“ვაკის საცურაო აუზი” – თერაპია #1

“სითის” გადამღები ჯგუფი, “ვაკის საცურაო აუზის” ტერიტორიაზე, დათქმულ დროზე ადრე მივედით. ვერ გამოვტოვებდით შანსს, რომ აქვე, კაფეს ღია ტერასაზე არ ჩამოვმსხდარიყავით და ირინა ონაშვილის ფოტოსესიის და მასთან ინტერვიუს დეტალები კიდევ ერთხელ არ გაგვევლო. იმდენად მონატრებული ვართ კაფეებს, აუზებს და ყველაფერს, რასაც მთელი ეს გასული პერიოდი მოკლებული ვიყავით პანდემიის გამო, რომ ყველა ასეთი შესაძლებლობით ვსარგებლობთ. ფოტოსესიის დასრულების შემდეგ, ისევ ამ ადგილს მივუბრუნდით, სადაც ირინამ გვიამბო თუ როგორი იყო მისთვის პანდემიის პერიოდი, რას საქმიანობს ახლა და რატომ არის მისთვის “ვაკის საცურაო აუზის” სივრცე – თერაპია # 1.

“მის საქართველო 2003” და ამავე წელს, მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზ გოგონას შორის დასახელებული ირინა ონაშვილი, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის ასოცირებული იქნება სილამაზესთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან, წარმატებასა და საყოველთაო აღიარებასთან. ირინა ნამდვილად იმსახურებს ბევრ შექებას, რადგან, გარდა ტიტულისა, ის დღესაც უმშვენიერესად გამოიყურება და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ასწრებს ყველაფერს, რასაც კი ხელს მოჰკიდებს. რაც მთავარია, არის ორი ბიჭის, 9 წლის საბას და 4 წლის დათუნას დედა.

პანდემიის პერიოდი

Vake Swimming Pool

პანდემიის დროს გაჩნდა უფრო მეტი დრო ოჯახში. დავკავდი კულინარიით. განსაკუთრებით კარგად გამომდის ცხობა. დავიწყე ვარჯიში სახლის პირობებში, რადგან აქამდე, რეალურად, ამის დრო არ მქონია არასდროს. ჩემმა დამ, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, დაიწყო ჩემი ტრენინგები. ხან ონლაინ მავარჯიშებდა, ხან სახლში. ყველა ჩემთვის საჭირო მოწყობილობა მაქვს, აბსოლუტურად: განტელები, რეზინები. საკუთარი თავის მოვლისთვის მეტი დრო გამიჩნდა, რადგან აქამდე ვერ ვასწრებდი წესების დაცვას საფეხურეობრივად. რაც მთავარია, წუწუნის განცდა დამაკარგვინა ამ პანდემიამ შარშან. არასოდეს ცხოვრებაში აღარ დავიწუწუნებ, ბევრი საქმის გამო. ერთი სული მქონდა საქმე გამეკეთებინა და ვითხოვდი – მეტი საქმე მომეცით, რომ რამით დავკავდე.

სიახლეები

ამ ეტაპზე ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ეს არის ჰიპერმარკეტი “აგროჰაბი”, სადაც ვარ მარკეტინგის სამსახურში, საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯერი. სექტემბრიდან, ასევე, დავიწყე მუშაობა “ტვ პირველზე”. “შუადღე ლაივის” ერთ-ერთი წამყვანი ვარ. ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის, ბევრ რამეს ვსწავლობ, ბევრი რამე გავიგე. აქამდე ტელევიზიაში არ მიმუშავია და რომ მეკითხებიან როგორ მოვხვდი, თამამად ვეუბნები, რომ სულ ველოდებოდი როდის მივიღებდი სატელევიზიო შემოთავაზებას.

სიახლე, რეალურად, ის არის, რასაც ახლა ვაკეთებ – სიუჟეტები. კამერასთან მუშაობა თავისუფლად შემიძლია და ვაკეთებდი ამას ადრეც. არ ვიძაბები და ეს ერთგვარი კომფორტია, ერთის მხრივ, მაგრამ წამყვანობა, სიუჟეტის მომზადება, ლაივჩართვა, მართლა ახალია. ჯერ ამ სატელევიზიო ტერმინოლოგიას სანამ შევეჩვიე. ვკითხულობდი ხოლმე: რა არის ეს პერეკლიჩკა? ვოკსპოპი?

