მე და ჩემი მეგობრები – შეხვედრის ადგილი – “იდილია”

აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს “სითიში” ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას “მე და ჩემი მეგობრები” ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.

ადგილი: ჩვენ ძველი თბილისის ერთ-ერთი, ჩვენი აზრით, გამორჩეული და საინტერესო ადგილი შევარჩიეთ. ის ლერმონტოვის ქუჩის 5 ნომერშია. აქ აშენდა ძალიან ლამაზი სასტუმრო “პლატფორმა დიზაინი”, რომლის პირველ სართულზე განთავსდა რესტორანი, სახელად “იდილია”. გემოვნებიანი ინტერიერის მქონე “იდილია” ძალიან აქტუალურია დღეს. რესტორანს ორი სივრცე აქვს: შიდა და გარე ტერასა. მეტი პოპულარობით, ცხადია, გარე ტერასა სარგებლობს. მისი სახურავი იხსნება. ამის გამო, აქ, დღეს ასე საჭირო, სუფთა ჰაერიცაა და დისტანციის დაცვის შესაძლებლობაც. მენიუ ჩვენი გმირებისთვის შეფ-მზარეულმა და ყველაზე ყურადღებიანმა ბარმენმა შეარჩიეს. ყველაფერი კი, ცხადია, “იდილიური” კოქტეილებით დაიწყო.

მთავარი გმირი: ეს ანი ფურცელაძეა, “სითის” ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი. ზუსტად 11 წლის წინ, ჟურნალში რომ მოვიდა, 18 წლის იყო. სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და “სითისთვის”ცხოვრების ჯანსაღ წესზე წერდა. დღეს ანი უკვე სამი შვილის დედაა. მისი საქმიანობა ჟურნალისტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია, ფინანსებითაა დაკავებული და საოჯახო ბიზნესშია ჩართული.

ანის მეგობრები: ნინი დარჩია, პოპულარული ონლაინ გამოცემებისთვის წერს და საინტერესო პროექტების პროდიუსერია. ნათია ჩქარეული, სასტუმრო “ფოლკის” გენერალური მენეჯერი და რიყის საჰაერო ბურთის პროექტის დირექტორი. ნინი მესხი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. სოფო მალაშხია კი, ყველაზე ლამაზი საბავშვო ბრენდის, “ოლაფინიას” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გადაღება “იდილიას” გარე ტერასაზე შედგა, სადაც მრგვალ მაგიდასთან, გემრიელი კოქტეილებისა და კერძების დაგემოვნების პარალელურად, ანი და მისი მეგობრები დღევანდელ რეალობაზე და გართობის სახეობებზე მსჯელობდნენ.

ანი ფურცელაძე

პანდემიის დროს, თითქოს, მეტი დრო გამომიჩნდა. ვცდილობდით ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც, ეს დრო ერთმანეთის სანახავად გამოგვეყენებინა. მე ძალიან მიყვარს სადილები და ვახშმები მეგობრებთან ერთად და ამას, შეძლებისდაგვარად, ვახერხებდი მცირე კლასტერებად დაყოფილ მეგობრებთან ერთად. ამ რთულმა დღეებმა ერთმანეთი კიდევ უფრო მოგვანატრა, თითქოს.

ანი ფურცელაძე

სოფო მალაშხია

გარემოს ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაქვს ამოჩემებული ადგილები და ძალიან მიყვარს ახლის მოძებნაც, პანდემიის შემდეგ, განსაკუთრებით. საინტერესოა რა გაიხსნა ახალი, რა კერძებია, რით არის ის გამორჩეული.

ნინი დარჩია

ყველაზე მეტად ცხრა საათის მერე სეირნობა მომენატრა. მომენატრა ის, რომ არსად მეჩქარებოდეს და სამსახურის მერე არ მივრბოდე სახლში. მეტი მართლა არაფერი მომნატრებია. ეს მინდა ყველაზე მეტად აი, ახლა. ნელ-ნელა შეზღუდვები რომ მოიხსნა, ვცდილობთ უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი.

