თეა სიჭინავა

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი

14 წელი ვიცხოვრე სოხუმში. უფრო მეტი – თბილისში. თუმცა, ჩემთვის მთავარი ქალაქი მაინც ჩემი სოხუმია. რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ასე იქნება. ცხოვრების ყველაზე ტკბილი და ლაღი პერიოდი, ბავშვობა, სწორედ აფხაზეთს უკავშირდება. დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება დედასთან ერთად სანაპიროზე სეირნობა და ნაყინის გემო, რომელსაც სოხუმში ვჭამდი და სხვაგან მსგავსი არასდროს გამისინჯავს.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, ძალიან რთული იყო იმ ტრავმის გააზრება, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ. რთული იყო უცხო ქალაქში თავის დამკვიდრებაც. მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც მთელ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო და ყველას ძალიან უჭირდა. ყოველი დღე იყო გადარჩენისთვის, არსებობისთვის ბრძოლა. ვუყურებდი როგორ ცდილობდნენ ჩემი მშობლები ყოველდღიურად, ელემენტარულად, საჭმლის თანხა ეშოვათ. აქ ჩამოსვლისას არც სახლი დაგვხვედრია და, რასაკვირველია, არც სამსახური. რაღაც გამოვიდა, რაღაც – ვერ. 

ყოველთვის ერთნაირად არ გაგიმართლებს. სამწუხაროდ, თურმე შეიძლება აწყობილი ცხოვრება ერთიანად გასწორდეს მიწასთან და მოგიწიოს ყველაფრის ნულიდან დაწყება, რაც ძალიან რთულია. წამოვიზარდე და ოჯახის რჩენის ტვირთი მე ავიღე საკუთარ თავზე. ასე მოვედით აქამდე – იმის იმედით, რომ ერთ დღესაც, ჩვენს მოგონებებს ისევ ჩავიტანთ იმ ადგილას, სადაც აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი

ასევე წაიკითხეთ