თათული დოლიძე: ნება მიბოძეთ, ჩემთვის დავიტოვო…

მინდა, რომ ერთხელ უბრალოდ მკითხონ…

არაფერი მინდა რომ მკითხონ. იმდენი კითხვა მაქვს საკუთარ თავთან პასუხგაუცემელი, რომ ახალ კითხვებზე ფიქრი აღარ მინდა.

თუმცა, ახლაც კითხვას ვპასუხობ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება…

ჩემს ცხოვრებაში ანუ ჩემს ოჯახში რაც ხდება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება პროფესიას, ჯერ-ჯერობით არაფერია საინტერესო.

მსახიობობა რომ გადავწყვიტე…

პირველი კურსის პირველი სემესტრის ბოლო იყო. მანამდე მსახიობობაზე არ მიფიქრია. ეს გადაწყვეტილება ორმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო ჟორდანიამ მიმაღებინა. რუსთაველის თეატრში კი, თემურ ჩხეიძემ მიმიყვანა.

დოლიძე თათული

მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი? 

შემიძლია რამდენიმე პროფესია ჩამოგითვალოთ, სადაც ისევე როგორც თეატრში, თავდაუზოგავად, გატაცებით და დიდი სიყვარულით გავაკეთებდი ყველაფერს, რასაკვირველია, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. 

როდესაც „კავკასიურზე” მეკითხებიან… 

მეღიმება და თან მეუხერხულება მუდამ ამ სპექტაკლზე საუბარი. ისე კი, რასაკვირველია, მსიამოვნებს, რომ მსოფლიოში ყველას მიერ აღიარებულ საუკეთესო სპექტაკლში ვითამაშე და მეც შევიგრძენი ის სიამოვნება, რომელიც დიდ წარმატებას მოაქვს რასაკვირველია, რობერტ სტურუას თაოსნობით. და ამიტომ, მუდამ მადლიერი ვიქნები მისი და არა მარტო „კავკასიურის” გამო…

უკან რომ ვახვევ…

ყველაზე ხშირად თავს მახსენებს ბავშვობა, ძალიან დიდი ოჯახი, სიყვარულით, ხალისით და იუმორით სავსე. სტუმრიანი, დიდი სუფრებით, შესანიშნავი მომღერლებით და მოცეკვავეებით. ბაბუაჩემიც ძალიან კარგად ცეკვავდა და მამაც. მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუები, ბიძები, მამიდა ყველა ერთად ვცხოვრობდით. არ ვიცი ამდენი ადამიანი ასე შეხმატკბილებულად, ლაღად ცხოვრებას როგორ ახერხებდა.

და ყველაზე მთავარი, ის სამი დღე, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილი მოევლინნენ ჩემს ოჯახს.

Dolidze Tatuli

ხშირად მამსგავსებენ… 

დედას. თუმცა, ზოგი მამასაც. განსაკუთრებით ისინი, ვინც მამას ახალგაზრდობაში იცნობდა.

ჟანრი…

ნამდვილი შემოქმედია. ის ჩვეულებრივად ვერაფერს ხედავს და ვერაფერს აღიქვამს. საკუთარი და ყველასგან გამორჩეული ხელწერა აქვს როგორც მსახიობს, ასევე მხატვარს ან პირიქით, რადგან მისი პირველი პროფესია მაინც მხატვრობა იყო.

ვფიქრობ, ესტრადაზეც ძალიან წარმატებული იქნებოდა, რადგან სასიმღერო ხმაც გამორჩეული აქვს. ხელოვანია საუკეთესო გაგებით.

რაც შეეხება ოჯახს, ყოფითი საკითხებიდან ძალიან შორსაა, აღიზიანებს კიდეც, არც აინტერესებს. მოკლედ, საგარეო კაცია.

ყველაზე სასიამოვნო ტაში… 

ისევ ის, “კავკასიური ცარცის წრე”, ედინბურგის ფესტივალის გახსნა, მოსკოვის გასტროლი. ვმონაწილეობდი სამ შესანიშნავ სპექტაკლში: „კავკასიური ცარცის წრე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის”, “ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”. ასევე, გამოვყოფ ჟენევის საოპერო თეატრში საქველმოქმედოდ გამართულ “კავკასიური ცარცის წრეს”.

ახლა დაუფიქრებლად ავდგებოდი და გავემგზავრებოდი… 

ტიბეტში. შეიძლება იმიტომ, რომ გუშინ რაღაც ფილმს მოვკარი თვალი და დამაინტერესა – ახლაც ზუსტად ისევ ისეა როგორც 100 წლის წინ? თუმცა ახლა ვერსად წავალ, ვერც დაუფიქრებლად და ვერც ბევრი ფიქრის მერე.

მიყვარს… ფიქრი, ლაპარაკი – ნაკლებად.

ხშირად ვუსმენ… 

ხშირად კი არა, მთელი დღე და ღამე ყველა ჟანრის მუსიკა აქვს ჩართული ჟანრის, პირველ სართულზე. არ აინტერესებს ვის რა მოსწონს.

ასევე გიორგის, სხვენში.

სალომეს და სოფოს უფრო დაბალ ხმაზე, თავისთვის.

Tatuli Dolidze - City

კომპლიმენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება… 

ნება მიბოძეთ, ჩემთვის დავიტოვო.

ყველაზე უცნაური ამპლუა, რომელშიც მომიწია ყოფნა..

უცნაური შეიძლება სხვისთვის იყოს, ჩემთვის ეს აუცილებლობამ გამოიწვია. საკუთარ სახლში მოწყობილი სასტუმროს მენეჯერი და დიასახლისი ვიყავი მინიმუმ, 10 წლის მანძილზე, მძიმე 90-იან წლებში. ამ წლებში მხოლოდ დილის 4 ან 5 საათზე იყო ფრენები და სტუმრები მე უნდა მიმეღო და გამეცილებინა, სხვა დატვირთვასა და მომსახურებაზე რომ არაფერი ვთქვა. ალბათ ახალგაზრდობამ შემაძლებინა.

თანამედროვე სამყაროში არ მომწონს… 

ის ქაოსი, რომელიც შიშს, დაძაბულობას, გაღიზიანებას, უნდობლობას, უზნეობას, თავისუფლების გაუკუღმართებულ გაგებას იწვევს ადამიანებში.

“ზნესრულობას მუდმივი და უწყვეტელი კავშირი აქვს თავისუფლებასთან. თუ ეს კავშირი დაირღვა, იქმნება ტრაგიკული მდგომარეობა.” – ეს აკაკი ბაქრაძის სიტყვებია.

Tatuli Dolidze

მომწონს… 

მოდის თავისუფლება. როგორც გინდა შეიმოსე, ყველაფერი მოდაშია. როგორ ინტერიერშიც გინდა იცხოვრე, მთავარია იპოვო შენი სტილი, რომელიც გიხდება და ახლოა შენს შინაგან სამყაროსთან და ასე შემდეგ.

მე-20 საუკუნე თუ 21-ე?… 

ორივე. ის, რომ ღმერთმა ორ საუკუნეში ცხოვრება გარგუნა წილად, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, მოგწონს ეს წლები თუ არა. მოკვდავთათვის ეს მართლა ძალიან ბევრია. სამყაროს ისტორიისთვის კი – წამი.

პროექტის ავტორები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე, ნათია გამცემლიძე

ფოტო: დავით ჭალიძე

MUA: ეკატერინე ჩანჩიბაძე

სამოსი: ლაშაო გაბუნია, Archive, VASKA, datuna sulikaShvili 

გადაღების ადგილი: Studio 6200

ასევე წაიკითხეთ