სარედაქტრო

ეს „სითის“ 2022 წლის ბოლო, საახალწლო ნომერია. მსგავსი წერილი კი, ჩემთვის პირველი… უკვე წლებია, ჩვენს მკითხველს „სითის“ ფურცლებიდან ვესაუბრები თუმცა, სარედაქტორო სტატიით, პირველად.


საახალწლო ნომერს ყოველთვის თან ახლავს განსაკუთრებული მზადება, ემოციები… მთელი გუნდი ვცდილობთ ნომერი იყოს მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა, იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა. ყდას ეკა მამალაძე ამშვენებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯით – „უკან არასდროს ვბრუნდები, წინ ვიხედები…“
უკვე მესამე წელია, „სითის“ საახალწლო ნომრის განუყოფელი ნაწილია „მანდარინები”. პროექტი „მე – აფხაზეთისთვის“, რომელიც ყოველ წელს განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. წელს 11 არაჩვეულებრივი გმირის შესახებ გიყვებით. ირაკლი როდონაია, ეკატერინე მარშანია, ანო თაკალანძე, არსენ შურღაია, გიორგი ჩაუშბა, თეა სიჭინავა, მერაბ შარიქაძე, ნატალია თოლორაია, ეკა ქარდავა, ეკატერინე ქარჩავა და გიორგი გასვიანი ჩვენი ფურცლებიდან გიზიარებენ მთავარ მოგონებებსა და ემოციებს, რომელიც აფხაზეთთან აკავშირებთ. სამი წელია, პირადად ჩემთვის, მათი ისტორიების მოსმენა და დაწერა ემოციების გარეშე ძალიან რთულია. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წელს, სოციალურ სივრცეში, პროექტს უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა.

წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, ღონისძიებების სამყაროში „სითის” დიდი დაბრუნებაც აღვნიშნეთ Coffeeshop Company Georgia-ს ახალ, ულამაზეს ფილიალში, მარჯანიშვილზე. ტრადიციულად, პრიზებით, გემრიელი კოქტეილებით, კარგი მუსიკითა და ბევრი ბრჭყვიალა ფოტოთი, რომელსაც მომდვნო გვერდებზე იხილავთ.

ვფიქრობ, ეს წელიწადის ის დროა, როცა ყველას სადღაც გვეჩქარება, ყველა რაღაცის მოსწრებას ვცდილობთ… ამიტომ, ბევრი წერით თავს არ შეგაწყენთ. ბოლოს, მთელი გულით მოგილოცავთ ახალ წელს! ვისურვებ, რომ 2023 ბედნიერებით, ბევრი კარგი სიახლით, პოზიტიური ემოციებითა და დასამახსოვრებელი დღეებით სავსე წელი ყოფილიყოს თქვენთვის, ჩვენთვის, მთელი გუნდისთვისაც!

ანა არაბიძე – ჟურნალ “სითის” რედაქტორის მოადგილე

ფოტო: LIG Studio

მაკიაჟი: ქრისტი ვეკუა

ასევე წაიკითხეთ