოფენა არ მქონია. იყო ჯგუფური გამოფენები. რამოდენიმე თვის წინ, ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამან სერიოზული მოტივაცია მომცა გამეგრძელებინა მუშაობა, რაც ძალიან მახარებს. გამოფენა ყველა არტისტისთვის დიდი მოტივაციაა. ახლო მომავალში ვაპირებ პერსონალური გამოფენა-გაყიდვის მოწყობას, სადაც გამოტანილი იქნება ტილოზე შესრულებული ნამუშევრები. ასევე, შეიძლება იყოს რამოდენიმე ინსტალაციაც, რომლებზეც ახლა ვმუშაობ. თემატიკას გამოფენამდე საიდუმლოდ შევინახავ…

ავტორი: ქეთა მიქელაძე

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