შორენა ალიბეგაშვილი – სახის არქიტექტურა 

მისი სახელი დღეს მსოფლიოში ქალების მიერ ატაცებულ მიმართულებას უკავშირდება. მიმართულებას ბევრი სახელი და განშტოება აქვს – აერთიანებს სახის იოგას, სკულპტურირებას, მასაჟს, ყველაფერ იმას, რასაც ბუნებრიობა, ასაკისა და სილამაზისადმი გააზრებული მიდგომა ჰქვია. ბუნებრივი სილამაზე დიდი შრომაა, ყოველდღიური დისციპლინა. სამაგიეროდ, შედეგიც სხვაგვარია – დიდხანს ნარჩუნდება და ცხოვრების სტილის შემადგენელი ხდება. 

ადრე სხვების დარწმუნება უხდებოდა, პაციენტებს მასაჟებს საჩუქრად უკეთებდა, ჩუმად აპარებდა სახის იოგას, ვარჯიშის სიკეთეებს. დღეს კი, ის ყველგან არის და მაინც ყველას არ ყოფნის. ხან მის მიერ დაფუძნებულ სივრცეშია, სახელად Ane Rosh, ხან ბალნეოლოგიურში, ხან „ბლის იოგაში” და ხანაც  „ვორლდკლასში”. პარალელურად, სულ არის ონლაინ, (კაცმა არ იცის როგორ ასწრებს). შემეცნებითი მასტერკლასებით სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, ატარებს მარათონებს. შედეგიც არ აყოვნებს: მსოფლიოს კვალდაკვალ სულ უფრო მეტი და მეტი სხვადასხვა ასაკის ქალი, მათ შორის პატარა გოგოებიც, სახის ვარჯიშებისა და მასაჟების მიმდევრები ხდებიან. 

როგორ მოვედით აქამდე? 

შორენა ალიბეგაშვილი გვიყვება სახის მასაჟსა და სკულპტურირებაზე

ის ჩემს ცხოვრებაში 21 წლიდან შემოვიდა და მისი დამსახურებით გავხდი კოსმეტოლოგი. ჯერ ერთმა ჩინელმა მასაჟისტმა მასწავლა. შემდეგ ცოდნა ევროპული ტექნიკით გაღრმავდა. სკულპტურირება 8 წლის წინ დავიწყე. თავიდან ვერ ვბედავდი, უფრო ნაზად ვაკეთებდი. ზოგჯერ შეგრძნება მქონდა, რომ თითები თავად მოითხოვდნენ მეტს. სკულპტურირება სრულიად სხვაგვარი ტექნიკაა, მას უნდა გრძნობდე. 

ინიექციები

რა დასამალია, ვაკეთებდი და კარგადაც გამომდიოდა. მაგრამ დრომ მოიტანა და გავჩერდი. კარგად მახსოვს ბოლო ინიექცია. ჩემს ახლობელს ვუკეთებდი და თან თვალზე ცრემლი მომდიოდა, ვხვდებოდი, რომ ეს აღარ უნდა გამეკეთებინა, ჩემი აღარ იყო. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. რთული გზა იყო, რადგან გზა, რომელიც მე ავირჩიე, პოპულარული საერთოდ არ იყო. სახის მასაჟის კულტურა ჩვენთან კი არსებობდა, მაგრამ კლასიკური. კოსმეტოლოგები, რომლებიც კლასიკურ მასაჟებს აკეთებდნენ, ინიექციებზე გადავიდნენ. მიმართულება, სადაც მაშინ მე ვიყავი, არაპოპულარული და არაანაზღაურებადი იყო. მახსოვს ვჩუქნიდი მასაჟებს ყველას, ვთხოვდი, რომ გაეკეთებინათ. მინდოდა შეეგრძნოთ რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას. მახსოვს ერთმა ჩემმა დიდი ხნის პაციენტმა მითხრა – ამ აპარატებს რომ ადებ დიდ ფასს, ვერ ხვდები, რომ ყველაზე ძვირფასი შენი ხელებიაო. ვუპასუხე, – ამაში არავინ არ გადაიხდის – შენ დაიწყეო – და, დავიწყე. 

ველნეს თერაპია

ასე ჰქვია ამ მიმართულებას. მე კი მას სახის არქიტექტურა დავარქვი. სახის შენება Ane Rosh-ის ტექნიკით მოიცავს კომბინირებულ, სისტემურად დალაგებულ სხვადასხვა სახის მეთოდის და ფილოსოფიის პლატფორმებს : სახის იოგა, რევიტონიკა, ლიმფოდრენაჟი, აკუპუნქტუურა, რეფლექსოლოგია, კინეზიოლოგია, ოსთეოპატია, ტიბეტური ბერების საიდუმლოებები, ციგუნის (დაოს) ფილოსოფია, რეიკი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაერთიანდა და რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მას დროის გაჩერება ჰქვია. ადამიანი მხოლოდ ნაოჭებზე ორიენტირებული ვერ იქნება, მთელი კომპლექსი და გააზრებაა ჩაქსოვილი მასში. ადამიანი თითქოს უბრუნდება თავის ბუნებას.

