სკოლას დაამთავრებ და მერე?  . . .

ელენე, პირველად, „სითიში” 10 წლის ასაკში გადავიღეთ. ბრიალა ლამაზი თვალებით, ხვეული თმითა და ძლიერ დასამახსოვრებელი ღიმილით. სერიოზული სახით იჯდა და ჰყვებოდა იმ მომენტში მისი ცხოვრების მთავარ არტ პროექტზე – „ხე კადუზე”. ჰყვებოდა მუსიკალურ თავგადასავალზე, იკეთებდა მის ცხოვრებაში პირველ დიდურ მაკიაჟსა და პირველი ფოტოსესიისთვის ემზადებოდა.

ყველა ლოგიკითა და ფიქრით არტისკენ უნდა წასულიყო.

გვინდოდა ზაფხულის „სითიში” სკოლის დამთავრების ფანტასტიკურ პერიოდს გამოვხმაურებოდით. ელენე კუჭუხიძე იდეალური გმირია. მისი პირველი „სითი”, როგორც მოგახსენეთ, 10 წლის ასაკში შედგა. წელს სკოლას ამთავრებს და იწყებს ახალს.

შეხვედრა სტუდიაში შედგა. ვიდრე გუნდი გადაღებისთვის ემზადებოდა, გამოველაპარაკე. წინ გაზრდილი და ძალიან საინტერესო ელენე მეჯდა. ამიხსნა, რომ გეგმები ოდნავ შეეცვალა. მისი „ხე კადუ“დარჩება, არტიც დარჩება, მაგრამ პროფესიის მიმართულება მაინც კორპორაციული სამართლისკენ წავიდა. იცით, იერითაც ასეთია. თან არტი და თან სამართალი. სადღაც სირბილე და იქვე სიმტკიცე. „სითის“ ფოტოსესიასაც ეს ელენე უნდა დაეჭირა. ვფიქრობთ, დაიჭირა.

ელენე კუჭუხიძე, 17 წლის

დაამთავრა ევროპული სკოლა

სწავლას განაგრძობს, საფრანგეთში, EDHEC Business School

თბილისიდან პარიზში (ლილში), რატომ პარიზი?

პარიზი, თბილისის შემდეგ, ჩემი საყვარელი ქალაქია, რომლის ქუჩებში, სენას ნაპირზე სეირნობა, არასოდეს მომბეზრდება. თუმცა, სასწავლებლად ლილი შევარჩიე. ლილი მშვიდი, სტუდენტური ქალაქია, საოცარი მდებარეობით (ძალიან ახლოს პარიზთან, ბრიუსელთან, ბრიუგესთან…) მიმაჩნია, რომ ნამდვილ ფრანგულ კულტურას და საზოგადოებას სწორედ ლილში გავიცნობ. უნივერსიტეტი კი სტუდენტებზე ორიენტირებულია.

რატომ ბიზნეს ადმინისტრირება და არა არტი?

ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, და ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ჩემ თავს კორპორაციული სამართლის სფეროში ვხედავ. ამ პროფესიის შესწავლის შესაძლებლობას სწორედ ეს მიმართულება მომცემს.

„ხე კადუ“ დაიწყო ასე…

„ხე კადუს“ შექმნის იდეა 2019 წელს გამიჩნდა, რომლის მიზანი იყო შემექმნა ისეთი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო, რომელიც პატარებში განავითარებდა დადებით უნარ-ჩვევებს – შრომას, კრეატიულობას, გარშემო მყოფებზე ზრუნვას… სათამაშოები: ჩიტის სახლი, ჩემი საყვარელი წიგნის თარო, ახალი თბილისი და სხვა. საზოგადოებამ მალე შეიყვარა და დღემდე მოთხოვნადია.

 „⁠ხე კადუ“ – როგორ გაგრძელდება ის?

„ხე კადუში“ იმდენი შრომაა ჩადებული, სადაც არ უნდა წავიდე, რა საქმითაც არ უნდა ვიყო დაკავებული, ყოველთვის მოვნახავ დროს ვიფიქრო და განვავითარო იგი. გავაგრძელო მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სოციალური თუ შემოქმედებითი პროექტი.

ვერ წარმომიდგენია ჩემი დღე მუსიკის გარეშე. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მუსიკა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი საქმე, გარემო რომელსაც სწორად შერჩეული მუსიკა არ ავსებდეს და ალამაზებდეს.

უახლოესი მომავლის გეგმები

სასწავლებლად გამგზავრების პროცესის დროს ბევრი საბუთი თუ პრობლემაა მოსაგვარებელი. ძალაუნებურად, მეც ამ მზადების პროცესში ვარ ჩართული. მაქსიმალურად ვცდილობ განვეწყო, დავიმუხტო და მომზადებული შევხვდე ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს ჩემს ცხოვრებაში.

ყველაზე მეტად მომენატრება…

ოჯახის წევრებთან გატარებული დღე, ჩვენი ტაძარი, აჭარული ხაჭაპური.

საყვარელი საგანი…

მათემატიკა და სამართალი

საყვარელი ფილმი

„პიანისტი“

საყვარელი წიგნი

„პატარა უფლისწული“ – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

“სითი” მაშინ…

პირველად სითიში გადამიღეს, როდესაც 10 წლის ვიყავი. ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება.

⁠”სითი დღეს…”

სითი ყოველთვის დახვეწილი და გემოვნებიანია.  გაძლევს საშუალებას  საუკეთესოდ გამოავლინო თავი.

სამკაული: Chopard

საათი: Baume & Mercier Chronograph Georgia

ფოტო: Ivan Berkovich 

მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

პროდიუსერი: ეკა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