უმეტესწილად, ვამზადებ სიუჟეტებს შემოქმედებით თემებზე: მხატვრებზე, ქუჩის მუსიკოსებზე, ჩვენს ცნობილ არტისტებზე. ახლა, მაგალითად, “სუხიშვილებზე” გვაქვს ერთი მთლიანი ეთერი. ამ თემებს რომ ვამზადებ, შესაბამისად, მეც მიწევს ხოლმე მომზადება და ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიგებ. ცალკე მაქვს რუბრიკა: სილამაზე და ჯანმრთელობა.

ადრე ვმუშაობდი “ვიადერმში” და ახლა თამამად შემიძლია კომპეტენტურად გავაკეთო სიუჟეტები “ვიადერმის სილამაზის კაფსულების” შესახებ. ასევე, “არტფარმას” სხვა პროდუქტებზეც. მე თვითონ ვარ “ვიადერმის” მომხარებელი და ჩემს შვილებსაც, პერიოდულად, ვასმევ “მარსიანჩიკებს”.

ცხოვრების ჯანსაღი წესი

Irina Onashvili

ჩემთვის “ვაკის საცურაო აუზი” #1 სივრცეა, სადაც ყველაფერია როგორც ენერგიის მისაღებად, ასევე, რელაქსაციისთვის. უარყოფით ენერგეტიკას, სტრესს, დაღლილობას ხსნის და გმუხტავს ახალი ძალებით. ახლა უკვე, რაც გაიხსნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრებიც, სახლში ინდივიდუალურ ვარჯიშებს დავუმატე “ვაკის საცურაო აუზის” სხვადასხვა აქტივობა. აქ მოსვლისას, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ვცდილობ მოვასწრო და რამდენიმე გამაჯანსაღებელი პროცედურა ჩავიტარო. ჩემთვის მასაჟისა და ცურვის კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი პროცედურაა. ასევე, თუ მეტი დრო მაქვს, პირველ რიგში, შევდივარ საუნაში, რომ სხეულის დაჭიმული კუნთები მოდუნდეს და შემდეგ ვამატებ სხვა აქტივობებს.

როდესაც დღის განმავლობაში დატვირთული ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი სივრცე, სადაც სწორად მოუვლი შენს ფიზიკურ მხარეს და ფსიქოლოგიურადაც განიტვირთები.

განსაკუთრებით მომწონს აქაური ოლიმპიური სტანდარტების აუზი. გადატვირთულ, დაჭიმულ სხეულს ძალიან დიდ განტვირთვას აძლევს ცურვა. ასევე, არაჩვეულებრივია სისხლის მიმოქცევისთვის და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის.

მე და ჩემი მეუღლე ბავშვებისთვისაც ყოველთვის ვირჩევთ აუზს. მითუმეტეს, რომ პატარებს ძალიან უყვართ ცურვა. ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალი. სხეულის ყველა ნაწილს ავითარებს სწორად და ამიტომ, მოზარდისთვის განსაკუთრებით კარგია.

ჩემთვის “ვაკის საცურაო აუზზე” სიარული არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესია, არამედ, თერაპიაც.

ზაფხულის არდადეგები

ვაკის საცურაო აუზი

ამ ზაფხულს სად გავატარებთ, დამოკიდებულია კოვიდ სიტუაციაზე.

პატარა საზღვარგარეთ არ მყოლია ჯერ არსად. ძირითადად, ვსტუმრობთ ხოლმე საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს. აქამდე, სანამ პატარები იყვნენ, გრიგოლეთში ვისვენებდით. შარშან ვიყავით კვარიათში და ძალიან მოგვეწონა იქაურობა და ალბათ, ისევ იქ წავალთ. უმეტესწილად კი, არდადეგებს ვატარებთ ხოლმე კახეთში, რადგან იქ გვაქვს სახლი.

ავტორი: თეა ხოფერია

ფოტო: ანა კოსტომაროვა:

გადაღების ადგილი: “ვაკის საცურაო აუზი”

ასევე წაიკითხეთ