ნინი დარჩია

ნათია ჩქარეული

თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი აქვს. ამიტომ, ერთმანეთთან შესახვედრად ადგილის შერჩევისას, პირველ რიგში, მოსახერხებელ ლოკაციას ვაჩევთ. ისეთს, ყველასთვის იოლი მისასვლელი რომ იყოს. მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. ხარისხი თვითონ იმ ადგილის, სადაც მივდივართ, კერძების, მომსახურების… ვიგებთ სად რა გაიხსნა ახალი, ვინ არის შეფი, მივდივართ, ვაგემოვნებთ. ამოჩემებაც ვიცით ადგილების.

ნინი მესხი

ამოჩემება ადგილების მართლაც ვიცით. მე კერძების ამოჩემებაც ვიცი. ვპოულობ რაღაც ერთს, განსაკუთრებით რომ მომეწონება და ყოველ მისვლაზე მხოლოდ მას ვუკვეთავ. არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ასეა.

– თქვენ, ყველანი, დღეს პირველად ხართ “იდილიაში”. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ აქაურობაზე?

ანი ფურცელაძე

აქაურობის განსაკუთრებული ხიბლი ეს ტერასაა. გარემოა ძალიან კარგი. მე გურმანი ვარ, თვითონაც მეხერხება და მიყვარს კერძების მომზადება. ამიტომ, არასდროს წავალ იქ, სადაც არ არის ხარისხიანი და გემრიელი კერძები. აქ ეს ნამდვილად იდეალურია. შეგიძლია ძალიან გემრიელად ივახშმო ღია სივრცეში.

ნათია ჩქარეული

მე სასტუმროზეც ვილაპარაკებდი. გადაღებისთვის სასტუმროს ოთახებში ვემზადებოდით და მისმა ინტერიერმა ყველას ბერლინური სასტუმროები გაგვახსენა. მართლაც, ძალიან გემოვნებითა და საინტერესოდაა გადაწყვეტილი მათი დიზაინი. ჩვენ, ყველა, როგორც ხვდებით, გურმანები ვართ და არც ისე შორს სამზარეულოსგან. ამდენად, შეგვიძლია ობიექტურად შევაფასოთ აქაური სამზარეულო, ის რეალურად, ძალიან გემრიელია.

რესტორანი გრაფიკა

სოფო მალაშხია

აქ პირველად ვართ და ის, რომ პანდემიის მერე ახალი სივრცეები იხსნება, ძალიან კარგია და ძალიან მიხარია. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა დიზაინსაც, გარემოსაც, მიწოდების ფორმას, კერძების ხარისხს, მომსახურებას. ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმას, რაც გიტოვებს სურვილს აქ დაბრუნდე. ამ ყველაფრის ერთობლიობა დაგვხვდა “იდილიაში”, სადაც დიდი იმედი მაქვს, ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.

ნინი დარჩია

პირველი შთაბეჭდილება კოქტეილებიდან წამოვიდა. აქ რაღაც განსაკუთრებით გემრიელი კოქტეილებია. ისეთი, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს რომ დააკმაყოფილებს. დღეს მართლა ძალიან აქტუალურია ღია სივრცე, ბევრი და გასაგები ფაქტორის გამო. ამიტომ, ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის მართლაც ძალიან კარგ გარემოს.

ნინი მესხი

ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვისაც თბილისის ძველ უბანში ასეთი საინტერესო სივრცე. აქაურობა თავისებურ სიმყუდროვეს ქმნის. ერთმანეთისგან საგრძნობლად დაშორებულია მაგიდები, აქაც, გარე ტერასაზე და შიდა დარბაზშიც.

ავტორი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი, მარიამ ხუციშცილი

გადაღების ადგილი: “იდილია”

ასევე წაიკითხეთ