სახის ზეთი, წყალი თუ სქელი საცხი? 

რით ვივარჯიშოთ ან გავიკეთოთ სახის მასაჟი?

ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველას თავისებური კანი აქვს, თავისი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩემს 30 წლიან პრაქტიკაში სულ ათამდე იყო ადამიანი, ვინც უარი თქვა ზეთით მასაჟზე. რაც ეხება ზეთით ვარჯიშს, ის ყველას მოსწონს. სახის ზეთი დღემდე უნივერსალურ პროდუქტად ითვლება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მასაჟის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, კანი ხურდება როგორც გარედან, ასევე შიგნიდან და ამ დროს იწევს კუნთის ტემპერატურა, რაც ააქტიურებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას. ასევე აქტიურდება სორბირებული ნივთიერების გამოყოფა. ამიტომ, აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა იყოს ჩამობანილი სახე, არ აქვს მნიშვნელობა ზეთით არის შესრულებული მასაჟი თუ საცხით. ამ საკითხში უმჯობესია გაითვალისწინოთ თქვენი მკურნალი კოსმეტოლოგის რჩევები.

ალიბეგაშვილი შორენა

როგორ შევდივართ ასაკში

ასაკი საოცარი რამეა. ეს სიმდიდრეა, გაჯერებული დიდი გამოცდილებით. უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება მის მიმართ. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი იცხოვრებს იმდენ ხანს, რამდენიც უნდა რომ იცხოვროს. ცხოვრების ხარისხია მნიშვნელოვანი და რას მოიცავს ეს ცხოვრების ხარისხი: ვიღაცას მარტო ყოფნა უყვარს, ვიღაცას მუდმივი ურთიერთობა, ვიღაცა მავნე ჩვევებს ანებებს თავს, ვიღაც ახალ საქმეს პოულობს. ერთი სიტყვით, პასუხი ასეთია – ბალანსი. იპოვეთ თქვენი ბალანსი.

ეწინააღმდეგებით თუ არა აპარატურულ კოსმეტიკას, ინიექციებს?

არა, არა და არა. ცხოვრების ხიბლი არჩევანის თავისუფლებაშია და სწორედ ესაა კარგი, რომ ქალებს შეგვიძლია სილამაზისკენ ის გზა ავირჩიოთ, რომელიც ჩვენთვისაა ორგანული. ეს გზა შეიძლება შეიცვალოს, ჩვენც ვიცვლებით. მე ჩემს ძვირფას ადამიანებს უბრალოდ ვუხსნი და ვუზიარებ, რისი მოტანა შეუძლია სახის არქიტექტურას. მინდა, რომ ეს შანსი მისცენ საკუთარ თავს. თუ ადამიანს არ სჯერა, არაფერი გამოვა. 

როდის ვივარჯიშოთ?

როდესაც დრო გექნებათ. მთავარია ეს გააკეთოთ ხშირად. თავიდან ცოტა გიჭირს. მერე ისე შემოდის ეს შენს ყოველდღიურობაში, მის გარეშე ვერც წარმოგიდგენია დღე. შედეგიც არ აყოვნებს. ადამიანს, ვინც სახის იოგას, მასაჟებს იკეთებს, ყველაფერი ეს გამომეტყველებაზე ეტყობა. გახსოვდეს, რომ შენ ხარ საკუთარი თავის კოსმეტოლოგიც და მოტივატორიც. 

რამდენი წლის ხართ?

მე ვარ 50 წლის, არასდროს გამიკეთებია რაიმე ინიექცია. მხოლოდ მიკრონიდლინგი, როლერი და აპარატურული. თუმცა, გაგიმხელთ, იმედია ჩემი პაციენტები არ გამიბრაზდებიან, ვიდრე დავრწმუნდებოდი Ane Rosh-ს ტექნიკის შედეგიანობაში, ვამბობდი, აპარატურულ პროცედურებს ვიკეთებ-მეთქი. ის, როგორც გამოვიყურები, მხოლოდ და მხოლოდ სახის არქიტექტურის შედეგია. 

Shorena Alibegashvili

როდის დაიწყეთ სახის იოგა?

45-46 წლის მიჯნაზე და იქიდან მოყოლებული, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მთელი გულით მინდა, ეს გამოცდილება და ბედნიერება ბევრ ქალს გავუზიარო. ჩვენ ვიმსახურებთ სილამაზეს და სიჯანსაღეს. და … სილამაზეს აქვს სახელი, მას ჰქვია Ane Rosh!

ავტორი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: თიკო ჭიღლაძე

ასევე წაიკითხეთ