ნუცა შამილაძე, ღონისძიებების მენეჯერი
როგორ დაიწყო თქვენი ზაფხული?
ზაფხული ძალიან მიყვარს და მოუთმენლად ველოდები მთელი წელი. ზაფხულის პირველივე დღეებში მე და ჩემი მეგობარი, მაკუნა ნაცვლიშვილი რამოდენიმე დღით გავემგზავრეთ სტამბულში. განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს ამ ქალაქთან. რამდენჯერაც არ უნდა წავიდე, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. მცირე დროც მყოფნის, რომ დადებითი ემოციებით დავიმუხტო და უკან დავბრუნდე ახალი ენერგიით.
ჩემი დაბადების დღეც ზაფხულშია. მეგობრებთან ერთად აღვნიშნე ზღვაზე, კვარიათში. მიუხედავად ცუდი ამინდებისა, დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ზოგადად, ვფიქრობ, კარგ ამინდსა და სასიამოვნო გარემოს ადამიანები ქმნიან. თქვენი ჟურნალის საშუალებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს.
რა არის ზაფხულში გამორჩეული?
– მიყვარს ზღვა.… მგონია, ის ყველაფერს გრძნობს და არაფერს ამბობს. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ფიქრი მიყვარს. ხან, სულაც არ ვფიქრობ, მხოლოდ ტალღების მოსმენით ვტკბები. იაპონელი მწერალი, ჰამუკი მურაკამი ამბობს – „როცა ზღვას დიდხანს უყურებთ, ადამიანების მონატრება გეწყებათ. ხოლო როცა ადამიანებს დიდხანს უყურებ, მაშინ ზღვა გენატრება” მეც სწორედ ასე ვარ.
ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე წელს ზაფხულში, რაც ძალიან მახარებს. მიყვარს სიახლე, საინტერესო ადამიანებთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გყავთ ორი შვილი. როგორ ახერხებთ დროის სწორად გადანაწილებას ზაფხულის პერიოდში?
– სამსახურის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო წლებია ბავშვებთან ერთად დიდი ხნით დასვენებას ვერ ვახერხებ, რაზეც ძალიან მწყდება გული. თუმცა, რამოდენიმე დღე მაინც მოვახერხე მათთან ერთად ბაკურიანში წასვლა.
რასთან ასოცირდება თქვენთვის ზაფხული?
ზაფხული ჩემთვის თავისუფლებასთან, გართობასთან ასოცირდება. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურ დასვენებასთან.
ტექსტი: ქეთა მიქელაძე