მარტში რომელიც ჩვენი, ქალების თვეა, განსაკუთრებით ვცდილობთ გაგაცნოთ წარმატებული, შემდგარი, ძლიერი ქალბატონები და მათ შესახებ მოგიყვეთ.
თეონა გიორგაძე, კომპანია „მზიური რეზორტის“ კომერციული დირექტორია. კომპანიის, რომელიც აჭარაში ორ მსხვილ დეველოპერულ პროექტს ავითარებს.
„მზიური რეზორტამდე“ მის ცხოვრებაში იყო განსხვავებული მიმართულებები – სწავლა, ოჯახი, ცხოვრება დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურისტული კომპანიის დაარსება. 2021 წლიდან კი, „მზიური რეზორტის“ კომერციული დირექტორობა.
ყველაფერი ამის პარალელურად კი, მეუღლე და სამი შვილი, ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელიც უკვე 17 წელს ითვლის.
თეონა პროფესიით ფილოლოგია. პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი უცხო ენების სიყვარული და ინტერესი იყო, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ კერძო სკოლაში პედაგოგად მუშაობა სცადა, მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომელიც ნამდვილად უნდოდა.
ოჯახი, შვილები მისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი შეხვედრის დროსაც ბევრ სხვადასხვა საქმიან ზარს შორის იყო ზარები, სადაც თეონა იყო მხოლოდ დედა, შვილებისთვის მუდამ ხელმისაწვდომი.
მოგზაურობა მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა და ამიტომ აქცია ეს ჰობი წარმატებულ საქმედ. 2014 წელს, დასთან ერთად, დააფუძნა ტურისტული კომპანია Blue Bird Travel. კომპანია მალევე გახდა წარმატებული და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ ნიშას.
ოჯახთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრების რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ მას საქმისადმი დამოკიდებულების განსხვავებული და ახალი გამოცდილება შესძინა.
გზა „მზიური რეზორტში“ მოსვლიდან – დღემდე
„მზიური რეზორტის“ ისტორია 2019 წელს იწყება. პირველი პროექტი და წარმატებული სტარტი იყო „მზიური გარდენსი“. ჩემმა მეუღლემ ბრიტანელ ინვესტორებთან ერთად, აჭარაში დაახლოებით 80 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საწყის ეტაპზე კომპანიის მართვაში არ ვიყავი ჩართული, მაგრამ 2021 წლიდან „მზიური რეზორტის“ გუნდს კომერციული დირექტორის როლში შევუერთდი.
ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ამ კომპანიაში აღმოვაჩინე საკუთარი თავი. ეს ზუსტად ის ადგილი და სფეროა, სადაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. საწყის ეტაპზე, უძრავი ქონების სფეროში მუშაობის დაწყება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან არ მქონდა შესაბამისი გამოცდილება. თუმცა, ჩემთვის არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გადავლახავ. მუდმივად ვისწრაფვი სიახლეებისკენ და ვსწავლობ, საკუთარი თავის ძიებაში ვარ. რა თქმა უნდა, მომწონს სირთულეებიც. ვფიქრობ, უფრო მეტად მაძლიერებს, მოტივაციას და ძალას მაძლევს.
ვფიქრობ, „მზიური რეზორტში“ ჩემი მოსვლით დიდი წვლილი შევიტანე კომპანიის განვითარებაში პროცესების დალაგების, საქმის დელეგირების და კომპანიის ცნობადობის გაზრდის კუთხით. რაც, ბუნებრივია, აისახა კიდეც გაყიდვების ზრდაზე.
2022 წლის გაზაფხულიდან კომპანიაში „აფეთქება“ დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. მგონია, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად, იმ მთავარი ღირებულების დამსახურებაა, რაზეც ჩვენი კომპანია დგას – ეს ჩვენი გუნდია. ადამიანები, რომლებიც დიდი პროფესიონალიზმით და სიყვარულით ქმნიან „მზიური რეზორტს“.
მოგვიყევით პროექტებზე, რომელსაც „მზიური რეზორტი“ ქმნის
„მზიური რეზორტი“ ამ ეტაპზე აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს ავითარებს, რომელიც როგორც ჩვენთვის, ასევე რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.
პირველი, ეს არის „მზიური გარდენსი“. პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში და ბათუმიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. პროექტში სამშენებლო პროცესების 90% უკვე დასრულებულია.
მეორე და ახალი პროექტი ეს არის „მზიური ველნესი“. საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ზღვის დონიდან 16000 კვ.მ. ზე მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულში, მახინჯაურში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე ვითარდება. აქ ოდითგანვე არსებობდა ცნობილი სანატორიუმი „მზიური“, რომელსაც როგორც პოსტ საბჭოთა, ასევე ევროპის მრავალი ქვეყნიდან ყოველწლიურად 10000 – ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
„მზიური ველნესი“ გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*-იანი სასტუმროების ქსელს CROWNE PLAZA და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიურ და გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელიც როგორც ჩვენი კომპლექსის მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ჩვენი მიზანია აჭარა, კონკრეტულად კი მახინჯაური, კვლავ ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებელ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმით და ბალნეო კურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.
მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
რაში მდგომარეობს მზიური რეზორტის უნიკალურობა?
ვფიქრობ, „მზიური რეზორტის“ მთავარი ღირებულება ისაა, რომ ჩვენ ვაშენებთ ისე, როგორც საკუთარ ბინას, სადაც ჩვენი ოჯახით და შვილებით ვიცხოვრებდით.
ყველა დეტალს მომავალი მობინადრის თვალით ვუყურებთ. ვფიქრობთ რა იქნება უკეთესი უფრო მეტი კომფორტისთვის. როგორ ვაგრძნობინოთ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კორპუსებს, ჩვენ ვქმნით ახალ საცხოვრებელ გამოცდილებას. ჩვენი პროექტები, როგორც უკვე აღვნიშნე, რეგიონის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც „მზიური გარდენსის“ მშენებლობა დაიწყო, გარშემო არაერთი ახალი პროექტი გაჩნდა. მოიმატა მიწის და უძრავი ქონების ფასმა, გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა. შედეგად კი, მახინჯაური გახდა კომერციულად მიმზიდველი ლოკაცია.
17 წელი – მყარი და სიყვარულით სავსე ოჯახი
ოჯახი 21 წლის ასაკში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შევქმენი და 17 წელია ერთად ვართ. ჩვენს ოჯახს აძლიერებს ჩვენი სამი შვილი, 13 წლის ლუკა, 11 წლის თეკლა და 7 წლის ლიზა.
ვფიქრობ გაგვიმართლა კიდეც და ორივემ ძალიან ბევრიც ვიშრომეთ იმისათვის, რომ 17 წელი მყარად და სიყვარულში გაგვეტარებინა. ამ ყველაფრის უკან, დიდ სიყვარულთან ერთად, დგას ურთიერთგაგება, ნდომა, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა. ამიტომაც ვართ კარგი პარტნიორები საქმეშიც და ოჯახშიც. ჩვენ განსაკუთრებით გვაერთიანებს მეგობრობა, საერთო საქმე და ერთმანეთის მიმართ ინტერესი, რომელიც ამდენი წელია არ განელებულა.
როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ოჯახსა და წარმატებულ კარიერას შორის?
საკმაოდ რთულია. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ვახერხებ. ხშირად მქონია განცდა, რომ შვილებს ნაკლებ დროს ვუთმობ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვარ როცა ვჭირდები. მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ მათ რეალიზებული და ბედნიერი დედა ნამდვილად სჭირდებათ. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ხელს მიწყობს ისევ და ისევ ჩემი ოჯახი და მეუღლე. მათი თანადგომით ვახერხებ, რომ ვიყო წარმატებული საქმეშიც და არ მოვაკლდე ჩემს ოჯახსაც. თუმცა, ალბათ ყველაფერში აუცილებელია ბალანსი. მთავარია პრიორიტეტები გადაანაწილო სწორად.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ჩემი დილა 7 საათზე იწყება ტრადიციული ფინჯანი ყავით. შემდეგ გრძელდება ბავშვების გაღვიძებით და ვემზადებით სკოლისთვის. როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, ცოტა დროს ვუთმობ საკუთარ თავს – ვვარჯიშობ, ვცურავ, ვწესრიგდები და მივდივარ სამსახურში.
საღამოს საათებს ძირითადად ოჯახთან ერთად ვატარებ.
ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და ვცდილობთ ამის დროც გამოვნახოთ. ასეთი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ერთად ვართ.
ლიდერი ქალი – სირთულეები ამ გზაზე
ვფიქრობ, იყო ლიდერი ეს არის თვისება, რომელიც ან გაქვს ან არა და არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვიყო აქტიური, რეალიზებული და პროდუქტიული. როცა ვიცი რომ ვინმეს ვჭირდები, როცა შემიძლია ვინმეს დავეხმარო, როცა მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი და ენერგიით სავსე.
ლიდერობის თანმდევ სირთულეებს რაც შეეხება, ვიტყოდი რომ ნამდვილად არაა იოლი იყო დედა და ამავდროულად, იყო კომპანიის სათავეში. ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ საკუთარი თავისგან და მუდმივად ვეუბნები – შენ საუკეთესოდ შეძლებ! ნამდვილად გამიმართლა, რომ მყარად მიდგას გვერდით ჩემი ოჯახი.
სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე მთლიანად დეველოპერული პროექტებით ვარ დაკავებული. ჩემი სამომავლო გეგმებიც მას უკავშირდება. კომპანია განვითარების აქტიურ ფაზაშია. ვმუშაობთ რამდენიმე ახალ პროექტზეც.
„მზიური რეზორტმა“ თავი ღირსეულად დაიმკვიდრა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.
ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: თიკო ჭიღლაძე