0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

სწორი სუნთქვა

შუქნიშანზე გავჩერდით. ტაქსიში ვიჯექი. ვიღაც ასაკოვანი კაცი, სპრინტერივით მოწყდა ადგილიდან ზებრაზე გადასარბენად. ყვითელი ანათებდა, ნეიტრალური ფერი. გულამოვარდნილი ცდილობდა ქუჩის მეორე მხარეს მოხვედრას. მძღოლები მოუსვენრად ძრავდნენ და მერე ამუხრუჭებდნენ მანქანებს. გამოუშვეს და გამოუშვეს შავი ბოლი ფილტრებდახსნილი „გლუშიტელებიდან”. ფეხით მოსიარულე ქალმა სანახევროდ გადაკვეთა ქუჩა, მაგრამ უკანვე მობრუნდა სწრაფი ნაბიჯით. მიხვდა, რომ ვეღარ გადაასწრებდა.
სუნთქვა ჭირს უკვე ქალაქში, – თქვა ტაქსისტმა.


ჰო, – დავეთანხმე, – შენი მანქანაც კარგად ბოლავს.


იწყინა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მართალი ვიყავი. ჩემი ტაქსის „დამსახურებით” უკან მდგარი მანქანა აღარ მოჩანდა, მღვრიე ნაცრისფერი ბოლის გუნდაში გახვეულიყო.
სუნთქვა ჭირს თბილისში. ყელის ჩამკაწრავი დახველებით ფილტვებმაც დამიდასტურეს ეს ტაქსიში ჯდომისას, მაგრამ სხვა სუნთქვა გამახსენდა მაშინ, სწორი სუნთქვა.
„მოსმა, სუნთქვა, „სკალჟენიე!..”, მოსმა, სუნთქვა „სკალჟენიე!..”, – ექვსი-შვიდი წლისას, წყალში ხმაურად ჩამესმოდა ნანი მასწ-ის სიტყვები. აუზის ნაპირს მოუყვებოდა და სწორ მოძრაობებს მაჩვენებდა სიარულში, თან დამძახოდა სწორ სიტყვებს სწორად ცურვისთვის. ვებრძოდი წყალს, ვატყაპუნებდი ხელებს და არაფრით გამომდიოდა „სკალჟენიე“. სიმწრით, ჯანგამოცლილი ვფარავდი რამდენიმე მეტრს.


„არასწორად სუნთქავ, ამიტომ იღლები მალე… არა უშავს. სწორ სუნთქვას ისწავლი და კილომეტრებს გაცურავ დაუღალავად”, – მითხრა „დაროჟკაზე“ ჩამოკიდებულს, აქოშინებულს…

„რას დაშტრიკინებთ მთის თხებივით!“ – ხრინწიანი ხმით დაგვიჯაჯღანა მე და პატარა გიგაშას ვაჟა გიგაშვილმა, მაგარმა კაცმა და მაგარმა მწერალმა. ცამეტი-თოთხმეტი წლისანი წაგვიყვანა ხთეს ხეობაში, სადაც რომ ახლა რუსის სალდათი დგას და ვერ გაგვიგდია ჯერ… პატარები ვიყავით, ჯანი გვერჩოდა და დავხტოდით ბილიკებზე არეული ნაბიჯით, სირბილ-სირბილით.

„მასე შორს ვერ წახვალთ, ნახევარგზაზე, დაღლილები დაეხეთქებით. დისტანცია თავიდან ბოლომდე უნდა გაზომო და გაითავისო, საშენოდ მოირგო, მთლიან სივრცედ წარმოიდგინო, მერე ტემპი შეარჩიო მისი გათვალისწინებით და ერთ დინამიკაში იარო”, – გვეუბნებოდა ქვაზე ჩამომჯდარი, განუყრელ უფილტრო სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა და ასანთის ღერებს შუაზე ტეხდა ჩვეულად.


თხუთმეტი წლის შემდეგ, ანაპურნას საბაზო ბანაკამდე ავდიოდი მარტო. დილის ექვს საათზე გამოვედი სოფელ ჩონდრუკიდან. რთული გადასვლა მელოდა, ათსაათიანი (მთაში მანძილი დროით იზომება). ლანდრუკში ავდიოდი, საბაზომდე ბოლო სოფელში. ბილიკზე სამ ინგლისელს წამოვეწიე ნისლში. არაფრით მატარებდნენ წინ, გზას არ მითმობდნენ, თითქოს მათ უფლებებს ვლახავდი. არადა, გვერდს ვერ ავუვლიდი, ქვევით ხრამი იყო დაკიდებული და ზევით ციცაბო მთა. რავი რა ეტაკათ, რა მაღალმთიანმა ბზიკმა უკბინათ, აქაოდა, შენზე უფრო ჯანზე ვართ და უფრო მაგრად დავდივართო თუ რა ვიცი, რას გაუგებ ზღვის დონიდან ოთხიათას მეტრზე მიმავალ ხალხს. მოკლედ, იწყინეს თუ იტკიცეს რაღაც, სვლას უმატეს და დამეკარგნენ თვალთახედვიდან. ორი საათის სავალზე ენაგადმოგდებულები ვნახე, მართლაც რომ ეყარნენ ქვებზე და თავწახსნილი მათარებიდან სულმოუთქმელად სვამდნენ წყალს… ეკლესიაში მამა-შვილი იდგა ჩემ გვერდით. ბიჭი რვა-ცხრა წლისა იქნებოდა. მამა მისკენ დაიხარა და ჩუმად უთხრა, მაგრამ ყური მოვკარი ნათქვამ სიტყვებს: – „ნუ ჩქარობ, გულს უსმინე, მშვიდად ისუნთქე და ისე ილოცე.”…
მწვანე აინთო. ერთმანეთის დასწრებაზე დაიძრნენ მანქანები. გვერდითა ქუჩიდან წითელზე გამოუხვია ჯიპმა. მანქანების რიგში მოინდომა შემოტენვა წესის დარღვევით. ატყდა პიპინი და ზედ მიყოლებული გინება. მეც ვთქვი ორიოდე უზრდელური სიტყვა ბრაზიანად და წინ გადაქაჩულს ღვედი ტკივილამდე შემომეჭდო მკერდზე. იმ ფეხით მოსიარულე ქალმაც დრო იხელთა მანქანების შეფერხებით და მათ შორის მოინდომა სლალომად გაძრომა. მასაც მიაწიეს „ტკბილი” სიტყვა.


ვახ, სულ დარღვევაზე არიან ქალიან-კაციანა, – თქვა ტაქსისტმა.


ჰო, სუნთქვა გვაქვს დარღვეული, – ვუთხარი მე. დაბნეულად კი გამომხედა.


რეზო თაბუკაშვილი

ასევე წაიკითხეთ